ანრი ოხანაშვილი: საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულია ერთმნიშვნელოვანი პროცედურა, რომლის შესაბამისად მოხდა ცესკო-ს მხრიდან გადაწყვეტილების მიღება
ვერდიქტი: ,,ფაქტ-მეტრის’’ დასკვნით, ანრი ოხანაშვილის განცხადება არის სიმართლე.
რეზიუმე:
საქართველოს საარჩევნო კოდექსის 154-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, თუ მაჟორიტარული საარჩევნო სისტემით არჩეულ საკრებულოს წევრს უფლებამოსილება ვადამდე შეუწყდება, ტარდება შუალედური არჩევნები. ვინაიდან, სენაკის ერთ-ერთ ოლქში მაჟორიტარ დეპუტატს უფლებამოსილება პირადი განცხადების საფუძველზე, ვადაზე ადრე შეუწყდა, ცესკოს გააჩნდა სრული სამართლებრივი საფუძველი ამ კონკრეტულ ოლქში შუალედური არჩევნები დაენიშნა.
რაც შეეხება საკრებულოს ლეგიტიმაციის საკითხს, რომელსაც მიემართებოდა ,,საია-ის’’ და ოპოზიციური პარტიების კრიტიკა, აღნიშნული საკითხი რეგულირდება საქართველოს კანონმდებლობით, საიდანაც მკაფიოდ ჩანს, რომ ,,საკრებულოს უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილებას დადგენილებით იღებს საქართველოს მთავრობა’’. აქედან გამომდინარე, ნათელია, რომ კრიტიკის სწორი ადრესატი არა თუ ცესკო არამედ, საქართველოს მთავრობაა, ხოლო ცესკოს მოქმედების ფარგლები სავსებით შეესატყვისება საქართველოს კანონმდებლობას.
ანალიზი
2022 წლის 30 მაისს სენაკის მუნიციპალიტეტის სოფელ თეკლათის მაჟორიტარმა დეპუტატმა, ვახტანგ წურწუმიამ საკრებულოს პირადი განცხადებით მიმართა და დეპუტატის უფლებამოსილების შეწყვეტა მოითხოვა. ამ საფუძვლით 2022 წლის 12 აგვისტოს საქართველოს ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ სენაკის მუნიციპალიტეტის 64.04 მაჟორიტარულ ოლქში შუალედური არჩევნების დანიშვნის შესახებ განკარგულება გამოსცა. განკარგულებაში სამართლებრივ საფუძვლად ,,საქართველოს საარჩევნო კოდექსის’’ ის ნორმა მიეთითა, რომლის თანახმადაც, ,,თუ მაჟორიტარული საარჩევნო სისტემით არჩეულ საკრებულოს წევრს უფლებამოსილება ვადამდე შეუწყდება, ტარდება შუალედური არჩევნები’’. [1]
ცესკოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება, ოპოზიციური პარტიებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების მხრიდან არჩევნების შედეგების შეცვლის მორიგ მცდელობად და ევროინტეგრაციისთვის დამაზიანებელ პროცესად შეფასდა. გაჩნდა ეჭვი, რომ მმართველი გუნდი ყველანაირად ცდილობს ოპოზიციური უმრავლესობის დაშლას და ძალათა ბალანსის უკანონოდ გადანაწილებას. ამასთან, ,,საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ’’ 2022 წლის 14 აგვისტოს, თბილისის საქალაქო სასამართლოს მიმართა და გაასაჩივრა ცენტრალური საარჩევნო კომისიის განკარგულება.
,,საიას’’ მტკიცებით, სენაკში საკრებულოს შუალედური არჩევნების დანიშვნა კანონს არ შეესაბამება, ვინაიდან ეს საკრებულო უკვე 6 თვეზე მეტია არ შეკრებილა, რის გამოც მისი უფლებამოსილების შეწყვეტის უპირობო საფუძველი და შესაბამისად, მუნიციპალიტეტში რიგგარეშე არჩევნების დანიშვნის წინაპირობები არსებობს.
აღნიშნული პოზიცია არც თბილისის საქალაქო სასამართლომ და არც მმართველი პარტიის წარმომადგენლებმა არ გაიზიარეს. 2022 წლის 16 აგვისტოს თბილისის საქალაქო სასამართლომ სენაკში ცესკო-ს მიერ დანიშნული შუალედური არჩევნების გაუქმების შესახებ „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ სარჩელი არ დააკმაყოფილა.
ანალოგიურად, იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ანრი ოხანაშვილმა განაცხადა, რომ ცესკოს მიერ სხვაგვარი გადაწყვეტილების მიღება კანონის მიღმა მოქმედების ტოლფასი იქნებოდა. მან ამავე განცხადებაში აღნიშნა, რომ ,,საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულია ერთმნიშვნელოვანი პროცედურა, რომლის შესაბამისადაც მოხდა ცესკო-ს მხრიდან გადაწყვეტილების მიღება’’.
,,ფაქტ-მეტრმა’’ ანრი ოხანაშვილის განცხადება გადაამოწმა.
საქართველოს კანონმდებლობაში დეტალურად არის გაწერილი როგორც შუალედური, ისე რიგგარეშე არჩევნების დანიშვნის საფუძვლები. აღნიშნულ შემთხვევაში, შუალედური არჩევნების დანიშვნის შესახებ მიღებული გადაწყვეტილება გაკრიტიკებული იყო იმ ფონზე, რომ მაკრიტიკებელთა აზრით, სენაკის საკრებულო უკვე 6 თვეზე მეტია არ შეკრებილა, რაც მისი უფლებამოსილების შეწყვეტის უპირობო საფუძველი და შესაბამისად, მუნიციპალიტეტში რიგგარეშე არჩევნების დანიშვნის წინაპირობა გახლდათ.
საქმე იმაშია, რომ ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის 142-ე მუხლის 1-ლი პუნქტის ,,გ’’ ქვეპუნქტის თანახმად, საკრებულოს უფლებამოსილება ვადამდე შეუწყდება, თუ: საკრებულო ზედიზედ 6 თვის განმავლობაში არ შეიკრიბება. საკრებულოს უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტა კი ამავე კანონის 143-ე მუხლის მე-3 პუნქტის ,,ბ’’ ქვეპუნქტის მიხედვით პირდაპირი სახელმწიფო მმართველობის შემოღების, ხოლო საქართველოს საარჩევნო კოდექსის 1541 მუხლის 1-ლი ნაწილის მიხედვით, საკრებულოს რიგგარეშე არჩევნების დანიშვნის საფუძველს წარმოადგენს.
პირველ რიგში, აღსანიშნავია რომ საიას მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშში წარმოდგენილი ფაქტების ერთობლიობა მართლაც აჩენს ეჭვს, რომ სენაკის საკრებულო შესაძლოა 6 თვეზე მეტია არ შეკრებილა. ანგარიშის მიხედვით, მიმდინარე წლის თებერვალში გამართული სხდომები სათანადო კვორუმის არარსებობის გამო ლეგიტიმური არ იყო ხოლო, ბოლო თარიღი, როდესაც სენაკის მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანო შეიკრიბა 17 დეკემბერი გახლდათ. ამ ფაქტების ერთობლიობაზე დაყრდნობით საია მიიჩნევს, რომ სენაკის საკრებულოს 2022 წლის 17 ივნისიდან უფლებამოსილება უნდა შეწყვეტოდა (6 თვე ბოლო, 17 დეკემბრის შეკრებიდან).
ნათელია, რომ კრებათა ლეგიტიმურობის საკითხი სავსებით რელევანტურია რადგან, როგორც აღვნიშნეთ საქართველოს კანონმდებლობის თანახმად, საკრებულოს უფლებამოსილება ვადამდე შეუწყდება თუ ის ზედიზედ 6 თვის განმავლობაში არ შეიკრიბება. ამასთან, საქმე იმაშია, რომ ეს საკითხი მიემართება არა თუ ცენტრალურ საარჩევნო კომისიას, არამედ საქართველოს მთავრობას, რადგან, საკრებულოს უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტა, რომელსაც შემდგომ პირდაპირი სახელმწიფო მმართველობის შემოღება და რიგგარეშე არჩევნების დანიშვნა მოსდევს წარმოადგენს საქართველოს მთავრობის უფლებამოსილებას. ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის 142-ე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, ,,საკრებულოს, მერის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილებას დადგენილებით იღებს საქართველოს მთავრობა’’. როგორც ცნობილია, ასეთი გადაწყვეტილება საქართველოს მთავრობას არ მიუღია, რაც იმას ნიშნავს, რომ ცესკოს დღის წესრიგში არ გამოკვეთილა შუალედური არჩევნების დანიშვნის არცერთი გამომრიცხავი გარემოება.
საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსი”-ს 154-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, თუ მაჟორიტარული საარჩევნო სისტემით არჩეულ საკრებულოს წევრს უფლებამოსილება ვადამდე შეუწყდება, ამ კანონით დადგენილი წესით ტარდება შუალედური არჩევნები. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად კი, არჩევნების დღემდე არაუგვიანეს 50-ე დღისა ცესკო განკარგულებით ნიშნავს შუალედური არჩევნების თარიღს და განკარგულებითვე ადგენს საარჩევნო ღონისძიებათა ვადებს. ვინაიდან, სენაკის მუნიციპალიტეტის წევრს ვახტანგ წურწუმიას 2022 წლის 31 მაისიდან პირადი განცხადების საფუძველზე ვადამდე შეუწყდა სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრის უფლებამოსილება ცესკოს გააჩნდა შუალედური არჩევნების დანიშვნის სრული სამართლებრივი საფუძველი. რაც შეეხება საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის მიერ გაჟღერებულ მოსაზრებებს, საკრებულოს უფლებამოსილების შეწყვეტასა და სენაკში რიგგარეშე არჩევნების დანიშვნასთან დაკავშირებით ისინი მიემართება საქართველოს მთავრობის მიერ გადადგმული ან არ გადადგმული ნაბიჯების კანონიერების საკითხს, რაზეც ,,ფაქტ-მეტრი’’ ამჟამად მუშაობს და სტატიას უახლოეს პერიოდში შემოგთავაზებთ. ყოველივე ზემოთ თქმულიდან გამომდინარე, საკრებულოს უფლებამოსილების არ შეწყვეტის, პირდაპირი სახელმწიფო მმართველობის არ შემოღებისა და რიგგარეშე არჩევნების არ დანიშვნის შესაძლო ადრესატი არა თუ ცესკო არამედ, საქართველოს მთავრობაა, ხოლო ცესკოს მოქმედების ფარგლები სავსებით შეესატყვისება საქართველოს კანონმდებლობას.