სოციალურ ქსელში ანგარიში „ფსიქიატრიული რესპუბლიკა“ ირაკლი ღარიბაშვილის ციტატას ავრცელებს. ფოტოანაბეჭდზე ვკითხულობთ: „ნაცების პროვოკატორი იყო- ომი უნდოდა. საბედნიეროდ, დროულდ გაანეიტრალეს რუსებმა. არ აგარევინებთ. „რუსების მიერ დღეს დახვრეტილ ქართველთან დაკავშირებით“, - წერია პოსტის აღწერაში. რეალურად, აღნიშნული ციტატა ყალბია, ირაკლი ღარიბაშვილს მსგავსი განცხადება არ გაუკეთებია.
მსგავსი ციტატა არც ერთ საძიებო სისტემაში, სანდო მედიასაშუალებების ვებგვერდზე და პრემიერის ოფიციალურ გვერდებზე არ იძებნება.
6 ნოემბერს გორის მუნიციპალიტეტის სოფელ კირბალთან რუსმა ოკუპანტებმა ცეცხლსასროლი იარაღით საქართველოს მოქალაქე თამაზ გინტური მოკლეს. საოკუპაციო ძალებმა ასევე დააკავეს საქართველოს ერთი მოქალაქე.
აღნიშნულ ამბავს საქართველოს პრემიერ-მინისტრი წერილობითი განცხადებით გამოეხმაურა და საერთაშორისო თანამეგობრობას რეაგირებისკენ მოუწოდა: „მომხდარი კიდევ ერთხელ ადასტურებს ადგილზე არსებულ რთულ უსაფრთხოების გარემოს და მეტყველებს ოკუპაციის მძიმე შედეგებზე, რომელთანაც გამკლავება საქართველოს ხელისუფლებასთან ერთად, სამწუხაროდ, მშვიდობიან მოქალაქეებსაც უწევთ. ვუსამძიმრებ გარდაცვლილის ოჯახის წევრებსა და ახლობლებს ამ უმძიმეს ტრაგედიას. სახელმწიფო მათ გვერდით დგას ამ მძიმე წუთებში. აღნიშნულ ინციდენტთან დაკავშირებით ამოქმედებულია ყველა შესაბამისი მექანიზმი, ინფორმირებულები არიან საერთაშორისო პარტნიორები“.
აღსანიშნავია, რომ Facebook-გვერდს „ფსიქიატრიული რესპუბლიკა“ 16 ათასზე მეტი გამომწერი ჰყავს. აღწერაში მითითებულია, რომ გვერდი ახალ ამბებსა და სატირული შინაარსის პოსტებს აქვეყნებს. „სამართლიანი არჩევნების“ პლატფორმა Disinfoobserver.ge-ის თანახმად, „ფსიქიატრიული რესპუბლიკა“ მადისკრედიტირებელი გვერდია, რომელიც ანტილიბერალურ პროპაგანდას ავრცელებს. მათ პოსტებში ასევე ვხვდებით ანტისამთავრობო მასალებს.
--------------------------------------------------------------------------
სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. ვერდიქტიდან გამომდინარე, Facebook-მა შესაძლოა სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს - შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. მასალის შესწორებისა და ვერდიქტის გასაჩივრების შესახებ ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე.