სოციალურ ქსელში Facebook-ანგარიში წერს, რომ ბილ გეიტსის მიერ დაფინანსებული პროექტით გენმოდიფიცირებული ტკიპების ნაკბენმა 450 000 ამერიკელში წითელ ხორცზე ალერგია გამოიწვია. რეალურად, გეიტსის ფონდის მიერ დაფინანსებული პროგრამა ტკიპების პოპულაციის შემცირებას გულისხმობს და ჯერჯერობით დიდ ბრიტანეთში მხოლოდ ლაბორატორიული სამუშაოებით შემოიფარგლება. აღნიშნული ტკიპები ადამიანებს არ კბენენ, ამავდროულად, მათი პოპულაცია აშშ-ში ფაქტობრივად გამქრალია.

ახლახან აშშ-ში გამოქვეყნდა სამთავრობო კვლევა, საიდანაც ვიგებთ, რომ ასობით ათას ამერიკელს შეიძლება ჰქონდეს ალერგია წითელ ხორცზე ტკიპების ნაკბენით გამოწვეული „ალფა-გალის“ სინდრომის გამო. სინდრომი გამოწვეულია ძუძუმწოვრების ხორცში შემავალი შაქრით, რომელიც ადამიანის კანში ტკიპის ნაკბენის საშუალებით გადადის.

კვლევის გამოქვეყნების შემდეგ, ალერგიის გაზრდილ შემთხვევებს სოციალურ ქსელებში ბილ გეითსის მიერ დაფინანსებულ პროექტს უკავშირებენ. თემაზე სტატია Associated Press-მა მოამზადა.

Associated Press იმის გადასამოწმებლად, თუ რამდენად უკავშირდებოდა ბილ გეიტსის ფონდის მიერ დაფინანსებული პროექტი აღნიშნულ სინდრომს, Oxitec-ის წარმომადგენელს დაუკავშირდა. Oxitec ბიოტექნოლოგიური კომპანიაა, რომელიც 2023 წლიდან ბილ და მელინდა გეითსის ფონდიდან 4.8 მილიონი დოლარის დაფინანსებით კვლევას აწარმოებს და აზიური ლურჯი ტკიპის ( Rhipicephalus microplus) საწინააღმდეგო ხსნარზე მუშაობს.

Oxitec-ის წარმომადგენელმა აღნიშნა, რომ Oxitec-ის კვლევა მიზნად ისახავს აზიური ლურჯი ტკიპის პოპულაციის შემცირებას, პირუტყვის უკეთ დასაცავად და ეკონომიკური დანაკარგების შესამცირებლად. ამავდროულად, კვლევა დიდ ბრიტანეთში ლაბორატორიებში ტარდება და აშშ-თან შეხება არ აქვს. Oxitec-ის წარმომადგენელი იმასაც აღნიშნავს, რომ აზიური ლურჯი ტკიპის პოპულაცია აშშ-ში ფაქტობრივად უკვე გამქრალია.

სემ ტელფორდმა, ტაფტის უნივერსიტეტის პროფესორმა ინფექციური დაავადებისა და გლობალური ჯანმრთელობის საკითხებში აღნიშნა, რომ ხსენებული პირუტყვის ტკიპები, რაზეც Oxitec მუშაობს, ადამიანებს საერთოდ არ კბენენ.

აღსანიშნავია ისიც, რომ პირველი კვლევა, რომელიც „ალფა-გალის“ სინდრომს ტკიპების ნაკბენებთან აკავშირებდა, 2011 წელს გამოქვეყნდა. მაშინ ბილ გეიტსის ფონდი Oxitec-ის პროგრამას საერთოდ არ აფინანსებდა. დაფინანსება 2023 წლიდან დაიწყო.

ამდენად, მტკიცება, რომ ამერიკაში ხორცზე გამოწვეული ალერგია ბილ გეიტსის ფონდის მიერ დაფინანსებულ კვლევას უკავშირდება, მცდარია.

--------------------------------------------------------------------------

სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. ვერდიქტიდან გამომდინარე, Facebook-მა შესაძლოა სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს - შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. მასალის შესწორებისა და ვერდიქტის გასაჩივრების შესახებ ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე.