სოციალურ ქსელში გავრცელდა (1, 2, 3, 4) ინფორმაცია, რომ კომპანია Samsung-მა რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფის გამო პარიზის ოლიმპიადის სპონსორობაზე უარი განაცხადა და 1 მილიარდი დოლარის ინვესტირება გააუქმა. ერთ-ერთი პოსტის აღწერის თანახმად: „სამსუნგმა, 1 მილიარდიანი სპონსორობა მოხსნა პარიზის ოლიმპიადიდან‼️ აი ამიტომ ვარ მისი ერთგული მომხმარებელი“. რეალურად, აღნიშნული ინფორმაცია, რომლის პირველწყარო სატირული გამოცემაა, არ დასტურდება და Samsung-ი კვლავ ოლიმპიადის ოფიციალური პარტნიორია.

აღნიშნული ინფორმაცია სოციალურ ქსელებში ფართოდ გავრცელდა, რასაც არაერთი ფაქტების გადამმოწმებელი ორგანიზაცია, მათ შორის, ამერიკული Snopes, იტალიური Open და Facta, გამოეხმაურა.

როგორც ირკვევა, ინფორმაციის პირველწყაროა ვებგვერდი Spacexmania, რომლის მიერ გამოქვეყნებულ სტატიაში ვკითხულობთ, რომ Samsung-მა სპონსორობის შეწყვეტის გადაწყვეტილება 2024 წლის პარიზის ოლიმპიური თამაშების გახსნის ცერემონიაზე „სადავო წარმოდგენის“ გამო მიიღო. კერძოდ, 26 ივლისს პარიზში, ზაფხულის ოლიმპიადის გახსნის ცერემონიის ერთ-ერთი სეგმენტი მიამსგავსეს „საიდუმლო სერობას“, რომელზეც ქრისტესა და მოციქულების უკანასკნელი ვახშამია ასახული.

პირველ რიგში, უნდა აღინიშნოს, რომ Spacexmania სტატიას თავადვე „სატირის“ კატეგორიაში ათავსებს.

ამ კატეგორიის აღწერაში კი ვკითხულობთ: „გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ სტატიები კატეგორიაში „სატირა“, სატირული ხასიათისაა და სერიოზულად არ უნდა იქნას აღქმული. ეს სტატიები იუმორისტულია და ხშირად სრულად გამოგონილია. ჩვენ არ ვამტკიცებთ, რომ ამ სტატიებში წარმოდგენილი ინფორმაცია არის ჭეშმარიტი ან ზუსტი“ (იხილეთ სურათზე).

აღსანიშნავია, რომ Facebook-ანგარიშების მიერ გავრცელებულ ფოტოსაც მარჯვენა ნაწილში აქვს წარწერა „Rated Satire”.

Samsung-ი უკვე დიდი ხანია ოლიმპიურ თამაშების სპონსორია. თანამშრომლობა ჯერ კიდევ 1988 წლიდან დაიწყო, როცა კომპანია სეულის ოლიმპიური თამაშების ადგილობრივი სპონსორი გახდა. სამსუნგის ვებგვერდზე, კერძოდ, ახალი ამბების სექციაში, ოლიმპიადის გახსნის ცერემონიის შემდეგ გამოქვეყნებული ორი სტატია იძებნება, ერთი 29 ივლისით თარიღდება და გამარჯვებულების მიერ Galaxy Z Flip6 Olympic Edition-ით გადაღებულ ფოტოს ეხება, მეორე კი გახსნის ცერემონიაზე Samsung-ის სმარტფონების გამოყენებაზე გვიამბობს.

Samsung-ი რომ ოლიმპიადის პარტნიორ კომპანიად რჩება, თავად ოლიმპიადის ოფიციალურ ვებგვერდზეც დასტურდება, სადაც ოლიმპიადის ოფიციალური პარტნიორების ჩამონათვალია წარმოდგენილი.

ამდენად, მტკიცება, რომ კომპანია Samsung-მა ოლიმპიადის სპონსორობაზე უარი განაცხადა, მცდარია.

--------------------------------------------------------------------------

სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. ვერდიქტიდან გამომდინარე, Facebook-მა შესაძლოა სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს - შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. მასალის შესწორებისა და ვერდიქტის გასაჩივრების შესახებ ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე.


მსგავსი სიახლეები

5648 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
26%
სიმართლე
16%
ტყუილი
12%
მეტწილად სიმართლე
10%
ნახევრად სიმართლე
7%

ყველაზე კითხვადი

ყველა სტატია