3 დეკემბერს უკრაინაში ბახმუტთან ბრძოლაში 5 ქართველი მებრძოლი დაიღუპა. მოგვიანებით, საინფორმაციო სივრცეში უკრაინაში რუსეთის წინააღმდეგ მებრძოლი საქართველოს მოქალაქეების საკითხის გააქტიურება დაიწყო. ფორუმების, სოციალური ქსელის მომხმარებლების, ვებგვერდების, სატელევიზიო მედიებისა თუ პოლიტიკოსების მიერ უკრაინაში ქართველ მებრძოლთა და საბრძოლველად წასვლის მსურველთა მოტივაციებსა და მათ რეკრუტირებასთან დაკავშირებით დისკრედიტაციული საინფორმაციო კამპანია დაიწყო.

კამპანია საქართველოს მოქალაქეების უკრაინაში საბრძოლველად წასვლის მოტივის მატერიალურ სარგებელთან დაკავშირებას და უკრაინაში მებრძოლი „ქართული ლეგიონის“ „ერთიანი ნაციონალურ მოძრაობის“ ნაწილად წარმოჩენას აქტიურად ცდილობს. დამატებით, მადისკრედიტირებელ გზავნილებში ყურადღება უკრაინის საომარ მოქმედებებში საქართველოს მოქალაქეების გაგზავნის პროცესში „ნაციონალური მოძრაობის“ წევრების დიდ ფინანსურ სარგებელზე მახვილდება.

წინამდებარე მიმოხილვა, რომელიც 3 დეკემბრიდან 8 დეკემბრის ჩათვლით პერიოდს მოიცავს, გამოკვეთს იმ ძირითად აქტორებსა და გზავნილებს, რომლებიც უკრაინაში მებრძოლ საქართველოს მოქალაქეების თემაზე წარმოებულ დისკრედიტაციულ კამპანიას ემსახურებოდა.

კოორდინირებული გზავნილების გავრცელება

გზავნილი პირველად 3 დეკემბერს „თბილისის ფორუმზე“ გაჟღერდა, სადაც მომხმარებელმა mixeil qareli-მ ერთნაირი შინაარსით რამდენიმე განცხადება გამოაქვეყნა.

„თბილისი ფორუმის“ მომხმარებელი დავით კეზერაშვილს, კობა ხაბაზს, მამუკა მამულაშვილს და „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებს უკრაინაში ქართველი მებრძოლების წაყვანის სანაცვლოდ დასავლეთიდან მილიონობით დოლარის მიღებაში, ქართველი მებრძოლებისთვის „ტვინის არევასა“ და მათთვის „მარტივი ფულის“ შეთავაზებით „საზარბაზნე ხორცად“ გამოყენებაში ადანაშაულებს. მისი განცხადებით „თითო რეკრუტზე იღებენ 50 ათას დოლარს. დანაკარგზე კიდევ 10 ათას დოლარს. [ყ]ველაფერი მიდის ნაცების ანგარიშზე.“ აღსანიშნავია, რომ „თბილის ფორუმის“ მომხმარებელი უკრაინაში მებრძოლ ქართულ სამხედრო დანაყოფებს ტერორისტულ დაჯგუფებებს და „ბოევიკებს“ უწოდებს და უკრაინაში საბრძოლველად წასვლის მსურველთა რეკრუტირების აკრძალვის მოთხოვნით გამოდის.

ცნობისთვის, ანგარიში სახელწოდებით mixeil qareli „თბილისის ფორუმზე“ 2022 წლის 6 ნოემბერს დარეგისტრირდა, უკანასკნელი აქტივობა კი 3 დეკემბერს 21:00 საათზე ფიქსირდება. მომხმარებელმა ჯამურად 10 წერილი გამოაქვეყნა. დისკრედიტაციულ წერილთა უმეტესობის შინაარსი მსგავსია და უკრაინაში ქართველ მებრძოლების თემას შეეხება (ბმული 1, ბმული 2, ბმული 3, ბმული 4). წერილებში ყურადღება უკრაინაში საბრძოლველად მოხალისეთა წაყვანის პროცესში „ნაციონალური მოძრაობის“ მატერიალურ ინტერესზე მახვილდება.

შესაბამისად, სავარაუდოა, რომ „თბილისის ფორუმზე“ ანგარიში სახელწოდებით mixeil qareli სწორედ აღნიშნული გზავნილების გასავრცელებლად შეიქმნა.

4 დეკემბერს mixeil qareli-ს მიერ „თბილისის ფორუმზე“ გაჟღერებული გზავნილების გავრცელება სოციალურ ქსელშიც დაიწყო, როდესაც facebook-მომხმარებელმა „შიინ ევროპისკენ“ თბილისის ფორუმზე გაკეთებული ინფორმაციული გზავნილი ეკრანის ანაბეჭდის ე.წ. „სქრინის“ სახით სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა და მისი მაქსიმალურად გავრცელების მოწოდება გააკეთა.

მომხმარებელი „შიინ ევროპისკენ“ გამოქვეყნებული მასალები ანტიდასავლური და პრორუსული პროპაგანდის ხასიათით გამოირჩევა. ის სამოქალაქო ორგანიზაციების მიერ დაწყებული კამპანიის „შინ ევროპისკენ“ გაშარჟებას ახდენს და ცდილობს, მომხმარებლების თვალში საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების მიზნის დისკრედიტაციას.

3 დეკემბერს Facebook-პლატფორმაზე უკრაინაში ქართველი მებრძოლის ლევან ფიფიას მიერ უკრაინაში „ქართული ლეგიონის“ ბაზაზე ახალი სპეციალური სამხედრო დანაყოფის ჩამოყალიბების შესახებ ინფორმაციის გამოქვეყნება დაემთხვა.

ქართული ლეგიონის „ნაციონალურ მოძრაობასთან“ კავშირის გამოსაკვეთად და ქართველი მებრძოლების მატერიალური მოგების მიღების სანაცვლოდ უკრაინის საომარ მოქმედებებში ჩართვის „მტკიცებულებად“ მადისკრედიტირებელი კამპანიის წარმოებისას აღნიშნული განცხადების გამოყენება მალევე დაიწყო.

საკითხი განსაკუთრებით აქტუალური საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის მიერ 5 დეკემბერს მთავრობის სხდომაზე გაკეთებულმა განცხადებამ გახადა. მისი მტკიცებით, უკრაინაში ქართველი მებრძოლები „ომის პარტიას“ მიჰყავს.

„დღიდან ომის დაწყებისა უკრაინაში, ცდილობდნენ და ცდილობენ გარკვეული პროვოკაციების მოწყობას. მათი ორგანიზებული არის ახლაც ეს სამწუხაროდ ჩვენი თანამოქალაქეები მიჰყავთ ომის პარტიის წარმომადგენლებს უკრაინაში, მათი არაერთი პროვოკაცია იქნა არიდებული თავიდან ჩვენი მთავრობის მიერ“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

განცხადებას მომდევნო დღეებში პოლიტიკოსების, სოციალურ ქსელის მომხმარებლებისა და ტელევიზიების მიერ მსგავსი გზავნილების გავრცელების გახშირება მოჰყვა და კამპანიის სახე შეიძინა. ნარატივები ჟღერდებოდა როგორც „ქართული ოცნების“ წარმომადგენლების, ისე სხვადასხვა Facebook-მომხმარებლისა და ტელევიზიის („იმედი“, „POSTV“) საშუალებით.

6 დეკემბერს „ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივანი და პარლამენტის წევრი მამუკა მდინარაძე პრემიერ-მინისტრის კომენტარს გამოეხმაურა და განაცხადა, რომ უკრაინის ომში თავიანთი ნებით წასული მებრძოლების გარდა „არიან ადამიანები, რომლებიც უკრაინაში ვიღაცის მოწოდებით არიან წასულები და ვიღაცის წაყვანილები არიან“ და რომ „სოფელ-სოფელ დადიან და ეძებენ ადამიანებს, ვინ წაიყვანონ და რომანტიზება როგორ მოახდინონ ამ ამბების“.

ამავე დღეს facebook-მომხმარებელმა, ნათია პაპიძემ პოსტი გამოაქვეყნა, სადაც ავტორი ამტკიცებს, რომ უკრაინისთვის ჰუმანიტარული დახმარების გაწევის მოტივით შენიღბული „ნაციონალური მოძრაობა“ და უკრაინაში მებრძოლი „ქართული ლეგიონის“ შტაბი საქართველოს ხელისუფლებისგან გვერდის ავლით და უკრაინის საელჩოს დახმარებით უკრაინაში მოხალისედ წამსვლელთა მსურველების რეკრუტირებასა და უკრაინაში გაგზავნას კურირებდა.

„მოხალისედ წამსვლელთა მსურველების სია და დოსიები დევს მაგიდაზე. უნდა დავურეკოთ, ჩუმად, რომ არავინ გაიგოს, მოვუყაროთ თავი სააკაშვილის ბიბლიოთეკასთან [...]და იქიდან უნდა გაერეკონ უკრაინაში. რაც მთავარია ჩუმად , განსაკუთრებით საქართველოს მთავრობამ არ უნდა გაიგოს“ ,- წერს ნათია პაპიძე.

პოსტის ავტორი ქართული ლეგიონის მეთაურ მამუკა მამულაშვილს დაქირავებულს უწოდებს და „ბინძურ თამაშებში“ მონაწილეობაში ადანაშაულებს. მისივე მტკიცებით, „ქართული ლეგიონის“ ქვეშ ახალი სამხედრო დანაყოფის ჩამოყალიბების შესახებ გავრცელებული განცხადება ქართველების შეწირვის კიდევ ერთი გზაა.

პოსტი სოციალურ ქსელში ფართოდ გავრცელდა. მას 12 დეკემბრის მონაცემებით, 304 გაზიარება აქვს და სხვადასხვა მედიის მიერ შემდგომი კამპანიის საწარმოებლად აქტიურად გამოიყენებოდა.

სოციალურ ქსელში ინფორმაციის გავრცელება 7 დეკემბერსაც გაგრძელდა, როცა Facebook-გვერდმა - „პოლიტიკური აბსურდი“, რომელიც ბოლო პერიოდში განსაკუთრებით აქტიურად ავრცელებს მამუკა მამულაშვილისა და მისი დის, ნონა მამულაშვილის, როგორც „ნაცების“ წინააღმდეგ დისკრედიტაციულ გზავნილებს, პოსტი გამოაქვეყნა. პოსტის ავტორი 3 დეკემბერს ლევან ფიფიას მიერ გამოქვეყნებულ ინფორმაციას იყენებს და ამბობს: „ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენლები, რამდენიმე დღეა სოციალური ქსელის მეშვეობით ცდილობენ შესაბამისი დანაყოფისთვის მოხალისეთა შემოკრებას და უკრაინაში საომრად ხალხის წასაყვანად აქვეყნებენ პოსტებს. მიუხედავად იმისა, რომ ჯერ აღნიშნულ მოწოდებებს ავრცელებენ, შემდეგ კი ისე უარყოფენ, თითქოს, არც არაფერი განუცხადებიათ, მაინც ცალსახაა, რომ „ქართული ლეგიონის“ მეთაური - მამუკა მამულაშვილი (ნონა მამულაშვილის ძმა) და მისი გარემოცვა, მაქსიმალურად ცდილობს ხალხის უკრაინაში საომრად წაყვანას“.

7 დეკემბერს დისკრედიტაციული კამპანიის გავრცელებაში ჩაერთო POSTV-იც. POSTV-ის განცხადებით მათ ექსპერიმენტი ჩაატარეს და უკრაინაში მყოფ „დაჯგუფებას“, რომელსაც „ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, ნონა მამულაშვილის ძმა, მამუკა მამულაშვილი ხელმძღვანელობს“ სოციალურ ქსელში გავრცელებულ ნომრებზე დაუკავშირდნენ. მათი მტკიცებით, ექსპერიმენტმა დაადასტურა, რომ ქართული ლეგიონი ქართველებს უკრაინაში, საომარ მოქმედებებში ჩართვას თვეში 45000 გრივნას, დაახლოებით $2000-ის სანაცვლოდ სთავაზობს.

პოსტი, ისევე როგორც ზემოთ მოყვანილი სხვა განცხადებები „ქართულ ლეგიონსა“ და მის მეთაურ, მამუკა მამულაშვილს „ნაციონალურ მოძრაობას“ უკავშირებს და ამასთანავე ქმნის შთაბეჭდილებას, რომ უკრაინაში ქართველების მობილიზება და ბრძოლაში ჩართვა თანხის შეთავაზებით ხდება. თუმცა, წარმოდგენილი ფოტომასალიდან ჩანს, რომ უკრაინაში მოხალისედ წასვლის მსურველი თავად უკავშირდება „ქართულ ლეგიონს“ და ანაზღაურების შესახებ კითხვასაც თავად უსვამს.

8 დეკემბერს ინფორმაციულმა კამპანიამ კიდევ უფრო მასშტაბური ხასიათი მიიღო. POSTV-მ და „იმედმა“ სიუჟეტები მოამზადეს, სადაც ტელევიზიები ქართველების უკრაინაში ფრონტზე წაყვანის სქემისა და ამ პროცესში ჩართული ორგანიზაციული ჯგუფის საქმიანობის „გაშიფვრის“ შესახებ იტყობინებოდნენ.

POSTV-ს სიუჟეტის მიხედვით, როცა „რეგიონში არსებული დაძაბული ვითარების ფონზე საქართველოს ხელისუფლება ქვეყანაში მშვიდობას ინარჩუნებს, დესტრუქციული ოპოზიცია პროვოკაციებს აწყობს“ და „ომის პარტია“ საკუთარ მხარდამჭერებს უკრაინაში ომში ჩართვის სანაცვლოდ 45000 გრივნასა და დამატებით ბონუსებს სთავაზობს.

POSTV-ს სიუჟეტი დამატებით იყენებს ნათია პაპიძის პოსტს, სადაც ის ინფორმაციას საქართველოს ხელისუფლების გვერდის ავლითა და უკრაინის საელჩოს დახმარებით „ჰუმანიტარული დახმარების“ სახით „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ ქართველი მებრძოლების რუსეთ-უკრაინის ომში საბრძოლველად გაგზავნის კოორდინირებული ქსელის შესახებ საუბრობს. POSTV-ის მტკიცებით, Facebook-პოსტმა „ქართული ლეგიონის“ მიღმა „რადიკალების“ ინტერესები არსებობა კიდევ ერთხელ გამოამჟღავნა.

POSTV-ს სიუჟეტში მოცემულია „ქართული ოცნების“ მხარდამჭერი ექსპერტის, გია აბაშიძის განცხადებაც, რომლის მტკიცებით, „[რადიკალები] მზაკვრულად და ავაზაკურად იყენებენ პატრიოტულ სოლიდარულ გრძნობებს და სურთ, რომ ქართველები წაიყვანონ რაც შეიძლება მეტი უკრაინაში და რაც შეიძლება მეტი ფინანსური სარგებელი ნახონ აქედან“. მისივე თქმით, ისინი საქართველოს სხვადასხვა რეგიონში სოფელ-სოფელ დადიან და ინტერნეტიდან აკეთებენ მოწოდებას ე.წ. „ნაიომნიკების“ რეკრუტირებისთვის.

POSTV-ს სიუჟეტში ასევე მოიხმობს პრემიერ-მინისტრისა და მამუკა მდინარაძის განცხადებებსაც. ირაკლი ღარიბაშვილი ამბობს, რომ „არის კატეგორია რამდენიმე ადამიანი თუ შეიძლება ათეული იყოს, რომლებიც არიან [...] სააკაშვილის ომის პარტიის [...] მიერ წაყვანილი და ორგანიზებული...“ ხოლო მამუკა მდინარაძის განცხადებით “არიან ადამიანები, რომლებიც უკრაინაში ვიღაცის მოწოდებით არიან წასულები და ვიღაცის წაყვანილები არიან“.

