სოციალურ ქსელში Facebook-მომხმარებელმა Nina Marji-მ რომლის მიერ გავრცელებული ყალბი ამბები „ფაქტ-მეტრს“ არაერთხელ გადაუმოწმებია (იხილეთ ფაქტ-მეტრის სტატია 1, 2, 3, 4), მორიგი დეზინფორმაცია გაავრცელა (დაარქივებული პოსტი). აღნიშნული მტკიცება Facebook-ის სხვა ანგარიშმაც გაავრცელა.

მტკიცების მიხედვით, პარიზის ოლიმპიადაზე ამერიკელი ტრანსგენდერი სპორტსმენი ლია ტომასი ქალთა ცურვის შეჯიბრში იღებს მონაწილეობას. ამ მტკიცების დასტურად Facebook-ანგარიში ფოტოს აქვეყნებს, რომელსაც თან შემდეგი შინაარსის აღწერა ახლავს - „პარიზული ჩანახატების სერიიდან“.

სინამდვილეში, ლია ტომასს პარიზის ოლიმპიადაზე არ ასპარეზობს. შესაბამისად, მტკიცება, რომ ფოტო პარიზის ოლიმპიადიდანაა, ყალბია.

აღნიშნული დეზინფორმაცია არა მხოლოდ საქართველოში, არამედ საერთაშორისო მასშტაბით გავრცელდა და ის სანდო ფაქტების გადამმოწმებელმა ორგანიზაციებმა, მათ შორის AFP-მ, შეისწავლა.

საერთაშორისო ოლიმპიურ კომიტეტს ტრანსგენდერი სპორტსმენებისთვის სპეციფიკური მოთხოვნები და რეგულაციები არ აქვს და ამის სანაცვლოდ სამართლიანობის, ინკლუზიისა და გენდერული იდენტობისა და სქესის ვარიაციების საფუძველზე არადისკრიმინაციის შესახებ 10 სახელმძღვანელო პრინციპს მიჰყვება. სამართლიანობის პრინციპში აღნიშნულია, რომ სპორტული ორგანიზაციები სპორტის იმ სახეობებში, სადაც ქალთა და კაცთა კატეგორიებისთვის შესაბამისობის კრიტერიუმებს თავად ადგენენ, უნდა დარწმუნდნენ, რომ არცერთ ათლეტს არ აქვს უსამართლო უპირატესობა და არაპროპორციული კონკურენტული უპირატესობა. საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტი ამასთან ერთად აცხადებს, რომ „თითოეული საერთაშორისო ფედერაცია პასუხისმგებელია დასაშვებობის კრიტერიუმების დაწესებაზე, მათ შორის, იმ კრიტერიუმებზე, რომლებიც განსაზღვრავენ ოლიმპიური თამაშებში ათლეტების კვალიფიკაციას“.

2022 წელს წყლის სპორტის მსოფლიო ასოციაციამ (World Aquatics Association) მიიღო გადაწყვეტილება, რომელიც ტრანსგენდერ ქალებს ქალთა ელიტარულ შეჯიბრებაში მონაწილეობის მიღებას უზღუდავდა იმ შემთხვევაში, თუ მათ მამაკაცის სქესობრივი მომწიფების რომელიმე ეტაპი გავლილი ჰქონდათ. კერძოდ, წყლის სპორტის მსოფლიო ასოციაციის მიხედვით, იმ მოცურავეებს, რომლებიც მამრობითი სქესის დაიბადნენ, იმისთვის რომ ელიტურ სპორტულ საცურაო შეჯიბრებაში მიიღონ მონაწილეობა, არ უნდა ჰქონდეთ სქესობრივი მომწიფების პერიოდი გავლილი, ან უნდა დათრგუნონ ის 12 წლის ასაკამდე ტესტოსტერონის დონის მატების თავიდან ასარიდებლად.

2024 წლის იანვარში ლია ტომასმა, პირველმა ტრანსგენდერმა, რომელმაც 2022 წელს, ეროვნული კოლეჯის სპორტული ასოციაციის (NCAA) ცურვის ქალთა ჩემპიონატი მოიგო, წყლის სპორტის ასოციაციის ეს გადაწყვეტილება სპორტის საარბიტრაჟო სასამართლოს კოლეგიაში გაასაჩივრა და ამ გადაწყვეტილების გაუქმება, შესაბამისად, ქალთა ელიტურ საცურაო სპორტულ სახეობებში ტრანსგენდერი ქალების დაშვება მოითხოვა.

თუმცა, სპორტის საარბიტრაჟო სასამართლომ დაადგინა, რომ ლია ტომასს ამჟამად არ აქვს უფლება, მონაწილეობა მიიღოს საფრანგეთის ოლიმპიადაზე. მსოფლიო წყლის სპორტის ასოციაციამ (World Aquatics) ამ გადაწყვეტილებას ქალთა სპორტის დაცვისთვის გადადგმული ნაბიჯი უწოდა.

აღსანიშნავია, რომ ფოტო, რომელიც მტკიცების გასავრცელებლადაა გამოყენებული, რედაქტირების კვალსაც შეიცავს. AFP-მა Gettyimages-ზე იპოვა ორიგინალი ფოტო, რასაც თან დართული აქვს ინფორმაცია, რომ ფოტო 2019 წლის 16 ნოემბერს პენსილვანიის უნივერსიტეტის კამპუსშია გადაღებული. ორიგინალი ფოტოსა და სოციალურ ქსელში გავრცელებული ფოტოს შედარებისას ჩანს, რომ მათ შორის თვალით შესამჩნევი განსხვავებებია.

ამასთანავე, ოლიმპიადაზე მოასპარეზე ამერიკელ სპორტსმენთა ჩამონათვალში ლია ტომასი არ იძებნება. ჩამონათვალში მხოლოდ „ტომასით“ (Thomas) ძებნისას 4 სპორტსმენს ვხვდებით, ესენია ფრენბურთელი ტომას ჯეშკი (Thomas Jaeschke), მცურავი ტომას ჰეილმანი (Thomas Heilman), მძლეოსანი გაბი ტომასი (Gabby Thomas) და კალათბურთელი ალისა ტომასი (Alyssa Thomas), ხოლო სახელით “ლია” არცერთი სპორტსმენი არ იძებნება.

ამდენად მტკიცება, რომ პარიზის ოლიმპიურ თამაშებზე მცურავმა ტრანსგენდერმა ქალმა იასპარეზა, ტყუილია.

--------------------------------------------------------------------------

სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. ვერდიქტიდან გამომდინარე, Facebook-მა შესაძლოა სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს - შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. მასალის შესწორებისა და ვერდიქტის გასაჩივრების შესახებ ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე.


მსგავსი სიახლეები

5648 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
26%
სიმართლე
16%
ტყუილი
12%
მეტწილად სიმართლე
10%
ნახევრად სიმართლე
7%

ყველაზე კითხვადი

ყველა სტატია