2024 წლის 2 ივლისს, ბუქარესტში ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის ყოველწლიურ სესიაზე სიტყვით გამოსვლისას საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ და ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეაში საქართველოს დელეგაციის ხელმძღვანელმა, ნიკოლოზ სამხარაძემ, საპარლამენტო ასამბლეის რეზოლუციაში - „ეუთო-ს როლი მიმდინარე უსაფრთხოების არქიტექტურაში: საპარლამენტო პერსპექტივა“ - საქართველოსთან დაკავშირებით დამატებულ შესწორებებზე ისაუბრა (ნიკოლოზ სამხარაძის სიტყვით გამოსვლის ორიგინალი ვერსია ინგლისურ ენაზე იხილეთ ბმულზე (2:25:00-დან)). მისი განცხადებით, „სხვაგვარად ძალიან დაბალანსებულ და კარგ რეზოლუციებში რამდენიმე შესწორების შეტანით, საქართველოზე უსაფუძვლო თავდასხმა განხორციელდა“. თავის განცხადებაში ნიკოლოზ სამხარაძე ოთხ საკითხს შეეხო: საქართველო-რუსეთის კონფლიქტთან დაკავშირებით ეუთო-ს საპარლამენტო რეზოლუციაში დაინიციირებული დამატება და რუსეთის ოკუპაციასთან დაკავშირებით მის მიერ დაყენებული ჩასწორება; „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ შესახებ კანონთან დაკავშირებით რეზოლუციაში ჩანაწერი; საქართველოს არჩევნებთან დაკავშირებით რეზოლუციაში ჩანაწერი და საქართველოში პოლარიზაციასთან დაკავშირებით რეზოლუციაში ჩანაწერი.

1. განცხადების ნაწილი საქართველო-რუსეთის კონფლიქტის შესახებ დამატების შესახებ:

„მიუხედავად ყველაფრისა, ყველა ეს ცვლილება არ არის ჩვენთვის ისეთი მწვავე, როგორიც ის, რომელიც საქართველო-რუსეთის კონფლიქტს ეხება. მე თვითონ რომ არ ვყოფილიყავი ამ პროცესის თვითმხილველი, ვიფიქრებდი, რომ ეს შესწორება და მისი ფორმულირება რუსეთის დუმის წევრებისგან მოდიოდა, მაგრამ შემდეგ გამახსენდა, რომ რუსები აქ არ არიან. ტექსტის ისეთი ფორმულირება, როგორიც დაემატა პარაგრაფს რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციასთან დაკავშირებით არის ზუსტად იმგვარი, როგორსაც რუსეთი, ბოლო 16 წელია ცდილობს წარმოაჩინოს ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებებში - რომ თითქოს რუსეთი არ არის კონფლიქტის მხარე და მე ვციტირებ ტექსტს შესწორებიდან - თბილისის მიერ კონტროლირებადი საქართველოს, აფხაზეთისა და ოსეთის შერიგებაა საჭირო. აბზაცში წერია, რომ კონფლიქტში სამი მხარეა - უცნაურად კონსტრუირებული ტერმინი, თბილისის მიერ კონტროლირებადი საქართველო, აფხაზეთი და ოსეთი. აქამდე მეგონა, რომ ეს ორგანიზაცია აღიარებდა მხოლოდ ერთ საქართველოს - საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში და ვფიქრობდი, რომ ბოლო 4 წელია, სწორედ ასეთ ორგანიზაციას წარმოვადგენდი. ახლა, როგორც ჩანს, ამ ასამბლეას ჰგონია, რომ არსებობს თბილისის მიერ კონტროლირებადი საქართველო (აბსოლუტურად მიუღებელი ტერმინი), ერთი მხრივ და აფხაზეთი და ოსეთი, მეორე მხრივ. ეს ყველაფერი, რბილად რომ ვთქვათ, ძალიან გულსატკენია. ცვლილება ასევე გულისხმობს იმას, რომ რუსეთი ცდილობს კონფლიქტის მოგვარებას სხვადასხვა არხით, რაც ასევე დეზინფორმაციაა და ჟენევის ფორმატში რუსეთის დესტრუქციული ქცევის „სახის შენახვას“ გულისხმობს. ეს ყველაფერი სერიოზულად შემაშფოთებელია, თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ ეუთო არის ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების თანათავმჯდომარე და ამერიკის შეერთებული შტატები (რომლის წარმომადგენლებიც არიან ამ ცვლილების ავტორები) არის ჟენევის ფორმატის წევრი და ჩემი ქვეყნის სტრატეგიული პარტნიორი. სიტყვების ამგვარი ფორმულირებით რეზოლუციაში შეტანა ეწინააღმდეგება საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და ეუთო-სა და ამერიკის შეერთებული შტატების გაცხადებულ პოლიტიკას“.

ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის რეზოლუციაში წარდგენილი დამატების ტექსტი შემდეგნაირად ჟღერდა: „[რეზოლუცია] აღნიშნავს რუსეთის მიერ საქართველოს რეგიონების აფხაზეთისა და ცხინვალის/სამხრეთ ოსეთის მიმდინარე ოკუპაციას, რომელიც არღვევს საქართველოს დამოუკიდებლობას, სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში და იმეორებს, რომ შერიგება რჩება თბილისის მიერ კონტროლირებად საქართველოსა და ოკუპირებულ აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთს შორის პრიორიტეტად რეგიონული მშვიდობისა და ადამიანური უსაფრთხოებისთვის, მაგრამ დამატებით აღნიშნავს, რომ ნებისმიერი რუსეთის ფედერაციის მიერ მიღწეული ან მხარდაჭერილი ნებისმიერი შეთანხმება გამოიწვევს მოსკოვის ფარულ ან აშკარა დომინირებას და აუცილებლად ძირს გამოუთხრის საქართველოს სუვერენიტეტსა და შერიგების შესაძლებლობებს (ქართული თარგმანი შესრულებულია „ფაქტ-მეტრის“ მიერ, იხილეთ ინგლისური ორიგინალი: Recalling the ongoing Russian occupation of the Georgian regions of Abkhazia and Tskhinvali/South Ossetia, which continues to violate Georgia’s independence, sovereignty and territorial integrity within its internationally recognized borders, and reiterating that reconciliation between Tbilisi-controlled Georgia and occupied Abkhazia and South Ossetia remains a priority for regional peace and human security, but further noting that any arrangement brokered of supported by the Russian Federation would invite the implicit or explicit dominion of Moscow and inevitably undermine Georgian sovereignty and opportunities for reconciliation).

აღნიშნული ჩანაწერი მართლაც ბუნდოვანი და არათანმიმდევრულია და მისი ნაწილი საქართველოსთვის მიუღებელ ფორმულირებას შეიცავს. კერძოდ, პარაგრაფი იწყება რუსულ ოკუპაციაზე ხაზგასმით და საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერით, ხოლო შემდგომ საუბრობს „თბილისის მიერ კონტროლირებად საქართველოსა“ და „ოკუპირებულ აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთს“ შორის შერიგების პრიორიტეტულობას, და შემდგომ აღნიშნულ მხარეებს შორის რუსეთის მიერ მიღწეული ან მხარდაჭერილი პოტენციური შეთანხმების საფრთხეზე საუბრობს. პარაგრაფის პირველი და მეორე ნაწილიც კი ერთმანეთთან შეუსაბამოა. ასევე, ბუნდოვანია ჩანაწერი რუსეთის მიერ პოტენციურად შეთანხმების მიღწევის შესახებ, განსაკუთრებით იმ ფონზე, რომ მსგავსი ფორმულირება ან შინაარსი აქამდე რუსული ოკუპაციის შესახებ საერთაშორისო ორგანიზაციების ტექსტებში არ გამოიყენებოდა.

ნიკოლოზ სამხარაძის განცხადების მოცემული მონაკვეთის დანარჩენი ნაწილებიც სიმართლეა, ტერმინი - თბილისის მიერ კონტროლირებადი საქართველო, საქართველოსთვის აბსოლუტურად მიუღებელია, რადგან კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს მის ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს. ასევე ფორმულირება თბილისის მიერ კონტროლირებადი საქართველოს, აფხაზეთისა და ოსეთის შერიგება არასწორად წარმოაჩენს, რომ კონფლიქტში სამი მხარეა და შემდგომი ფორმულირება კი, რუსეთს, როგორც პოტენციურად მოცემულ სამ მხარეს შორის, მომლაპარაკებლად წარმოაჩენს. ნიკოლოზ სამხარაძე სწორად აღნიშნავს, რომ ეს რუსული მხარისთვის მისაღები ფორმულირებებია და დეზინფორმაციას წარმოადგენს.

ასევე სიმართლეს შეესაბამება განცხადების ის ნაწილებიც, რომ სიტყვების ამგვარი ფორმულირებით რეზოლუციაში შეტანა ეწინააღმდეგება საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და ეუთო-სა და ამერიკის შეერთებული შტატების გაცხადებულ პოლიტიკას. აშშ-ს წარმომადგენლები ხშირად აღნიშნავენ და ასევე მსგავსი პოზიციები ფიქსირდება აშშ-სა და ეუთო-ს ოფიციალურ დოკუმენტებში, რომ ისინი აღიარებენ საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და კონფლიქტზე პასუხისმგებლობას რუსეთს აკისრებენ. მათ შორის, ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის აღნიშნულ რეზოლუციაში ნათქვამია:

„[რეზოლუცია] იმეორებს ევროკავშირის შუამდგომლობით მიღწეული 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების შესაბამისად რუსეთის შეიარაღებული ძალების საქართველოს ოკუპირებული აფხაზეთისა და ცხინვალის/სამხრეთ ოსეთის რეგიონებიდან დაუყოვნებლივი და უპირობის გაყვანის შესახებ მოწოდებას,“ (ქართული თარგმანი შესრულებულია „ფაქტ-მეტრის“ მიერ, ინგლისური ორიგინალი იხილეთ რეზოლუციაში (გვერდი 7, პარაგრაფი 59))“

„[რეზოლუცია] ხაზს უსვამს აქტიური ჩართულობის გაგრძელების აუცილებლობას, განსაკუთრებით ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების ფარგლებში რუსეთის ფედერაციასა და საქართველოს შორის კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების მისაღწევად, საქართველოს დამოუკიდებლობის, სუვერენიტეტისა და საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში ტერიტორიული მთლიანობის სრული პატივისცემით“ (ქართული თარგმანი შესრულებულია „ფაქტ-მეტრის“ მიერ, ინგლისური ორიგინალი იხილეთ რეზოლუციაში (გვერდი 7, პარაგრაფი 60)).

„[რეზოლუცია] გმობს რუსეთის მიერ ოკუპირებულ საქართველოს აფხაზეთისა და ცხინვალის/სამხრეთ ოსეთის რეგიონებში ჰუმანიტარული და ადამიანის უფლებების სიტუაციის გაუარესებას, რაც შედეგია იქ მცხოვრებთა ფუნდამენტური თავისუფლებებისა და ადამიანის უფლებების დარღვევების, ეთნიკური ქართველების წინააღმდეგ დისკრიმინაციის სხვადასხვა ფორმის, ისევე როგორც რუსეთის ფედერაციის მიმდინარე ოკუპაციისა და „რუსიფიკაციის“ პოლიტიკის პირდაპირ შედეგად ორივე რეგიონში ქართული კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებიდან ქართული ნიშნების შეცვლისა და მოსპობისა“ (ქართული თარგმანი შესრულებულია „ფაქტ-მეტრის“ მიერ, ინგლისური ორიგინალი იხილეთ რეზოლუციაში (გვერდი 20, პარაგრაფი 171)).

აღსანიშნავია, რომ მოცემული ჩანაწერი ეუთო-ს საპარლამენტო რეზოლუციის საბოლოო ტექსტში არ შესულა. ნიკოლოზ სამხარაძემ განცხადება ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეაზე 2 ივლისს გააკეთა. 3 ივლისის სხდომაზე კენჭისყრის დროს, საქართველოს დელეგაციიდან „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელმა, თინა ბოკუჩავამ, დააყენა შუამდგომლობა, რომ აღნიშნული პარაგრაფი ამოღებულიყო რეზოლუციიდან და განაცხადა, რომ საკითხი შეთანხმებული იყო აშშ-ის დელეგაციასთანაც (რომელიც დამატების ავტორი იყო). შესაბამისი კომიტეტის თავმჯდომარე და ამავდროულად აშშ-ის დეპუტატიც დაეთანხმა, რომ ჩანაწერის ამოღება მიზანშეწონილი და სწორი იყო. საპარლამენტო ასამბლეამ პარაგრაფის რეზოლუციის ტექსტიდან ამოღებას დაუჭირა მხარი და საბოლოოდ, ის საბოლოო რეზოლუციის ტექსტში აღარ მოხვდა.

როგორც ზემოთ ჩანს, ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის რეზოლუციის ტექსტში რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიის ოკუპაცია რამდენჯერმეა დაგმობილი, თუმცა ნიკოლოზ სამხარაძის განცხადების ნაწილი, სადაც ამბობს, რომ „უცნაური და საოცარია ისიც, რომ საქართველოს წინადადება - საქართველოს ტერიტორიების ოკუპაცია შესულიყო იმ ცვლილებაში, რომლებიც რუსეთის მავნე ქმედებებზე საუბრობს - უარყოფილი იქნა“, ასევე სიმართლეს შეესაბამება. ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პოლიტიკურ საქმეთა და უსაფრთხოების კომიტეტის 1 ივლისის სხდომაზე რეზოლუციის ტექსტი შესწორებების განხილვისას, ნიკოლოზ სამხარაძემ შესაბამისი ზეპირსიტყვიერი შესწორების შეტანის შუამდგომლობა დააყენა. განხილულ პარაგრაფში საქართველო-რუსეთის კონფლიქტი მიუღებელ ჭრილში არ იყო წარმოჩენილი - დაგმობილია რუსეთის თავდასხმა საქართველოს სუვერენიტეტსა და საქართველოს ხალხის დემოკრატიულ არჩევანზე:

„[რეზოლუცია] გმობს რუსეთის ფედერაციის ძალადობრივ იმპერიალისტურ და კოლონიურ ბუნებას, რომელიც მკაფიოდ არის გამოხატული მის გენოციდურ ომში უკრაინის წინააღმდეგ, მის მიერ ბელარუსის „რბილ“ ანექსიაში და მის აგრესიაში მოლდოვის რესპუბლიკის წინააღმდეგ, ისევე როგორც მის თავდასხმაში ქართველი და სომეხი ხალხების სუვერენიტეტსა და დემოკრატიულ არჩევანზე, და [რეზოლუცია] დამატებით მოუწოდებს ეუთო-ს წევრი სახელმწიფოების პარლამენტებს, რომ გასწიონ ძალისხმევა ქვეყნის შიგნით, რათა კრიტიკულად შეაფასონ რუსეთის ფედერაციის ქვეყნის შიდა რეპრესიები და გარე აგრესია, რომელიც გამოხატულია კრემლის იმპერიალისტურ მემკვიდრეობასა და კოლონიურ პოლიტიკებში“ (ქართული თარგმანი შესრულებულია „ფაქტ-მეტრის“ მიერ, ინგლისური ორიგინალი იხილეთ რეზოლუციაში (გვერდი 6, პარაგრაფი 49)). თუმცა ნიკოლოზ სამხარაძის ზეპირსიტყვიერი შესწორება გულისხმობდა იმგვარ ჩასწორებას, რომ უკრაინაში ომის, ბელარუსის „რბილი ანექსიისა“ და მოლდოვის რესპუბლიკის წინააღმდეგ რუსეთის აგრესიასთან ერთად ნახსენები იქნებოდა რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიების ოკუპაცია, ნაცვლად სომეხ ხალხთან ერთად ჩამონათვალში მოხსენიებისა (შეთავაზებული ფორმულირება ინგლისურ ვერსიაში შემდეგნაირად ჟღერდა: ... Deplores the violently imperial and colonial nature of the Russian Federation, which is on clear display in its genocidal war against Ukraine, and occupation of Georgian territories, its soft annexation of Belarus and its aggression against the Republic of Moldova, as well as in its attacks on the sovereignty and democratic choice made by the Armenian people…”).

ნიკოლოზ სამხარაძის მიერ შეთავაზებული შესწორება საქართველოში რუსეთის აგრესიის უფრო სწორი შეფასება იქნებოდა, მაგრამ ის ასამბლეამ არ გაითვალისწინა. ეს გასაკვირია, რადგან რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიის ოკუპაციის ხაზგასმა რეზოლუციის ტექსტის სხვა ნაწილებში გვხვდება. ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის რეგლამენტის წესებიდან გამომდინარე, თუ წარდგენილ ცვლილებაში ზეპირსიტყვიერი ცვლილების განხორციელებას ასამბლეის რომელიმე წევრი ეწინააღმდეგებოდა, ის არ იქნებოდა მიღებული და მას აშშ-ის დელეგაციის წარმომადგენელი შეეწინააღმდეგა.

შესაბამისად, ნიკოლოზ სამხარაძის განცხადების ნაწილს საქართველო-რუსეთის კონფლიქტთან დაკავშირებით „ფაქტ-მეტრი“ სიმართლედ აფასებს.

2. განცხადების ნაწილი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ შესახებ კანონთან დაკავშირებით:

„...მე ამას [პოლარიზაციის შესახებ ჩანაწერს] ვიღებ, როგორც მიზანმიმართულ თავდასხმას ჩემს ქვეყანაზე, რომ აღარაფერი ვთქვათ სხვა მრავალ ბრალდებაზე, თითქოს, მაგალითად, ახალი კანონი გამჭვირვალობის შესახებ შეზღუდავს სიტყვისა და შეკრების თავისუფლებას, რაც, პირდაპირ რომ ვთქვათ, ტყუილია. საფრანგეთმა და კანადამ, რომლებიც ასევე ამ ასამბლეის წევრები არიან, მიიღეს მსგავსი კანონები გასულ თვეში, მაგრამ მე არ მინახავს არც ერთი მათგანი ნახსენები რეზოლუციებში, რაც მაფიქრებინებს იმას, რომ აქაც შეგნებულად მოხდა საქართველოს გამოყოფა“.

ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის რეზოლუცია, გარდა ზემოთ მოცემული მონაკვეთისა, კიდევ ერთ მონაკვეთში „გამოხატავს სერიოზულ შეშფოთებას საქართველოს მთავრობის მიერ მიღებულ რუსული სტილის უცხოური აგენტების კანონზე“ (ქართული თარგმანი შესრულებულია „ფაქტ-მეტრის“ მიერ, ინგლისური ორიგინალი იხილეთ რეზოლუციაში (გვერდი 19, პარაგრაფი 158)).

ნიკოლოზ სამხარაძის განცხადებით, 1) ტყუილია, თითქოს „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ შესახებ კანონი შეზღუდავს სიტყვისა და შეკრების თავისუფლებას; და 2) საფრანგეთმა და კანადამაც გასულ თვეში მსგავსი კანონები მიიღეს, თუმცა რეზოლუციაში ისინი არ არიან ნახსენები, და ამიტომ, საქართველოს გამოყოფა შეგნებულად მოხდა.

განცხადების მოცემული ნაწილის პირველი მტკიცება მცდარია. „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ შესახებ კანონი საფრთხეს უქმნის და ართულებს არასამთავრობო ორგანიზაციებისა და მედიის მუშაობას. კანონის შესახებ ვენეციის კომისიის მოსაზრების თანახმად, კანონის მიერ გათვალისწინებული შეზღუდვების გამოხატვის თავისუფლების, გაერთიანების თავისუფლებისა (freedom of association) და პირადულობის შესახებ არ შეესაბამება ადამიანის უფლებათა ევროპულ კონვენციასა და საერთაშორისო პაქტში სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებების შესახებ განსაზღვრულ მკაცრ ტესტებს, თუ რა პირობებშია დასაშვები მსგავსი შეზღუდვების დაწესება - საქართველოს მიერ მიღებული კანონი კი ვერ აკმაყოფილებს ლეგალურობის, ლეგიტიმურობის, დემოკრატიულ საზოგადოებაში საჭიროებისა და პროპორციულობის მოთხოვნებს, ისევე როგორც ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის დისკრიმინაციის საწინააღმდეგო პრინციპს (ქართული თარგმანი შესრულებულია „ფაქტ-მეტრის“ მიერ, ინგლისური ორიგინალი იხილეთ ვენეციის კომისიის მოსაზრებაში (გვერდი 23, პარაგრაფი 96)). კანონის შესახებ ეუთო/ოდირი-ს (OSCE/ODIHR) მოსაზრებაშიც, საუბარია, რომ კანონი ზღუდავს გაერთიანებისა და გამოხატვის თავისუფლებებს. აღნიშნულიდან გამომდინარე, ორივე ორგანიზაციამ საქართველოს პარლამენტს აღნიშნული კანონის არმიღების/გაუქმების შესახებ მოუწოდა.

მეორე მტკიცება, თითქოს საფრანგეთმა და კანადამაც გასულ თვეში მსგავსი კანონები მიიღეს, ასევე ტყუილია. საფრანგეთმა 5 ივნისს მიიღო „საფრანგეთში უცხოური ჩარევის საწინააღმდეგო“ კანონი (ის საფრანგეთის ეროვნულმა ასამბლეამ 27 მარტს მიიღო, თუმცა ის შემდგომ სენატში დამტკიცებასაც საჭიროებდა და საბოლოო დამტკიცებამდე ტექსტში გარკვეული შესწორებები შევიდა, რათა პარლამენტის ორი პალატას კომპრომისული ტექსტი შეემუშავებინა; თუმცა კანონის ძირითადი ელემენტები თავდაპირველი ვერსიიდან უცვლელი დარჩა). კანონპროექტის დაინიციირებას წინ უძღოდა ანგარიში, რომელიც საფრანგეთის ეროვნულ ასამბლეასა და სენატში 2023 წლის 29 ივნისს დარეგისტრირდა. ანგარიში საფრანგეთის წინაშე არსებულ საფრთხეებს მიმოიხილავს და სწორედ ის დაედო საფუძვლად „საფრანგეთში უცხოური ჩარევის საწინააღმდეგო“ კანონპროექტის შემუშავებას. ანგარიში უმეტესწილად ეთმობა საფრანგეთისთვის არადემოკრატიული სახელმწიფოებიდან, განსაკუთრებით კი რუსეთიდან, მომავალ საფრთხეებს. რუსეთის გარდა, დასახელებულია სხვა არადემოკრატიული და დასავლური დემოკრატიების საწინააღმდეგოდ განწყობილი სახელმწიფოები - ჩინეთი, ირანი, მაროკო, კატარი, თურქეთი.

აღნიშნული კანონით შემოდის ტერმინი „უცხო სახელმწიფოს სახელით განხორციელებული გავლენის აქტივობის გამჭვირვალობა“. ეს კანონი მოითხოვს ციფრული რეესტრის შექმნას, რომელიც საფრანგეთის მოქალაქეებს ინფორმაციას უცხო სახელმწიფოს ინტერესების წარმოდგენის აქტივობების შესახებ მიაწვდის. ამავდროულად, კანონი ითვალისწინებს ალგორითმულ სისტემაზე დაყრდნობით, უცხო სახელმწიფოს ჩარევის, ან ჩარევის მცდელობის კონტროლს.

კანონის თანახმად, უცხო სახელმწიფოს ინტერესების წარმოდგენის აქტივობები ნიშნავს ფიზიკური ან იურიდიული პირის მიერ უცხო ძალის ბრძანებით, მოთხოვნით, დირექტივით ან კონტროლქვეშ განხორციელებულ შემდეგ ქმედებებს/აქტივობებს: 1) საჯარო გადაწყვეტილების მიღებაზე გავლენის მოხდენა შესაბამის პირებთან კომუნიკაციის გზით, განსაკუთრებით თუ ეს შეეხება კანონს ან რეგულაციურ აქტს; 2) ჩაატარო ნებისმიერი სახის საჯარო აქტივობა; 3) მიიღო დაფინანსება ან გასცე დაფინანსება

უცხოურ ძალად კანონი თვლის - 1) უცხო სახელმწიფოებს, გარდა ევროკავშირის ქვეყნებისა; 2) იურიდიულ პირებს, რომლებიც პირდაპირ ან არაპირდაპირ არიან მართული ან კონტროლირებული უცხოური სახელმწიფოს მიერ, ან რომელთა ფინანსების ნახევარზე მეტი შეადგენს ასეთი უცხო ძალის მიერ მიღებულ ქონებას; 3) უცხოური პოლიტიკური პარტიებსა და ჯგუფებს.

ფრანგული კანონი აქცენტს აკეთებს არა მხოლოდ შემოსავლის წყაროზე, როგორც ქართული კანონი, არამედ შემოსავლის მიზნობრიობაზე. კანონპროექტში ჩამოთვლილია მთელი რიგი ქმედებებისა, რა შემთხვევაშიც შეეხება კანონი ორგანიზაციასა თუ ფიზიკურ პირს. ეს ქმედებები კი ძირითადად ლობისტურ საქმიანობას ეხება, რადგან საუბარია უცხო სახელმწიფოს მხრიდან ორგანიზაციისა თუ ფიზიკური პირის პირდაპირ კონტროლზე და მისივე დირექტივების შესაბამისად მოქმედებაზე. ვინაიდან კანონი ეფუძნება ანგარიშს რომლითაც საფრანგეთისთვის მთავარ საფრთხედ რუსეთი (ასევე სხვა არადემოკრატიული სახელმწიფოები) და მისგან მომავალი საფრთხეებია დასახელებული, ამასთანავე ფრანგული კანონპროექტი აქტივობების მიხედვით რეგულირებას გულისხმობს, ხოლო ქართული ნებისმიერი მიღებული უცხოური დაფინანსების გამო თვლის ორგანიზაციას უცხოური ძალის ინტერესების გამტარებლად, ქართულ და ფრანგულ კანონპროექტებს შორის არსებითი განსხვავებაა. ამ საკითხზე კომენტარი გააკეთა საფრანგეთის ელჩმა საქართველოში შერაზ გასრიმ - მან აღნიშნა, რომ ქართული და ფრანგული კანონპროექტები ერთმანეთის ანალოგია არ არის.

რაც შეეხება კანადის მაგალითს, კანადაში ინიციირებული კანონმდებლობა მასშტაბური საკანონმდებლო ცვლილებების ნაწილია, რომელთა მიზანიც უცხოური ჩარევისგან კანადის უსაფრთხოების უზრუნველყოფაა. აღნიშნული აუცილებლობა დღის წესრიგში ჯერ კიდევ 2019 წელს დადგა, როდესაც ჩინეთი, კანადაში წარმოებული გამოძიების მიხედვით, რომელსაც მოსამართლე მარი-ჟოზე ჰოგი ხელმძღვანელობს, სავარაუდოდ, 2019 წელს ლიბერალური პარტიის ნომინაციის პროცესში ჩაერია. მთავრობის მიერ მომზადებული Bill c-70 საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტის ნაწილია, რომლის მიზანიც კანადური დემოკრატიის უსაფრთხოების უზრუნველყოფაა. მის მოსამზადებლად კანადის სახელმწიფო 1 წლის განმავლობაში ატარებდა კონსულტაციებს დაინტერესებულ მხარეებთან.

კანადის სახელმწიფო საკანონმდებლო ცვლილებების ინიციირებას შემდეგნაირად ასაბუთებს - საგარეო ჩარევა მოიცავს მავნე აქტივობებს, რომლებიც ხორციელდება კანადის ინტერესების საზიანოდ უცხო სახელმწიფოს ან უცხო სახელმწიფოს სახელით მოქმედი პირების მიერ, ხორციელდება ფარულად, შეცდომაში შეყვანითა და პირისათვის საფრთხის შექმნით, უცხო ძალასთან შეთანხმებით, უცხო ძალის ინტერესების შესაბამისად. საგარეო ჩარევა საფრთხეს უქმნის ხელისუფლების ყველა დონეს, კერძო სექტორს, აკადემიას, დიასპორას, თემსა და ზოგადად საზოგადოებას.

საკანონმდებლო ინიციატივა მოიცავს უცხოური გავლენის გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების აქტს (Foreign Influence Transparency and Accountability Act (FITAA)), რომლის საფუძველზეც იქმნება უცხოური გავლენის გამჭვირვალობის რეესტრი. რეესტრის ზედამხედველობა უცხოური გავლენის გამჭვირვალობის დამოუკიდებელი კომისრის ვალდებულება იქნება და მის მიზანს წარმოადგენს: 1. უცხო ძალის (უცხო სახელმწიფო ან სახელმწიფო მფლობელობაში მყოფი ბიზნესი) სახელით მოქმედი პირების საქმიანობის გამჭვირვალობის უზრუნველყოფა; 2. იმ პირების პასუხისმგებლობა, ვინც უცხო ძალის სახელით ფარულად / გაუმჭვირვალედ მოქმედებს.

