სოციალურ ქსელში Facebook-ის ანგარიში ლევან თავდიშვილი, რომლის მიერ გავრცელებული დეზინფორმაცია „ფაქტ-მეტრს“ აქამდეც არაერთხელ გადაუმოწმებია (1,2,3), ჩინეთის პრეზიდენტის ყალბ ციტატას ავრცელებს. პოსტის მტკიცებით, სი ძინპინმა განაცხადა, რომ მესამე მსოფლიო ომის საფრთხის შემთხვევაში, ჩინეთი დაეხმარება რუსეთს. რეალურად, აღნიშნული განცხადება ჩინეთის პრეზიდენტს არ გაუკეთებია.
გადამოწმების შემდეგ გაირკვა, რომ მსგავსი ციტატა არც ერთ საძიებო სისტემაში, სანდო მედიასაშუალებების ვებგვერდზე არ იძებნება. თუმცა აღნიშნული გაყალბებული ციტატა რუსულენოვან ანგარიშების მიერაც ვრცელდება.
მართალია, ჩინეთი რჩება რუსეთის ერთ-ერთ მთავარ სტრატეგიულ მოკავშირედ, მაგრამ რუსეთ-უკრაინის ომის დაწყების შემდეგ, სი ძინპინი ცდილობს “შუამავლის როლი” ითამაშოს და ორივე მხარესთან ურთიერთობები შეინარჩუნოს. სი ძინპინი 2023 წლის 21 მარტს მოსკოვში იმყოფებოდა და ვლადიმერ პუტინთან ერთად ხელი მოაწერა შეთანხმებას, რომლითაც მათი თანამშრომლობის „ახალი ეპოქა“ იწყება. მიუხედავად ამისა და ჩინეთსა და რუსეთს შორის არსებული პარტნიორობისა, კიევი პეკინთან კომუნიკაციას ინარჩუნებს.
რუსეთის პრეზიდენტთან შეხვედრამდე, სი ძინპინმა მხარეებს ცეცხლის შეწყვეტისა და სამშვიდობო მოლაპარაკებების დაწყებისკენ მოუწოდა და 2023 წლის თებერვალში, რუსეთის უკრაინაში შეჭრის წლისთავზე, უკრაინასთან დაკავშირებით თავისი 12- პუნქტიანი სამშვიდობო გეგმა გამოაქვეყნა. თუმცა ზელენსკიმ აღნიშნა, რომ გეგმა და ცეცხლის შეწყვეტა „უბრალოდ გაყინავს“ კონფლიქტს, რაც თავის მხრივ, რუსეთს დროს მისცემს, „მოემზადოს და კვლავ დაბრუნდეს თავისი ერთადერთი სურვილით, მათი ლიდერის სურვილით - ეს არის ჩვენი ქვეყნის ოკუპაცია“.
ჩინეთის სურვილს, რომ არც ერთ მხარესთან გაიფუჭოს ურთიერთობა, ცხადყოფს 2023 წლის 26 აპრილს უკრაინის პრეზიდენტთან სატელეფონო ზარი. ჩინეთის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ პეკინი არ დაუმატებს „ცეცხლზე ნავთს“ უკრაინას ომში, მისი მტკიცებით, დროა „კრიზისი პოლიტიკურად გადაიჭრას“. პრეზიდენტ ზელენსკისთან საუბრისას, სი ძინპინმა ასევე ხაზი გაუსვა იმ ფაქტს, რომ პეკინი პირდაპირ სამხედრო დახმარებას მოსკოვს არ გაუგზავნის.
აღნიშნულ სატელეფონო საუბართან დაკავშირებით, უკრაინის პრეზიდენტმა ოფიციალურ Twitter-ის გვერდზე დაწერა: „მე მქონდა ხანგრძლივი და მნიშვნელოვანი სატელეფონო ზარი ჩინეთის პრეზიდენტ სი ძინპინთან“.
ჩინეთის პრეზიდენტმა ზელენსკისთან სატელეფონო საუბრის შემდეგ განაცხადა, რომ გაგზავნის დელეგაციას უკრაინაში, რათა მხარეებთან კონფლიქტის მოგვარების თაობაზე მოლაპარაკებები გაიმართოს.
შესაბამისად, გავრცელებული ციტატა, გარდა იმისა, რომ არც ერთ სანდო მედია საშუალებების ვებგვერდზე არ იძებნება, თავად სი ძინპინის პოლიტიკას და მის მიერ რუსეთ-უკრაინის ომთან დაკავშირებით გადადგმული ნაბიჯებს აყენებს ეჭვქვეშ.
--------------------------------------------------------------------------
სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. ვერდიქტიდან გამომდინარე, Facebook-მა შესაძლოა სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს - შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. მასალის შესწორებისა და ვერდიქტის გასაჩივრების შესახებ ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე.