2024 წლის 30 მაისს OSCE/ODIHR-მა (ეუთო/ოდირი) „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტზე დასკვნა გამოაქვეყნა. მასში აღნიშნულია, რომ უცხოური გამჭვირვალობის შესახებ კანონი „სერიოზულ ხარვეზებს შეიცავს, რაც მას შეუთავსებელს ხდის ადამიანის საერთაშორისო უფლებების სტანდარტთან და ქვეყნის, როგორც ეუთოს წევრის მიერ, ადამიანის განზომილების მიმართულებით ნაკისრ ვალდებულებებთან“. დასკვნაში აღნიშნულია ისიც, რომ კანონი უნდა გაუქმდეს.
დასკვნის გამოქვეყნების შემდეგ მმართველი პარტიის წევრებმა მასთან დაკავშირებით შეფასებები გააკეთეს. ნინო წილოსანის განცხადებით, ეუთო/ოდირის წარმომადგენლები შეხვედრებისას ხედავდნენ კანონის მიღების საჭიროებასა და აუცილებლობას, თუმცა ოფიციალურ დოკუმენტში სრულებით სხვა რამ ჩაწერეს, რაც ნინო წილოსანის მტკიცებით, იმას უკავშირდება, რომ დასკვნა მიხეილ სააკაშვილის ადვოკატმა მოამზადა. „ვინც იყო ჩამოსული, ძალიან კარგად ხედავს ამ კანონის მიღების აუცილებლობას და საჭიროებას. ვხედავთ, რომ ოფიციალურად გამოსულ დოკუმენტში სრულებით სხვა რამ არის ჩაწერილი, ეს სხვა რამ ჩაიწერა მხოლოდ და მხოლოდ იმიტომ, რომ არის კონკრეტული ინტერესები. ეს არის მიხეილ სააკაშვილის ადვოკატის მიერ მომზადებული დასკვნა, რომელზეც შინაარსში შესვლას აზრი არ აქვს, უკვე ნათელია პოლიტიკური მიკუთვნებადობა ამ დასკვნის პირობებში“, - განაცხადა წილოსანმა.
მსგავსი განცხადება გააკეთა პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმაც. „ვნახეთ, რომ ამ დასკვნის ერთ-ერთი და როგორც ვვარაუდობ, მთავარი ავტორი, არის ადამიანი, რომელმაც ევროსაბჭოს დასკვნა დაწერა და ამავე დროს, მიხეილ სააკაშვილის ადვოკატი იყო სტრასბურგის სასამართლოში [...] ამიტომ, რა თქმა უნდა, ჩვენ ჩვენი კითხვები გვაქვს ასეთ დასკვნებთან დაკავშირებით. ხომ არ შეიძლება ამდენი დამთხვევა მოხდეს?!“ , - აღნიშნა მან.
მსგავსი შინაარსის ინფორმაცია ტელეკომპანია „იმედმა“ სოციალურ ქსელშიც გაავრცელა, სადაც აღნიშნა, რომ ე.წ. რუსულ კანონზე ეუთო/ოდირის დასკვნის თანაავტორი სააკაშვილის ადვოკატი ჯერემი მაკბრაიდია.
მტკიცება, რომელსაც ტელეკომპანია „იმედი“ აჟღერებს, ეფუძნება დასკვნაში გაკეთებულ მითითებას, სადაც წერია, რომ „ამ გადაუდებელი მოსაზრებისთვის სასარგებლო იყო ოდირის შეკრებისა და გაერთიანების თავისუფლების საკითხებში ექსპერტთა პანელის წევრების მიერ შეტანილი წვლილი და მოსაზრებამ მედიის თავისუფლების საკითხებში ეუთოს წარმომადგენლის უფროსი მრჩევლის ანტონინა ჩერევკოს კოლეგიალური რეცენზია გაიარა“.