მოცემული კანონმდებლობა გულისხმობს ინდივიდუალური პირებისა და იურიდიული პირების იმ აქტივობების რეგისტრაციას, რომლებიც მათ უცხო ძალასთან შეთანხმებით და, მათი ინტერესებიდან გამომდინარე, ხელისუფლებასა და პოლიტიკურ პროცესზე გავლენის მოხდენის მიზნით განახორციელეს. კანონპროექტის ტექსტი განმარტავს შეთანხმების იმ შინაარსსაც, რა შემთხვევაშიც ეს შეთანხმება უცხო ძალასთან შეთანხმებად და დასარეგისტრირებელ აქტივობად უნდა მივიჩნიოთ. კანონპროექტის მიხედვით, უცხო ძალასთან შეთანხმება არის იმგვარი შეთანხმება, როდესაც პირი იღებს ვალდებულებას, უცხო ძალის მითითებით ან მასთან ასოცირებით (ასოცირება გულისხმობს ფორმალურ სამუშაო ურთიერთობას, რომელიც მოიცავს რეგულარულ კონსულტაციებს), განახორციელოს პოლიტიკურ და სახელისუფლებო პროცესებთან დაკავშირებული შემდეგი აქტივობები: ა) საჯარო თანამდებობის პირთან კომუნიკაცია; ბ) იმგვარი ინფორმაციის კომუნიკაცია ან გავრცელება ან კომუნიკაციისა ან გავრცელების გამოწვევა, მათ შორის სოციალურ მედიაში, რომელიც დაკავშირებულია პოლიტიკურ და სახელისუფლებო პროცესებთან; გ) ფულის ან ფასიანი ნივთების განაწილება ან სერვისის მიწოდება ან ქონების გამოყენება. მთელი შემდგომი კანონპროექტი კი საუბრობს იმაზე, რომ მისი მიზანი და დასარეგისტრირებელი აქტივობები სწორედ ამგვარი შეთანხმების შედეგად განხორციელებულ მოქმედებებს მოიცავს.

ამ კანონმდებლობის საქართველოში ინიციირებულ „გამჭვირვალობის კანონთან“ შედარება არარელევანტურია, ვინაიდან საუბარია ორ რადიკალურად განსხვავებულ საკანონმდებლო მოწესრიგებაზე:

• საქართველოში ინიციირებული კანონპროექტი, ნებისმიერი დაფინანსების მიღების ფაქტს გასაკონტროლებლად მიიჩნევს;

• კანადაში ინიციირებული ცვლილებების პაკეტი, უცხო ძალასთან შეთანხმებით მოქმედების აქტივობებს არეგისტრირებს.

შესაბამისად, საქართველოში ინიციირებული კანონპროექტი რეგისტრაციის ვალდებულებას უჩენს თითქმის ყველა ქართულ არასამთავრობო ორგანიზაციას მხოლოდ დაფინანსების წყაროს მიხედვით მაშინ, როცა კანადაში მომზადებული საკანონმდებლო ცვლილებების პროექტი მიმართულია იმ კონკრეტული აქტივობების გამჭვირვალობა/ანგარიშვალდებულების, სპეციალურ რეესტრში რეგისტრირების გზით, უზრუნველყოფაზე, რომელიც პირმა უცხო ძალასთან შეთანხმებით, უცხო ძალის ინტერესებიდან გამომდინარე, კანადის ინტერესების საზიანოდ განახორციელა.

უფრო მეტი დეტალი საქართველოში ინიციირებულ კანონპროექტზე და რით განსხვავდება ის ევროპაში ინიციირებულ დირექტივის პროექტისგან თუ დასავლური პრაქტიკისგან, იხილეთ „ფაქტ-მეტრის“ სტატიებში (ბმული 1; ბმული 2).

ამდენად, ნიკოლოზ სამხარაძის განცხადების ნაწილი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ კანონპროექტის შესახებ ტყუილია.

3. განცხადების ნაწილი საქართველოში დაგეგმილი 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების შესახებ არსებულ ჩანაწერზე:

„უპირველეს ყოვლისა, ეუთო-ს არეალში წელს დაგეგმილი ორი ათეული არჩევნებიდან და ამ შემოდგომაზე გასამართი 8 არჩევნებიდან რატომღაც მხოლოდ საქართველოს შემთხვევა გამოიყო და საქართველოში არჩევნების ღირსეულად ჩატარება დადგა კითხვის ნიშნის ქვეშ, რითაც, ფაქტობრივად, 4 თვით ადრე, მისი განზრახ დისკრედიტაცია მოხდა. ჩამატებული შესწორება ასევე გულისხმობდა იმას, რომ ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის მიერ განხორციელებული სადამკვირვებლო მისიები არაეფექტური და არასაკმარისად ძლიერი იყო. ეს, სულ მცირე, ამ ორგანიზაციის მუშაობას დადებითად არ აფასებს“.

განცხადების დასაწყისი საქართველოში დაგეგმილ 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების შესახებ რეზოლუციაში არსებულ ჩანაწერს შეეხება. რეზოლუცია „მოუწოდებს ეუთოს, ODIHR-ს და ეუთოს საპარლამენტო ასამბლეას, რომ შეთანხმებულად იმოქმედონ, რათა საქართველოს 2024 წლის ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებისთვის ჩამოყალიბდეს ძლიერი არჩევნების სადამკვირვებლო მისია, რომელიც განსაკუთრებულ ყურადღებას მიაქცევს პოტენციურ გადაცდომებსა და ანტიდემოკრატიულ ტენდენციებს, რომლებიც შესაძლოა დაფიქსირდეს არჩევნების დღემდე დიდი ხნით ადრე და არჩევნების დემოკრატიულ კეთილსინდისიერებას ძირი გამოუთხაროს“ (ქართული თარგმანი შესრულებულია „ფაქტ-მეტრის“ მიერ, ინგლისური ორიგინალი იხილეთ რეზოლუციაში (გვერდი 23, პარაგრაფი 192)).

ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის რეზოლუციის ტექსტში არჩევნების შესახებ სხვა ჩანაწერი რუსეთის ფედერაციის მიერ უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე არალეგიტიმურად ე.წ. არჩევნების ჩატარების დაგმობას, რუსეთის საპრეზიდენტო არჩევნების კრიტიკას, ზოგადად არჩევნებში გარე ჩარევის საკითხსა, არჩევნების დაკვირვების დროს ახალგაზრდული პერსპექტივისთვის ყურადღების მიქცევასა და ზოგადად, არჩევნების დაკვირვებაში სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების ჩართულობის საკითხებს შეეხება. ამდენად, ნიკოლოზ სამხარაძის განცხადება სიმართალეა იმ ნაწილში, რომ ეუთო-ს წევრ ქვეყნებში წელს გამართული ან/და დაგეგმილი სხვა არჩევნებიდან (ეუთო-ს ქვეყნებში 2024 წლის დარჩენილ პერიოდში ჩასატარებელი არჩევნებია (გარდა ადგილობრივი დონის არჩევნებისა): აშშ-ის საპრეზიდენტო, წარმომადგენელთა პალატისა და სენატის არჩევნები, ავსტრიის საპარლამენტო არჩევნები, ხორვატიის საპრეზიდენტო არჩევნები, ჩეხეთის სენატის არჩევნები, ლიეტუვას საპარლამენტო არჩევნები, მოლდოვის საპარლამენტო არჩევნები, რუმინეთის საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნები, ასევე განცხადების მომენტში ჩასატარებელი იყო საფრანგეთის საპარლამენტო არჩევნების მეორე ტური და გაერთიანებული საპარლამენტო სამეფოს არჩევნები) არც ერთზეა ყურადღება გამახვილებული, გარდა 2024 წლის ოქტომბერში დაგეგმილი საქართველოს საპარლამენტო არჩევნებისა.

ნიკოლოზ სამხარაძის შეფასება, რომ მოცემული ფორმულირება საქართველოში არჩევნების ღირსეულად ჩატარებას კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს და მის დისკრედიტაციას ეწევა, რეზოლუციაში არსებული ჩანაწერიდან პირდაპირ არ გამომდინარეობს. ასევე რეზოლუციის მოწოდება, რომ ძლიერი სადამკვირვებლო მისია ჩამოყალიბდეს, აპრიორი არ ნიშნავს, რომ წინა მისიები არაეფექტური და არასაკმარისად ძლიერი იყო და შესაბამისად, ეუთო-ს მიერ წინა არჩევნებზე გაწეულ სამუშაოს დადებითად არ აფასებს. როგორც საქართველოში ჩატარებული ბოლო არჩევნების - 2021 წლის თვითმმართველობის არჩევნები, ისე ბოლოს ჩატარებული საპარლამენტო არჩევნების (2020 წლის) შემთხვევაში ეუთო-ს სადამკვირვებლო მისიების ანგარიშებში სხვადასხვა პრობლემაზეა საუბარი.

მაგალითად, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით ნათქვამია: „... ამომრჩევლებზე ზეწოლის შესახებ ფართოდ გავრცელებული ბრალდებები და მმართველ პარტიასა და სახელმწიფოს შორის ბუნდოვანი ზღვარი საარჩევნო პროცესის ზოგიერთი ასპექტის მიმართ საზოგადოების ნდობას ამცირებდა. არჩევნები მნიშვნელოვნად შეცვლილი სამართლებრივი ჩარჩოს პირობებში ჩატარდა, რომელიც დემოკრატიული არჩევნების ჩასატარებლად მყარ საფუძველს ქმნიდა, თუმცა მასში არსებული ხარვეზების აღმოსაფხვრელად დამატებითი ნაბიჯების გადადგმაა საჭირო... საარჩევნო კომისიებში მმართველი პარტიის დომინანტური წარმომადგენლობა უარყოფით ზეგავლენას ახდენდა საზოგადოებრივ აღქმაზე მათ მიუკერძოებლობასთან და დამოუკიდებლობასთან დაკავშირებით, განსაკუთრებით ქვედა დონეებზე...“; ხოლო 2021 წლის ანგარიშში ეუთო აღნიშნავს: „... კამპანია დააზიანა დაშინების, ამომრჩეველთა მოსყიდვისა და კანდიდატებსა და ამომრჩევლებზე განხორციელებული ზეწოლის ფაქტების შესახებ ფართოდ გავრცელებულმა და თანმიმდევრულმა განცხადებებმა და არათანასწორმა საასპარეზო პირობებმა… ასევე, ზოგიერთი საარჩევნო უბნის გარეთ მყოფი ადამიანთა ჯგუფები, რომლებიც პოტენციურად ამომრჩევლებზე გავლენას ახდენდნენ, შეშფოთების საფუძველს ქმნიდა...“.

აქედან გამომდინარე, რეზოლუციაში არსებული ჩანაწერი, რომელიც 2024 წლის საქართველოს საპარლამენტო არჩევნებისთვის ეუთო-ს ძლიერი სადამკვირვებლო მისიის ჩამოყალიბებისკენ მოუწოდებდა, შესაძლოა, სწორედ წინა არჩევნების დროს გამოვლენილი ეუთო-ს სადამკვირვებლო მისიების მიერ დაფიქსირებული პრობლემური საკითხებიდან გამომდინარეობდა. ამდენად, რეზოლუციაში საქართველოსთან დაკავშირებით გაკეთებული ჩანაწერი აპრიორი საქართველოში არჩევნების წინასწარ კითხვის ნიშნის ქვეშ დაყენებად და დისკრედიტაციად, ხოლო ეუთო-ს წინა სადამკვირვებლო მისიების მუშაობის უარყოფითად განხილვად, ვერ შეფასდება. ეს ნიკოლოზ სამხარაძის მიერ ჩანაწერის თავისებურ ინტერპრეტაციას წარმოადგენს და ამიტომ, „ფაქტ-მეტრი“ განცხადების ამ ნაწილს შეფასებით/მოსაზრებით ნაწილად მიიჩნევს და მას, როგორც არაფაქტობრივ ნაწილს, ვერდიქტით არ აფასებს.

4. განცხადების ნაწილი პოლარიზაციასთან დაკავშირებით:

„...ამასთან ერთად, კიდევ ერთმა შესწორებამ გამოყო საქართველოში არსებული პოლარიზაცია და ამის გამო ჩვენი ხელისუფლება გააკრიტიკა. მიუხედავად იმისა, რომ პოლიტიკური პოლარიზაცია ეუთო-ს წევრ ბევრ სხვა სახელმწიფოში უფრო მწვავედაა, ამაზე არავინ ამახვილებს ყურადღებას და მხოლოდ საქართველოს შემთხვევას აღნიშნავს. მე ამას ვიღებ, როგორც მიზანმიმართულ თავდასხმას ჩემს ქვეყანაზე...“

საქართველოში პოლარიზაციის შესახებ ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის რეზოლუციაში შემდეგი ჩანაწერია:

„[რეზოლუცია] გამოხატავს სერიოზულ შეშფოთებას კრემლის მიერ მხარდაჭერილ და [კრემლის პოლიტიკასთან] თანმიმდევრულ ძალისხმევასთან დაკავშრებით, რომელიც ძირს უთხრის საქართველოს მყიფე დემოკრატიას და ძირს უთხრის საქართველოს მოსახლეობის ევროატლანტიკურ არჩევანს საქართველოს ამჟამინდელი მთავრობის მიერ ანტიდემოკრატიული კანონმდებლობისა და პოლიტიკის ამოქმედებით, მათ შორის, მაგრამ არამხოლოდ, უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ რუსული სტილის კანონის მიღებით, რომელიც ძირს გამოუთხრის ადამიანის უფლებებს და არაპროპორციულად შეზღუდავს ფუნდამენტურ თავისუფლებებს, როგორებიცაა შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლება, და [რეზოლუცია] საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდებს, შეწყვიტოს თავდასხმები სამოქალაქო საზოგადოებაზე, დამოუკიდებელ მედიაზე, აქტივისტებსა და კანონიერ მომიტინგეებზე, რაც ფართო რუსული ჰიბრიდული ოპერაციის ნიშნებს ატარებს, და ქვეყანაში პოლარიზაციის შემცირების მიზნით ეცადოს ქართულ სამოქალაქო საზოგადოებასთან დაახლოებას...“ (ქართული თარგმანი შესრულებულია „ფაქტ-მეტრის“ მიერ, ინგლისური ორიგინალი იხილეთ რეზოლუციაში (გვერდი 4, პარაგრაფი 25)).

აღნიშნულის გარდა, პოლარიზაციის საკითხი რეზოლუციის ტექსტში კიდევ 7-ჯერ არის ნახსენები, თუმცა ზოგად კონტექსტში და არა რომელიმე სხვა ქვეყანასთან მიმართებაში. შესაბამისად, ნიკოლოზ სამხარაძის განცხადების ის ნაწილი, რომ მხოლოდ საქართველოს შემთხვევაზე არის ყურადღება გამახვილებული, მართალია. ასევე, ეუთო-ს საპარლამენტო რეზოლუციაში პოლიტიკური პოლარიზაციის პრობლემის შესახებ ზოგადი ჩანაწერები მიუთითებს, რომ აღნიშნული პრობლემა სხვა ქვეყნებშია (რეზოლუციაში არ არის ნახსენები, თუმცა შესაძლებელია, მაგალითად, აშშ-ის მაგალითის მოყვანა) და ამ ნაწილშიც ნიკოლოზ სამხარაძის განცხადება სიმართლეა. ნიკოლოზ სამხარაძე თავისი განცხადებით ასევე ადასტურებს, რომ პოლარიზაციის პრობლემა საქართველოშიც დგას (საქართველოში პოლარიზაციის არსებობის შესახებ უფრო მკაფიო დადასტურება ასევე იძებნება ნიკოლოზ სამხარაძის მიერ ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პოლიტიკური საქმეებისა და უსაფრთხოების გენერალური კომიტეტის 1 ივლისის სხდომაზე). თუმცა ეუთო-ს რომელ წევრ ქვეყანაში უფრო მწვავედ დგას პოლიტიკური პოლარიზაციის საკითხი, არაა მარტივი შესაფასებელი და მსგავსი შედარება მრავლისმომცველი მეთოდოლოგიის შემუშავებას და შესაბამისი კვლევის ჩატარებას საჭიროებს. ამდენად, „ფაქტ-მეტრი“ განცხადების ნაწილს, სადაც ნიკოლოზ სამხარაძე მიუთითებს, რომ პოლარიზაცია ეუთო-ს წევრ ბევრ სხვა სახელმწიფოში უფრო მწვავედაა, ვიდრე საქართველოში, შეფასების გარეშე ტოვებს. პოლარიზაციის შესახებ ჩანაწერი პირდაპირ საქართველოს ხელისუფლებას არ აკრიტიკებს (პოლარიზაციის გამო), მაგრამ მსგავსი ინტერპრეტაცია შესაძლებელია და პირად მოსაზრებას წარმოადგენს, ისევე როგორც, აღნიშნული ჩანაწერის საქართველოზე მიზანმიმართულ თავდასხმად შეფასება. ამდენად, განცხადების ამ ნაწილებსაც, როგორც შეფასებით/მოსაზრებით ნაწილებს, „ფაქტ-მეტრი“ შეფასების გარეშე ტოვებს.


მსგავსი სიახლეები

5648 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
26%
სიმართლე
16%
ტყუილი
12%
მეტწილად სიმართლე
10%
ნახევრად სიმართლე
7%

ყველაზე კითხვადი

ყველა სტატია