2024 წლის 1 მაისიდან გააქტიურებული ანონიმური Facebook-გვერდი „შიგ ევროპაში“, რომლის მიერ გავრცელებული პოსტები ე.წ „რუსული კანონის“ მოწინააღმდეგეების და საპროტესტო აქციების დისკრედიტაციას ისახავს მიზნად, რედაქტირებულ სურათს ავრცელებს. სურათზე გამოსახული ადამიანი საპროტესტო აქციაზე აირწინაღით და პოსტერით დგას, რომელზეც არაკორექტული წარწერა ჩანს. რეალურად, პოსტი რამდენიმე სიყალბეს შეიცავს. პირველ რიგში, სურათზე გამოსახული პოსტერი რედაქტირებულია, აირწინაღი კი ხელოვნურად არის ჩამატებული. ამავდროულად, ორიგინალი სურათი 2018 წლის 17 მაისს, ჰომოფობიისა და ტრანსფობიის წინააღმდეგ ბრძოლის საერთაშორისო დღეს, მთავრობის კანცელარიის შენობასთან ლგბტქი+ თემის და უფლებადამცველების მიერ ჩატარებულ მშვიდობიან დემონსტრაციაზე არის გადაღებული.

როგორც უკვე აღინიშნა, ორიგინალი სურათი 2018 წლის 17 მაისს არის გადაღებული და ის ონლაინ მედია გამოცემა „ნეტგაზეთის“ მიერ არის გავრცელებული.

აქციის მონაწილის პოსტერზე რეალურად - „ერთად თანასწორობისთვის“, წერია და არა უცენზურო წარწერა. ამავდროულად, 2018 წლის 17 მაისის აქციის მონაწილის სახეზე აირწინაღი ხელოვნურად, განზრახ არის დამატებული. ე.წ „რუსული კანონის“ საწინააღმდეგო აქციებზე შსს-მ ცრემლსადენი გაზი რამდენჯერმე გამოიყენა, რის გამოც აქციის მონაწილეების დიდი ნაწილი აირწინაღებს იყენებს. აირწინაღის სურათში დამატებით, ანონიმური გვერდი ცდილობს, გაამყაროს ცრუ წარმოდგენა, თითქოს ის ე.წ „რუსული კანონის“ წინააღმდეგ გამართულ აქციებზე არის გადაღებული.

აქედან გამომდინარე, ანონიმური გვერდის მიერ გავრცელებული სურათი ყალბია. ორიგინალი სურათი 2018 წლის 17 მაისს არის გადაღებული, წარწერა გაყალბებულია, ხოლო აირწინაღი ხელოვნურად არის ჩამატებული.

--------------------------------------------------------------------------

სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. ვერდიქტიდან გამომდინარე, Facebook-მა შესაძლოა სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს - შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. მასალის შესწორებისა და ვერდიქტის გასაჩივრების შესახებ ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე.