საქართველოს მთავრობა: 2012 წლის შემდეგ სიღარიბე 700 ათასამდე მოქალაქემ დაძლია

ვერდიქტი: „ფაქტ-მეტრის“ დასკვნით, საქართველოს მთავრობის განცხადება არის ნახევრად სიმართლე.

საქსტატის მონაცემებით, 2023 წელს საქართველოში აბსოლუტური სიღარიბის დონე 3.8 პროცენტული პუნქტით შემცირდა და 11.8% შეადგინა. „ქართული ოცნების“ ხელისუფლების პირობებში, აბსოლუტურ სიღარიბეში მცხოვრები მოსახლეობის რაოდენობა ჯამში, დაახლოებით 680 ათასით, 30%-დან 11.8%-მდე, შემცირდა.

მთავრობა სტატისტიკურ მონაცემებს სწორად ასახელებს, თუმცა განცხადება საჭიროებს განმარტებას, რომ საუბარია აბსოლუტურ სიღარიბეზე და არა ზოგად სიღარიბეზე. აბსოლუტური სიღარიბე აჩვენებს, მოსახლეობის რა ნაწილი ცხოვრობს საარსებო მინიმუმს ქვემოთ, ანუ უკიდურეს გაჭირვებაში. აბსოლუტური სიღარიბის დონის შემცირება ნიშნავს, რომ აბსოლუტურ სიღარიბეში მცხოვრები მოსახლეობის ნაწილმა თავი დააღწია უკიდურეს სიღატაკეს, თუმცა უმეტესწილად ისინი კვლავ რჩებიან მოწყვლად ჯგუფად - ზოგად სიღარიბეში. შესაბამისად, აბსოლუტური სიღარიბის მაჩვენებლის შემცირების იმგვარად ინტერპრეტირება, თითქოს მოსახლეობამ სიღარიბე დაძლია, არ ასახავს ობიექტურ რეალობას და მანიპულაციურია.

საქართველოს მთავრობის მიერ გავრცელებულ განცხადებაში უგულებელყოფილია ის ფაქტი, რომ ბოლო წლებში, აბსოლუტური სიღარიბის შემცირების პარალელურად, სოციალურად დაუცველთა რაოდენობა რეკორდულად გაიზარდა. მოსახლეობის 18% (667,528 ადამიანი) სახელმწიფოსგან საარსებო შემწეობას იღებს. თავის მხრივ, სოციალურად დაუცველთა რაოდენობის და ფულადი სოციალური დახმარებების ზრდას აბსოლუტური სიღარიბის მაჩვენებლის შემცირებაზე პირდაპირი გავლენა ჰქონდა, რადგან თუ ადამიანს გააჩნია არსებობისთვის აუცილებელი მინიმუმი, ის აბსოლუტური სიღარიბის ზღვარს ქვემოთ მყოფთა სტატისტიკაში არ ხვდება.

მთავრობის განცხადებას თან ახლავს ქარდი, სადაც 2024 წლის ეკონომიკური ზრდის სტატისტიკაა მოყვანილი. ქარდი ქმნის შთაბეჭდილებას, რომ თითქოს სიღარიბის შემცირება ეკონომიკური ზრდის შედეგია. რეალურად, უკიდურესი სიღარიბე შემცირდა შემოსავლების ზრდის ხარჯზე, აღნიშნული შემოსავლები კი მოიცავს, როგორც ეკონომიკური საქმიანობიდან მიღებულ შემოსავლებს, ასევე სოციალურ დახმარებებსა და გზავნილებს.

ამრიგად, „ფაქტ-მეტრის“ შეფასებით, საქართველოს მთავრობის განცხადება არის ნახევრად სიმართლე.

ანალიზი: საქართველოს მთავრობამ სოციალურ ქსელში 2024 წლის პრემიერის ანგარიშიდან სიღარიბის კლებაზე პოსტი გამოაქვეყნა: „2023 წელს 140 ათასზე მეტმა თანამოქალაქემ დაძლია სიღარიბე.სულ 2012 წლის შემდეგ სიღარიბე 700 ათასამდე მოქალაქემ დაძლია.სიღარიბეს წელსაც 10 ათასობით მოქალაქე დაძლევს“. პოსტს თან ახლდა ქარდი, სადაც აღნიშნული იყო, რომ 2024 წლის იანვარ-მაისში ეკონომიკა 9.3%-ით გაიზარდა. პოსტი მთლიანობაში ქმნიდა შთაბეჭდილებას, რომ სიღარიბე ეკონომიკის ზრდის შედეგად შემცირდა.

საქსტატის მონაცემებით, 2023 წელს საქართველოში სიღარიბის აბსოლუტურ ზღვარს ქვემოთ მყოფი მოსახლეობის წილი, წინა წელთან შედარებით, 3.8 პროცენტული პუნქტით შემცირდა და 11.8% შეადგინა.

„ქართული ოცნების“ ხელისუფლების პირობებში ქვეყანაში აბსოლუტური სიღარიბის დონე ჯამში, 30%-დან 11.8%-მდე შემცირდა. 2012 წლის შემდეგ აბსოლუტურ სიღარიბეში მცხოვრები მოსახლეობის რაოდენობა დაახლოებით 680 ათასით არის შემცირებული (იხილეთ გრაფიკი 1). თუ აბსოლუტური სიღარიბის შემცირების მაჩვენებელს გრძელვადიან პერიოდში [2013-2023 წლები] განვიხილავთ, ბუნებრივია, რიცხვები უფრო შთამბეჭდავი ჩანს.

რაც შეეხება ტენდენციას, როდესაც მმართველმა გუნდმა ხელისუფლება გადაიბარა, ქვეყანაში სიღარიბის შემცირების დადებითი ტენდენცია იყო, 2011-2012 წლებში, ორწლიან პერიოდში, აბსოლუტური სიღარიბე 7.3 პროცენტული პუნქტით შემცირდა. დადებითი ტენდენცია გაგრძელდა „ქართული ოცნების“ მმართველობის პირველ წლებში [2013-2015], შემდგომ პერიოდში ტენდენცია არაერთგვაროვანია, აბსოლუტური სიღარიბის დონე იცვლება როგორც ზრდისკენ, ასევე კლებისკენ. 2020 წელს, ანუ პანდემიის პერიოდში, მკვეთრად იზრდება აბსოლუტურ სიღარიბეში მცხოვრებთა რიცხვი. 2021-2023 წლებში კი აბსოლუტური სიღარიბის დონე მნიშვნელოვნად მცირდება (იხილეთ გრაფიკი 1). მიუხედავად დადებითი დინამიკისა, უკიდურესი სიღარიბე კვლავ ერთ-ერთ მთავარ გამოწვევად რჩება, ქვეყნის მოსახლეობის 11.8%-ს, დაახლოებით 435.9 ათასი ადამიანს, არსებობისთვის აუცილებელი მინიმუმი არ გააჩნია.

გრაფიკი 1: სიღარიბის აბსოლუტურ ზღვარს ქვემოთ მყოფი მოსახლეობა და მათი წილი მთლიან მოსახლეობასთან

წყარო: სტატისტიკის ეროვნული სამსახური

ბოლო წლებში აბსოლუტური სიღარიბის დონის შემცირების პარალელურად, მკვეთრად გაიზარდა სოციალურად დაუცველთა, ანუ საარსებო შემწეობის მიმღებთა რაოდენობა. სოციალურად დაუცველთა რაოდენობის და ფულადი დახმარებების ზრდას აბსოლუტური სიღარიბის დონის შემცირებაზე პირდაპირი გავლენა ჰქონდა, რადგან თუ ადამიანს გააჩნია არსებობისთვის აუცილებელი მინიმუმი, ის აბსოლუტური სიღარიბის ზღვარს ქვემოთ მყოფთა სტატისტიკაში არ ხვდება.

სოციალური მომსახურების სააგენტოს მონაცემებით, 2020-2022 წლებში ქვეყანაში საარსებო შემწეობის მიმღებთა რაოდენობა რეკორდულად გაიზარდა. 2023 წელს მცირედით შემცირდა, თუმცა 2024 წელს კვლავ გაიზარდა (იხილეთ გრაფიკი 2). მიმდინარე წლის მაისის მონაცემებით, საარსებო შემწეობის მიმღები არის ჯამში, 667,528 ადამიანი, რაც მთლიანი მოსახლეობის 18%-ს შეადგენს. საარსებო შემწეობის მიმღებთა ზრდა დიდწილად მოქალაქეთა მხრიდან მიმართვიანობის ზრდამ (სოციალურად დაუცველთა ბაზაში რეგისტრაცია) განაპირობა. ამასთან, პროგრამის ბენეფიციართა რაოდენობის ზრდაზე, პირდაპირი გავლენა მთავრობის სოციალურმა პოლიტიკამ და პროგრამის გაფართოებამ იქონია.

ფულადი სოციალური დახმარება სოციალურად დაუცველი ოჯახის თითოეულ ზრდასრულ წევრზე თვეში 30-დან 60-ლარამდე მერყეობს, 16 წლამდე ასაკის პირის ფულადი დახმარება თვეში 200 ლარს შეადგენს. ამასთან, თუ სოციალურად დაუცველი ოჯახის წევრი ჩართულია საზოგადოებრივი დასაქმების სახელმწიფო პროგრამაში, ის საარსებო შემწეობასთან ერთად თვეში დამატებით 300 ლარს იღებს. სწორედ ამ მინიმალური ფულადი ბენეფიტების ხარჯზე, სოციალურად დაუცველთა გარკვეულ ნაწილს ოფიციალურად განსაზღვრული საარსებო მინიმუმი გააჩნია და, შესაბამისად, აბსოლუტური სიღარიბის სტატისტიკაში აღარ ხვდება. თუმცა, ვერ ვიტყვით, რომ მათ სიღარიბე დაძლიეს. ცხადია, რომ სოციალურად დაუცველები არიან მოსახლეობის ის ნაწილი, რომელიც ცხოვრობს სიღარიბის ზღვარს მიღმა და ფიზიკური გადარჩენისთვის სახელმწიფოსგან საარსებო შემწეობას საჭიროებს.

გრაფიკი 2:საარსებო შემწეობის მიმღები მოსახლეობის რაოდენობა და მათი წილი მთლიან მოსახლეობასთან

წყარო: სოციალური მომსახურების სააგენტო

გრძელვადიან პერიოდში, აბსოლუტური სიღარიბის შემცირებაზე მნიშვნელოვანი გავლენა იქონია, როგორც ეკონომიკური პარამეტრების გაუმჯობესებამ, ასევე სოციალურმა დახმარებებმა. მოსახლეობის მაღალი წილი აბსოლუტურ სიღარიბეს სოციალური შემწეობებით [ბავშვის ფულადი დახმარება, საარსებო შემწეობა და ა.შ.] აღწევს თავს, თუმცა ისინი რჩებიან მოწყვლად ჯგუფად - ზოგად სიღარიბეში.

სიღარიბის შემცირებაზე მნიშვნელოვანი გავლენა აქვს ემიგრანტების გზავნილებსაც. თუ 2012 წელს ფულადი გზავნილების მოცულობა 1.3 მლრდ დოლარს შეადგენდა, 2021 წელს ის 1 მლრდ-ით გაიზარდა და 2.3 მლრდ-ს გადააჭარბა. 2022 წელს გზავნილები თითქმის გაორმაგდა და 2023 წელს მცირედით შემცირდა, თუმცა ამ შემთხვევაში სურათზე გავლენა რუსეთ-უკრაინის ომის შედეგად რუსეთიდან გაზრდილმა მიგრანტთა ნაკადმა იქონია. ეროვნული ბანკი ფულადი გზავნილის მიმღებებს მოქალაქეების მიხედვით არ აღრიცხავს. შესაბამისად, ვერ დგინდება, რუსეთის შემთხვევაში, რუსეთისა და საქართველოს მოქალაქეებზე თანხა რა პროპორციით ნაწილდება.

2013-2023 წლებში საქართველოს მოქალაქეების უარყოფითმა მიგრაციულმა სალდომ 285 ათასს გადააჭარბა. ბოლო პერიოდში მიგრაციული პროცესი დაჩქარდა. მხოლოდ 2022-2023 წლებში ქვეყანა 118 ათასით მეტმა საქართველოს მოქალაქემ დატოვა, ვიდრე დაბრუნდა. ემიგრაციის ერთ-ერთი ძირითადი მიზეზი სწორედ ოჯახების მძიმე სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობაა.

მთლიანობაში შეიძლება ითქვას, რომ „ქართული ოცნების“ მმართველობის პირობებში სიღარიბე ნამდვილად შემცირდა თითქმის 700 ათასით, 30%-დან 11.8%-მდე, თუმცა იგივე მაჩვენებელი წინა ხელისუფლების დროსაც მცირდებოდა (2010-2012 წლებში 37.3%-დან 30%-მდე რაც რიცხობრივად 300 ათასიანი კლებაა 1.4 მლნ-დან 1.1 მლნ-მდე). გარდა ამისა, აბსოლუტურ სიღარიბიდან ამოსულთა ნაწილი კვლავ ღარიბად რჩება, ამასთან აბსოლუტური სიღარიბის შემცირებაში მშპ-ის ზრდასთან ერთად გავლენა სოციალური დახმარებებისა და საზღვარგარეთიდან ფულადი გზავნილების ზრდამაც იქონია. სწორად დასახელებული რიცხვებისა და სათანადო განმარტებების არ ქონის გათვალისწინებით, რაც შედეგების მცდარად ინტერპრეტირების შესაძლებლობას ტოვებდა, „ფაქტ-მეტრმა“ მთავრობის განცხადება შეაფასა როგორც ნახევრად სიმართლე.


პერსონები

მსგავსი სიახლეები

5648 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
26%
სიმართლე
16%
ტყუილი
12%
მეტწილად სიმართლე
10%
ნახევრად სიმართლე
7%

ყველაზე კითხვადი

ყველა სტატია