სოციალურ ქსელში Facebook-ანგარიში მაია დვალიძე მარსელში გადაღებულ ვიდეოს ავრცელებს. პოსტის მტკიცებით, საფრანგეთის დროშის ნაცვლად ცაში ფერადი კვამლის გამოყენებით შეცდომით რუსეთის დროშა გამოისახა. გავრცელებული ვიდეო ისეთი კუთხით არის გადაღებული, რომ ოპტიკური ილუზია იქმნება. სინამდვილეში, მარსელში თვითმფრინავებმა კვამლით საფრანგეთის დროშა გამოსახეს.

საფრანგეთი 2024 წელს ოლიმპიურ თამაშებს მასპინძლობს. ოლიმპიური თამაშების დაწყებამდე 100 დღით ადრე მარსელში საფრანგეთში ოლიმპიური ცეცხლის ჩასვლის აღსანიშნავად ცერემონია გაიმართა. მარსელის თავზე Patrouille de France-ის თვითმფრინავებმა რამდენჯერმე გადაიფრინეს.

ვიდეოში ჩანს, რომ ოთხი თვითმფრინავი, რომლებიც თეთრ კვამლს უშვებენ, დაფრინავენ გვერდებზე მდებარე თვითმფრინავების ზემოთ, რომლებიც გამოყოფენ ლურჯ და წითელ კვამლს. ვიდეო იმ კუთხიდან არის გადაღებული, რომ ჩნდება განცდა, თითქოს Patrouille de France-მა რუსეთის დროშა გამოსახა (თეთრი-ლურჯი-წითელი კვამლის მიმდევრობით). ამის მიზეზი ისაა, რომ გვერდითი პოზიციიდან დაკვირვებით, თვითმფრინავები, რომლებიც თეთრ კვამლს ავრცელებენ, ქმნიან ილუზიას, რომ შედარებით ახლოს არიან, სინამდვილეში, ისინი ცაში მხოლოდ ოდნავ უფრო მაღლა დაფრინავენ. იმ ფოტო/ ვიდეო მასალის ნახვის შემდეგ, რომელიც წინა რაკურსით არის გადაღებული, ნათელი ხდება, რომ თვითმფრინავებმა საფრანგეთის დროშა (ლურჯი-თეთრი-წითელი ფერების მიმდევრობით) გამოსახეს.

ამდენად, გავრცელებული ვიდეო ისეთი კუთხით არის გადაღებული, საიდანაც ოპტიკური ილუზია იქმნება. მტკიცება, რომ მარსელში საფრანგეთის დროშის ნაცვლად, შეცდომით რუსეთის დროშა გამოსახეს, მცდარია.

--------------------------------------------------------------------------

სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. ვერდიქტიდან გამომდინარე, Facebook-მა შესაძლოა სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს - შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. მასალის შესწორებისა და ვერდიქტის გასაჩივრების შესახებ ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე.


მსგავსი სიახლეები

5648 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
26%
სიმართლე
16%
ტყუილი
12%
მეტწილად სიმართლე
10%
ნახევრად სიმართლე
7%

ყველაზე კითხვადი

ყველა სტატია