ბლოგერი ბექა ვარდოსანიძე, რომლის გავრცელებული დეზინფორმაცია „ფაქტ-მეტრს“ აქამდეც არაერთხელ გადაუმოწმებია (1,2,3) წერს, რომ „ფლორიდა ''COVID 19'' ვაქცინას გამოაცხადებს როგორც ''ბიო იარაღად'' და მიიღებს კანონს, რომელიც აკრძალავს მის გამოყენებას“. რეალურად, ფლორიდის შტატის ოფიციალურ პირებს ამგვარი აკრძალვის ამოქმედების შესახებ გადაწყვეტილება არ მიუღიათ. აკრძალვის შესახებ ბრევარდის რესპუბლიკური პარტიის აღმასრულებელი კომიტეტის ინიციატივა ჯერჯერობით მხოლოდ თხოვნის წერილის სახით არსებობს, რომელიც გუბერნატორს და სხვა ოფიციალურ პირებს გაეგზავნებათ.
პირველ რიგში, აღსანიშნავია, რომ Facebook-ის ანგარიში, მომხმარებლებზე გავლენის მოხდენის მიზნით პოსტის აღწერას არასწორი ინტერპრეტაციით იწყებს. პოსტის დასაწყისში ის მკითხველს უქმნის წარმოდგენას, რომ ფლორიდა კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინას მართლაც „ბიო-იარაღად“ გამოაცხადებს და მათ გამოყენებას აკრძალავს.
ბექა ვარდოსანიძის მიერ მითითებულ ერთ-ერთ პირველ წყაროს წარმოადგენს ადგილობრივი ახალი ამბების პორტალი CBS12, რომელიც წერს, რომ ფლორიდაში, ბრევარდის ოლქის რესპუბლიკურმა აღმასრულებელმა კომიტეტმა (BREC) მხარი დაუჭირა წინადადებას. როგორც გამოცემა წერს, ჯგუფის ლიდერებმა წერილის პროექტის პირველი ვერსია შექმნეს, რომელიც COVID-19-ის ვაქცინების უკანონოდ და „ბიოლოგიურ იარაღად“ გამოცხადების შესახებ მოწოდებას მოიცავს.
BREC-ის წერილის თანახმად, „კაცობრიობის შენარჩუნების სახელით ბრევარდის ოლქის რესპუბლიკური პარტია მოუწოდებს გუბერნატორ დესანტისს და შტატის საკანონმდებლო ორგანოს, აკრძალონ COVID-19 ინექციების გაყიდვა და გავრცელება ფლორიდის შტატში“.
CBS12-ის სტატიაში აღნიშნულია, რომ „ბრევარდის რესპუბლიკური პარტიის წერილი გაეგზავნება გუბერნატორ დესანტისს და სხვა სახელმწიფო ლიდერებს (...) ამჟამად, წერილი უბრალოდ თხოვნაა და არა - მოთხოვნა“,- წერია CBS12-ის სტატიის ბოლოს.
ხაზგასასმელია, რომ ვაქცინების ბიოლოგიურ იარაღად გამოცხადების ზემოთ ნახსენებ გეგმას ეჭვქვეშ რამდენიმე ფაქტი აყენებს.
აშშ ბიოლოგიური იარაღის კონვენციის (BWC) ხელმომწერი სახელმწიფოა. BWC ძალაში 1975 წელს შევიდა და მისი მთავარი მიზანია, ბიოლოგიური და ტოქსინების იარაღის შემუშავება, წარმოება და მარაგი აკრძალოს. კონვენციის ხელმომწერი სახელმწიფოები დაახლოებით ყოველ 5 წელში იკრიბებიან BWC-ის ფუნქციონირების გადახედვის მიზნით. გადაწყვეტილებების მიღება ხდება სახელმწიფოების დონეზე. შესაბამისად, აშშ, როგორც ფედერალური სახელმწიფო რაიმე ნივთიერების ბიოლოგიურ იარაღად გამოცხადების შესახებ გადაწყვეტილებას აღნიშნულ თემასთან დაკავშირებით მხოლოდ შტატის დონეზე ვერ მიიღებს. აშშ-ში აღნიშნული თემის განხილვა ფედერალური სააგენტოების იურისდიქციაშია და არა - რომელიმე შტატის ადმინისტრაციის. ბიოლოგიური აგენტებისა და ტოქსინების რეგულირება და კონტროლი, რაც პოტენციურად ბიოლოგიურ იარაღად შეიძლება იქნას გამოყენებული, დაექვემდებარება სხვადასხვა ფედერალური სააგენტოს იურისდიქციას, მაგალითად, დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრს (CDC), ჯანმრთელობისა და ადამიანური მომსახურების დეპარტამენტს (HHS), თავდაცვის დეპარტამენტს და ა.შ.
BWC ადგენს, თუ რა შემთხვევაში ხდება კონკრეტული აგენტის/ნივთიერების განხილვა ბიოლოგიურ იარაღად. კონვენციის პირველი მუხლის თანახმად, ბიოლოგიური იარაღი მოიცავს „მიკრობულ ან სხვა ბიოლოგიურ აგენტებს, ან ტოქსინებს, როგორიც არ უნდა იყოს მათი წარმოშობა ან წარმოების მეთოდი, იმ ტიპებსა და რაოდენობას, რომლებსაც არ აქვთ გამართლება პროფილაქტიკური, დამცავი ან სხვა მშვიდობიანი მიზნებისთვის“. მართალია, COVID-19-ის ვაქცინები შეიქმნა სწორედ ზემოთ აღნიშნული „დამცავი და მშვიდობიანი მიზნებისთვის“, შესაბამისად, მათი ბიოლოგიურად იარაღად კლასიფიცირება ვერ მოხდება. მართალია, COVID-19-ის ვაქცინები შემჭიდროებულ ვადებში შეიქმნა, თუმცა კვლევის არცერთი საფეხური, რომლითაც ვაქცინების ეფექტურობა და უსაფრთხოება დგინდება, გამოტოვებული არ ყოფილა. ისინი ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის და მაღალი სანდოობის მქონე მარეგულირებლების მიერ მრავალი კვლევის შედეგად არის დამტკიცებული (აღნიშნულ თემაზე დეტალური ინფორმაციისთვის იხილეთ „ფაქტ-მეტრის“ სტატია).
აღსანიშნავია, რომ COVID-19 ვაქცინაციის კამპანიის დაწყების შემდეგ, COVID-19 ვაქცინების შესახებ დეზინფორმაცია ხშირად ვრცელდებოდა. ერთ-ერთი დეზინფორმაციული ნარატივი, რომელიც არაერთხელ იქნა უარყოფილი (1,2,3), არის ის, რომ ვაქცინები, რომლებიც დაფუძნებულია რნმ (mRNA) ტექნოლოგიაზე, ცვლის ვაქცინირებული ადამიანის დნმ-ს. ხაზგასასმელია, რომ ბექა ვარდოსანიძის მიერ მოყვანილ სტატიებშივე არის გაბათილებული კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინების შესახებ წერილში გაჟღერებული მითები. სტატიაში ვკითხულობთ, რომ BREC-ის წერილი ეყრდნობა სხვადასხვა წყაროს, მათ შორის „შვედურ კვლევას, რომელიც კვლევის ავტორების თქმით, არასწორად იქნა ინტერპრეტირებული ვაქცინის კრიტიკოსების მიერ“ (შვედური კვლევის ავტორების განმარტება იხილეთ ბმულზე).
ამდენად, პოსტის მტკიცება, რომ ფლორიდაში COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინას ბიოლოგიურ იარაღად გამოაცხადებენ და მიიღებენ კანონს, რომელიც მას ბიოლოგიურ იარაღად გამოაცხადებს და აკრძალავს მის გამოყენებას, მცდარია. ჯერჯერობით, აღნიშნული წერილი, რომელიც ვაქცინის შესახებ მცდარ ინფორმაციებს ეყრდნობა, მხოლოდ თხოვნაა და საერთოდ დაიწყება, თუ - არა მისი განხილვა, ეჭვის ქვეშ დგას. ამასთან, ბიოლოგიური იარაღის შესახებ კონვენციის მიხედვით, რომლის წევრიც აშშ-ც არის, COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინა ბიოლოგიური იარაღად ვერ კლასიფიცირდება, ხოლო ფლორიდის შტატს მისი ბიოლოგიურ იარაღად გამოცხადების უფლებამოსილება არ აქვს, რადგან ეს აშშ-ის ფედერალური სააგენტოების კომპეტენციების ქვეშაა.
--------------------------------------------------------------------------
სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. ვერდიქტიდან გამომდინარე, Facebook-მა შესაძლოა სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს - შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. მასალის შესწორებისა და ვერდიქტის გასაჩივრების შესახებ ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე.