2024 წლის აგვისტოში ტელეკომპანია „ფორმულამ“ გაავრცელა ინფორმაცია, რომ დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრსა (NCDC) და რიჩარდ ლუგარის საზოგადოებრივი ჯანმრთელობის კვლევით ცენტრს (ლუგარის ლაბორატორიას) ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ფინანსური დახმარება შეუწყვიტა. ტელევიზიის ცნობით, ამერიკის მიერ ხელისუფლების ანტიდემოკრატიული და ევროკავშირისა და NATO-ს ნორმებთან შეუსაბამო ქმედებების გამო შეჩერებული 95-მილიონიანი დახმარების ნაწილი ლუგარის ლაბორატორიაზეც მოდიოდა.

„რადიო თავისუფლებას“ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორის მოადგილემ, პაატა იმნაძემ, დაუდასტურა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ამერიკის შეერთებული შტატების დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრმა (CDC) საქართველოსთან კვლევითი პროექტები და ახალგაზრდა სპეციალისტების მომზადება შეაჩერა. თუმცა აღნიშნა ისიც, რომ „სხვა სააგენტოების და კერძო ფონდების პროექტები ჩვეულებრივად გრძელდება“.

ლუგარის ლაბორატორიისთვის ამერიკული დახმარების შეჩერების შესახებ ინფორმაციის გავრცელების შემდეგ, სოციალურ ქსელში კიდევ ერთხელ გააქტიურდა მტკიცებები, რომლის მიხედვით, ლუგარის ლაბორატორია ბიოლოგიური იარაღის დასამზადებლად გამოიყენებოდა და საქართველოსთვის საფრთხეს წარმოადგენს, ამდენად მისი დახურვა მისასალმებელია (დაარქივებული ბმული).

ლუგარის ლაბორატორიის შესახებ ყალბი მტკიცებები აქამდე არაერთხელ გავრცელებულა (იხილეთ „ფაქტ-მეტრის“ სტატიები 1, 2, 3)

სინამდვილეში, მტკიცება, რომ საქართველოში ლუგარის ლაბორატორია ბიოლოგიურ იარაღზე მუშაობდა, რუსული დეზინფორმაციაა. რუსული პროპაგანდის მანქანა საქართველოსთან ერთად, როგორც წესი, უკრაინაში არსებულ ლაბორატორიებს ესხმის თავს.

სინამდვილეში, საქართველოსა და უკრაინაში არსებული ლაბორატორიები არა ბიოლოგიური იარაღის შექმნას და გავრცელებას, არამედ, მის პრევენციას ემსახურება. ლაბორატორიების საქმიანობა ინფექციურ და არაინფექციურ დაავადებებზე ეპიდემიოლოგიური და ლაბორატორიული ზედამხედველობის განხორციელებას, დაავადებათა შემთხვევების, ეპიდემიური აფეთქებებისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის სხვა საფრთხეების დროულ აღმოჩენასა და კვლევას მოიცავს. აღნიშნული ლაბორატორიების ერთ-ერთი მიზანია, დაადგინოს ეპიდაფეთქებების წარმომავლობა - ბუნებრივი გავრცელებაა თუ ბიოტერორიზმის შედეგი.

როგორც უკრაინაში, ისე საქართველოში, ბიოლოგიური ლაბორატორიები „ბიოლოგიური იარაღის განვითარებასთან დაკავშირებული ტექნოლოგიების, პათოგენების და გამოცდილების გავრცელების თავიდან აცილების სფეროში თანამშრომლობის შესახებ“ არსებული შეთანხმების საფუძველზე შეიქმნა. აღნიშნული შეთანხმება კი, თავის მხრივ, ბიოლოგიური იარაღის გაუვრცელებლობის შესახებ დადებული ხელშეკრულების (NPT) ფარგლებში დაიდო.

საქართველო პირნათლად ასრულებს ნაკისრ საერთაშორისო ვალდებულებებს ბიოლოგიური იარაღის აკრძალვის კონვენციის შესაბამისად, მათ შორის - ბიოლოგიური ლაბორატორიების საქმიანობის წარმართვაზე კონვენციის მოთხოვნებისა და დებულებების შესაბამისად.

2018 წელს, თბილისის თხოვნით, საქართველოს ექსპერტთა ჯგუფიც ეწვია, რომელშიც 17 ქვეყნის 22 ექსპერტი და დამკვირვებელი შედიოდა და ის ბიოლოგიური და ტოქსიკური იარაღის აკრძალვის შესახებ კონვენციასთან შესაბამისობის საკითხის დადგენას მიეძღვნა. აღსანიშნავია რომ ამ ვიზიტის ფარგლებში თბილისმა რუსი ექსპერტებიც მოიწვია, თუმცა მოსკოვმა შემოთავაზება „კატეგორიულად უარყო“, რაც ლაბორატორიითა და მისი ფუნქციონირებით რუსეთის მოჩვენებითი დაინტერესების ცხადი მაგალითია. მისიის ანგარიშის თანახმად, ექსპერტებმა ცენტრის ყველა ობიექტი მოინახულეს და აღნიშნეს, რომ „ლაბორატორია თავის საქმიანობებში მნიშვნელოვან გამჭვირვალობას ავლენს. ვიზიტით მყოფმა ჯგუფმა ვერაფერი გამოავლინა, რაც შეუსაბამო იქნებოდა პროფილაქტიკურ, დამცავ და სხვა მშვიდობიან მიზნებთან“. გაერო-ს ჟენევის ოფისში გამართულ შეხვედრაზე, რომელსაც ბიოლოგიური იარაღის კონვენციის წევრი სახელმწიფოების წარმომადგენლები ესწრებოდნენ. ლუგარის სახელობის ცენტრის შესახებ საერთაშორისო ექსპერტთა დასკვნამ სრული მოწონება და მხარდაჭერა დაიმსახურა.

ამასთან, როგორც წესი, ყალბ მტკიცებას, რომ ლუგარის ლაბორატორია ბიოლოგიური იარაღის დასამზადებლად გამოიყენებოდა, ამერიკის შეერთებულ შტატებს უკავშირებენ. თუმცა მიუხედავად იმისა, რომ საქართველოში ლუგარის ლაბორატორია აშშ-ის მხარდაჭერითა და დახმარებით შეიქმნა, ყალბია მტკიცებები, თითქოს ლაბორატორიებს ამერიკელები აკონტროლებენ.

ლუგარის ლაბორატორია აშშ-ის მხარდაჭერით დაარსდა და მას ფინანსურ დახმარებას უწევდა. დაარსებიდან, თავად ცენტრის ფინანსური და ტექნიკური დახმარების პროგრამის მოცულობა 350 მილიონ აშშ დოლარამდე ინვესტიციას მოიცავს. აშშ ლუგარის ლაბორატორიას სხვადასხვა პროექტის დაფინანსებით ეხმარება. ლუგარის კვლევითი ცენტრის ხელმძღვანელის, პაატა იმნაძის განცხადებით, დაპაუზდა ამერიკის შეერთებული შტატების დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრის კვლევითი პროექტები და მის მიერ დაფინანსებულ ტრენინგებში ახალგაზრდა სპეციალისტების მომზადება. თუმცა ლუგარის ცენტრი, მთელი აღჭურვილობით, სრულად გადმოცემულია საქართველოს მთავრობის საკუთრებაში, ხოლო 2018 წლიდან ლუგარის ცენტრის და ლაბორატორიული ქსელის სრულ დაფინანსებას უზრუნველყოფს საქართველოს მთავრობა. სტრუქტურულად, ლუგარის ცენტრი წარმოადგენს დაავადებათა ცენტრის ქვედანაყოფს და შედის საქართველოს ჯანდაცვის სისტემის ინსტიტუტებში. ცენტრის ინფრასტრუქტურაზე ნებისმიერ კვლევას თუ საქმიანობას შესაბამისი ექსპერტები მხოლოდ საქართველოს კომპეტენტური უწყებების კოორდინაციით ახორციელებენ. ამდენად ცენტრს ამერიკელები არ აკონტროლებენ.

ამდენად, გავრცელებული მტკიცება, თითქოს ლუგარის ლაბორატორია აშშ-ის მიერ ბიოლოგიური იარაღის შესაქმნელად ან/და გამოსაცდელად გამოიყენება, შეთქმულების თეორიას წარმოადგენს, რომელსაც ფაქტობრივი საფუძველი არ გააჩნია და ყალბი ამბავია.

-----------------------------------------------------

სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. ვერდიქტიდან გამომდინარე, Facebook-მა შესაძლოა სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს - შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. მასალის შესწორებისა და ვერდიქტის გასაჩივრების შესახებ ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე.


მსგავსი სიახლეები

5648 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
26%
სიმართლე
16%
ტყუილი
12%
მეტწილად სიმართლე
10%
ნახევრად სიმართლე
7%

ყველაზე კითხვადი

ყველა სტატია