ლევან დავითაშვილი: „ქართული ოცნების“ პირობებში ეკონომიკა გასამმაგდა

ვერდიქტი: „ფაქტ-მეტრის“ დასკვნით, ლევან დავითაშვილის განცხადება არის ნახევრად სიმართლე.

2012 წელს საქართველოს ეკონომიკის მოცულობა 27.9 მლრდ ლარს შეადგენდა, 2023 წელს 2.9-ჯერ მეტს - 80.2 მლრდ ლარს. საკმაოდ მაღალი ნომინალური ზრდის მიუხედავად, რეალური მშპ 11 წელიწადში მხოლოდ 70%-ით გაიზარდა. მონაცემებს შორის სხვაობის ძირითადი მიზეზი ინფლაციაა, იმავე პერიოდში სამომხმარებლო ფასები 64%-ით გაიზარდა.

ნომინალურად სწორად დასახელებული რიცხვის მიუხედავად, „სამჯერ გაზრდილი ეკონომიკა“ აჩენს განცდას, რომ რეალური ეკონომიკა გაიზარდა სამჯერ, რაც სიმართლეს არ შეესაბამება, შესაბამისად „ფაქტ-მეტრმა“ ლევან დავითაშვილის განცხადება შეაფასა როგორც ნახევრად სიმართლე.

ანალიზი: ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ლევან დავითაშვილმა მთავრობის სხდომის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა (22:40-დან): „საქართველოს მთავრობის პირობებში [ქართული ოცნების მმართველობის დროს] მოხდა მთლიანი შიდა პროდუქტის გასამმაგება ფაქტიურად“.

ეროვნულ ვალუტაში დათვლით, 2012 წელს საქართველოს მთლიანი შიდა პროდუქტი მიმდინარე ფასებში 27.9 მლრდ ლარს შეადგენდა, 2023 წელს 2.9-ჯერ მეტს - 80.2 მლრდ ლარს. საკმაოდ მაღალი ნომინალური ზრდის მიუხედავად, რეალური ეკონომიკა მხოლოდ 1.7-ჯერ ანუ 70%-ით გაიზარდა და არა 190%-ით. 2013-2023 წლებში, ქვეყნის ნომინალური მშპ წლიურად საშუალოდ 10.2%-ით იზრდებოდა, რეალური ეკონომიკა კი ორჯერ დაბალი ტემპით - 5%-ით.

გრაფიკი 1: მშპ-ის ზრდა 2012=100%-ს

წყარო: საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური

ნომინალურ 187%-იან და რეალურ 70%-იან ზრდას შორის, ისევე როგორც წლიურ 5%-სა და 10.2%-ს შორის, საკმაოდ დიდი სხვაობაა, რისი უმთავრესი მიზეზიც ინფლაციაა.

ცალკეული გამონაკლისების გარდა, როგორც წესი, პროდუქტზე ფასები წლიდან წლამდე იზრდება. ზრდის ტემპი ზოგჯერ ორნიშნაა და მოქალაქეებზე მტკივნეულად აისახება, ზოგჯერ დაბალი 2%-3%-ის ფარგლებში. დაბალი ინფლაცია ნაკლებად საგრძნობია, თუმცა დროის საშუალო და გრძელვადიან მონაკვეთში ფასთა შორის სხვაობა მაინც მნიშვნელოვანი ხდება.

2012 წლის შემდეგ, ქვეყანაში სამომხმარებლო ფასები 64%-ით გაიზარდა. იმ პროდუქტისა და მომსახურების შესაძენად, რისთვისაც 2012 წელს 100 ლარი საკმარისი იყო, 2023 წელს 164 ლარის გადახდა იქნებოდა საჭირო.

2023 წლის ფასებში დათვლით, 2012 წლის მშპ 27.9 მლრდ-ის ნაცვლად 45.9 მლრდ ლარი იქნებოდა. გამოდის რომ რეალური, მუდმივ ფასებში დათვლილი ეკონომიკა არა 28-დან 80-მდე, არამედ 46-დან 80 მლრდ-მდეა გაზრდილი.

თუ ადამიანის შემოსავალი სამჯერ გაიზარდა და ხარჯები ორჯერ, ცხადია, ის საწყის პერიოდთან შედარებით 1.5-ჯერ იქნება გამდიდრებული და არა 3-ჯერ.

მხოლოდ ნომინალური ზრდა ინფორმაციის დამახინჯებულად აღქმის საშუალებას იძლევა. 2020 წელსაც კი, მაშინ როცა მშპ 6.3%-ით შემცირდა (1994 წლის შემდეგ ყველაზე მეტად), ნომინალური მშპ 49.7-დან 49.8 მლრდ ლარამდე გაიზარდა.

ქვეყნებში, სადაც ჰიპერინფლაციაა, ადგილობრივ ვალუტაში დათვლილი მშპ ძალიან მაღალი პროცენტული ტემპით იზრდება, თუმცა მას რეალურ ზრდასთან არაფერი აქვს საერთო.

ვიცე-პრემიერის ნათქვამი „სამჯერ გაზრდილი ეკონომიკა“, დაკონკრეტების გარეშე აღიქმება ისე, რომ თითქოს ქვეყანაში წარმოებული პროდუქციისა და მომსახურების რაოდენობა გაიზარდა სამჯერ და რომ თითქოს მოქალაქეებს 2012 წელთან შედარებით სამჯერ მეტი პროდუქციის შეძენა შეუძლიათ, რაც სიმართლეს არ შეესაბამება. აქედან გამომდინარე, „ფაქტ-მეტრმა“ ლევან დავითაშვილის განცხადება შეაფასა როგორც ნახევრად სიმართლე.


პერსონები

მსგავსი სიახლეები

5648 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
26%
სიმართლე
16%
ტყუილი
12%
მეტწილად სიმართლე
10%
ნახევრად სიმართლე
7%

ყველაზე კითხვადი

ყველა სტატია