სოციალურ ქსელში Facebook-მომხმარებელმა ხელოვნური ინტელექტით შექმნილი ფოტო გაავრცელა. ფოტოს მიხედვით, საოპერაციო პროცედურა თითქმის მთლიანად დაზიანებულ საავადმყოფოში მიმდინარეობს და მასზე თანდართულია აღწერა, რომელიც გვამცნობს, რომ ფოტო ღაზაშია გადაღებული. „წლის ოსკარი ჩავარდება დიდი ალბათობით, ჰოლივუდის სცენარისტები ვერც კი წარმოიდგენენ მსგავს სცენარს. ეს ღაზაა. რეალური“, - ვკითხულობთ პოსტის აღწერაში.
იმაზე, რომ ფოტო რომ ხელოვნური ინტელექტის (AI) მიერ არის შექმნილი, ფოტოზე არსებული შეუსაბამობები მეტყველებს. მაგალითად, ფოტოზე გამოსახულ პაციენტთან არსებული სინათლე, ლოგიკურად სანათიდან უნდა მომდინარეობდეს, თუმცა სანათი არ ანათებს, ან ისე მკაფიოდ არ ანათებს, როგორიც პაციენტზე არსებული სინათლის გამოსხივება საჭიროებს (1). ფოტოზე გამოსახული პაციენტი ასევე არაბუნებრივ პოზაშია (2), რადგან ფოტოს მიხედვით. მისი ერთი ფეხი, მეორე კიდურზე საგრძნობლად მოკლეა. არაბუნებრივია ფოტოს უკანა ფონზე გამოსახული ექთნების პოზიციაც (3). გარკვეული დეტალები კი სურათში ალოგიკურად ზის, მაგალითად, ფოტოს ცენტრში გამოსახული შავი ფერის ხაზი (4), ან ერთმანეთში ბუნდოვნად შერწყმული დეტალები (5).
ხელოვნური ინტელექტის მიერ გენერირებული შინაარსის ამოცნობა სხვადასხვა პროგრამების გამოყენებითაც შეიძლება. მაგალითად, ვებგვერდი aiornot.com-ს ცდილობს დაადგინოს, ესა თუ ის ფოტო რეალურია, თუ ხელოვნური ინტელექტის მიერაა შექმნილი. ამისთვის ვებგვერდი სხვადასხვა ალგორითმსა და მანქანური სწავლების ტექნიკას იყენებს და მომხმარებლის მიერ ატვირთულ ფოტოს იმ ნიშნებსა და მახასიათებლებს ადარებს, რომლებიც ადამიანის მიერ გადაღებულ და AI-ს მიერ შექმნილ მასალებს გამოარჩევთ. „ფაქტ-მეტრმა“ აღნიშნული ფოტო ვებგვერდზე გადაამოწმა, რომელმაც ფოტოს ხელოვნური ინტელექტისეული წარმოშობის ვარაუდი დაადასტურა - ვებგვერდის მიხედვით, ფოტო სავარაუდოდ, სწორედ ხელოვნური ინტელექტის (AI) მიერ არის შექმნილი.
ფოტოს ძალიან მაღალი - 95.39%-იანი ალბათობით, ხელოვნური ინტელექტისგან წარმოშობას კიდევ ერთი პროგრამის isitai.com-იც ადასტურებს.
დამატებით, იმაში დასარწმუნებლად არის, თუ - არა ესა თუ ის ფოტო ხელოვნური ინტელექტით გენერირებული, რეკომენდებულია Google-ის ფოტოების ძებნის ინსტრუმენტის (Google Image Reverse Search) გამოყენება. აღნიშნული ფოტოს მოძებნის შემდეგ შესამჩნევია, რომ ფოტო და მასზე დაყრდნობით ინფორმაცია არათუ არცერთ სანდო მედიასაშუალებას არ გამოუქვეყნებია, არამედ სხვადასხვა სოციალური ქსელის მასშტაბით ის კამპანიურადაა გავრცელებული. ამაზე მეტყველებს ფოტოების გამოქვეყნების მიახლოებული დრო და მათზე დართული მსგავსი აღწერები. მაგალითად, X პლატფორმაზე იორდანიული წყაროს მიერ გამოქვეყნებულ ფოტოს ასევე ერთვის შემდეგი აღწერა: „ეს სცენა რეალურია და ვერც ერთი კინორეჟისორი ვერ წარმოიდგენს ამას და ვერც კი მოიფიქრებს მსგავს სცენას“.
მსგავსი აღწერა გვხვდება სხვა პოსტებზეც
ამასთანავე X პლატფორმაზე განთავსებული პოსტების ნაწილი ფოტოს გამოქვეყნებისას მას უთითებს, რომ ფოტო AI-ს მიერ არის შექმნილი (ბმული 1, 2).
ხელოვნური ინტელექტით შექმნილ ფოტოებზე დაფუძნებული მტკიცებები „ფაქტ-მეტრს“ აქამდეც გადაუმოწმებია (იხილეთ ბმული 1, 2).
ხელოვნური ინტელექტის მიერ შექმნილი ფოტოების ამოცნობის ტექნიკების შესახებ იხილეთ „ფაქტ-მეტრის“ ვიდეო (ბმული 1)
-------------------------------------------
სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. ვერდიქტიდან გამომდინარე, Facebook-მა შესაძლოა სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს - შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. მასალის შესწორებისა და ვერდიქტის გასაჩივრების შესახებ ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე.