არჩევნებში ამომრჩეველთა მაქსიმალური მონაწილეობის უზრუნველყოფა, როგორც ქვეყნის შიგნით, ისე საზღვარგარეთ, ცენტრალური საარჩევნო კომისიის ვალდებულება და ამავდროულად, მისი გაცხადებული მიზანია. ამ მიზნის მიღწევის ერთ-ერთ აუცილებელ წინაპირობას მოქალაქეთათვის საარჩევნო უბნებზე ხელმისაწვდომობის გარანტირება წარმოადგენს. საზღვარგარეთ მცხოვრები საქართველოს მოქალაქეები პრობლემებს სწორედ საარჩევნო უბნების ხელმისაწვდომობის ნაწილში აწყდებიან.

დამკვიდრებული პრაქტიკის მიხედვით, საარჩევნო უბნები საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობებში ან საქართველოს საკონსულო დაწესებულებებში იხსნება. ვინაიდან, ხშირ შემთხვევაში, დიპლომატიური წარმომადგენლობების და საკონსულო დაწესებულებების ადგილსამყოფელი სახელმწიფოს დედაქალაქებშია განთავსებული, იმ ამომრჩევლისთვის, რომლებიც დიპლომატიური წარმომადგენლობის ადგილსამყოფელი ქალაქიდან შორს ცხოვრობენ, საარჩევნო უბანზე მისვლა და ხმის მიცემა, დამატებითი, ხშირად, საკმაოდ დიდი ფინანსური და დროითი რესურსის გაღებას უკავშირდება.

საქართველოში საარჩევნო პროცესს, ასევე, საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაციის უფლებამოსილებებსა და ვალდებულებებს საქართველოს საარჩევნო კოდექსი არეგულირებს. კოდექსის თანახმად, „სხვა სახელმწიფოში საარჩევნო უბნებს ქმნის ცესკო არჩევნების დღემდე არაუგვიანეს 30-ე დღისა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მონაცემების საფუძველზე, არანაკლებ 50 და არაუმეტეს 3 000 ამომრჩევლისათვის“.

პოლიტიკურმა პარტიებმა და სამოქალაქო საზოგადოებამ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს და საქართველოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიას საარჩევნო უბნების იმ ქალაქებში გახსნის საფუძვლის შექმნისკენ მოუწოდა, სადაც მათი მითითებით, ამომრჩეველთა რაოდენობა უბნის შექმნისთვის კანონით დადგენილ მოთხოვნებს აკმაყოფილებს. ერთ-ერთი კამპანიის - „საარჩევნო ყუთი შენს ქალაქში“ - ფარგლებში, საგარეო საქმეთა სამინისტროსა და ცესკოში მოქალაქეებმა რამდენიმე ქალაქიდან უბნის გახსნის მოთხოვნით ხელმოწერები გაგზავნეს, თუმცა ამ ფაქტს სამართლებრივი მსვლელობა იმ არგუმენტაციით არ მიეცა, რომ უბნების გახსნის საკითხს საარჩევნო კანონმდებლობაში გაწერილი პროცედურა განსაზღვრავს.

ცესკოს განმარტებით, სხვა სახელმწიფოში საარჩევნო უბნების შექმნის შესახებ გადაწყვეტილება, რომელსაც ცესკო შესაბამის სხდომაზე იღებს, საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ მიწოდებულ მონაცემებს ეყრდნობა. საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ ცესკოსთვის მიწოდებული ინფორმაცია იმ ამომრჩეველთა შესახებ მონაცემებს შეიცავს, რომელნიც საქართველოს საკონსულო აღრიცხვაზე დგანან. უფრო რომ დავაკონკრეტოთ, ცესკოს საგარეო საქმეთა სამინისტროდან ეგზავნება ინფორმაცია იმის შესახებ, თუ რამდენი ადამიანი დადგა აღრიცხვაზე კონკრეტულ საკონსულოში, რათა აღნიშნულზე დაყრდნობით, ცესკომ უბნის გახსნის შესახებ გადაწყვეტილება მიიღოს.

ამ პრაქტიკის ფარგლებში ცესკო საგარეო საქმეთა სამინისტროდან ინფორმაციას იმის თაობაზე იღებს, თუ რომელი ქვეყნის რომელ ქალაქში განთავსებულ საკონსულოს საქართველოს რამდენი მოქალაქე ჰყავს აღრიცხვაზე. ეს ინფორმაცია კი დიფერენცირებული არ არის მოქალაქეთა ფაქტობრივი საცხოვრებელი ადგილის მიხედვით და, შესაბამისად, ცესკოს არ აქვს ინფორმაცია საკონსულოს / დიპლომატიური წარმომადგენლობის ადგილმდებარეობის ქალაქიდან მოშორებით მცხოვრებ მოქალაქეთა რაოდენობისა და მათთვის უბნის გახსნის საჭიროების შესახებ. ამ პრაქტიკის კანონთან შესაბამისობის გადასამოწმებლად ორ უმთავრეს შეკითხვას უნდა ვუპასუხოთ - პირველი, მართლაც არის, თუ - არა ცესკო შეზღუდული, საარჩევნო უბნები მხოლოდ დიპლომატიური წარმომადგენლობებისა და საკონსულო დაწესებულებების ფარგლებში გახსნას? და მეორე, თუ ცესკოს კანონმდებლობა ამგვარ შეზღუდვას არ უდგენს, საიდან და როგორ უნდა მოიძიოს ცესკომ ინფორმაცია დიპლომატიური წარმომადგენლობებისა და საკონსულო დაწესებულებებისგან შორს მყოფ ქალაქებში მცხოვრები ადამიანების საჭიროებების შესახებ?

არის, თუ - არა ცესკო შეზღუდული, საარჩევნო უბნები მხოლოდ დიპლომატიური წარმომადგენლობებისა და საკონსულო დაწესებულებების ფარგლებში გახსნას?

ცესკო და ასევე, ხელისუფლების წარმომადგენლები საარჩევნო უბნის გახსნასა და საკონსულო ერთეულის გახსნას შორის ტოლობის ნიშანს სვამენ, თუმცა აღნიშნულის სამართლებრივ საფუძველს არ განმარტავენ (იხ. ბმული 1, ბმული 2). აღნიშნული უმეტესწილად, იმ პრაქტიკას ეფუძნება, რომლის მიხედვითაც, ცესკომდე მხოლოდ ის ინფორმაცია აღწევს, თუ რომელ საკონსულოში რამდენი მოქალაქე აღირიცხა.

რეალურად, საქართველოს საარჩევნო კოდექსის საქართველოს კანონმდებლობასთან სისტემური ანალიზის შედეგად, ნათელი ხდება, რომ საქართველოს კანონმდებლობა საარჩევნო ადმინისტრაციას არ ზღუდავს საარჩევნო უბნები საკონსულო და დიპლომატიური ერთეულების მიღმაც შექმნას. უფლებამოსილების ამჟამინდელი ინტერპრეტაციის ფარგლებში კი, საზღვარგარეთ მცხოვრები საქართველოს მოქალაქეები საარჩევნო უფლების რეალიზების ჯეროვანი შესაძლებლობის გარეშე რჩებიან.

რომც დავუშვათ, რომ საარჩევნო უბნის შექმნა დიპლომატიური წარმომადგენლობისა თუ საკონსულო დაწესებულების მიღმა დაუშვებელია, ხელისუფლებას არ აქვს პასუხი იმის თაობაზე, თუ რატომ არ არის შესაძლებელი კონკრეტულმა დიპლომატიურმა წარმომადგენლობამ თუ საკონსულომ ადგილსამყოფელი ქვეყნის კონკრეტულ ქალაქში უბნის მოსაწყობად ფართი იქირავოს და მოქალაქეთათვის ხმის მიცემის შესაძლებლობა ამგვარად უზრუნველყოს.

საიდან და როგორ უნდა მოიძიოს ცესკომ ინფორმაცია დიპლომატიური წარმომადგენლობებისა და საკონსულო დაწესებულებებისგან შორს მყოფ ქალაქებში მცხოვრები ადამიანების საჭიროებების შესახებ?

როგორც ზემოთ აღინიშნა, საარჩევნო კოდექსის თანახმად, ცესკო სხვა სახელმწიფოში საარჩევნო უბნებს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მონაცემების საფუძველზე, არანაკლებ 50 და არაუმეტეს 3 000 ამომრჩევლისათვის ქმნის.

საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ ცესკოსთვის მიწოდებული ინფორმაცია იმ ამომრჩეველთა შესახებ მონაცემებს შეიცავს, რომლებიც საქართველოს საკონსულო აღრიცხვაზე დგანან. მნიშვნელოვანია, რომ ამგვარი განმარტებაც პრაქტიკით არის დამკვიდრებული და არა საკანონმდებლო რეგულირებით - კანონი არ ზღუდავს საგარეო საქმეთა სამინისტროს, რომ მონაცემებში, რომელსაც ის ცესკოს უგზავნის, მხოლოდ საკონსულო აღრიცხვაზე მდგომი მოქალაქეები იგულისხმოს ან ცესკოს მონაცემები იმ ფორმით მაინც მიაწოდოს, თუ რომელ ქალაქებში ცხოვრობენ ფაქტობრივად საკონსულო აღრიცხვაზე მყოფი მოქალაქეები.

საარჩევნო კოდექსი საკონსულო აღრიცხვაზე დადგომას არჩევნებში მონაწილეობის წინაპირობად არ განიხილავს და საარჩევნო სიის ფორმირების ნაწილში პირდაპირ ქმნის შესაძლებლობას, იმ მოქალაქეებისთვისაც კი, ვინც უცხოეთში არალეგალურად იმყოფება. კერძოდ, უცხოეთში მყოფ საქართველოს მოქალაქეებს, არალეგალურად ყოფნისა თუ სავიზო/უვიზო რეჟიმების პირობების დარღვევის შემთხვევაშიც კი, აქვთ უფლება მათ ადგილსამყოფელ ქალაქში გახსნილ საარჩევნო უბანზე დარეგისტრირდნენ არჩევნებამდე არაუგვიანეს მე-19 დღისა. 2024 წლის არჩევნები 26 ოქტომბერს ტარდება. უცხოეთში უბნის გახსნა, სარჩევნო კოდექსის მიხედვით, ხდება არჩევნებამდე არაუგვიანეს 30-ე დღისა და აქედან მოყოლებული 7 ოქტომბრის ჩათვლით, მოქალაქეს უკვე გახსნილ უბანზე დარეგისტრირება შეუძლია.

გამოდის, რომ იმ პირობებში, როდესაც ცესკო უბნის გახსნის შესახებ გადაწყვეტილებას საკონსულო აღრიცხვაზე დამდგარი ადამიანების რაოდენობაზე დაყრდნობით იღებს, ის ვერასდროს იქნება ინფორმირებული დიპლომატიური წარმომადგენლობებისა თუ საკონსულოებისგან შორს მყოფ ქალაქებში მცხოვრებ საქართველოს მოქალაქეების საჭიროების, კერძოდ, საარჩევნო უბნის გახსნის შესახებ. მეტიც, აღნიშნული ადამიანების მცდელობას, მიაწვდინოს ხმა კონკრეტულ ქალაქში საარჩევნო უბნის შექმნის საჭიროების შესახებ, ცესკო ყურადღების მიღმა იმ საფუძვლით დატოვებს, რომ მას ინფორმაცია აუცილებლად საგარეო საქმეთა სამინისტროსგან უნდა მიეღო. საარჩევნო კოდექსი ცესკოსა და საგარეო საქმეთა სამინისტროს შორის ამგვარ იერარქიას არ ითვალისწინებს, პირიქით, სწორედ ცესკოა ის ორგანო, რომელმაც არჩევნებში მოქალაქეთა მაქსიმალური რაოდენობის წარმოდგენა უნდა უზრუნველყოს. მეტიც, კანონი არ ზღუდავს ცესკოს თავად გამოითხოვოს დამატებითი ინფორმაცია, კერძოდ, მონაცემები საგარეო საქმეთა სამინისტროდან და ამ მონაცემების საფუძველზე უბნის გახსნის საჭიროების შესახებ მიიღოს გადაწყვეტილება.

რეალურად, ცესკოს პოზიცია საარჩევნო უბნების გახსნის პროცედურებთან დაკავშირებით, აქამდე არსებულ მანკიერ პრაქტიკას ეფუძნება. ამასთან, კანონმდებლობიდან გამომდინარე, ცესკოს აქვს უფლებამოსილება და ვალდებულება მოქალაქეთათვის ხმის მიცემის შესაძლებლობა მაქსიმალურად უზრუნველყოს. ამისთვის საჭიროა, რომ მან იხელმძღვანელოს არა დამკვიდრებული მანკიერი პრაქტიკით, არამედ კანონმდებლობით და მისთვის მინიჭებული უფლებამოსილებით, რათა პრაქტიკაში არსებული ხარვეზები აღმოფხვრას.

მაგალითად, თეორიულად, თუ ცესკოს საზღვარგარეთ მცხოვრები საქართველოს 300 მოქალაქე (არა საკონსულო აღრიცხვაზე მდგომი და არარეგისტრირებული პირი) არჩევნებში მონაწილეობის უფლების რეალიზების თხოვნით, იმ დათქმით მიმართავს, რომ ამ 300 მოქალაქეს ხმის მიცემა არა საკონსულოს ტერიტორიაზე, არამედ იმ ქალაქში სურს, სადაც მუდმივად ცხოვრობს, ცესკოს შეუძლია ინფორმაცია შესაბამის უწყებებში, ამ შემთხვევაში, საგარეო საქმეთა სამინისტროში გადაამოწმოს და საგარეო საქმეთა სამინისტროდან მიღებული ინფორმაციის საფუძველზე უბნის გახსნის შესახებ მიიღოს გადაწყვეტილება.


მსგავსი სიახლეები

5648 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
26%
სიმართლე
16%
ტყუილი
12%
მეტწილად სიმართლე
10%
ნახევრად სიმართლე
7%

ყველაზე კითხვადი

ყველა სტატია