ირაკლი აბესაძე: 2023 წელს ყველა პარტიამ ჯამში 13 მლნ ლარის შემოწირულება მიიღო, საიდანაც 11 მლნ „ქართულმა ოცნებამ“ მიიღო

ვერდიქტი: „ფაქტ-მეტრის“ დასკვნით, ირაკლი აბესაძის განცხადება არის სიმართლე.

პარტიების შემოწირულებების მონიტორინგის მიხედვით, 2023 წელს ყველა პარტიის შემოწირულებამ ჯამში, 13 მილიონი ლარი შეადგინა. აქედან, 11 მლნ შემოწირულება ერთმა პარტიამ -„ქართულმა ოცნებამ“, მიიღო. ასევე, „ქართული ოცნების“ შემწირველთა დიდი ნაწილი იმ კომპანიების მფლობელები არიან, რომლებიც სახელმწიფო ტენდერებში მონაწილეობენ და იმარჯვებენ კიდეც.

აქედან გამომდინარე, „ფაქტ-მეტრის“ დასკვნით, ირაკლი აბესაძის განცხადება არის სიმართლე.

ანალიზი

„სამოქალაქო მონაწილეობის ცენტრის“ ხელმძღვანელი ირაკლი აბესაძე „საქმიან დილაში“ სტუმრობისას, სხვა საკითხებთან ერთად, პარტიათა შემოწირულებებსაც შეეხო და აღნიშნა: „ 2023 წელს ყველა პარტიამ ჯამში 13 მლნ შემოწირულება მიიღო, საიდანაც 11 მლნ მიიღო „ქართულმა ოცნებამ“ ამ შემოწირულებების მნიშვნელოვანი ნაწილი იმ კომპანიებმა განახორციელეს, რომლებიც სახელმწიფო შესყიდვებში მონაწილეობენ“.

პოლიტიკური პარტიების საქმიანობის წესს კანონი „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანების შესახებ“ განსაზღვრავს. კანონის მიხედვით, პარტიის ქონებას ქმნის: საწევრო შენატანები, შემოწირულებები, კანონით დადგენილ შემთხვევებში სახელმწიფოს მიერ გამოყოფილი თანხა (თავი III, მუხლი 25).

კანონით განსაზღვრულია იმ პირთა წრე, რომლებიც პარტიის შემწირველები ვერ იქნებიან. შესაბამისად, პარტიის შემწირველი არ შეიძლება იყოს: საქართველოს მოქალაქეობის არმქონე ფიზიკური პირი, საქართველოში ან საქართველოს ფარგლებს გარეთ დარეგისტრირებული იურიდიული პირი, საჯარო დაწესებულება, სხვა სახელმწიფოს ხელისუფლების სისტემის შემადგენელი სუბიექტი, ანონიმური შემწირველი.

კანონმდებლობის მიხედვით, ასევე შესაწირი თანხის ზღვრული ოდენობაც არის განსაზღვრული. საქართველოს მოქალაქეს პარტიისთვის წლის განმავლობაში, 60 000 ლარზე მეტი შეწირულების განხორციელება არ შეუძლია (მუხლი 27).

პარტიების შემოწირულებების მონიტორის მიხედვით, 2023 წელს, ჯამში პარტიებმა 13 603 074 ლარის შეწირულება მიიღეს. აქედან, ძირითადი თანხა პარტია „ქართულ ოცნებაზე“ მოდის, რომლის შეწირულების ჯამურმა ოდენობამ 11 185 000 ლარი შეადგინა, შემოწირულებების რაოდენობა კი 348 იყო.

რაც შეეხება მიმდინარე წელს, „ქართულმა ოცნებამ“ ჯამში 8 881 356 ლარის შეწირულება მიიღო, შემოწირულებების რაოდენობამ 271 შეადგინა. 2022 წელს „ქართულმა ოცნებას“ გაცილებით ცოტა - 1 086 000 ლარი შესწირეს, მცირე იყო შემწირველთა რაოდენობაც - 27. თუ სტატისტიკურ მონაცემებს გადავხედავთ, ვნახავთ, რომ პარტია ყველაზე მეტ შეწირულებას საარჩევნო წლებში იღებდა. რეკორდული 2020 წელი იყო, როცა პარტიის შეწირულებამ 23 881 541 ლარი შეადგინა, რეკორდული იყო შემწირველთა რაოდენობაც - 976.

რაც შეეხება სხვა პარტიების დაფინანსებას, 2023 წელს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ დაფინანსებამ 720 958 ლარი შეადგინა, შემოწირულებების რაოდენობა 124 იყო, მიმდინარე წელს პარტიას 628 582 ლარი 162-მა პირმა შესწირა. აქაც იგივე სურათი გვაქვს, ყველაზე მეტი შეწირულება პარტიამ საარჩევნო წლებში მიიღო, რეკორდული, „ენმ-ის“ შემთხვევაში, 2012 წელი იყო, როცა პარტიის შეწირულებამ 21 214 866 ლარი შეადგინა (987 შეწირულება). გასულ საარჩევნო წელს (2020) „ენმ-ს“ ჯამში, 630-მა შეწირულებამ 5 679 220 ლარი შეადგინა.

პარტია „ლელო საქართველოსთვის-მა“ 2023 წელს 931 275 ლარის შეწირულება მიიღო (74 შემოწირულება). მიმდინარე წელს პარტიას 89 შემწირველმა 1 642 528 ლარი შესწირა. გასულ საარჩევნო წელს პარტიის შეწირულება 7 991 594 ლარი იყო ( 290 შეწირულება).

პარტია „ევროპული საქართველო-მოძრაობა თავისუფლებისთვის“ 2023 წლის შეწირულებამ 109 405 ლარი (28 შემოწირულება) შეადგინა. მიმდინარე წელს პარტიას 148 567 ლარი შესწირეს (34 შეწირულება). გასულ საარჩევნო წელს პარტიის შეწირულებამ 3 615 201 ლარი შეადგინა (528 შემოწირულება).

„ლეიბორისტულ პარტიას“ 2023 წელს 42 313 ლარი (204 შემწირველი) შესწირეს. მიმდინარე წელს პარტიის შეწირულებამ 9 796 (54 შემოწირულება) ლარი შეადგინა. გასულ საპარლამენტო არჩევნების წელს (2020) პარტიის შეწირულება 227 506 ლარი ( 50 შემწირველი) იყო.

გრაფიკი 1: პარტიების შემოწირულებები

წყარო:პარტიების შემოწირულებები

როგორც პარტიების შემოწირულებების მონიტორინგის მონაცემები ცხადყოფს, 2023 წელს „ქართულმა ოცნებამ ყველაზე მეტი - 11 185 000 ლარის, შემოწირულება მიიღო. მიმდინარე წელსაც პარტიის შემოწირულება ყველა სხვა პარტიისას აღემატება და 8 881 356 ლარს შეადგენს. შესაბამისად, ირაკლი აბესაძის განცხადების ეს ნაწილი სიმართლეა.

რაც შეეხება განცხადების იმ ნაწილს, თუ ვინ არიან „ქართული ოცნების“ შემწირველები, შემოწირულებების სტატისტიკის მიხედვით „ქართული ოცნების“ ძირითადი შემწირველები მართლაც სახელმწიფო შესყიდვებში გამარჯვებული კომპანიის მფლობელები და ღვინის კომპანიის წარმომადგენლები (რომლების სახელმწიფო სუბსიდიებს იღებენ) არიან.

განვიხილოთ რამდენიმე მაგალითი.

ირაკლი გიგოლაშვილი, რომლის შეწირულება ჯამში 69 000 ლარია, 15 კომპანიაშია პარტნიორი, ხელმძღვანელი, ან ფინანსური დირექტორი. მის მფლობელობაში მყოფ კომპანიებს ( შპს „მინისო ჯორჯია“, შპს „საფინანსო სკოლა“, შპს „ანაგი“, შპს „სტორნი აუდიტი“, შპს“ ლუგო“) ჯამში 127 გამარტივებულ შესყიდვასა და ტენდერში აქვს მონაწილეობა მიღებული.

გიორგი ჭყონია, რომელსაც „ქართული ოცნებისთვის“ ჯამში 520 000 ლარი აქვს შეწირული, 19 კომპანიის პარტნიორი და ხელმძღვანელია, რომელთა შორისაა შპს „გზა“, რომელსაც 169 ტენდერში აქვს მონაწილეობა მიღებული, გამარჯვებულად 47 ტენდერში გამოცხადდა. გარდა ამისა, კომპანიას 23 გამარტივებულ შესყიდვაში აქვს მონაწილეობა მიღებული.

ასევ აღსანიშნავია, რომ გიორგი ჭყონია „ქართულმა ოცნებამ“ დელეგატად წარადგინა. საკანონმდებლო ორგანოში შესვლის შემთხვევაში, ის ქობულეთის წარმომადგენელი უნდა იყოს.

ირაკლი თოფაძე, რომლის შეწირულება პარტია „ქართული ოცნებისადმი“ ჯამში 250 000 ლარია, 21 კომპანიის პარტნიორი ან ხელმძღვანელია. მის კომპანიებს - „ყაზბეგი“, „ქართუ-უნივერსალი“, „ყაზბეგი-ფშაველი“ 45 ტენდერში აქვს მონაწილეობა მიღებული, მათ შორის, 22 გამარტივებულ შესყიდვაში.

ლუხუმ ქართლოსიშვილს პარტიისთვის 25 000 ლარი აქვს შეწირული. ის 6 კომპანიის დირექტორი და პარტნიორია, ერთ-ერთი კომპანიაა „ერ ტე დე“.

კომპანია სახელმწიფო შესყიდვებში მონაწილეობას 2015 წლის სექტემბრიდან იღებს. პირველი ტენდერი „ერ ტე დემ“ მას შემდეგ მოიგო, რაც მფლობელი ლუხუმ ქართლოსიშვილი გახდა. კომპანიას ჯამში 101 ტენდერი აქვს მოგებული, კონტრაქტების საერთო ღირებულება კი 168,095,705 ლარს შეადგენს.

როგორც გვახსოვს შპს „ერ ტე დე“ წერეთლის გამზირის რეაბილიტაციას ახორციელებდა. პროექტის უხარისხოდ და დაგვიანებით განხორციელების გამო, თბილისის მერიამ კომპანიას 2024 წლის იანვარში ხელშეკრულება შეუწყვიტა. ამის მიუხედავად, საავტომობილო გზების დეპარტამენტმა იმავე თვის იანვარში იგოეთი-კასპი-ახალქალაქის გზის სარეაბილიტაციო სამუშაოების განსახორციელებლად 16.8 მლნ ლარის ღირებულების ხელშეკრულებს სწორედ აღნიშნულ კომპანიასთან გააფორმა (იხ. სტატია).

ეს არის იმ კომპანიების მფლობელების მცირე ჩამონათვალი, რომელნიც „ქართული ოცნების“ შემწირველები არიან, სახელმწიფო ტენდერებშიც აქტიურად მონაწილეობენ და იგებენ კიდეც.

გარდა ამისა, „ქართული ოცნების“ შემწირველთა სიაში არიან ღვინის კომპანიების მფლობელები: დავით დუგლაძე (შპს „დუგლაძეების ღვინის კომპანია“, „სს კოტეხი- გურჯაანის ღვინის ქარხანა“), ზურაბ ჩხაიძე („კახური ტრადიციული მეღვინეობა“), ირაკლი უგულავა (შპს „ასკანელი ძმები“), ირაკლი კოტეტიშვილი (შპს „ფალავანი“). ისინი „ოცნების“ გულუხვი შემწირველები არიან, სანაცვლოდ კი, მათი კომპანიები ყურძნის სუბსიდირების სახელმწიფო პროგრამაში არიან ჩართულნი (დაწვრილებით იხ. „ფლანგვის დეტექტორის“ სტატია).

შეჯამების სახით, 2023 წელს „ქართულმა ოცნებამ“ ყველა პარტიაზე მეტი შეწირულება მიიღო, რამაც ჯამში 11 მლნ ლარი შეადგინა. პარტიის შემწირველთა უმრავლესობის მფლობელობაში მყოფი კომპანიები სახელმწიფო ტენდერებში იღებენ მონაწილეობას და იმარჯვებენ კიდეც. საპირისპირო სურათია დანარჩენი პარტიების შემთხვევაში. მათ შემწირველებს შორის ძალიან მცირეა იმ ბიზნესმენთა წილი, რომელთა კომპანიებიც სახელმწიფო ტენდერებში იმარჯვებენ. აქედან გამომდინარე, „ფაქტ-მეტრის“ დასკვნით, ირაკლი აბესაძის განცხადება არის სიმართლე.


პერსონები

მსგავსი სიახლეები

5648 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
26%
სიმართლე
16%
ტყუილი
12%
მეტწილად სიმართლე
10%
ნახევრად სიმართლე
7%

ყველაზე კითხვადი

ყველა სტატია