დამატებით, POSTV სიუჟეტში უკრაინაში საბრძოლო მოქმედებებში ქართველი მებრძოლების ჩართვას ქვეყნისთვის უსაფრთხოების რისკებისა და საქართველოს საომარ კონფლიქტში მხარედ ჩართვის შესაძლებლობის ზრდას უკავშირებს. სიუჟეტში „ნაციონალურ მოძრაობა“ და მასთან დაკავშირებულ ჯგუფები წარმოჩენილია ძალად, რომლებიც „ფულის სანაცვლოდ აგროვებენ ქართველებს რუსეთ-უკრაინის ფრონტის წინა ხაზზე გასაგზავნად“

8 დეკემბერი - „უკრაინაში საომრად წასვლის მსურველებს სხვა ქვეყნის სამხედრო ძალებში ჩარიცხვის შემთხვევაში საქართველოს მოქალაქეობის დაკარგვის შესახებ არ აფრთხილებენ“

8 დეკემბერს იმედის ეთერში გასული სიუჟეტი, რომელიც ასევე „ორგანიზაციული ჯგუფის“ საქმიანობის „გაშიფვრას“ ცდილობდა, ყურადღებას ამახვილებდა გარემოებაზე, რომ უკრაინაში საომრად წასვლის მსურველებს სხვა ქვეყნის სამხედრო ძალებში ჩარიცხვის შემთხვევაში საქართველოს მოქალაქეობის დაკარგვის შესახებ არ აფრთხილებენ.

8 დეკემბერს ფულის სანაცვლოდ უკრაინის საომარ მოქმედებებში ქართველი მებრძოლების ჩართვისა და მათთვის საქართველოს მოქალაქეობის ჩამორთმევის შესაძლებლობის საკითხზე კომენტარები „ქართული ოცნების“ სხვა წევრებმაც გააკეთეს. „ქართული ლეგიონის“ მეთაურ მამუკა მამულაშვილზე საუბრისას რატი იონათამიშვილმა განაცხადა, „რომ ეს ადამიანები ჩვენს ბიჭებს ფულის სანაცვლოდ სთავაზობენ უკრაინაში საომარ მოქმედებებში მონაწილეობას“. მისივე მტკიცებით, რუსეთ-უკრაინის ომში საბრძოლო მოქმედებებში ჩართვის მსურველებს ატყუებენ და ეუბნებიან, რომ გახდებიან უკრაინის სამხედრო ძალების თანამშრომლები, რაც ავტომატურად იწვევს საქართველოს მოქალაქეობის დაკარგვას.

ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე, ალუდა ღუდუშაურმა „ქართული ლეგიონის“ მეთაური მამუკა მამულაშვილი „ნაციონალურ მოძრაობას“ დაუკავშირა და მისი მთავარი წარმომადგენელი, სპიკერი, რუპორი და მისი იდეების გამტარებელი უწოდა. მან ასევე გააჟღერა გზავნილი, რომლის მიხედვით ქართველი მებრძოლების ნაწილის ფულის სანაცვლოდ დაქირავება და ომში წაყვანა ხდება, რაც მისივე შეფასებით ადამიანებისთვის „ღირსების აყრა“ და „ამორალურობაა“.

უკრაინაში რუსეთის წინააღმდეგ საომრად წასული ქართველი მებრძოლების მადისკრედიტირებელი გზავნილები პრორუსულ „ალტ-ინფოს“ ეთერში 7 დეკემბერს დეკანოზ სპირიდონ ცქიფურიშვილმაც გააჟღერა. მისი მტკიცებით, უკრაინაში საომრად წასული მებრძოლების უმრავლესობა საომარ მოქმედებებში მაღალი ხელფასების გამო ერთვება და ისინი დაქირავებული ე.წ. ნაიომნიკები არიან. ხოლო ისინი, ვინც უკრაინაში იდეის გამო იბრძვიან, პროპაგანდის შედეგად არიან მოტყუებულები.

---------------------------------------------------------------------

სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. ვერდიქტიდან გამომდინარე, Facebook-მა შესაძლოა სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს - შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. მასალის შესწორებისა და ვერდიქტის გასაჩივრების შესახებ ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე.