სოციალურ ქსელში მომხმარებელი Real World News-ის სიუჟეტს აქვეყნებს, რომელიც მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის მიერ მსოფლიოში წყლის მოხმარების შესახებ გადაწყვეტილებას ეხება. სიუჟეტის მიხედვით, WEF გასცემს ბრძანებას, რომ მთავრობებმა წყლის რაციონირება დაიწყონ. „გლობალისტური ელიტა ამტკიცებს, რომ წყალი არ არის ადამიანის უფლება და მსოფლიოს წყლის მარაგი უნდა იყოს პრივატიზებული და კონტროლირებადი ელიტების მიერ“, ნათქვამია სიუჟეტში. რეალურად, არ არსებობს არანაირი მტკიცებულება, რომ WEF-მა მსგავსი მოწოდება გააკეთა.
მსოფლიო ეკონომიკური ფორუმი (WEF) საერთაშორისო ორგანიზაციაა, რომელიც 1971 წელს შვეიცარიაში შეიქმნა. ორგანიზაცია მიიჩნევს, რომ „პროგრესის მიღწევა შესაძლებელია საზოგადოების ყველა ჯგუფის (პოლიტიკის, ბიზნესის, კულტურის წარმომადგენლების, სხვ.) გაერთიანებით, რომლებსაც აქვთ სურვილი და გავლენა პოზიტიური ცვლილებები განახორციელონ“.
ტელეგრამ არხის, Real World New-ის მიერ გავრცელებულ სიუჟეტში ნახსენებია, რომ WEF გაეროსთან თანამშრომლობით მთავრობებს მოუწოდებს, იმ დღის წესრიგის ფარგლებში, რომელიც გაეროს 2023 წლის წყლის კონფერენციაზე ნიუ-იორკში შემუშავდა, წყლის რაციონირება მოახდინოს. გადამოწმების შემდეგ ირკვევა, რომ WEF-სა და UN-ის მიერ კონფერენციის დასრულების შემდეგ გამოქვეყნებული 700 ვალდებულებიდან, არც ერთი მათგანი წყლის რაციონირებასთან დაკავშირებულ საკითხებს არ მოიცავს.
კონფერენციაზე ხაზი გაესვა, რომ ყურადღება უნდა დაეთმოს გაეროს მდგრადი განვითარების (SDG) 6-სა და წყალთან დაკავშირებული სხვა მიზნებისა და ამოცანების მიღწევის დაჩქარებას. აღსანიშნავია, რომ SDG 6 გაეროს მდგრადი განვითარების მიზნებიდან ერთ-ერთია, ის წყლისა და სანიტარული სისტემის ყველასთვის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფას ისახავს მიზნად.
კონფერენციაზე ასევე დაიგეგმა ის გზები, რომელთა საშუალებითაც 2030 წლისთვის სუფთა წყლის უნივერსალური ხელმისაწვდომობა უნდა გაიზარდოს. კონფერენციის შემდეგ გამოქვეყნებულ ვალდებულებებში ასევე ყურადღება ეთმობა იმ ინიციატივებს, რომელთა განხორციელების შემდეგ ბავშვებს სუფთა და უსაფრთხო წყალზე ექნებათ წვდომა. ამავდროულად, 2025 წლისთვის სოფლებში სუფთა და უსაფრთხო წყალმომარაგების 85%-მდე გაზრდა დაიგეგმა, ქალაქებისთვის ეს მაჩვენებელი - 95%-ს უნდა გაუტოლდეს.
აღსანიშნავია, რომ კონფერენციასთან დაკავშირებული WEF-ის ვებსაიტზე არსებული სტატია წყლის რაციონირებას საერთოდ არ ახსენებს. ამავდროულად, მსგავსი მოწოდება არც გაეროს მდგრადი განვითარების მიზნებისა და წყლის კონფერენციის ვებსაიტებზე არ იძებნება.
ზემოთ აღნიშნული Real World News -ის სიუჟეტი მთლიანად The People’s Voice-ის სტატიას ეყრდნობა, რომელიც 2023 წლის აპრილში გამოქვეყნდა, სახელწოდებით: „წყალი არ არის ადამიანის უფლება“: WEF უბრძანებს მთავრობას, დაიწყოს სახლებში წყლის რაციონირება“. აღნიშნული სტატია ამერიკულმა გამომცემლობა USA TODAY-მ გადაამოწმა. აღსანიშნავია, რომ USA Today-ის The People’s Voice-ის მიერ გავრცელებული დეზინფორმაცია აქამდეც გადაუმოწმებია. მათ დეზინფორმაცია მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმთან დაკავშირებით აქამდეც გაუვრცელებიათ.
საკითხის გადასამოწმებლად, USA Today WEF-ს დაუკავშირდა. „მე შემიძლია დავადასტურო, რომ ეს არის ყალბი და გამოგონილი“, - განაცხადა იან ზოპფმა, WEF-ის სპიკერმა USA TODAY-სთვის გაგზავნილ წერილში.
„გარდა ამისა, WEF-ს არ აქვს უფლება, დაავალოს მთავრობებს წყლის ან სხვა რესურსების რაციონირება“,- უთხრა USA TODAY-ს სკოტ მურმა, პენსილვანიის უნივერსიტეტის პოლიტოლოგმა. მური ასევე აცხადებს, რომ „WEF არის არასამთავრობო ორგანიზაცია და მას არ აქვს იურიდიული სტატუსი სუვერენული სახელმწიფოების ფუნქციები განახორციელოს, თუმცა მას შეუძლია პოლიტიკოსების შეხედულებების ჩამოყალიბებაზე გავლენა იქონიოს“.
როგორც მსოფლიო ეკონომიკის ფორუმი, ასევე გაერო მიიჩნევს, რომ სუფთა სასმელ წყალზე წვდომა ყველა ადამიანის უფლებაა.
---------------------------------------
სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. ვერდიქტიდან გამომდინარე, Facebook-მა შესაძლოა სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს - შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. მასალის შესწორებისა და ვერდიქტის გასაჩივრების შესახებ ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე.