სოციალურ ქსელში ვრცელდება ყალბი ინფორმაცია, რომ „მთავარი არხის“ დირექტორმა - ნიკა გვარამიამ, ჟურნალისტ ბექა ყორშიას ქმედება, სიუჟეტის მომზადების გამო, დაგმო და როინ მეტრეველის მხარდამჭერი განცხადება გააკეთა.

სინამდვილეში, ნიკა გვარამიას ჟურნალისტ ბექა ყორშიას ქმედება არ დაუგმია, პირიქით, მოიწონა. სიუჟეტს ის თავის ოფიციალურ Facebook-ანგარიშზე გამოეხმაურა. განცხადებაში გვარამია წერს: „ბექა ყორშიას სიუჟეტი, შეიძლება ითქვას, ანატომიური თეატრია. ბექამ სისტემა საჯაროდ გაკვეთა და მისი შიგნეულობა ამოალაგა. არაფერი სხვა: არც გამოკვლევა, გამოძიება, არც ინტერპრეტაცია, არც შეფასება, მხოლოდ სისტემის თვითაღიარება: ვერ მოედავები, ვერსაიდან შემოუვლი, მიკერძოებულობას ვერ დააბრალებ. ამიტომაცაა სისტემის ანატომიის ამსახველი ეს 10 წუთი… აქებ აიშროყ, ვამაყობ შენით, მიყვარხარ და გგულშემატკივრობ ყველა შენს წამოწყებაში“.

ნიკა გვარამიამ თავისი განცხადებით, საერთაშორისო ორგანიზაციებს, საელჩოებსა და სახალხო დამცველს, რომელმაც, მისი თქმით, საკითხთან დაკავშირებით მანდატს აცდენილი და არაადეკვატური განცხადება გააკეთა, მოუწოდა, რომ ბექა ყორშიას უსაფრთხოების დასაცავად გაატარონ მათ ხელთ არსებული ყველა ზომა - „აქვე, მივმართავ ყველას, საერთაშორისო ორგანიზაციებისა და საელჩოების ჩათვლით, ასევე, სახალხო დამცველს (მისი არაადეკვატური და მისსავე მანდატს აცდენილი შეფასების მიუხედავად): ჟურნალისტი ბექა ყორშია არის მუქარების ობიექტი და საქართველოში არსებული უამრავი პრეცედენტის გათვალისწინებით, შეუძლებელია მის მიმართ ანგარიშსწორების რისკების უყურადღებოდ დატოვება. მოგიწოდებთ, გაატაროთ თქვენს ხელთ არსებული ყველა ზომა ჟურნალისტის უსაფრთხოების დასაცავად. ვითარებაზე პასუხისმგებლობის მთელი სიმძიმე სრულად ეკისრება ხელისუფლებას. საზოგადოებასაც მინდა ვთხოვო ყურადღება და მხარდაჭერა ამ მიმართულებით“, – ნათქვამია ნიკა გვარამიას განცხადებაში.

აღსანიშნავია ისიც, რომ ბექა ყორშიამ სოციალურ ქსელში „მთავარი არხის“ დირექტორის განცხადებას უპასუხა და თქვა, რომ ნიკა გვარამიას მხარდაჭერას ტელევიზიაში მისვლის დღიდან გრძნობდა.

ცნობისთვის, 11 ივნისს „მთავარმა არხმა“ ბექა ყორშიას სიუჟეტი გამოაქვეყნა, რომელიც მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდენტად ახლახან დანიშნულ როინ მეტრეველს ეხებოდა. სიუჟეტში ბექა ყორშია როინ მეტრეველს დაუკავშირდა და პრემიერ-მინისტრის აპარატის მრჩეველ, აკა მამაცაშვილად გაეცნო. ყორშიამ მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდენტს ირაკლი ღარიბაშვილისთვის აკადემიკოსის სტატუსის მინიჭება სთხოვა, რაზეც მან მეტრეველისგან თანხმობა მიიღო.

---------------------------

სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. ვერდიქტიდან გამომდინარე, Facebook-მა შესაძლოა სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს - შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. მასალის შესწორებისა და ვერდიქტის გასაჩივრების შესახებ ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე.