სოციალურ ქსელში Facebook-მომხმარებელი პარიზის ოლიმპიადის ფოტოს ავრცელებს და ამტკიცებს, რომ 2024 წელს ოლიმპიური დროშა „ეშმაკს მიჰქონდა“.

სინამდვილეში, ვერცხლის კოსტიუმში გამოწყობილი, ცხენზე ამხედრებული ქალი, რომელსაც ოლიმპიური დროშა მიჰქონდა, მდინარე სენას ქალღმერთს, სექუანას განასახიერებდა.

ფოტო ეკუთვნის AP News-ს

ცხენზე ამხედრებული ქალის სახელი ფლორიან ისერტია. იგი ჟანდარმერიის უნტერ-ოფიცერია. ოლიმპიური თამაშების გახსნის ცერემონიაზე ისერტი „ოლიმპიური სულისა და სექუანას გამოხატულება“ უნდა ყოფილიყო.

სექუანა გალურ-რომაული ქალღმერთია, რომლის მიხედვითაც მდინარე სენას სახელი ეწოდა. მკურნალი ღვთაება წარმოშობით კელტი იყო. იგი მდინარის ძალასა და სიცოცხლისუნარიანობას განასახიერებს, რომელიც მიედინება პარიზსა და მიმდებარე ტერიტორიაზე. ანტიკურ ხანაში მას განსაკუთრებით თაყვანს სცემდნენ ბურგუნდიაში მდებარე სენას წყაროებში, სადაც მისთვის მიძღვნილი საკურთხეველი მდებარეობდა. ეს წმინდა ადგილი განკურნებისა და კეთილდღეობის მრავალ მაძიებელს იზიდავდა. არქეოლოგები თვლიან, რომ კელტებს მდინარის ქალღმერთთან შესაწირი განკურნების სათხოვნელად ან ასრულებული სურვილებისთვის მადლობის ნიშნად მიჰქონდათ.

ვერცხლის კოსტიუმში გამოწყობილი ცხენოსნის შესახებ ინფორმაცია ოლიმპიური თამაშების ოფიციალურ ვებგვერდზეც განთავსდა. ოლიმპიური დროშის მატარებელი მხედრის სვლა ტროკადეროში დასრულდა, სადაც ცოცხალ ცხენზე ამხედრებულმა ფლორიან ისერტმა ოლიმპიური დროშა წარადგინა.

ხშირად, ვერცხლის კოსტიუმში გამოწყობილ ცხენოსანზე საუბრისას, ასევე ახსენებენ მეტალის გალოპებულ ცხენს (ბმული 1, 2, 3, 4), რომლითაც ცხენოსანმა მდინარე სენა გადაკვეთა. ინფორმაციის გამავრცელებელთა მტკიცებით, პარიზის ოლიმპიური თამაშების გახსნის ცერემონიაზე „სენაზე მოჯირითე“ „აპოკალიფსის მხედრის“ გამოჩენა კარგს არაფერს მოასწავებს.

სენაზე მიმავალი, რობოტ ცხენზე ამხედრებული ნიღბიანი ქალი პარიზის 2024 წლის ოლიმპიური თამაშების გახსნის ცერემონიის ერთ-ერთი მთავარი ელემენტი იყო. 1,80 მეტრი სიგრძის ელექტრო ტრიმარანი, ბრეტონულმა კომპანიამ MMProcess-მა დააპროექტა ბლემის სახელოსნოში.

MMPProcess-ის გუნდს უნდა აეშენებინა ტრიმარანი და ეპოვა გამოცდილი მხედარი, რათა შეექმნა ილუზია, რომ ცხოველი ტალღებზე დაფრინავდა. ისინი ეძებდნენ ცხენოსანს ან მფრინავს, თუმცა საბოლოოდ, იდუმალ ცხენოსნად ინჟინერი და ტრიმარანის თანაშემქმნელი, მორგან სუკვარტი შეირჩა.

თომას ჯოლიმ, 2024 წლის პარიზის ოლიმპიური და პარაოლიმპიური თამაშების ცერემონიების სამხატვრო დირექტორმა, სენაზე გალოპებული ცხენოსნის გამოყვანა, გადაწყვიტა, რათა მას სიმბოლურად მსოფლიო დელეგაციების მთელი მარშრუტი განესახიერებინა. მეტალის ცხენი ასევე უნდა ყოფილიყო ოლიმპიადის ფასეულობების, სიმტკიცის, მშვიდობის, სოლიდარობისა და ერთიანობის სიმბოლო.

ამრიგად, სოციალურ ქსელში გავრცელებული მტკიცება, ყალბია.

--------------------------------------------------------------------------

სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. ვერდიქტიდან გამომდინარე, Facebook-მა შესაძლოა სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს - შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. მასალის შესწორებისა და ვერდიქტის გასაჩივრების შესახებ ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე.


მსგავსი სიახლეები

5648 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
26%
სიმართლე
16%
ტყუილი
12%
მეტწილად სიმართლე
10%
ნახევრად სიმართლე
7%

ყველაზე კითხვადი

ყველა სტატია