სოციალურ ქსელში Facebook-ანგარიშები (1,2) წერენ, რომ მექაში ჰაჯის რიტუალის დროს ადამიანები მაღალი ტემპერატურის გამო არ გარდაცვლილან. Facebook-ანგარიში Gvan Ca, რომლის გავრცელებული დეზინფორმაცია „ფაქტ-მეტრს“ აქამდეც არაერთხელ გადაუმოწმებია (1,2,3) წერს, რომ „კლიმატის შიზოფრენიის“ გამო მედია მექაში ადამიანების გარდაცვალებას მაღალ ტემპერატურას უკავშირებს: „წლებია ცნობილია რომ საუდის არაბეთში სადაც ცხელი ჰავა იცის და მუდმივად იწვის იქაურობა, სულ ასეთი ჭყლეტა ხდება და ასობით ადამიანი იხოცება, არა სიცხის გამო არამედ ჭყლეტის გამო“. ერთ-ერთი ანგარიში ამტკიცებს, რომ ჰაჯის რიტუალის დროს მომლოცველთა გარდაცვალება არა მაღალ ტემპერატურას, არამედ მექაში მდებარე შავ ყუთს უკავშირდება. რეალურად, წელს საუდის არაბეთში ჰაჯის რიტუალის დროს ექსტრემალურად მაღალი ტემპერატურა, დაახლოებით 46- 49 °C, დაფიქსირდა. საუდის არაბეთის მთავრობისა და მედიის ცნობით, ადამიანების გარდაცვალებაც სწორედ ამ ფაქტს უკავშირდება.

ჰაჯი („ადგილისკენ დაძვრა“) მუსლიმების ყოველწლიური თავყრილობაა. მომლოცველები თეთრ სამოსს იცვამენ („იჰრამი“) და ამით განსხვავებული სოციალური წარმომავლობის თუ სხვადასხვა კულტურის ნიშნებს შლიან. ჰაჯის ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან რიტუალს „მოტრიალება“ („ტავაფი“) ეწოდება, ამ დროს მექის დიდი მეჩეთის ცენტრში მდებარე შენობას (ქააბა) მუსლიმები საათის საწინააღმდეგო მიმართულებით შვიდჯერ წრეს არტყამენ. აღსანიშნავია, რომ მეხუთე დღეს ყველა მონაწილემ „ტავაფი“ ერთხელ მაინც უნდა შეასრულოს, რათა ჰაჯი დასრულებულად ჩაითვალოს.

საუდის არაბეთის ხელისუფლების ცნობით, წლევანდელი ჰაჯის დროს 1300-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა, რაც უკიდურესად მაღალ ტემპერატურას უკავშირდება. უნდა აღინიშნოს, რომ ისტორიულად, სიკვდილიანობის მაღალი მაჩვენებელი ჰაჯის რიტუალის დროს არ არის იშვიათი. რიტუალს ზოგჯერ 2 მილიონზე მეტი ადამიანი ასრულებს და გარდაცვალების შემთხვევები ჭყლეტასთანაც ყოფილა დაკავშირებული. თუმცა წლევანდელი მაჩვენებელი უჩვეულოდ მაღალი იყო, რაც გამონაკლის გარემოებებზე მიუთითებს. საუდის არაბეთის მეტეოროლოგიის ეროვნული ცენტრის ცნობით, წლევანდელი ჰაჯის პერიოდში, ყოველდღიური მაღალი ტემპერატურა მერყეობდა 46-49°C-მდე. კლიმატის ცვლილებამ და დედამიწაზე საშუალო გლობალური ტემპერატურის ზრდამ შესაძლოა სიტუაცია გაართულოს. 2019 წელს მასაჩუსეტსის ტექნოლოგიური ინსტიტუტის ექსპერტების მიერ ჩატარებულმა კვლევამ აჩვენა, რომ თუნდაც მსოფლიომ შეძლოს კლიმატის ცვლილების ყველაზე ცუდი შედეგების შერბილება, ჰაჯი 2047- 2052 და 2079-2086 წლებში იმ ტემპერატურის პირობებში ჩატარდება, რომელიც აღემატება „ექსტრემალური საფრთხის ზღურბლს“. კონკრეტულად ამ წლებს ასახელებენ იმ მიზეზით, რომ ისლამი მიჰყვება მთვარის კალენდარს და ჰაჯი ყოველწლიურად დაახლოებით 11 დღით ადრე მოდის. 2029 წლისთვის ჰაჯი ჩატარდება აპრილში, შემდეგ კი რამდენიმე წლის განმავლობაში-ზამთარში, როდესაც ტემპერატურა შედარებით დაბალია.

აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ მიმდინარე წელს საუდის არაბეთის ჯანდაცვის მინისტრის თქმით, 1,301 დაღუპულთა შორის 83% „არაუფლებამოსილი მომლოცველი“ იყო, რომლებმაც დიდი მანძილი გაიარეს პირდაპირი მზის სხივების ქვეშ, ადეკვატური თავშესაფრის გარეშე. საუდის არაბეთის სახელმწიფო გაზეთ „ალ-აჰრამის“ ცნობით, ზოგიერთმა ტურისტულმა სააგენტომ საუდის არაბეთის ტურისტული ვიზები ეგვიპტელ მსურველებს პირდაპირ მიჰყიდეს, რაც არღვევს საუდის არაბეთის რეგულაციას, რომელიც მოითხოვს ექსკლუზიურ ვიზებს პილიგრიმებისთვის. გაზეთმა აღნიშნა, რომ ამ სააგენტოებმა მომლოცველები მექაში და წმინდა ადგილები მაღალი ტემპერატურის პირობებში გაურკვევლობაში დატოვეს. ეგვიპტეში გამოძიებაც დაიწყეს იმ 16 ტურისტული კომპანიის წინააღმდეგ, რომლებმაც ხელი შეუწყვეს ხალხის არალეგალურ პილიგრიმობას.

რაც შეეხება ქააბას, დიდი მეჩეთის ცენტრში მდებარე შენობას, ის ისლამის მთავარ სიწმინდეს წარმოადგენს. კუბის ფორმის შენობა (სიტყვა kaʿbah არაბულად ნიშნავს „კუბს“) არის დაახლოებით 15 მეტრი სიმაღლის. მუსულმანები თვლიან, რომ ქააბა აბრაჰამმა (ისლამურ ტრადიციაში ცნობილი როგორც იბრაჰიმი) და მისმა ვაჟმა ისმაილმა ააშენეს. ქააბას ინტერიერში არაფერია, გარდა სამი საყრდენი სვეტისა და ვერცხლისა და ოქროს ზოლზე ჩამოკიდებული ჭურჭლისა. მთელი წლის განმავლობაში ქააბა შავი უზარმაზარი ქსოვილით არის დაფარული. მასში შესვლის უფლება უმაღლეს სასულიერო პირებს და ყურადღებით შერჩეულ მუშაკებს აქვთ. მექაში მდებარე ქააბა ჰაჯის რიტუალის დროს მუსლიმების მთავარი დანიშნულების წერტილია. მექაში ჩასვლისთანავე მომლოცველები იკრიბებიან ქააბას გარშემო. „ტავაფის“ დროს ისინი დადიან შენობის ირგვლივ და იმედოვნებენ, რომ შეეხებიან, ან აკოცებენ შავ ქვას, რომელიც ქააბას აღმოსავლეთ კუთხეშია ჩაშენებული. შავი ქვა მუსლიმებისთვის ერთიანობას, პატიებასა და რწმენის ძალას განასახიერებს.

ამდენად, მტკიცება, რომ მექაში მომლოცველების გარდაცვალება ტემპერატურის მატებას არ უკავშირდება, მცდარია.

--------------------------------------------------------------------------

სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. ვერდიქტიდან გამომდინარე, Facebook-მა შესაძლოა სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს - შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. მასალის შესწორებისა და ვერდიქტის გასაჩივრების შესახებ ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე.


მსგავსი სიახლეები

5648 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
26%
სიმართლე
16%
ტყუილი
12%
მეტწილად სიმართლე
10%
ნახევრად სიმართლე
7%

ყველაზე კითხვადი

ყველა სტატია