სოციალურ ქსელში Facebook-ანგარიში ნონა შარაბიძე, რომლის მიერ გავრცელებული ყალბი ამბავი „ფაქტ-მეტრს“ აქამდეც არაერთხელ გადაუმოწმებია (ბმული 1; 2; 3; 4), მორიგ დეზინფორმაციას ავრცელებს. მისი მტკიცებით, უკრაინელებმა შეცვალეს მენდელეევის პერიოდული სისტემა და ელემენტ „მოსკოვიუმს“ ახალი სახელი „უკრაინი“ უწოდეს.
„უკრაინელებმა მენდელეევის პერიოდულ სისტემა შეცვლეს და ელემენტს „მოსკოვი“ დაარქვეს „უკრაინი“.
არ გამიკვირდება, თუ ახლა მენდელეევსაც ხახოლად გადააკეთებენ.“,- ვკითხულობთ პოსტში.
აღნიშნული ინფორმაცია უკრაინულმა ფაქტების გადამმოწმებელმა ორგანიზაცია „StopFake“-მაც გადაამოწმა.
ფოტოზე მარცხენა ქვედა კუთხეში ჩანს წიგნის გამომცემლობის ელექტრონული ფოსტა, (info@litera-ltd.com.ua) რომლითაც შეგვიძლია დავადგინოთ გამომცემლობის სახელი და გავიგოთ, ნამდვილად დაიბეჭდა წიგნში ეს ინფორმაცია, თუ - არა.
გამომცემლობამ „Літера ЛТД“ საკუთარ facebook-გვერდზე ჯერ კიდევ 2023 წლის 24 იანვარს გამოაქვეყნა პოსტი, რომელშიც ამ დეზინფორმაციას ეხმიანებიან. გამომცემლობა ამბობს, რომ მათი წიგნების გარეკანზე ქიმიური ელემენტების ცხრილს არ ბეჭდავენ და ამის დასტურად რამდენიმე წიგნის რეალურ ფოტოს აქვეყნებენ.
გარდა ამისა გამომცემლობა „Літера ЛТД“ ყურადღებას ამახვილებს იმ ფაქტზე, რომ მათ პუბლიკაციებში ელემენტი ნომრით 115 გვხვდება მხოლოდ სახელწოდებით „Ununpentium“ (Uup). ცნობისთვის, თეორიული და გამოყენებითი ქიმიის საერთაშორისო კავშირის (IUPAC) გადაწყვეტილებით, 2016 წლის 28 ნოემბერს „უნუნპენტიუმს“ „მოსკოვიუმი“ ეწოდა. იგი პირველად 2003 წელს რუსი და ამერიკელი მეცნიერების ერთობლივი ჯგუფის მიერ, ბირთვული კვლევების ერთობლივ ინსტიტუტში, დუბნაში (რუსეთი) სინთეზირდა. ვინაიდან ელემენტებს ხშირად მიენიჭება სახელები მათი აღმოჩენის ადგილის მიხედვით, ამიტომ აღნიშნულ ელემენტს „მოსკოვიუმი“ ეწოდა. როგორც „StopFake“-ის სტატიაში ვკითხულობთ, უკრაინულ სახელმძღვანელოებში აღნიშნული ელემენტის სახელის ორივე ვარიანტი გვხვდება.
აქვე უნდა აღინიშნოს, რომ უკრაინას არ შეუძლია ქიმიურ ელემენტს თვითნებურად შეუცვალოს სახელი, რადგანაც ელემენტების სახელებს თეორიული და გამოყენებითი ქიმიის საერთაშორისო კავშირი ამტკიცებს.
ამგვარად, მტკიცება, რომ უკრაინელებმა ქიმიურ ელემენტს სახელი შეუცვალეს, ყალბია.
-----------------
სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. ვერდიქტიდან გამომდინარე, Facebook-მა შესაძლოა სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს - შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. მასალის შესწორებისა და ვერდიქტის გასაჩივრების შესახებ ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე.