ბექა ლილუაშვილი: [ხელისუფლებას] მომავალი წლის ბიუჯეტში 400 მილიონი გრანტები აქვთ გათვალისწინებული

ვერდიქტი: ფაქტ-მეტის“ დასკვნით, ბექა ლილუაშვილის განცხადება არის მეტწილად სიმართლე.

ბექა ლილუაშვილის პათოსი საგრანტო დაფინანსების მნიშვნელობასთან დაკავშირებით, სწორია და თავსებადია კონტექსტთან, რომლის ფარგლებშიც გაკეთდა განცხადება. ამავდროულად, „მომავალი“ წელი „2024-2027 წლების ძირითადი ეკონომიკური და ფინანსური ინდიკატორების“ დოკუმენტისათვის (რომელზეც უთითებს განცხადების ავტორი), 2024 წელია და ნაერთი ბიუჯეტის მოსალოდნელი საგრანტო შემოსავლები მართლაც 400 მლნ ლარს შეადგენს. თუმცა, დღეის მდგომარეობით, „მომავალი“ წელი 2025 წელს შეესაბამება, 2025 წლისათვის კი ნაერთი ბიუჯეტის საგრანტო შემოსავალი 2024-2027 წლების დოკუმენტის შესაბამისად, 350 მლნ ლარი, განახლებული 2025-2028 წლების დოკუმენტის შესაბამისად - 300 მლნ ლარია.

აქედან გამომდინარე, „ფაქტ-მეტრი“ ბექა ლილუაშვილის განცხადებას აფასებს ვერდიქტით მეტწილად სიმართლე.

ანალიზი

პარლამენტის წევრმა და პარტია „საქართველოსთვის“ ერთ-ერთმა ლიდერმა ბექა ლილუაშვილმა 4 სექტემბერს „ტვ პირველის“ ეთერში, გადაცემა „დღის ამბებში“ სტუმრობისას, განაცხადა: „მომდევნო წელს იცით რამდენი მილიონის გრანტი აქვთ ჩაწერილი, როგორც ბიუჯეტის დაფინანსების წყარო?! 400 მლნ ლარი. 400 მლნ ლარი მომავალი წლის ბიუჯეტის პროექტში იქნება ჩაწერილი, როგორც მისაღები გრანტების მოცულობა“. აღნიშნული განცხადებით ლილუაშვილი მმართველი გუნდის წევრების, მათ შორის, პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის, განცხადებებს გამოეხმაურა, რომლებიც მისაღები გრანტების მნიშვნელობას აკნინებდა.

კონტექსტის თვალსაზრისით, მნიშვნელოვანია განიმარტოს, რომ მმართველი გუნდის წევრებისგან გრანტების მნიშვნელობის დაკნინებისკენ მიმართული განცხადებები მას შემდეგ გააქტიურდა, რაც „რუსული კანონის“ მიღების პარალელურად, ერთი მხრივ, გაჩნდა მითითებები ორმაგ სტანდარტზე (მთავრობა თავადაც იღებს უცხოეთიდან გრანტებს, მაგრამ ასევე უცხოეთიდან გრანტის მიმღებ ქართულ არასამთავრობო და მედია ორგანიზაციებს აგენტებად მოიხსენიებს), მეორე მხრივ, ცალკეულმა დონორებმა მთავრობისათვის გამოსაყოფი გრანტების შეჩერებაზე გააკეთეს განცხადებები. შესაბამისად, მმართველი გუნდის წევრების განცხადებები ხელისუფლების ქმედებებით გამოწვეული ზიანის გადაფარვას ემსახურება - მიღებული ზიანის უმნიშვნელოდ წარმოჩენით, მხოლოდ გრანტების მოცულობაზე აპელირებით. სინამდვილეში, უმთავრესი ზიანი ის გაფუჭებული ურთიერთობებია, რომლის ხილული ინდიკატორი გრანტების შეჩერებაა და რაც გრანტის მოცულობისგან განსხვავებით, რიცხვებში გაზმოვადი არ არის.

აქვე აუცილებელია, აღინიშნოს, რომ უცხოეთიდან მისაღები გრანტების წილი ნორმალური ქვეყნის ბიუჯეტში მაღალი ვერ იქნება და ის მხოლოდ პარტნიორებთან თანამშრომლობის ერთ-ერთი მდგენელია. უცხოური პირდაპირი დაფინანსება, გარდა გამონაკლისისა, მხოლოდ შეუმდგარი ქვეყნების ან კვაზი სახელმწიფოებრივი წარმონაქმნების ბიუჯეტში იკავებს მნიშვნელოვან როლს.

საქართველოს შემთხვევაშიც, ბუნებრივია, გრანტების წილი ბიუჯეტში არ არის მაღალი, თუმცა აბსოლუტურ მაჩვენებლებში, ათეულობით მილიონზეა საუბარი, რომლებიც კონკრეტულ მიმართულებებს ხმარდება. თავის მხრივ, გრანტები ხვდება როგორც სახელმწიფო ბიუჯეტში, ასევე ავტონომიური რესპუბლიკებისა და მუნიციპალურ ბიუჯეტებში, საერთო მოცულობას კი ნაერთი ბიუჯეტი ასახავს.

საქართველოს 2024 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის დამტკიცებული პროექტის თანმხლები დოკუმენტის (2024-2027 წლების ძირითადი ეკონომიკური და ფინანსური ინდიკატორები - საბაზო სცენარი) თანახმად, 2024 წელს ნაერთ ბიუჯეტში გრანტების სახით მისაღებ შემოსავლად 400 მლნ ლარი (შემოსავლების 1.64%), 2025-2027 წლებში კი წლიურად 350 მლნ ლარია განსაზღვრული.

მიმდინარე პერიოდში დამუშავებული „2025-2028 წლების ძირითადი ეკონომიკური და ფინანსური ინდიკატორები - საბაზო სცენარის“ თანახმად, 2024 წლის ნაერთ ბიუჯეტში გრანტების სახით მისაღები შემოსავლები ისევ 400 მლნ ლარია (შემოსავლების 1.61%), 2025-2028 წლებში კი წლიურ 300 მლნ ლარამდეა შემცირებული.

გრაფიკზე მოცემულია გრანტების მოცულობა და წილი ნაერთი ბიუჯეტის შემოსავლებში ბოლო პერიოდისათვის.

გრაფიკი 1:ნაერთი ბიუჯეტის საგრანტო შემოსავალი

წყარო: საქართველოს ფინანსთა სამინისტრო

როგორც გრაფიკიდან ჩანს, „ქართული ოცნების“ მთავრობის პირობებში - 2013 წლიდან 2023 წლის ჩათვლით, საბიუჯეტო სახსრების სახით საქართველოს ჯამში 4 მლრდ ლარზე მეტი საგრანტო შემოსავალი აქვს მიღებული, რაც ამავე პერიოდის ნაერთი ბიუჯეტის შემოსავლების 2.9%-ს შეადგენს. 2024-2028 წლებში კი ფინანსთა სამინისტროს მიმდინარე პროგნოზით, დამატებით 1.6 მლრდ ლარის საგრანტო შემოსავლის მიღება არის ნავარაუდევი.

აღნიშნული საგრანტო დაფინანსების ფარგლებში, განსახორციელებელი პროექტებისა და დაფინანსების წყაროების საილუსტრაციოდ, მნიშვნელოვანია ცალკეული მაგალითებზე მითითებაც. კერძოდ, მხოლოდ 2024 წელს მისაღები საგრანტო შემოსავლიდან:

ევროკავშირი ჯამში 108 მლნ ლარით აფინანსებს სხვადასხვა პროექტებს, მათ შორის, 63 მლნ ლარით - ინტეგრირებულ ტერიტორიულ განვითარებას, პროგრამა ENPARD-ის ფარგლებში 16.9 მლნ ლარით - პროექტებს სოფლის მეურნეობისა და სოფლის განვითარებისთვის, 5 მლნ ლარით - აჭარის სოფლების წყალმომარაგებისა და წყალარინების პროექტს,3 მლნ ლარით - ენერგეტიკის რეფორმას საქართველოში (EU-NIF) და სხვა;

გერმანიის რეკონსტრუქციის საკრედიტო ბანკი (KFW) ჯამში 20 მლნ ლარით აფინანსებს იმერეთის და ყაზბეგის მუნიციპალიტეტებში კომუნალური ინფრასტრუქტურისა და ბათუმის მუნიციპალური ინფრასტრუქტურის გაუმჯობესების, ასევე საქართველოში ბიომრავალფეროვნებისა და მდგრადი ადგილობრივი განვითარების ხელშეწყობისა და სხვა პროექტებს;

აღმოსავლეთ ევროპის ენერგოეფექტურობისა და გარემოს დაცვის პარტნიორობის ფონდი (E5P) შესაბამისად, 5.3 მლნ ლარითა და 2 მლნ ლარით, აფინანსებს თბილისსა და საქართველოს მთიან რეგიონებში საჯარო სკოლების რეაბილიტაციისა და ენერგოეფექტურობის გაუმჯობესების პროექტს;

აღმოსავლეთ პარტნიორობის ტექნიკური მხარდაჭერის ფონდი (EPTATF) 1.2 მლნ ლარით აფინანსებს ქუთაისის წყალარინების პროექტს.

იმის გათვალისწინებით, რომ ბიუჯეტის მოცულობის მიუხედავად, რესურსი შეზღუდულია, მტკიცება, რომ ცალკეული მიმართულებით გაწეული დახმარება უმნიშვნელოა, აბსურდულია. კერძოდ, ცალკე აღებულად 5 მლნ ლარი აჭარის სოფლების წყალმომარაგებისა და წყალარინებისათვის[1] შესაძლებელია საქართველომ საკუთარი სახსრებიდანაც გამოყოს სხვა პროგრამის შეკვეცის ხარჯზე, თუმცა ანალოგიური პრობლემა სხვა რეგიონებშიც დგას და „გამოთავისუფლებული სახსრები“ შესაძლებელია არა მთავრობისავე ქმედებით გამოწვეული ზიანის ასანაზღაურებლად, არამედ სხვა რეგიონში ანალოგიური პრობლემის გადასაჭრელად ყოფილიყო მიმართული, ისევე, როგორც იმავე პროგრამის გასაგრძელებლად, რომლის ხარჯზეც თეორიულად შეიძლება „გამოთავისუფლდეს“ სახსრები.



[1] პროგრამა მოყვანილია მაგალითის სახით აღქმის გასამარტივებლად. ფაქტ-მეტრი არ ფლობს ინფორმაციას აღნიშნული პროექტის დაფინანსების შესაძლო შეჩერების შესახებ.


პერსონები

მსგავსი სიახლეები

5644 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
26%
სიმართლე
16%
ტყუილი
12%
მეტწილად სიმართლე
10%
ნახევრად სიმართლე
7%

ყველაზე კითხვადი

ყველა სტატია