შუახევის მუნიციპალიტეტის ჭვანის ხეობის ტურისტული განვითარების გეგმის შესახებ ინფორმაცია აჭარის მთავრობამ ჯერ კიდევ 2019 წლის 20 ნოემბერს გაავრცელა. იმავე დღეს აღნიშნულ გეგმაზე მედიასთან ისაუბრა აჭარის ა/რ ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის უფროსმა თინათინ ზოიძემ. მან თქვა, რომ უკვე მზად იყო ჭვანის ხეობის ტურისტული ინფრასტრუქტურის მოწყობის გეგმა, რომელიც მოიცავდა ხაბელაშვილების თაღოვანი ხიდიდან წისქვილების სოფლამდე არსებულ ტერიტორიას, ხოლო კონცეფციისა და გეგმის რეალიზებასა და განხორციელებაზე მომავალ ანუ 2020 წელს იმუშავებდნენ.

მართლაც 2019 წლით თარიღდება „ჭვანის ხეობის ტურისტული პოტენციალის კვლევისა და კვლევებზე დაფუძნებით, ტერიტორიის ტურისტული განვითარების კონცეფცია“, რომელიც აჭარის ტურისტული პროდუქტების განვითარების სააგენტოს დაკვეთით, ამხანაგობა „ინჟარქიტექტმა“ მოამზადა. ამის შემდეგ, უკვე 2020 წლის შემოდგომაზე, აჭარის ა/რ ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრომ ჭვანის ხეობის „ხაბელაშვილების თაღოვანი ხიდის“ მიმდებარე ტერიტორიების განვითარებისა და კეთილმოწყობისათვის (მისასვლელი ბილიკი,ხიდი, ღია პარკინგი, ბელვედერი/ები, საზოგადოებრივი დანიშნულების შენობა-ვიზიტორთა ცენტრი, ამფითეატრი და სხვა) საჭირო დეტალური საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის შედგენის მომსახურება შეისყიდა. დოკუმენტაცია შპს „ექო არჩიტექტმა“ 328 040 ლარად მოამზადა. შემსყიდველ მხარეს მიმწოდებელთან რამდენიმე პრეტენზია ჰქონდა, თუმცა საბოლოოდ, 2021 წლის 2 ივნისს, დოკუმენტაცია ჩაიბარა.

2021 წლის 18 აგვისტოს აჭარაში სტუმრად იმყოფებოდა იმჟამინდელი პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი. ვიდეომასალაში, რომელიც შუახევის მუნიციპალიტეტის მერიის FB-გვერდზე გავრცელდა, ჩანს, როგორ ეცნობა ყოფილი პრემიერი გამოფენილ ფოტოებს. ამავე ვიდეოში აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრი ამბობს, რომ აჭარის მთავრობამ პრემიერს მიმდინარე პროექტები გააცნო. აღწერაში ნათქვამია, რომ ჭვანის ხეობის ტურისტული განვითარების გეგმის მიხედვით, ბათუმიდან 1,5 საათის სავალ მანძილზე მოეწყობა ინფრასტრუქტურა ბილიკებით, ვიზიტორთა ცენტრებით, ხიდებით და ავთენტური წისქვილების სადემონსტრაციო სოფლით. პროექტის ღირებულება 10 მილიონ ლარს შეადგენს.

სინამდვილეში, იმ დროს სამშენებლო სამუშაოებზე სახელმწიფო შესყიდვა გამოცხადებული ჯერ კიდევ არ იყო. სამინისტრომ ჭვანის ხეობაში, ხაბელაშვილების თაღოვანი ხიდის მიმდებარე ტერიტორიების განვითარებისა და კეთილმოწყობის სამშენებლო სამუშაოებისთვის ტენდერი მხოლოდ 2023 წლის 10 მაისს გამოაცხადა. სამუშაოების მიწოდების ვადად მითითებული იყო პერიოდი 2024 წლის 30 ნოემბრის ჩათვლით. პროექტის სავარაუდო ღირებულება 8 697 000 ლარი იყო, თუმცა ტენდერით არავინ დაინტერესდა და ის არ შედგა. პროექტის ფარგლებში შესასრულებელი სამუშაოები ითვალისწინებდა სამანქანე ხიდის, ტურისტული ცენტრისა და ტურისტული სასტუმროს, წისქვილების სოფლის, სასმელი წყლის გარე ქსელის, მისასვლელი გზებისა და ბილიკების მოწყობისა და სხვა თანმდევ სამუშაოებს (იხ. რენდერები ტენდერის მითითებულ ბმულზე). ერთ თვეში განმეორებით ტენდერი განმეორებით გამოცხადდა, თუმცა უარყოფითი შედეგით დასრულდა, რადგან ერთადერთ მონაწილე კომპანიას დისკვალიფიკაცია მიენიჭა. ამის შემდეგ, არსებული მდგომარეობით, სამინისტროს იმავე ტიპისა და მოცულობის სამუშაოებზე ტენდერი აღარ გამოუცხადებია. აჭარის ა/რ უმაღლესი საბჭოს სხდომაზე, რომელიც 2024 წლის 19 ივლისს გაიმართა, ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრმა ჯაბა ფუტკარაძემ ჭვანის ხეობის ინფრასტრუქტურის შესახებ კიდევ ერთხელ ისაუბრა. კერძოდ, მან თქვა, რომ გასულ წელს გამოცხადებული ტენდერი არ შედგა, შემდეგ განხორციელდა შესაბამისი პროცედურები, „პროექტის გადაფასება და ხელმეორედ დაექსპერტება“ და უკვე ტენდერი გამოცხადებულია. სინამდვილეში, სამინისტრომ ტენდერი გამოაცხადა არა იმ სამუშაოებზე, რომლებსაც წინა ტენდერები ითვალისწინებდა, არამედ ხაბელაშვილების თაღოვან ხიდთან მისასვლელი ბილიკის მოწყობაზე. სავარაუდო ღირებულება 167 500 ლარს შეადგენს. წინადადებების მიღება დასრულებულია. ერთადერთი კომპანია, რომელიც ტენდერით დაინტერესდა, არის შპს „აინაგები“. ამ ეტაპზე ხელშეკრულება გაფორმებული არაა. დოკუმენტის განმარტებით ბარათში წერია, რომ სამუშაოები ითვალისწინებს არსებული ბილიკის სავალი იატაკის მოპირკეთებას, მოაჯირის მოწყობასა და განათების მონტაჟს. მიმწოდებელმა სამუშაოები მიმდინარე წლის 20 დეკემბერს უნდა დაასრულოს.

ამდენად, აჭარის მთავრობის მიერ რამდენჯერმე გაჟღერებული დაპირება, რომელიც ჭვანის ხეობაში ტურისტული ინფრასტრუქტურის, კერძოდ, ხაბელაშვილების თაღოვანი ხიდის მიმდებარე ტერიტორიების განვითარებასა და კეთილმოწყობას შეეხებოდა და 2024 წლის 30 ნოემბერს სამუშაოები დასრულებული უნდა ყოფილიყო, არ შესრულდა. საუკეთესო შემთხვევაში, ახალი ინფრასტრუქტურის მომლოდინე საზოგადოება წლის ბოლოს მხოლოდ ბილიკს, მოაჯირსა და დამონტაჟებულ განათებებს მიიღებს.

ფოტო: აჭარის ტურისტული გზამკვლევი


პერსონები

მსგავსი სიახლეები

5648 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
26%
სიმართლე
16%
ტყუილი
12%
მეტწილად სიმართლე
10%
ნახევრად სიმართლე
7%

ყველაზე კითხვადი

ყველა სტატია