ოდირის შეკრებისა და გაერთიანების თავისუფლების საკითხებში ექსპერტთა პანელის 14 წევრს შორის ჯერემი მაკბრაიდი ნამდვილად არის. თუმცა ტელეკომპანია „იმედის“ მიერ გამოქვეყნებული მტკიცება OSCE/ODIHR-ის მოსაზრებაში არსებული მითითებიდან არ გამომდინარეობს. კერძოდ, დოკუმენტზე დატანილი მითითება აღნიშნავს, რომ დასკვნა ეუთოს ექსპერტებმა მოამზადეს, მომზადებისას გაერთიანებისა და შეკრებების შესახებ ეუთოს ექსპერტთა პანელისგან კონსულტაცია მიიღეს, კოლეგიალური რეცენზია კი შემდგომ უფროს მრჩეველთან გაატარეს. შესაბამისად, ტელეკომპანია იმედისა და მმართველი პარტიის წევრების განცხადებების საპირისპიროდ, ჯერემი მაკბრაიდს ამ დასკვნის წერაში მონაწილეობა არ მიუღია და მხოლოდ კონსულტაციებისათვის ჩართული ჯგუფის წევრებიდან ერთ-ერთი იყო.
ზემოხსენებული პანელის მთავარი ფუნქცია, რომლის ერთ-ერთი წევრი ჯერემი მაკბრაიდია, ოფიციალური წყაროს განმარტებითაც, საკანონმდებლო სახელმძღვანელო პრინციპების შემუშავებისას, ასევე მშვიდობიანი შეკრების თავისუფლებისა და გაერთიანების თავისუფლების შესახებ კანონპროექტებისა და პრაქტიკის ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობის ანალიზისას, ODIHR-ისთვის რჩევების, მითითებებისა და რეკომენდაციების მიწოდებაა. ეს არ ნიშნავს, რომ დასკვნის ავტორი შეკრებისა და გაერთიანების თავისუფლების საკითხებში ექსპერტთა პანელი ან მისი რომელიმე წევრია. დასკვნას ეუთო/ოდირის ექსპერტები ამზადებენ და მისი მომზადების დროს კონსულტაციას გადიან სხვადასხვა ჯგუფთან. სწორედ ასეთ კონტრიბუციაზეა მითითება ე.წ. „რუსული კანონის“ შესახებ მომზადებულ დასკვნაში.
ამას ადასტურებს თავად ODIHR-ის პრესსპიკერის კატია ანდრუშის მიერ „ნეტგაზეთისთვის“ გაგზავნილი წერილობითი პასუხი, სადაც ODIHR-ის წარმომადგენელმა აღნიშნა, რომ კანონის შესახებ სამართლებრივი დასკვნა მათი შიდა ექსპერტების მიერ დაიწერა. ODIHR-ის პრაქტიკისა და მეთოდოლოგიის შესაბამისად, შეფასების ტექსტი, გამოქვეყნებამდე, განსახილველად მათ შორის გარე ექსპერტთა პანელს [შეკრებისა და გაერთიანების თავისუფლების საკითხებში ექსპერტთა პანელს] გადაუგზავნეს. პრესსპიკერის განცხადებით, „[გარე] ექსპერტთა პანელი შედგება 14 აღიარებული საერთაშორისო ექსპერტისაგან, მათ შორის შედის ჯერემი მაკბრაიდიც, მაგრამ მოსაზრება არ დაუწერია არც მას და არც პანელის სხვა რომელიმე წევრს. არცერთ გარე ექსპერტთან ან კონსულტანტთან არ ყოფილა კონტრაქტი, რომ გაეწია კონტრიბუცია შეფასების შედგენაში”.
ამდენად, მტკიცება, რომ OSCE/ODIHR-ის დასკვნის თანაავტორი ჯერემი მაკბრაიდია, მცდარია.
--------------------------------------------------------------------------
სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. ვერდიქტიდან გამომდინარე, Facebook-მა შესაძლოა სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს - შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. მასალის შესწორებისა და ვერდიქტის გასაჩივრების შესახებ ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე.