Facebook-მომხმარებელმა სოციალურ ქსელში ვიდეო გაავრცელა, რომელშიც ცნობილი ადამიანების გარეგნობის მქონე რობოტების კადრები შემდეგ აღწერასთან ერთად ჩანს: „პირდაპირ გვეუბნებიან, რომ ეს უკვე რეალობაა და რომ ცნობილი ადამიანები შესაძლოა არარეალურნიც იყვნენ...“. 15 სექტემბერს Facebook-ის პლატფორმაზე გამოქვეყნებულ დეზინფორმაციას დღემდე 121 გაზიარება აქვს. მსგავსი შინაარსის მტკიცება, რომ თითქოს ცნობილი და გავლენიანი ადამიანები რობოტებით ან ორეულებით არიან ჩანაცვლებულები, ფართოდ გავრცელებული დეზინფორმაციის ნაწილია და კონსპირაციული თეორიების გავრცელებით საზოგადოების შეცდომაში შეყვანას ისახავს მიზნად.
ვიდეოს თავდაპირველი ვერსია TikTok პლატფორმაზე მოჩვენებების, არარეალური მოვლენებისა და კონსპირაციული შინაარსის ვიდეოების გამოქვეყნებით ცნობილმა ანგარიშმა 10 სექტემბერს გაავრცელა. TikTok ანგარიშმა მსგავსი შინაარსის დეზინფორმაციული ვიდეოები წარსულშიც გამოაქვეყნა (ბმული 1; ბმული 2).
დეზინფორმაცია ილონ მასკის შესახებ
სინამდვილეში, ვიდეოს ერთ-ერთი კადრი, რომელშიც ილონ მასკის გამოსახულების რობოტი ადამიანის სახის მოძრაობებს ზედმიწევნით იმეორებს, ყალბია და ე.წ. Deepfake-ს წარმოადგენს - ე.ი. ხელოვნური ინტელექტის მიერ არის შექმნილი. გაყალბებული ვიდეო სახუმარო შინაარსისაა და Deepfake ვიდეოების დამზადებით ცნობილმა ვებგვერდმა „The fakening“ 2019 წელს შემდეგი აღწერით გამოაქვეყნა: „თუ ჩემი ვიდეოებიდან ერთ-ერთმა მაინც გაგაცინათ ან რეალობაში დაგაეჭვათ, მაშინ ეს ყოველივე ამად ღირდა“.
კადრი facebook-ზე გავრცელებული ვიდეოდან კადრი deepfake ვიდეოდან
„The Fakening“-ის მიერ Youtube პლატფორმაზე გამოქვეყნებულ ვიდეოს აღწერაში ვიდეოს ყალბი შინაარსის შესახებ მითითება თვალსაჩინოა. მას წარწერა DeepFake და თეგები #ai #artificialintelligence #deepfake ერთვის თან.
სინამდვილეში, ვიდეოს თავდაპირველი ვერსია იაპონელი არტისტის, ტაკაიუკი ტოდოს, მიერ ტექნოლოგიებში ადამიანის გამომეტყველებისა და თვალის კონტაქტის გამოყენების შესაძლებლობების აღმოჩენისთვის შექმნილ რობოტს SEER-ს (Simulative Emotional Expression Robot) ასახავს, რომელსაც ადამიანთან თვალის კონტაქტის დამყარება და ადამიანის გამომეტყველების გამეორება შეუძლია.
კადრი თავდაპირველად გამოქვეყნებული ორიგინალი ვიდეოდან
დეზინფორმაცია მარკ ცუკერბერგის შესახებ
Facebook-მომხმარებლის მიერ გაზიარებულ ვიდეოში ასევე ნაჩვენებია კადრები, რომლებიც მარკ ცუკერბერგის რეალურობაში დაეჭვებასაც ისახავს მიზნად. აღსანიშნავია, რომ ხშირად სახუმარო შინაარსით გავრცელებული დეზინფორმაცია, რომ თითქოს ის რობოტია, მის სპეციფიკურ საუბრის მანერასა და ქცევებზე დაკვირვებას ეფუძნება. სინამდვილეში, NBC News-თან მარკ ცუკერბერგმა განაცხადა, რომ საჯარო საუბრისას რობოტის მსგავსად მართლაც იქცევა და ჩვეულებრივ საკუთარი თავის გამოხატვის დროს სირთულეებს განიცდის.
მარკ ცუკერბერგთან ჩაწერილ ვიდეოში კომპიუტერული მეცნიერებების სპეციალისტმა ლექს ფრიდმანმა ხუმრობით მას სურათების თავსატეხის ამოხსნა სთხოვა, რასაც Facebook-ის დამფუძნებელმა თავი წარმატებით გაართვა. ცნობისთვის, თავსატეხის საშუალებით ვებ-გვერდის მომხმარებლებს სურათების წყებიდან კონკრეტული გამოსახულების ამოცნობას სთხოვენ, თავსატეხის ამოხსნა კი, ადამიანებისგან განსხვავებით, კომპიუტერული ალგორითმებისთვის დღემდე შეუძლებელია.
დეზინფორმაცია პრინცი ჰარისა და მეგან მარკლის შესახებ
Facebook-ზე გავრცელებული ვიდეო პრინცი ჰარისა და მეგან მარკლის მოქმედებებისა და გამომეტყველების არაბუნებრიობაზე დაკვირვებით მათ არარეალურობაში საზოგადოების დარწმუნებასაც ისახავს მიზნად. TikTok ანგარიშმა, რომელიც facebook-პლატფორმაზე გავრცელებული ვიდეოს ავტორია, მსგავსი შინაარსის დეზინფორმაციული ვიდეო წარსულშიც გამოაქვეყნა.
რეალურად, გავრცელებულ ვიდეოებში მადამ ტიუსოს მუზეუმის მიერ დამზადებული ცვილის ფიგურები და ნიღბებია ასახული. მათი გამოყენებით ადამიანები პრინცი ჰარისა და მეგან მარკლის იმიტაციას ახდენენ. მუზეუმის ვებგვერდზე განთავსებული ინფორმაციის მიხედვით მეგან მარკლისა და პრინც ჰარის ფიგურები, რომლებიც ბრიტანულ სატელევიზიო შოუ Britain’s Got Talent-ში წარადგინეს, პირველი „ცოცხალი“ ცვილის ფიგურებია.
მუზეუმის ვებგვერდმა ფაქტის დამადასტურებელი ფოტო და ვიდეოკადრები გამოაქვეყნა. მათზე გამოსახული პრინცი ჰარისა და მეგან მარკლის გარეგნობის ფიგურები Britain’s Got Talent-ის სცენის წინ და ბრიტანული სამეფო ოჯახის სხვა წარმომადგენლების ცვილის ფიგურებთან ერთად დგანან.
YouTube-ზე გამოქვეყნებულ ვიდეოს, რომლის კადრები ემთხვევა facebook-ზე გავრცელებული ვიდეოს კადრებს, შემდეგი აღწერა ახლავს თან: „პრინცი ჰარი და მეგანი ეწვივნენ მადამ ტიუსოს ლონდონში და ჩვენ მათ სანახავად ვიყავით! დაათვალიერეთ საოცარი ნიღბები! ისინი ძალიან რეალურად გამოიყურებოდნენ!...“
დეზინფორმაცია დონალდ ტრამპის შესახებ
Facebook-მომხმარებლის მიერ გავრცელებულ ვიდეოში ამერიკის შეერთებული შტატების ყოფილი პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის, მსგავსი რობოტის კადრებიც ჩანს. მიუხედავად იმისა, რომ რობოტის კადრები ნამდვილია, ვიდეოს შინაარსი, თითქოს დონალდ ტრამპი არარეალურია და ის რობოტით არის ჩანაცვლებული, სიმართლეს არ შეესაბამება. ინფორმაციისთვის, Google-ის საძიებო სისტემაში დონალდ ტრამპის რობოტის ძიებისას 2017 წელს Disney-ს რობოტექნიკის სპეციალისტების მიერ შექმნილი დონალდ ტრამპის გარეგნობის რობოტი იძებნება. რობოტი თემატურ პარკში აშშ-ს სხვა პრეზიდენტების ფიგურებთან ერთად 25-წუთიან შოუზე წარმოადგინეს და შემდეგ პრეზიდენტთა დარბაზში განათავსეს. ფიგურები ამერიკის შეერთებული შტატების ისტორიის გზამკვლევის დანიშნულებას ატარებს. შესაბამისად, მიზნად ნამდვილი ადამიანების ჩანაცვლებას არ ისახავს.
კადრი facebook-ზე გავრცელებული ვიდეოდან
დონალდ ტრამპის რობოტი ყოფილი პრეზიდენტების ფიგურების წინ Walt Disney World-ის შოუზე
---------------------------------------------------------------------------
სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. ვერდიქტიდან გამომდინარე, Facebook-მა შესაძლოა სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს - შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. მასალის შესწორებისა და ვერდიქტის გასაჩივრების შესახებ ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე.