ამერიკელი ჟურნალისტის ტაკერ კარლსონის რუსეთის პრეზიდენტთან ინტერვიუს, რომელიც 2024 წლის 8 თებერვალს გამოქვეყნდა, დიდი გამოხმაურება მოჰყვა. ჟურნალისტმა ინტერვიუს ჩაწერის მიზეზებზე საუბრისას, აღნიშნა, რომ „ამერიკელებს აქვთ უფლება, იცოდნენ ომის შესახებ, რომელშიც ჩართულნი არიან“.
თუმცა, სინამდვილეში, მიმდინარე ომზე საუბრის ნაცვლად, 2 საათის განმავლობაში, რუსეთის პრეზიდენტმა ყველა ის დეზინფორმაციული და კონსპირაციული გზავნილი გააჟღერა, რითაც უკვე წლებია, დასავლეთს თავს ესხმის და საკუთარ ავტორიტარულ რეჟიმს ამართლებს.
ინტერვიუს დიდი ნაწილი, დაახლოებით ნახევარი საათი, რუსეთის პრეზიდენტის მიერ ტაკერ კარლსონისთვის „ისტორიის ლექციის“ ჩატარებას მიეძღვნა. მტკიცებების დიდი ნაწილი, როგორც ამას ისტორიკოსები აღნიშნავენ, თავად ვლადიმერ პუტინის მიერ გამოგონილი, ისტორიის შერჩევითი მიდგომაა, რომელიც უკრაინაში ომის გასასამართლებლად პროპაგანდისტულად გამოიყენება.
დეზინფორმაცია 1: უკრაინა ხელოვნურად შექმნილი სახელმწიფოა და რეალურად, რუსეთის ნაწილია
ტაკერ კარლსონის კითხვაზე, რომელიც უკრაინაში შეჭრას ეხებოდა, პუტინმა გადაწყვიტა, „მცირე ისტორიული ექსკურსი“ ჩაეტარებინა, რაც, მისივე თქმით, მაქსიმუმ ერთი წუთი გაგრძელდებოდა, თუმცა საბოლოოდ, ნახევარ საათზე მეტი გაგრძელდა. მან „ექსკურსი“მეცხრე საუკუნის მოვლენების აღწერით დაიწყო. კერძოდ, ისაუბრა „რუსული სახელმწიფოს 862 წელს დაარსებაზე“, როდესაც რურიკი, სკანდინავიელი პრინცი, ქალაქ ნოვგოროდის სამართავად მიიწვიეს. პუტინი რუსეთის სახელმწიფოებრიობის განუწყვეტელ ტრადიციას, რასაც, მისი აზრით, მე-9 საუკუნეში ჩაეყარა საფუძველი, უპირისპირებს უკრაინას, რომელიც, მისივე მტკიცებით, მე-20 საუკუნეში „შეიქმნა“. პუტინისთვის რუსული იდენტობის წარმოშობა კიევის რუსეთს უკავშირდება, სამთავროების კონფედერაციას, რომელიც მე-9 საუკუნის ბოლოდან მე-13 საუკუნის შუა ხანებამდე გაგრძელდა.
სერგეი რადჩენკო, ჯონს ჰოპკინსის უმაღლესი საერთაშორისო კვლევების სკოლის ისტორიკოსი, ამბობს, რომ პრეზიდენტის განცხადება „სრული სიცრუეა“: „ვლადიმერ პუტინი ცდილობს, ნარატივი უკუღმა ააგოს და დაამტკიცოს, რომ რუსეთმა, როგორც სახელმწიფომ თავისი განვითარება მე-9 საუკუნეში დაიწყო. თქვენ ასევე შეგიძლიათ თქვათ, რომ უკრაინამ, როგორც სახელმწიფომ მე-9 საუკუნეში დაიწყო განვითარება, ზუსტად იგივე მტკიცებულებებითა და დოკუმენტებით“.
რეალურად, პოლიტიკური და კულტურული ტრადიციის მიხედვით, კიევის რუსეთი მართლაც არის რუსეთისა და უკრაინის, ისევე, როგორც თანამედროვე ბელორუსის აკვანი. თუმცა მე-11 საუკუნის შუა წლებში კიევის რუსეთმა ნახევრად ავტონომიურ სამთავროებად დაშლა დაიწყო (იხ. რუკა 1). მათ შორის იყო გალიცია-ვოჰინია, რომელიც მოიცავდა თანამედროვე უკრაინისა და ბელორუსიის ნაწილებს, ნოვგოროდი - თანამედროვე რუსეთის ჩრდილო-დასავლეთ ნაწილს და ვლადიმერ-სუზდალის სამთავრობო- თანამედროვე დასავლეთ რუსეთის ტერიტორიას.
რუკა 1
1240 წელს მონღოლთა იმპერიამ კიევი დაიპყრო და ის ნაწილი, რაც ერთიანი კიევის რუსეთისგან იყო დარჩენილი, საბოლოოდ გაანადგურა.
როდესაც მე-14 საუკუნეში მონღოლთა იმპერიამ და მისმა მემკვიდრეებმა დასუსტება დაიწყეს, აღმოსავლეთში ძალაუფლება საბოლოოდ მოსკოვში დაგროვდა და შედეგად, მოსკოვის დიდი სამთავრო შეიქმნა. დასავლეთით პოლონეთის სამეფო და ლიტვის დიდი საჰერცოგო ჩამოყალიბდა, რომლებმაც ერთად 1569 წელს შექმნეს პოლონეთ-ლიტვის თანამეგობრობა (რეჩპოსპოლიტა).
1648 წელს აღნიშნულ თანამეგობრობას კაზაკები, სტეპის მაცხოვრებლები რომლებიც სამხედრო გაერთიანებად ჩამოყალიბდნენ, აუჯანყდნენ. აღნიშნულმა ხელი შეუწყო კაზაკთა სახელმწიფოს, ჰეტმანატის ჩამოყალიბებას. ბევრი უკრაინელი ჰეტმანატს მათი დამოუკიდებელი სახელმწიფოს იდენტობის სათავედ მიიჩნევს (იხ. რუკა 2).
რუკა 2
მართლაც, თავდაპირველ კაზაკთა მიწებს ხშირად უწოდებდნენ „უკრაინას“, სლავურ სიტყვას, რაც „საზღვრისპირს“ ნიშნავს. მოსკოვის სამთავროსგან განსხვავებით, კაზაკთა ადრეული მებრძოლები მართვისას დემოკრატიის გარკვეულ ლიმიტირებულ ფორმებს იზიარებდნენ.
კაზაკთა სახელმწიფოს მალევე საგარეო გამოწვევები გაუჩნდა. მათ როგორც პოლონელები (თანამეგობრობა), ისე ოსმალები ემუქრებოდნენ. აღნიშნულის გამო, კაზაკთა ლიდერებმა ერთგულება მოსკოვის მეფეს აღუთქვეს. მათ მეფეს წარუდგინეს ტექსტი, რომელიც „სლავო-რუსული“ ერის საფუძველს ასახავს. ისინი იმედოვნებდნენ, რომ დაარწმუნებდნენ მეფეს, დაეცვა ისინი, არა მხოლოდ მათი საერთო ისტორიისა და მართლმადიდებლური რელიგიის გამო, არამედ ეთნო-ეროვნული ერთიანობის სახელითაც. აღსანიშნავია, რომ პუტინმა ტაკერ კარლსონს ინტერვიუს დროს ამ ტექსტის ასლი წარუდგინა.
მე-17 საუკუნის ბოლოს ჰეტმანათის ტერიტორია ორად გაიყო: მოსკოვმა აიღო კონტროლი მდინარე დნეპრის აღმოსავლეთ სანაპიროზე, პოლონეთ-ლიტვის თანამეგობრობამ დაიკავა მისი დასავლეთი. 1708 წელს ივან მაზეპა, კაზაკთა ლიდერი, მეფე პეტრე დიდის წინააღმდეგ წარუმატებელ აჯანყებას ხელმძღვანელობდა. აღსანიშნავია, რომ რუსეთი მაზეპას მოღალატედ მიიჩნევს, უკრაინაში კი ის გმირია. პეტრე გახდა რუსეთის პირველი იმპერატორი 1721 წელს.
მე-18 საუკუნის ბოლოს რუსეთის იმპერიამ, ავსტრიისა და პრუსიის დახმარებით, პოლონეთ-ლიტვის თანამეგობრობის წინააღმდეგ იბრძოლა. რუსებმა ოსმალებსაც წაართვეს ტერიტორია, რომელიც ახლანდელი სამხრეთ უკრაინაა. ეს მოიცავდა ყირიმს, რომელიც ეკატერინე დიდმა რუსეთს 1783 წელს შეუერთა. კაზაკთა ჰეტმანათის საბოლოო დაშლას სწორედ ეკატერინე ხელმძღვანელობდა.
1917 წელს ომით დასუსტებულმა რუსეთმა ორი რევოლუცია განიცადა. პირველმა დაამხო რომანოვების დინასტია. მეორე იყო ლენინისა და ბოლშევიკების მიერ ძალაუფლების ხელში ჩაგდება. პირველი რევოლუციის შემდეგ კიევში ოფიციალურმა პირებმა უკრაინის სახალხო რესპუბლიკა დააარსეს. მეორე რევოლუციის შემდეგ რესპუბლიკამ დამოუკიდებლობა გამოაცხადა. საბოლოოდ, ლენინმა რესპუბლიკა ძალით დაიმორჩილა. თუმცა, როგორც გამოცემა „ეკონომისტი“ წერს, უკრაინის ეროვნული იდენტობის სიძლიერემ აიძულა იგი, შეექმნა უკრაინის სოციალისტური რესპუბლიკა და დაეშვა უკრაინული ენის გამოყენება. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ პუტინი ინტერვიუს დროს ლენინის გადაწყვეტილებას „გაურკვეველი მიზეზებს“ მიაწერს: „გაურკვეველი მიზეზების გამო, მან [ლენინმა] გადასცა უკრაინის ახლად დაარსებულ საბჭოთა რესპუბლიკას მიწების ნაწილი იქ მცხოვრებ ხალხთან ერთად, მიუხედავად იმისა, რომ ამ მიწებს არასოდეს ერქვა უკრაინა და მაინც ისინი გახდნენ უკრაინის საბჭოთა რესპუბლიკის ნაწილი“.
პუტინი აცხადებს, რომ უკრაინის სამხრეთ და აღმოსავლეთ ტერიტორიებს არანაირი ისტორიული კავშირი უკრაინასთან არ ჰქონდა. მისთვის ეს ნიშნავს, რომ აღნიშნული მიწები ფაქტობრივად სამართლიანად რუსულია. მოგვიანებით, პუტინი მათ მოიხსენიებს მე-18 საუკუნის ტერმინით „ნოვოროსია“ - ახალი რუსეთი (ე.წ. ნოვოროსია მოიცავს ყირიმს, ხერსონის, მარიუპოლის და ბახმუტის მიმდებარე ტერიტორიებს). რეალურად, აღნიშნული ტერიტორიები ოსმალეთის ნაწილს წარმოადგენდა, რაც რუსეთის მმართველმა ეკატერინე დიდმა მე-17 საუკუნეში დაიპყრო. ისტორიკოსები აღნიშნავენ, რომ ამ მიწების მცხოვრებნი მე-17 საუკუნეში არ იყვნენ არც რუსები და არც უკრაინელები, არამედ ოსმალები, თათრები ან კაზაკები - სლავი გლეხები. რუსეთი უკრაინაში შეჭრის გასამართლებლად სწორედ ამ მტკიცებას იყენებს.
1922 წელს უკრაინა საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკების კავშირის (სსრკ) ოთხი დამფუძნებელი წევრიდან ერთ-ერთი იყო.
BBC-სთან ინტერვიუს დროს, ისტორიკოსი სერგეი რადჩენკო უარყოფს პუტინის მტკიცებას, რომ უკრაინა არ არის რეალური ქვეყანა, რადგან ის თანამედროვე სახით მე-20 საუკუნეში ჩამოყალიბდა. რადჩენკო აცხადებს, რომ „ნებისმიერი ქვეყანა არის ყალბი ქვეყანა, იმ გაგებით, რომ ქვეყნები იქმნება ისტორიული პროცესის შედეგად“. ისტორიკოსის თქმით, „თუ უკრაინა ყალბი ქვეყანაა“, მაშინ ასეა რუსეთიც, რადგან რუსეთი შეიქმნა რუსეთის მეფეების მიერ მიღებული გადაწყვეტილებების შედეგად, როგორიცაა, მაგალითად, ციმბირის კოლონიზაცია.
საბჭოთა პერიოდში უკრაინის ტერიტორია გაფართოვდა. საბჭოთა კავშირის თავდაუსხმელობის პაქტის მიხედვით, ნაცისტურ გერმანიასთან, რომელიც 1939 წელს გაფორმდა, ორმა ქვეყანამ აღმოსავლეთ ევროპა გაინაწილა. მომდევნო ბრძოლებში საბჭოთა უკრაინას დაემატა უკრაინელებით დასახლებული პოლონეთის ნაწილი, ხოლო 1954 წელს საბჭოთა კავშირმა ყირიმის ადმინისტრაცია საბჭოთა რუსეთიდან უკრაინას გადასცა. თუმცა, ამავდროულად, უკრაინამ სსრკ-ში უდიდესი ტანჯვაც გადაიტანა ჰოლოდომორის სახით. კერძოდ, 1930-იან წლებში იოსებ სტალინის პოლიტიკამ, განეხორციელებინა სოფლის მეურნეობის იძულებითი კოლექტივიზაცია, უკრაინაში მილიონობით ადამიანის სიცოცხლე შეიწირა.
1991 წელს საბჭოთა კავშირის დანგრევამ დამოუკიდებლობა მოუტანა მის 15 შემადგენელ რესპუბლიკას. პუტინმა ამ მოვლენას მე-20 საუკუნის უდიდესი გეოპოლიტიკური ტრაგედია უწოდა.
უკრაინა მოულოდნელად, მსოფლიოში, ბირთვული არსენალის მქონე, სიდიდით მესამე სახელმწიფო გახდა.
ვლადიმერ პუტინი აქამდეც არა ერთხელ ცდილობდა წარმოეჩინა უკრაინა, როგორც სსრკ-ს დროს შექმნილი ხელოვნური ერთეული, რითაც სურდა, სუვერენულ ქვეყანაში შეჭრა გაემართლებინა.
1991 წლის 24 აგვისტოს უკრაინამ გამოაცხადა დამოუკიდებლობა და სუვერენიტეტი საზღვრებში, რომლებიც საერთაშორისო საზოგადოებისთვის დღემდე უცვლელია. იმავე დღეს გაერომ ცნო უკრაინის დამოუკიდებლობა და უკრაინა მისი წევრი გახდა. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ უკრაინის სუვერენიტეტი ამჟამად განსაზღვრულ საზღვრებში ცნო რუსეთის ფედერაციამაც 1991 წლის 29 აგვისტოს.
1994 წლის 5 დეკემბერს რუსეთმა კიდევ ერთხელ ცნო უკრაინის დამოუკიდებლობა დადგენილ საზღვრებში, როდესაც ხელი მოაწერა ბუდაპეშტის მემორანდუმს, რითაც უკრაინამ საბჭოთა კავშირის დროს მის ტერიტორიაზე განთავსებულ ბირთვულ იარაღზე, უსაფრთხოების გარანტიების სანაცვლოდ, უარი თქვა. 1998 წლის 14 იანვარს უკრაინამ და რუსეთის ფედერაციამ ხელი მოაწერეს შეთანხმებას მეგობრობის, თანამშრომლობისა და პარტნიორობის შესახებ, რომელიც მოსკოვსა და კიევს შორის ადრე გაფორმებული ხელშეკრულებების გაგრძელება იყო.
ყველაზე მნიშვნელოვანი კი რუსეთის ფედერაციასა და უკრაინას შორის სახელმწიფო საზღვარზე არსებული შეთანხმებაა, რომელიც მიუთითებს კონკრეტულ დასახლებებზე, სადაც ორ ქვეყანას შორის საზღვარი გადის.
გასათვალისწინებელია ისიც, რომ ამჟამინდელ რუსეთის ფედერაციაში არის დიდი რაოდენობით ტერიტორია, რომელიც ისტორიულად არ არის რუსული. რუსეთის ტერიტორიებში შედის ფინური (კარელია), გერმანული (კალინინგრადი), ჩერქეზული (კუბანი, კრასნოდარის ტერიტორია), ასევე ციმბირი, თათარსტანი, ბაშკორტოსტანი და მრავალი სხვა. შესაბამისად, რუსული ლოგიკით, რუსეთის ფედერაციის მნიშვნელოვანი ნაწილი არ არის რუსეთი.
2004-2005 წლებში „ნარინჯისფერმა რევოლუციამ“ ხაზი გაუსვა უკრაინის დემოკრატიულ განვითარების სურვილს. ათასობით ადამიანი აპროტესტებდა გაყალბებულ საპრეზიდენტო არჩევნებს. უკრაინის დემოკრატიული არჩევანი კიდევ უფრო თვალსაჩინო გახდა 2013-14 წლებში „მაიდანის რევოლუციის“ დროს. უკრაინის პრეზიდენტის ვიქტორ იანუკოვიჩის უარს ხელი მოეწერა ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებაზე, საპროტესტო ტალღები მოჰყვა. ათასობით უკრაინელი გამოვიდა ქუჩებში, იანუკოვიჩი რუსეთში გაიქცა. უკრაინის ახალმა მთავრობამ ხელი მოაწერა შეთანხმებას, რამაც პუტინის აღშფოთება გამოიწვია. მაიდნის მოვლენების შემდეგ, რუსეთი დამოუკიდებელი უკრაინის ტერიტორიაზე შეიჭრა. 2014 წელს კრემლმა ყირიმის ანექსია უკანონოდ მოახდინა და დონბასში ჯარები გაგზავნა. რუსეთის სეპარატისტმა მოკავშირეებმა, რუსი დაზვერვის ოფიცრების ხელმძღვანელობით, დონეცკსა და ლუგანსკში „სახალხო რესპუბლიკები“ გამოაცხადეს.
დეზინფორმაცია 2: 2014 წლის მაიდნის მოვლენები დასავლეთის მოწყობილია
ინტერვიუს ერთ-ერთ მონაკვეთში პუტინი აცხადებს: „CIA-მ შეასრულა თავისი სამუშაო გადატრიალების დასასრულებლად. სახელმწიფო მდივნის ერთ-ერთმა მოადგილემ თქვა, რომ ეს დიდი თანხა, თითქმის 5 მილიარდი დოლარი დაუჯდა. მაგრამ პოლიტიკური შეცდომა იყო კოლოსალური! რატომ უნდა გაეკეთებინათ ეს? ეს ყველაფერი კანონიერად შეიძლებოდა მომხდარიყო, მსხვერპლის გარეშე, სამხედრო მოქმედებების გარეშე, ყირიმის დაკარგვის გარეშე“.
აღსანიშნავია, რომ კრემლის პროპაგანდა წლებია, რაც „ფერადი რევოლუციების“ შესახებ შეთქმულების თეორიას ავრცელებს. დეზინფორმაციის თანახმად, ყოფილი საბჭოთა კავშირის ქვეყნებში ნებისმიერი პროტესტი, რომელიც კრემლის ინტერესებს არ შეესაბამება, არის დასავლური გეგმა ადგილობრივი ხელისუფლების შესუსტების მიზნით.
კიევის მაიდანზე დაწყებული რევოლუცია გამოწვეული იყო უკრაინელების უთანხმოებით ქვეყნის მთავრობის მიმართ, კერძოდ, როგორც ზემოთ აღინიშნა, პრეზიდენტმა იანუკოვიჩმა 2013 წლის 21 ნოემბერს გამოაცხადა, რომ ასოცირების ხელშეკრულებას ხელს არ მოაწერდა და ამის ნაცვლად, გააღრმავებდა კავშირებს რუსეთთან. აქციის მონაწილეების მთავარი მოთხოვნა იყო ქვეყნის პროდასავლური კურსის შენარჩუნება, კორუფციის აღმოფხვრა და სხვა დემოკრატიული რეფორმების გატარება.
საპროტესტო აქციების დროს ათობით მომიტინგე დაიღუპა, ხოლო მთავრობის გამოძიების თანახმად, 2014 წლის თებერვალში კიევში დემონსტრანტების მკვლელობის უკან უკრაინული სპეცრაზმი ბერკუტი იდგა. მაიდანის შემდეგ, დემოკრატიული არჩევნების შედეგად, უკრაინის პრეზიდენტის პოსტი პეტრო პოროშენკომ დაიკავა, რომელიც 2018 წელს, ასევე დემოკრატიული არჩევნების გზით, სახელმწიფოს მოქმედმა მეთაურმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ შეცვალა.
დეზინფორმაცია 3: უკრაინამ დონბასი დაბომბა და ომიც მან დაიწყო
ინტერვიუს დროს პუტინი აცხადებს, რომ სწორედ უკრაინულმა მხარემ დაბომბა დონბასი 2014 წელს და გამოიყენა თვითმფრინავები და არტილერია მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ: „2014 წელს მოხდა გადატრიალება, დაიწყეს მათი დევნა, ვინც გადატრიალება არ მიიღო. და ეს მართლაც გადატრიალება იყო, მათ შექმნეს საფრთხე ყირიმისთვის, რომელიც ჩვენ უნდა დაგვეცვა. სწორედ მათ დაიწყეს ომი 2014 წელს. ჩვენი მიზანია ამ ომის შეჩერება“.
სინამდვილეში, 2014 წელს რევოლუციას მოჰყვა რუსეთის შეჭრა უკრაინაში, ომი ქვეყნის აღმოსავლეთში, უკანონო რეფერენდუმი ყირიმში და მისი შემდგომი ანექსია. აღსანიშნავია, რომ ასეთი ქმედებებით რუსეთმა დაარღვია ბუდაპეშტის მემორანდუმი, რომელიც აღიარებს უკრაინის დამოუკიდებლობას და სუვერენიტეტს მის არსებულ საზღვრებში (მათ შორის, ყირიმი და აღმოსავლეთ უკრაინა).
არც ყირიმის ანექსიას და არც ომს აღმოსავლეთ უკრაინაში არ უძღოდა წინ რაიმე აქტიური ქმედება კიევის მხრიდან - ყველა ეს მოვლენა მოხდა პოსტრევოლუციურ პერიოდში, როდესაც უკრაინის სახელმწიფო იყო ფრაგმენტული და უკიდურესად სუსტი. კიევმა საპასუხო სამხედრო მოქმედებები აღმოსავლეთ უკრაინაში მას შემდეგ დაიწყო, რაც შეიარაღებულმა სეპარატისტულმა ჯგუფებმა, რუსული „იხტამნეტების“ მხარდაჭერით, აიღეს კონტროლი დონეცკისა და ლუგანსკის რეგიონების დიდ ნაწილზე.
წლების განმავლობაში კრემლი უარყოფდა რაიმე როლს უკრაინის წინააღმდეგ ბრძოლაში დონბასის კონფლიქტში და ამტკიცებდა, რომ ქვეყანა შიდა კონფლიქტის წინაშე დგას, რომელშიც რუსეთი არცერთ მხარეს არ უჭერს მხარს. ასე მაგალითად, სერგეი ლავროვი 2015 წელს უკრაინის პრეზიდენტის მტკიცებას, რომ რუსეთს უკრაინაში 9,000 სამხედრო ჰყავს, შემდეგი სიტყვებით გამოეხმაურა: „ყოველ ჯერზე ვამბობ: თუ ამას ასე თავდაჯერებულად ამტკიცებ, წარმოადგინე ფაქტები. მაგრამ ფაქტების წარმოდგენა არავის შეუძლია, ან არ სურს“. თუმცა, რეალურად, არსებობს უამრავი მტკიცებულება რუსეთის უშუალო სამხედრო ჩართვის შესახებ შეიარაღებულ შეტაკებებში, რომლებსაც ორივე მხრიდან 13000-ზე მეტი ადამიანი შეეწირა, მათ შორის უკრაინის არმიის პერსონალი და მშვიდობიანი მოსახლეობა ოფიციალური კიევის მიერ კონტროლირებად ტერიტორიებზე.
აქვე ისიც აღსანიშნავია, რომ თავად ვლადიმერ პუტინმაც აღიარა აღმოსავლეთ უკრაინაში რუსეთის სპეცსამსახურების თანამშრომლების გარკვეული რაოდენობა. მანამდე, მრავალი წლის განმავლობაში კრემლი უარყოფდა რაიმე როლს უკრაინის წინააღმდეგ ბრძოლაში დონბასის კონფლიქტში და ამტკიცებდა, რომ ქვეყანა შიდა კონფლიქტის წინაშე დგას.
2016 წელს, სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს პროკურატურამ აღიარა, რომ „მიღებული ინფორმაციის თანახმად, სიტუაცია ყირიმისა და სევასტოპოლის ტერიტორიაზე უტოლდება საერთაშორისო შეიარაღებულ კონფლიქტს უკრაინასა და რუსეთის ფედერაციას შორის. ეს საერთაშორისო შეიარაღებული კონფლიქტი დაიწყო არაუგვიანეს 2014 წლის 26 თებერვლისა, როდესაც რუსეთის ფედერაციამ გამოიყენა თავისი შეიარაღებული ძალები უკრაინის ტერიტორიის ნაწილებზე კონტროლის მოსაპოვებლად, უკრაინის მთავრობის თანხმობის გარეშე.
დეზინფორმაცია 4: უკრაინულმა მხარემ არ შეასრულა მინსკის შეთანხმება
კარლსონის კითხვაზე, თუ რამ გამოიწვია უახლესი მოვლენები, პუტინი პასუხობს: „ უპირველეს ყოვლისა, უკრაინის ამჟამინდელმა ხელმძღვანელობამ განაცხადა, რომ არ განახორციელებს მინსკის შეთანხმებებს, რომლებიც, 2014 წლის მოვლენების შემდეგ მინსკში გაფორმდა, სადაც დონბასში მშვიდობიანი დასახლების გეგმა იყო ჩამოყალიბებული. მაგრამ არა, უკრაინის ამჟამინდელმა ხელმძღვანელობამ, საგარეო საქმეთა მინისტრმა, ყველა სხვა ოფიციალურმა პირმა და შემდეგ თავად პრეზიდენტმა თქვა, რომ მათ არაფერი მოსწონთ მინსკის შეთანხმებებში. ანუ არ აპირებდნენ მათ განხორციელებას“.
მოსკოვსა და კიევს თავიდანვე განსხვავებული ინტერპრეტაციები ჰქონდათ იმის შესახებ, რაც ეწერა მინსკის შეთანხმებებში. ვოლოდიმირ ზელენსკიმ შეთანხმება მემკვიდრეობით მიიღო მისი წინამორბედისგან, პეტრო პოროშენკოსგან, რომელიც მზად იყო, ხელი მოეწერა შეთანხმებისთვის დონბასში უკრაინის არმიის მტკივნეული დამარცხების შესაჩერებლად. ზელენსკის გარემოცვამ ცხადყო, რომ იმ ფორმით, რომლითაც ეს შეთანხმებები გაფორმდა, მისი განხორციელება უკიდურესად რთული, თუ არა შეუძლებელი იქნებოდა. ამიტომ უკრაინის მხარის თქმით, შეთანხმება უნდა შეცვლილიყო. მაგრამ რუსეთი ამ ცვლილებების კატეგორიული წინააღმდეგი იყო.
„მინსკის შეთანხმებით“ რუსეთის მხარე წლებია, იმ ნარატივის გასამყარებლად მანიპულირებს, რომ უკრაინა ვალდებულებებს არ ასრულებს, რუსეთი კი იძულებული გახდა, ომი დაეწყო.
2014 წლის სექტემბერში დონბასის რეგიონში ომის დასრულებაზე ეუთო-ს, უკრაინისა და რუსეთის წარმომადგენლებს შორის გერმანიისა და საფრანგეთის მედიაციით მოლაპარაკებები მიმდინარეობდა. მოლაპარაკებების შედეგად, 5 სექტემბერს, ხელი მოეწერა მინსკის 12-პუნქტიან პროტოკოლს. „მინსკის პროტოკოლმა“ უკრაინის აღმოსავლეთ რეგიონში ომის დასრულება ვერ უზრუნველყო. მორიგი მოლაპარაკებების შედეგად, 2015 წლის 12 თებერვალს ხელი მოეწერა ცეცხლის შეწყვეტის მორიგ ხელშეკრულებას „მინსკი II“. „მინსკის პროტოკოლი“ და „მინსკი II” ერთმანეთის შემავსებელი დოკუმენტებია.
მინსკის პროტოკოლისა“ და „მინსკი II’’-ის დოკუმენტით, ორივე მხარეს - უკრაინასა და რუსეთს, ვალდებულება ეკისრებათ, ხელშეკრულებით გათვალისწინებული პუნქტები შეასრულონ. თუმცა, რუსეთი უარყოფს, რომ კონფლიქტის მხარეა და შეთანხმებით ნაკისრ ვალდებულებებს მხოლოდ უკრაინის მიერ შესასრულებელ პუნქტებად მიიჩნევს. სინამდვილეში, ხელშეკრულებების ტექსტში გვხვდება პუნქტები, რომლებიც აღმოსავლეთ უკრაინაში მიმდინარე კონფლიქტში რუსეთის მხარედ ყოფნას ადასტურებს. ვრცლად იხილეთ „ფაქტ-მეტრის“ სტატიაში.
მართალია, უკრაინას, ისევე როგორც რუსეთს, მინსკის შეთანხმების ძირითადი პუნქტები არ შეუსრულებია, თუმცა ამის მიზეზი მინსკის შეთანხმებაში დონბასის რეგიონისთვის სპეციალური სტატუსის მინიჭების საკითხია. შეთანხმება ამ პუნქტით, სავარაუდოდ, უკრაინის საკონსტიტუციო რესტრუქტურიზაციასაც ითვალისწინებს, რაც დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების ლიდერებთან „კონსულტაციებით და შეთანხმებით“ უნდა მოხდეს. გარდა ამისა, ბუნდოვანია, ვინ უნდა ჩაატაროს არჩევნები დონბასში და სპეციალური სტატუსი ტერიტორიის რა ფართობს მოიაზრებს.
ამასთან, რუსეთი არ ასრულებდა ხელშეკრულებით ნაკისრ ვალდებულებას - გაიყვანოს ჯარი უკრაინის ტერიტორიიდან. რუსული მხარის მტკიცებით, ამის მიზეზი ის იყო, რომ ის კონფლიქტის მხარე არაა და არც გაწერილი ვალდებულებების შესრულება ევალება. სინამდვილეში, რუსეთი კონფლიქტის მხარეა და მინსკის ხელშეკრულების ისეთივე ხელმომწერია, როგორც უკრაინა. „მინსკის პროტოკოლის“ და „მინსკი II“ და მე-10 პუნქტებში მოცემულია ვალდებულება უკრაინის ტერიტორიიდან ყველა უცხოური შეიარაღებული ფორმირებების, მათ შორის, დაქირავებული მებრძოლების გაყვანისა და ყველა არალეგალური ჯგუფის განიარაღების შესახებ. ხელშეკრულებაში აღნიშნულ პუნქტზე ხელმოწერით, რუსეთი უკრაინის საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრებიდან ყველა უცხოური შეიარაღებული ფორმირებისა და სამხედრო შეიარაღების გაყვანას დაეთანხმა.
რეალურად, რუსეთი უკრაინის ყველა მცდელობასა და მოწოდებას დიპლომატიის გზით გადაჭრილიყო ესკალაცია, უგულებელყოფდა. უკრაინაზე რეალური საბაბის გარეშე სრულმასშტაბიან თავდასხმამდე, რუსეთმა უკრაინის საზღვრებთან 200 ათასამდე ჯარისკაცი განალაგა და „სამხედრო-ტექნიკური“ საშუალებების გამოყენებით იმუქრებოდა, რაც ძალის გამოყენებით მუქარად შეიძლება შეფასდეს. ეს კი, თავის მხრივ, საერთაშორისო სამართლის უხეში დარღვევაა.
პროცესი ჯერ კიდევ 2021 წლის გაზაფხულზე დაიწყო, როდესაც რუსეთმა უკრაინის საზღვართან ათი ათასობით ჯარისკაცი განალაგა, როგორც თავად აცხადებდა „NATO-სგან მომდინარე საფრთხის პასუხად“. შემდგომ რუსეთი ამტკიცებდა, რომ დანაყოფების ნაწილი უკან გაიყვანა. თუმცა პრეზიდენტ ზელენსკის განცხადებით, რუსეთმა მხოლოდ ჯარის მცირე ნაწილი გაიყვანა და უკრაინის საზღვართან დიდი ძალები განლაგებული დატოვა. 2021 წლის ნოემბრიდან რუსეთმა უკრაინის საზღვართან დამატებითი ძალების გადასროლა დაიწყო, რამაც შეუქცევადი ხასიათი მიიღო. რუსეთმა 16 თებერვალს განაცხადა, რომ ჯარების ნაწილის გაყვანას იწყებდა, თუმცა ეს პრაქტიკაში არ განხორციელებულა.
კრიზისის განმავლობაში, ზელენსკიმ პუტინს შეხვედრა და მოლაპარაკება არაერთხელ შესთავაზა - პირველად 2021 წლის აპრილში, შემდეგ 2022 წლის იანვარში ზელენსკი პუტინს ნებისმიერ ფორმატში შეხვედრას სთავაზობდა, თუმცა არა სოჭში. ზელენსკიმ პუტინს შეხვედრა რუსეთის სრულმასშტაბიან თავდასხმამდე რამდენიმე დღით ადრე მიუნხენის კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისასაც შესთავაზა, მაგრამ რუსული მხარე ზელენსკის მოწოდებებს შეხვედრისა და მოლაპარაკებების შესახებ არ დაეთანხმა.
უკრაინის საკითხის შესახებ რუსეთთან მოლაპარაკებები აშშ-ის, საფრანგეთის, გაერთიანებული სამეფოს, გერმანიის და ა.შ., წარმომადგენლებმა (სახელმწიფოს ან მთავრობის მეთაურებისა და საგარეო საქმეთა მინისტრების დონეზე) გამართეს, თუმცა უშედეგოდ - საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტური პრინციპების დარღვევით, რუსეთმა უკრაინაზე თავდასხმა განახორციელა. ასევე ზელენსკის რუსეთზე ან დონეცკისა და ლუჰანსკის რეგიონში ოკუპირებულ ტერიტორიებზე თავდასხმის მუქარა არ განუხორციელებია. იგი მხოლოდ რუსეთის თავდასხმის შემთხვევაში უკრაინის მიერ თავდაცვის შესახებ საუბრობდა, რაც გაერო-ს წესდების 51-ე მუხლით გარანტირებულ თავის დაცვის უფლებას წარმოადგენს და ამ კონტექსტში აცხადებდა, რომ დიდი რისკი იქნებოდა ყველასთვის, ვინც მათი ტერიტორიის ოკუპაციას შეეცდებოდა.
დეზინფორმაცია 5: პოლონეთმა აიძულა ჰიტლერი, დაეწყო მეორე მსოფლიო ომი მათზე თავდასხმით
ინტერვიუს დროს პუტინმა განაცხადა, რომ პოლონეთი „ძალიან შორს წავიდა და აიძულა ჰიტლერი, დაეწყო მეორე მსოფლიო ომი მათზე თავდასხმით“. რუსეთის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ: 1939 წელს ჰიტლერმა პოლონეთს მშვიდობისა და მეგობრობის ალიანსის ხელშეკრულების ხელმოწერა შესთავაზა, სანაცვლოდ მოითხოვა, რომ პოლონეთს დაებრუნებინა გერმანიისთვის ე.წ. დანციგის დერეფანი. დერეფანი, თავის მხრივ, გერმანიის დიდ ნაწილს აღმოსავლეთ პრუსიასთან და კონიგსბერგთან აკავშირებდა. მისი თქმით, პირველი მსოფლიო ომის შემდეგ, ეს ტერიტორია პოლონეთს გადაეცა და დანციგის ნაცვლად გაჩნდა ქალაქი გდანსკი. პუტინის მტკიცებით, ჰიტლერმა სთხოვა პოლონეთს აღნიშნული ტერიტორია მეგობრულად დაეთმო გერმანიისთვის, მაგრამ პოლონელებმა უარი თქვეს. მიუხედავად ამისა, პუტინის მტკიცებით, პოლონეთი თანამშრომლობდა ჰიტლერთან და ჩაერთო ჩეხოსლოვაკიის დაყოფაში. ამავდროულად, პოლონელებმა აიძულეს ჰიტლერი, მეორე მსოფლიო ომის დაეწყო მათზე თავდასხმით.
BBC-სთან ინტერვიუში, პროფესორ ანიტა პრაზმოვსკა აღნიშნავს, რომ პრეზიდენტ პუტინის ისტორიის ინტერპრეტაცია არის ისტორიული ჩანაწერების არასწორი კითხვა. კერძოდ, მართალია, იყო დიპლომატიური კონტაქტები პოლონეთსა და ნაცისტებს შორის, მაგალითად, პირველი ხელშეკრულება, რომელსაც ჰიტლერმა ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ მოაწერა ხელი, იყო 1934 წელს პოლონეთთან თავდაუსხმელობის პაქტი. თუმცა, პროფესორის თქმით, პრეზიდენტი პუტინი მუქარის ქვეშ მყოფ მეზობელთან დიპლომატიურ ურთიერთობასა და თანამშრომლობას ერთმანეთში ურევს. თანაც, ისიც უნდა აღინიშნოს, რომ მანამდე, 1932 წელს, პოლონეთსა და სსრკ-ს შორისაც გაფორმდა მსგავსი თავდაუსხმელობის პაქტი.
ცნობისთვის, 1939 წლის სექტემბერში ნაცისტური გერმანია და საბჭოთა კავშირი, იმ წლის დასაწყისში ორივე სახელმწიფოს შორის ხელმოწერილი „მოლოტოვ-რიბენტროპის“ პაქტის პირობების შესაბამისად, პოლონეთში შეიჭრნენ. 1939 წლის 23 აგვისტოს ხელმოწერილი ე.წ. მოლოტოვ-რიბენტროპის პაქტი საშუალებას აძლევდა გერმანიას, 1939 წლის 1 სექტემბერს პოლონეთზე თავდასხმა განეხორციელებინა. პაქტის ყველაზე მნიშვნელოვანი ელემენტი იყო თანდართული საიდუმლო პროტოკოლი, რომლითაც რამდენიმე დამოუკიდებელი სახელმწიფო, ლიტვა, ლატვია, ესტონეთი, ფინეთი, რუმინეთი და პოლონეთი, გერმანიასა და საბჭოთა კავშირს შორის გაიყო. პოლონეთის მეორე რესპუბლიკის ტერიტორია მდინარეების პიზას, ნარევის, ვისტულასა და სანის გასწვრივ იყოფოდა. ამდენად, პოლონეთის მიწების 38% მესამე რაიხს უნდა აეღო, ხოლო 62% საბჭოთა კავშირს. საბჭოთა რუსეთი და ჰიტლერის გერმანია 1941 წლის ივნისამდე შეთანხმებულად თანამშრომლობდნენ.
ასევე, პუტინი პოლონეთთსა და ჰიტლერთან თანამშრომლობის კონტექსტში ახსენებს ჩეხოსლოვაკიას. აღსანიშნავია, რომ პოლონეთი არც მხარე ყოფილა და არც ჩართულა მიუნხენის შეთანხმებაში (1938 წლის 30 სექტემბერი), რომელიც ჩეხოსლოვაკიის სუვერენიტეტს ზღუდავდა. პოლონეთის მოთხოვნები ტრანს-ოლზაზე (ზაოლზიე) მიუნხენის შეთანხმების ხელმოწერის შემდეგ წამოიჭრა.
მრავალი წელია, რაც 1938 წლის შემოდგომაზე ჩეხოსლოვაკიის დაყოფაში მონაწილეობის შესახებ ბრალდება, პოლონეთის წინააღმდეგ არის მიმართული. პოლონეთსა და ჩეხოსლოვაკიას შორის ურთიერთობებში გადამწყვეტი პერიოდი 1918-1945 წლებში იყო. კონფლიქტის საკითხს სასაზღვრო ტერიტორიები წარმოადგენდა, მათ შორის - ყველაზე მნიშვნელოვანი - ზაოლზიე, ანუ მდინარე ოლზას მიღმა არსებული ისტორიული მიწები. თავდაპირველად, ისტორიულად, მიწა პოლონეთის სამეფოს ეკუთვნოდა, მოგვიანებით კი-ავსტრიის ჰაბსბურგების დინასტიას. ისტორიულად, ამ მხარეში მცხოვრები ყველაზე დიდი ეთნიკური ჯგუფი პოლონელები იყვნენ. 1918 წელს ავსტრია-უნგრეთის იმპერიის დაშლის შემდეგ, ტერიტორია ჩეხოსლოვაკიასა და პოლონეთს შორის გაიყო. მალევე, ზაოლზიე მთლიანად ჩეხოსლოვაკიის სამხედრო ინტერვენციის სამიზნე გახდა. პოლონელებს ამ დროს ბოლშევიკებთან დაპირისპირება ჰქონდათ. შედეგად, 1920 წლის 28 ივლისს ჩეხოსლოვაკიასთან ერთად ზაოლზის არბიტრაჟის გზით დაყოფაზე დათანხმდნენ. 1938 წლამდე ზაოლზიეს ძირითადი ნაწილები ჩეხოსლოვაკიას ეკუთვნოდა. როგორც უკვე აღინშნა, მიწებზე მცხოვრებთა უმრავლესობას ეთნიკურად პოლონელები წარმოადგენდნენ, 1938 წელს პოლონური ასოციაციები ზაოლზიეში ჩეხოსლოვაკიის პოლონელთა კავშირში გაერთიანდნენ და ავტონომიის შესახებ მოთხოვნა წარმოადგინეს.
1938 წლის 28-29 სექტემბრის ღამეს მიუნხენის კონფერენციაზე ჩეხოსლოვაკიის გერმანელებით დასახლებული ტერიტორიის - სუდეტენლენდის გერმანიისთვის გადაცემასთან დაკავშირებით მიიღეს გადაწყვეტილება. საფრანგეთი იტალიასთან და გაერთიანებულ სამეფოსთან ერთად ჩეხოსლოვაკიის დაყოფას დათანხმდა. პოლონეთი კონფერენციაში მონაწილეობის მისაღებად არ მიიწვიეს და ზაოლზიეს საკითხი გადაუჭრელი დარჩა, მაგრამ 30 სექტემბერს პოლონეთმა ულტიმატუმი წამოუყენა პრაღას, გადაწყვეტილება ზაოლზიეს პოლონეთისთვის გადაცემის შესახებ 24 საათში მიეღო. მეორე დღეს პოლონეთის მოთხოვნები მიიღეს და პოლონეთის არმია ზაოლზიეში შევიდა. 1939 წელს, პოლონეთის ანექსიის შემდეგ, ზაოლზიეს ტერიტორია მესამე რაიხის შემადგენლობაში შევიდა. მეორე მსოფლიო ომის დასრულების შემდეგ, ტრანს-ოლზა 1920 წლის საზღვრებში ჩეხოსლოვაკიის ნაწილი გახდა, რაც საბოლოოდ, პოლონეთსა და ჩეხოსლოვაკიას შორის 1958 წლის შეთანხმებით გაფორმდა.
ნიუ ორლეანში მეორე მსოფლიო ომის ეროვნული მუზეუმის ვებგვერდზე ვკითხულობთ - „ჰიტლერს მტკიცედ ჰქონდა გადაწყვეტილი მოეჩვენებინა, თითქოს პოლონელებმა მოახდინეს საომარი მოქმედებების პროვოცირება“. ასევე, „ნიურნბერგში ფიურერის ალფრედ ნაუიოქსის ჩვენების მიხედვით, რაინჰარდ ჰეიდრიხმა და ჰაინრიხ „გესტაპო“ მიულერმა ოპერაცია „ჰიმლერი“ შეუკვეთეს, რათა პოლონელები აგრესორებად გამოეჩინათ და მომავალი ომი გაემართლებინათ“.
შეერთებული შტატების ჰოლოკოსტის მემორიალურ მუზეუმში ნათქვამია, რომ შეჭრის გასამართლებლად ნაცისტურმა პროპაგანდისტებმა პოლონეთში მცხოვრები ეთნიკური გერმანელების დევნაში პოლონეთი დაადანაშაულეს: „ისინი ასევე ცრუობდნენ, როცა აცხადებდნენ, რომ პოლონეთი თავის მოკავშირეებთან დიდ ბრიტანეთთან და საფრანგეთთან ერთად გეგმავდა გერმანიის ალყაში მოქცევას და დაშლას. SS-მა გერმანელ სამხედროებთან შეთანხმებით მოაწყო ცრუ თავდასხმა გერმანულ რადიოსადგურზე. გერმანელებმა ტყუილად დაადანაშაულეს პოლონელები. შემდეგ ჰიტლერმა გამოიყენა ეს ქმედება პოლონეთის წინააღმდეგ „საპასუხო“ კამპანიის დასაწყებად“.
აღსანიშნავია, რომ 1939 წლის ბოლო სამ თვეში ნაცისტებმა 65000 ებრაელი და არაებრაელი პოლონელი მოკლეს.
დეზინფორმაცია 6: რუსეთი უკრაინაში ნეონაციზმს ებრძვის
პუტინის მტკიცებით, უკრაინაში 2014 წლიდან მოქმედებს ნეონაციზმი. „მამამისი [იგულისხმება ზელენსკის მამა] მეორე მსოფლიო ომის დროს ფაშისტების, ნაცისტების წინააღმდეგ იბრძოდა, ერთხელ ამაზე ვესაუბრე. მე ვუთხარი: „ვოლოდია, რას აკეთებ? რატომ უჭერთ მხარს ნეონაცისტებს დღეს უკრაინაში, მაშინ როცა თქვენი მამა ფაშიზმის წინააღმდეგ იბრძოდა? ის წინა ხაზზე ჯარისკაცი იყო“. არ გეტყვით რა მიპასუხა, ეს ცალკე თემაა და ჩემი აზრით, არასწორია ამის გაკეთება“.
კრემლის პროპაგანდის მთავარი მიზანია, აუდიტორიაში გააჩინოს აზრი, რომ უკრაინა ბანდიტებისა და ნეონაცისტების ბუდეა. რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი ხშირად იყენებს აგრესიულ რიტორიკას უკრაინის მიმართ - კერძოდ, ომის დაწყებიდან რამდენიმე დღეში თავის ერთ-ერთ სატელევიზიო გამოსვლაში მან განაცხადა, რომ „უკრაინაში საომარი მოქმედებების მიმდინარეობა აჩვენებს, რომ რუსეთი დაუპირისპირდა ნეონაცისტებს“. ასევე, ვლადიმერ პუტინმა 2022 წლის 25 თებერვალს უშიშროების საბჭოს სხდომაზე განაცხადა, რომ მას არ სჯერა კიევში დამყარებულ „ნარკომანთა და ნეონაცისტების ბანდასთან“ შეთანხმების მიღწევის შესაძლებლობის.
კრემლის ანტი-უკრაინული პროპაგანდის მთავარი თეზისია იმის მტკიცება, რომ უკრაინა ნაცისტური, ფაშისტური სახელმწიფოა, რომელიც ეთნიკური ნიშნით მოქალაქეების დისკრიმინაციას ახდენს და ხალხს უკრაინულის გარდა სხვა ენებზე საუბარს უკრძალავს.
თუმცა მსოფლიო საზოგადოებაში ამ საკითხზე მკაფიო კონსენსუსი ჩამოყალიბდა - უკრაინას არაფერი აქვს საერთო რუსული პროპაგანდის მიერ დაწესებული „ნაცისტური სახელმწიფოს“ იმიჯთან და რაზეც მოწმობს გაეროს გენერალური ასამბლეის რეზოლუციაც, სახელწოდებით „ აგრესია უკრაინის წინააღმდეგ“, რომელიც 2022 წლის 2 მარტს გამოქვეყნდა. რეზოლუცია, რომელსაც მხარი 141 სახელმწიფომ დაუჭირა. რეზოლუცია მოუწოდებს რუსეთს, უკრაინის ტერიტორიაზე საომარი მოქმედებები შეწყვიტოს და ჯარი გაიყვანოს უკრაინის საერთაშორისოდ აღიარებული ტერიტორიიდან, მათ შორის ყირიმიდან და დონბასიდანაც. აღსანიშნავია, რომ რეზოლუციის წინააღმდეგ ხმა 5-მა სახელმწიფომ: რუსეთი, ბელარუსი, სირია, ერითრეა და ჩრდილოეთ კორეა, მისცა.
ვლადიმერ პუტინი უკრაინაში სრულმასშტაბიან შეჭრას უკრაინის მხრიდან რუსულენოვანი მოქალაქეების ჩაგვრისა და მეტიც, გენოციდის მიზეზითაც ხსნის. 2022 წლის 24 თებერვალს პუტინმა „სპეცოპერაციის“ მიზეზად „მოსახლეობის გენოციდისგან დაცვა და უკრაინის დემილიტარიზაციისა და დენაციფიკაციის მიღწევა“ დაასახელა, ასევე, „იმ ხალხის დაცვა, რომლებიც 8 წლის განმავლობაში კიევის რეჟიმისგან შეურაცხყოფას, გენოციდს განიცდიდნენ“. აღსანიშნავია, რომ მსგავსი განცხადება მან 2021 წლის დეკემბერს ადამიანის უფლებათა საბჭოს სხდომაზეც გააკეთა, სადაც აღნიშნა: „რაც ახლა დონბასში ხდება, ძალიან მოგვაგონებს გენოციდს“.
უკრაინაში გენოციდის შესახებ აქტიური რიტორიკის მიუხედავად, რუსეთმა ვერ დაადასტურა თავისი ბრალდებები. არ არსებობს არანაირი მტკიცებულება, რომ უკრაინის მხრიდან მიმდინარეობდა მშვიდობიანი მოსახლეობის სისტემატური განადგურება. ეუთოს მისიამ, რომელიც უკრაინაში 2014 წლიდან მუშაობს, ვერ იპოვა უკრაინის მიერ დონბასის მოსახლეობის გენოციდის ფაქტის დამადასტურებელი ფაქტი.
არ არსებობს არც ერთი საერთაშორისო დოკუმენტი ან მოსაზრება შესაბამისი საერთაშორისო ორგანიზაციებისგან, რომელიც დაადასტურებს მოსკოვის ბრალდებას, რომ აღმოსავლეთ უკრაინის რუსულენოვანი ან ეთნიკური რუსი მაცხოვრებლების დევნა ხდება, რომ აღარაფერი ვთქვათ გენოციდზე, უკრაინის ხელისუფლების მიერ. მაგალითად, მსგავსი რამ არ დასტურდება ევროპის საბჭოს, გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისიის და ეუთოს მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშებში.
აღსანიშნავია, რომ მემარჯვენე ნაციონალისტურ იდეოლოგიას უკრაინაში არ აქვს ფართო საზოგადოებრივი მხარდაჭერა. კერძოდ, 2019 წელს უკრაინის ნაციონალისტურმა პარტიებმა და რადიკალურმა ორგანიზაციებმა უკრაინის პრეზიდენტის პოსტზე ერთიანი კანდიდატი წარადგინეს, თუმცა ეს ინიციატივა წარუმატებელი აღმოჩნდა - საბოლოოდ მან ხმების 1,6% მიიღო.
ევგენი ფინკელმა, ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტის უმაღლესი საერთაშორისო კვლევების სკოლის ასოცირებულმა პროფესორმა, განაცხადა, რომ უკრაინის ნეონაცისტური ფრაქციის გავლენა შედარებით მცირეა. „ნეონაცისტური, უკიდურესი მემარჯვენე და ქსენოფობიური ჯგუფები არსებობს უკრაინაში, ისევე როგორც თითქმის ნებისმიერ სხვა ქვეყანაში, მათ შორის რუსეთში“, - თქვა ფინკელმა. „შეიძლება მიდრეკილნი იყვნენ ძალადობისკენ, მაგრამ მათი რიცხვი მცირეა და მათი პოლიტიკური გავლენა სახელმწიფო დონეზე არ არსებობს“.
ნაციზმში ბრალდებების განუყოფელი ნაწილია რუსული პროპაგანდის ბრალდებები უკრაინის სახელმწიფოს ანტისემიტურ ხასიათზე.
Pew Research Center-ის 2018 წლის კვლევის მიხედვით, უკრაინას აქვს ყველაზე ნაკლები ანტისემიტური განწყობები ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებში.
მსოფლიო ებრაული მოსახლეობის 2019 წლის ანგარიშის მიხედვით, უკრაინის ებრაული დიასპორა მსოფლიოს 20 ყველაზე მნიშვნელოვან ებრაულ დიასპორას შორისაა და მისი ისტორიული ფესვები ძალიან ღრმაა. ევროპის ებრაელთა კონგრესის მონაცემებით, ებრაელთა რაოდენობა უკრაინაში 360 000-დან 400 000-მდეა.
დეზინფორმაცია 7: ზელენსკის მამა მეორე მსოფლიო ომში ნაცისტებს ებრძოდა
რეალურად, ალექსანდრე ზელენსკი, უკრაინის პრეზიდენტის მამა, 1947 წელს დაიბადა, მეორე მსოფლიო ომის დასრულებიდან ორი წლის შემდეგ.
2023 წელს ალექსანდრე ზელენსკის უკრაინის მინისტრთა კაბინეტმა „უმაღლესი განათლების სფეროში მეცნიერული და პედაგოგიური მუშაკებისთვის გამორჩეული დამსახურებისთვის“ უვადო სტიპენდია მიანიჭა. უკრაინის მთავრობის მიერ გამოქვეყნებულ მიმღებთა სიაში მითითებულია მისი სახელი, დაბადების წელი, პროფესიული წოდება და სამუშაო ადგილი: „ზელენსკი ალექსანდრე სემენოვიჩი - დაიბადა 1947 წელს, სახელმწიფო ეკონომიკისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის პროფესორი“.
იმავე თარიღს ავრცელებს ფრანგული გამოცემა Le Monde. გამოცემა ასევე აღნიშნავს, რომ „დიდი სამამულო ომის“ დროს, 1941-დან 1945 წლამდე, ზელენსკის ბაბუა, სემენი, ფრონტზე წითელ არმიასთან ერთად იბრძოდა. მისი სამი ძმა კი ოჯახებთან ერთად გერმანელებმა დახოცეს.
დეზინფორმაცია 8: ბილ კლინტონმა უარი თქვა პუტინის ნატოში გაწევრიანებაზე
პუტინმა განაცხადა: „ამაზე უკვე საჯაროდ ვისაუბრე, შემიძლია გავიმეორო. კრემლში შეხვედრაზე ბილ კლინტონთან, რომელიც ხელისუფლებას ტოვებდა - სწორედ აქ, მის გვერდით, მეზობელ ოთახში - ვუთხარი მას და დავუსვი კითხვა: „მისმინე, ბილ, რას ფიქრობ, თუ რუსეთმა დასვა კითხვა. ნატოში გაწევრიანებაზე, როგორ ფიქრობთ, ეს შესაძლებელია? „უცებ მან თქვა: „იცი, ეს საინტერესოა, მე ასე ვფიქრობ“. საღამოს, როდესაც მას ვახშამზე შევხვდით, მან თქვა: „იცით, მე ვესაუბრე ჩემს ხალხს, ჩემს გუნდს - არა, ახლა ეს შეუძლებელია“.
პუტინმა ეს ამბავი ოლივერ სტოუნსაც უამბო 2017 წელს, მაგრამ მას შემდეგ მას ახალი დასასრული დაემატა - კლინტონის უარის შესახებ. აღნიშნულ თემას 2022 წელს თავად ბილ კლინტონიც გამოეხმაურა და აღნიშნა:
„1997 წელს ჩვენ მხარი დავუჭირეთ ნატო-რუსეთის დამფუძნებელ აქტს, რომელმაც რუსეთს მისცა ხმა, მაგრამ არა ვეტო, ნატოს საქმეებში და ჩვენ მხარი დავუჭირეთ რუსეთის შესვლას G7-ში, რითაც ის გადაიქცა G8-ად. 1999 წელს, კოსოვოს კონფლიქტის დასასრულს, თავდაცვის მდივანმა ბილ კოენმა მიაღწია შეთანხმებას რუსეთის თავდაცვის მინისტრთან, რომლის თანახმადაც, რუსეთის ჯარები გაეროს მიერ სანქცირებული ნატოს სამშვიდობო ძალებს შეუერთდნენ. მთელი ამ ხნის განმავლობაში, ჩვენ ღია დავტოვეთ კარი რუსეთის საბოლოო წევრობისთვის ნატოში, როგორც ელცინს ვუთხარი და მოგვიანებით დავუდასტურე მის მემკვიდრეს, ვლადიმირ პუტინს“.
აშკარაა, რომ პუტინს ნატოში გაწევრიანებასთან დაკავშირებით განსხვავებული პრეტენზიები და მოთხოვნები ჰქონდა, რაზეც ნატოს გენერალურმა მდივანმა 1999–2003 წლებში ჯორჯ რობერტსონმაც ისაუბრა:
„პუტინმა იკითხა: „როდის აპირებთ ჩვენს მოწვევას ნატოში? [მე ვუპასუხე:] „ჩვენ არ ვიწვევთ ხალხს ნატოში, ისინი აკეთებენ განაცხადს გაწევრიანებაზე“.და მან თქვა: „კარგი, ჩვენ არ ვდგავართ რიგი ქვეყნების ჯგუფთან, რომლებსაც არ აქვთ მნიშვნელობა“.
გარდა ზემოთ აღნიშნული დეზინფორმაციული გზავნილებისა, პუტინმა ჩრდილო-ატლანტიკური ალიანსის აღმოსავლეთით გაფართოებასთან დაკავშირებითაც ისაუბრა.
პუტინმა განაცხადა: „მოდით, ვისაუბროთ იმაზე, რომ 1991 წლის შემდეგ, როცა რუსეთი „ცივილიზებული ხალხების“ ძმურ ოჯახში შეყვანას ელოდა, მსგავსი არაფერი მომხდარა. თქვენ მოგვატყუეთ - როდესაც მე ვამბობ „თქვენ“, მე არ ვგულისხმობ პირადად თქვენ, რა თქმა უნდა, არამედ შეერთებულ შტატებს. ისინი დაჰპირდნენ, რომ ნატოს აღმოსავლეთით გაფართოება არ იქნებოდა, მაგრამ ეს ხუთჯერ მოხდა - გაფართოების ხუთი ტალღა“.
აღსანიშნავია, რომ პუტინმა ეს ამბავი ოლივერ სტოუნსაც უამბო 2017 წელს და დაპირება 1988-1994 წლებში ნატოს გენერალურ მდივანს მანფრედ ვორნერს მიაწერა. BBC აღნიშნავს, რომ გენერალურ მდივანს საჯაროდ არასდროს უთქვამს, რომ ნატო არ უნდა გაფართოვდეს, ის თავის ორგანიზაციის როლს საერთაშორისო უსაფრთხოების სისტემაში ძალიან აფასებდა.