სოციალურ ქსელში ვირუსულად გავრცელდა ინფორმაცია (1, 2, 3, 4, 5) ალჟირელი მოკრივის იმანე ხელიფის შესახებ. ანგარიშები წერენ, რომ ხელიფი ტრანსგენდერია და ქალების კატეგორიაში იბრძვის.
აღნიშნული ინფორმაცია არ დასტურდება. ინფორმაციას უარყოფს საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტიც (IOC), რომელიც აღნიშნავს, რომ ხელიფი მრავალი წელია სწორედ ქალების კატეგორიაში თამაშობს. IOC აღნიშნავს, რომ მიმდინარე ოლიმპიადაში მონაწილე ყველა სპორტსმენი შეესაბამება შეჯიბრზე დაშვების წესებს და ოლიმპიადაზე არც ერთი ტრანსგენდერი არ მონაწილეობს. ამავდროულად, მოკრივეს თავდაპირველად ბრალი არასანდო ორგანიზაციამ დასდო.
პარიზის ოლიმპიურ თამაშებში, პირველ აგვისტოს იტალიელი ანჯელა კარინი ალჟირელ იმანე ხელიფთან 46 წამში დამარცხდა. ალჟირელი მოკრივის გამარჯვებამ აზრთა სხვადასხვაობა გამოიწვია, თანაც, გასულ წელს მან და ტაივანელმა მოკრივემ ლინ იუ-ტინგმა კრივის საერთაშორისო ასოციაციის (IBA) მიერ ჩატარებული ე.წ. „გენდერის ტესტი“ ვერ გაიარეს. გაჩნდა მტკიცება, რომ ხელიფი ტრანსგენდერია, შესაბამისად მას ქალთა კრივში მონაწილეობის უფლება არ უნდა ჰქონოდა.
იტალიელი მოკრივეს დამარცხების შემდეგ, თემას გამოეხმაურა იტალიის პრემიერ-მინისტრი, ჯორჯია მელონი, რომელმაც განაცხადა, რომ პირი, რომელსაც აქვს მამრობითი გენეტიკური მახასიათებლები, არ უნდა დაუშვან ქალთა შეჯიბრებებში. მისი თქმით, შეჯიბრება თანაბარ პირობებში არ გამართულა.
პირველ რიგში, აღსანიშნავია, არც ხელიფი და არც ორგზის მსოფლიო ჩემპიონი ლინი ტრანსგენდერად ან ინტერსექსად არ იდენტიფიცირდებიან. საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტი თავის განცხადებაში აღნიშნავს, რომ ორივე სპორტსმენი მრავალი წლის განმავლობაში საერთაშორისო კრივში გამართულ შეჯიბრებებში სწორედ ქალთა კატეგორიაში ასპარეზობდა, მათ შორის, ოლიმპიური თამაშებში „ტოკიო 2020“. აღსანიშნავია, რომ 2024 წელს მან და ლინმა IOC-ის „ყველა მოქმედი სამედიცინო რეგულაცია“ გაიარეს, რომლებიც 2020 წლის თამაშების იდენტური იყო. IOC-მ განაცხადა, რომ „პარიზის 2024 წლის ოლიმპიური თამაშების კრივის ტურნირში მონაწილე ყველა სპორტსმენი შეესაბამება შეჯიბრზე დაშვების წესებს, ისევე, როგორც ყველა მოქმედ სამედიცინო რეგლამენტს“. თანაც, პარიზის მიმდინარე ოლიმპიადაზე არცერთი ტრანსგენდერი ქალი არ მონაწილეობს.
საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტი ასევე ეხება შარშანდელ დისკვალიფიკაციის საკითხსაც და აცხადებს, რომ ორივე სპორტსმენი IBA-ს მოულოდნელი და თვითნებური გადაწყვეტილების მსხვერპლი გახდა. „2023 წლის IBA-ს მსოფლიო ჩემპიონატის დასასრულს, ისინი მოულოდნელად დისკვალიფიცირებული იქნენ ყოველგვარი პროცესის გარეშე. მათ ვებსაიტზე არსებული IBA-ს ოქმის მიხედვით, ეს გადაწყვეტილება თავდაპირველად მხოლოდ IBA-ს გენერალურმა მდივანმა და აღმასრულებელმა დირექტორმა მიიღეს. IBA-ს საბჭომ მხოლოდ ამის შემდეგ მოახდინა რატიფიცირება და მხოლოდ შემდგომ მოითხოვა, რომ მსგავსი პროცედურები მომავალში დამკვიდრებულიყო და ასახულიყო IBA-ს რეგულაციებში“,- ვკითხულობთ საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის განცხადებაში.
IBA-მ არ დააკონკრეტა, თუ რატომ ვერ ჩააბარეს მოკრივეებმა „გენდერის ტესტი“, მაგრამ განმარტა, რომ არც ერთ სპორტსმენს ტესტოსტერონის გამოკვლევა არ ჩატარებიათ. მეტიც, გავრცელებული ინფორმაციის, რომ ხელიფი ფლობს XY ქრომოსომებს, ერთადერთი წყარო თავად IBA-ის პრეზიდენტი კრემლევია. მათი დისკვალიფიკაციის დროს, პრეზიდენტი კრემლევი ამტკიცებდა, რომ მოკრივეების ქრომოსომის ტესტმა აჩვენა, რომ მოკრივეები XY ქრომოსომებს ფლობენ (ქალებს, როგორც წესი, აქვთ ორი X ქრომოსომა, ხოლო მამაკაცებს ჩვეულებრივ აქვთ X და Y ქრომოსომა). IBA-მ თქვა, რომ ტესტის „სპეციფიკა კონფიდენციალური რჩება“ და მის ახსნაზეც უარი განაცხადა. გასულ წელს დისკვალიფიკაციის შემდეგ, ხელიფმა განუცხადა ალჟირის Ennahar TV-ს, რომ ზოგიერთს არ სურდა ალჟირს ოქროს მედალი მოეგო. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ IBA-ის მმართველმა საბჭომ ხელიფის დისკვალიფიკაციაზე მას შემდეგ განაცხადა, რაც ტურნირის დროს ხელიფმა რუსი მოკრივე აზალია ამინევა დაამარცხა.
საინტერესოა, რომ IBA-ს ოლიმპიური სტატუსს წლების განმავლობაში ფლობდა, თუმცა სტატუსი მმართველობის პრობლემების, ფინანსური გამჭვირვალობის ნაკლებობისა და მსაჯების კორუფციის მრავალი შემთხვევის გამო დაკარგა. აღსანიშნავია, რომ IBA-ის პრეზიდენტია უმარ კრემლევი, რომელმაც ორგანიზაციის მთავარ სპონსორად რუსული სახელმწიფო „გაზპრომი“ აირჩია და IBA-ს ოპერაციების დიდი ნაწილიც რუსეთში გადაიტანა. IBA-მ უგულებელყო IOC-ის რეკომენდაციები და რუს მებრძოლებს უფლება მისცა 2023 წლის ჩემპიონატზე რუსეთის დროშის ქვეშ ეთამაშათ.
აღსანიშნავია, რომ ხელიფის ყველა ოფიციალური დოკუმენტი, მათ შორის პასპორტი, აღნიშნავს, რომ ის ქალია. გასათვალისწინებელია ის ფაქტიც, რომ მოკრივე ალჟირიდანაა, ქვეყნიდან, სადაც ადამიანებს სქესის შეცვლის უფლება არ აქვთ. ქვეყნის სამართლებრივი კოდექსი, ფაქტობრივად, ლგბტ თემთან დაკავშირებულ გამოხატვის თავისუფლებას ეწინააღმდეგება, მეტიც, ქვეყანაში ჰომოსექსუალიზმი მაქსიმუმ 2 წლით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
დამატებით, სოციალურ ქსელში ასევე ალჟირელი მოკრივის ადრეულ ასაკში გადაღებული ფოტოებიც გავრცელდა:
ამდენად, მტკიცება, რომ ალჟირელ იმანე ხელიფი ტრანსგენდერია, მცდარია.
--------------------------------------------------------------------------
სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. ვერდიქტიდან გამომდინარე, Facebook-მა შესაძლოა სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს - შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. მასალის შესწორებისა და ვერდიქტის გასაჩივრების შესახებ ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე.