ნათია თხილაიშვილი: [ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფლების: გვარასა და ქვედა კვირიკის საბავშვო ბაღების მშენებელი კომპანიისთვის] არც ერთი თეთრი არ არის გადარიცხული და არც ერთი თეთრი არ არის გაფლანგული. ხაზს გავუსვამ იმას, რომ დრო გაიფლანგა მხოლოდ
ვერდიქტი: „ფაქტ-მეტრის“ დასკვნით, ნათია თხილაიშვილის განცხადება არის მცდარი.
რეზიუმე: ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ გვარას საბავშვო ბაღის მშენებლობის მიზნით, შპს „ბილდ მენეჯმენტთან“ 1,408,983 ლარის ღირებულების ხელშეკრულება 2021 წლის 24 სექტემბერს გაფორმდა. ზუსტად იმავე დღეს, იმავე კომპანიასთან 1,521,240-ლარიანი ხელშეკრულება გაფორმდა, რომლის თანახმადაც, სოფელ ქვედა კვირიკეში საბავშვო ბაღი უნდა აშენდეს. ორივე პროექტის განხორციელება, ხელშეკრულების გაფორმებიდან, 360 დღეში უნდა დასრულებულიყო. თუმცა ერთი წლის შემდეგაც კი სამუშაოები შეუსრულებელია. პირველი შესყიდვის ფარგლებში, კომპანიისთვის გადახდილია მთლიანი სახელშეკრულებო ღირებულების 11% ანუ 149,488 ლარი. მეორე შემთხვევაში კი გადახდილი თანხის რაოდენობა 185,805 ლარს შეადგენს, რაც სრული ღირებულების 12%-ია. სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს გვერდზე ატვირთული დოკუმენტაციის თანახმად, ქობულეთის მუნიციპალიტეტის მერიამ, ორივე ხელშეკრულების ფარგლებში, მიმწოდებელს პირგასამტეხლოს გადახდა დააკისრა. ქვედა კვირიკეს შემთხვევაში, პირგასამტეხლო 9,465 ლარს შეადგენს, ხოლო გვარას შემთხვევაში - 37,479 ლარს. ორივე დოკუმენტი ხელმოწერილია მიმდინარე წლის 9 აგვისტოს. პირგასამტეხლოს გადახდა ამ ეტაპზე არ ფიქსირდება.
ამდენად, ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილის განცხადება, თითქოს კომპანიისთვის არც ერთი თეთრი არ გადაუხდიათ, არის მცდარი.
ანალიზი:
ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომაზე ოპოზიციამ სოფელ კვირიკესა და სოფელ გვარაში საბავშვო ბაღების მშენებლობის საკითხი წამოსწია. ორივე ობიექტი დასრულებული უნდა იყოს, თუმცა სამუშაოები, ფაქტობრივად, არ განხორციელებულა. „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა ადგილობრივი ხელისუფლება თანხის გაფლანგვაში დაადანაშაულა, რასაც ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის პირველი მოადგილე ნათია თხილაიშვილი გამოეხმაურა. დეპუტატმა განაცხადა: „არც ერთი თეთრი არ არის გადარიცხული და არც ერთი თეთრი არ არის გაფლანგული. ხაზს გავუსვამ იმას, რომ დრო გაიფლანგა მხოლოდ“.
„ფაქტ-მეტრი“ აღნიშნული განცხადების სიზუსტით დაინტერესდა.
როგორც ირკვევა, ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ გვარასა და სოფელ ქვედა კვირიკეში, საბავშვო ბაღების მშენებლობის შესყიდვის მიზნით, სახელმწიფო ტენდერები (NAT210015198; NAT210015196) 2020 წლის 10 აგვისტოს გამოცხადდა. სავარაუდო შესყიდვის ღირებულება, შესაბამისად, იყო 1,515,040 ლარი და 1,635,748 ლარი. ორივე ტენდერში შპს „ბილდ მენეჯმენტმა“ გაიმარჯვა. კომპანიამ გვარაში ბაღის აშენება 1,408,983 ლარად ითავა, ხოლო ქვედა კვირიკეში - 1,521,240 ლარად. ხელშეკრულებები იმავე წლის 24 სექტემბერს გაფორმდა, ხოლო ობიექტების მიწოდების ვადად 360 დღე განისაზღვრა.
2022 წლის 6 ივლისს, როცა სამუშაოების დასრულებისთვის განკუთვნილი დროის ამოწურვამდე ორი თვე რჩებოდა, მიმწოდებელმა შემსყიდველს აცნობა, რომ გვარას საბავშვო ბაღის მშენებლობის ხარჯთაღრიცხვაში აუცილებელი იყო ცვლილებების შეტანა. როგორც წერილიდან ირკვევა, სამუშაოების განხორციელებისას გამოიკვეთა საყრდენი კედლის მოწყობის საჭიროება, შენობის მდგრადობის გაძლიერებისა და ტერიტორიის გაზრდის მიზნით, რათა შესაძლებელი გამხდარიყო დამხმარე ნაგებობის განთავსება. პროექტის ავტორმა ცვლილება მიზანშეწონილად მიიჩნია.
საინტერესოა, რომ მიღება-ჩაბარების პირველი აქტი 2022 წლის 9 აგვისტოს, ხელშეკრულების გაფორმებიდან თითქმის თერთმეტი თვის შემდეგ გაფორმდა, ანუ იმ დროს, როცა პროექტი თითქმის დასრულებული უნდა იყოს. დოკუმენტში აღნიშნულია, რომ შესრულებული სამუშაოების შუალედურმა ღირებულებამ 157,355 ლარი შეადგინა. აქედან დაკავებას დაექვემდებარა 5% ანუ 7,868 ლარი. შემსყიდველმა მიმწოდებელს 149,488 ლარი, მთლიანი ღირებულების 11%, გადაურიცხა. ამ თანხიდან, პირგასამტეხლოს სახით, 37,479 ლარი უნდა გამოიქვითოს.
რაც შეეხება ქვედა კვირიკის საბავშვო ბაღს, როგორც წინა შემთხვევაში, შპს „ბილდ მენეჯმენტმა“ სწორედ 2022 წლის ზაფხულში, სამუშაოების განხორციელებისას, აღმოაჩინა გარემოებები, რომელთა გამოც, როგორც წერილშია განმარტებული, საპროექტო დოკუმენტაციაში ცვლილებების შეტანის საჭიროება დაინახა. კერძოდ, მშენებელმა კომპანიამ მიიჩნია, რომ საძირკველზე დატვირთვის შემცირების მიზნით, მეორე-მესამე სართულების გარე კედლებისთვის, ბეტონის ნაცვლად, პემზობლოკის გამოყენება სჯობდა. პროექტის ავტორი ცვლილებებს დასთანხმდა.
ქვედა კვირიკის საბავშვო ბაღის მშენებლობის ფარგლებში, პირველი მიღება-ჩაბარების აქტი 2021 წლის დეკემბერში გაფორმდა. შესრულებული სამუშაოების ღირებულებიდან, 114,416 ლარიდან, 5% ანუ 5,721 ლარი დაკავდა, გამოიქვითა პირგასამტეხლოც და კომპანიას, პირველ ჯერზე, 106,337 ლარი ჩაერიცხა. გასული წლის მეოთხე კვარტალში გადახდილია ასევე 2,358 ლარი. 2022 წლის მესამე კვარტალში კი შემსრულებელს თანხა ორჯერ ჩაერიცხა: ჯერ 67,644 ლარი და ბოლოს - 9,465 ლარი. არსებული მდგომარეობით, ქობულეთის მუნიციპალიტეტის მერიამ შემსრულებელს, ჯამში, 185,805 ლარი გადაუხადა, რაც მთლიანი ღირებულების 12%-ს შეადგენს. არსებული მდგომარეობით, პირგასამტეხლოს სახით, კომპანიას 9,465 ლარის გადახდა მოუწევს.
ინფორმაციისთვის, ორივე სოფლის საბავშვო ბაღების საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაცია ი/ვ ლერი ვერძაძემ მოამზადა (NAT200013909). ადგილობრივი ბიუჯეტიდან მიმწოდებლისთვის გადახდილია 48,776 ლარი. სამუშაოებზე ტექნიკურ ზედამხედველობას კი შპს „ზაისი და კომპანია“ ახორციელებს.
„ფაქტ-მეტრის“ მიერ ორივე ტენდერის შესწავლამ აჩვენა, რომ როგორც სოფელ გვარას, ისე სოფელ ქვედა კვირიკის საბავშვო ბაღის მშენებლობის პროექტი განუხორციელებელია, ხოლო ღირებულების მცირე ნაწილი, ორივე შესყიდვის შემთხვევაში, კომპანიისთვის გადახდილია. აქედან გამომდინარე, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილის განცხადება, რომ არც ერთი თეთრი გადარიცხული არ არის, სიმართლეს არ შეესაბამება. შესაძლოა, მომავალში შემსყიდველმა გადახდილი თანხის ნაწილი დაიბრუნოს და კომპანიას ხელშეკრულება შეუწყვიტოს. თუმცა ამ ეტაპზე, ორივე პროექტის ფარგლებში, ქობულეთის მუნიციპალიტეტის მერიას შპს „ბილდ მენეჯმენტისთვის“, ჯამში, 335,290 ლარი უკვე გადარიცხული აქვს.