ყალბი ამბავი: საქართველოში დანერგილი ელექტრონული ხმის მიცემის სისტემა რუსული ელექტრონული არჩევნების სისტემის იდენტურია

საქართველო საარჩევნო პროცედურებში ორ განსხვავებულ ელექტრონულ მოწყობილობას იყენებს: ამომრჩეველთა ვერიფიკაციის/ელექტრონული რეგისტრაციის ელექტრონულ მოწყობილობას (ამ უკანასკნელმა ჩაანაცვლა მატერიალური სახის სამაგიდე სიები) და ხმების მთვლელ ელექტრონულ მოწყობილობას.

ქართული და რუსული საარჩევნო სისტემების შედარებისთვის საკმარისია, ითქვას, რომ საქართველოში მოდერნიზებული საარჩევნო სისტემა, რუსულისგან განსხვავებით, არც ამომრჩეველთა ვერიფიკაციის და არც ხმის დათვლის კომპონენტში ინტერნეტის გამოყენებას არ ითვალისწინებს.

ყალბი ამბავი: ელექტრონულ არჩევნებში ხმის მიცემა მხოლოდ ID ბარათით იქნება შესაძლებელი

არჩევნებში ხმის მიცემა შესაძლებელი იქნება როგორც ID-ბარათის ან საქართველოს მოქალაქის პასპორტის წარდგენის შემთხვევაში, ასევე ლამინირებული პირადობის მოწმობის გამოყენებით.

ყალბი ამბავი: ელექტრონული ტექნოლოგიები იძლევა შესაძლებლობას, რომ მარტივად მოხდეს იდენტიფიცირება, თუ ვის მივეცით ხმა

არჩევნებში ხმის ფარულობა დაცულია, როგორც იურიდიულად, ასევე ტექნიკურად. ცენტრალური საარჩევნო კომისიის ინიციატივით, არჩევნებზე ელექტრონული ტექნოლოგიების გამოყენების აუდიტი აშშ-ში რეგისტრირებული და აკრედიტებული კომპანია Pro V&V-ის მიერ ჩატარდა. აუდიტის დასკვნა ადასტურებს, რომ ელექტრონული ხმის მიცემის პროცესი ზედმიწევნით არის რეგულირებული და სტრუქტურირებული ისე, რომ ამომრჩევლის არჩევანი არ იყოს გამჟღავნებული.

ხმის მთვლელი ელექტრონული აპარატი ინტერნეტთან არ არის დაკავშირებული, ამასთან, კავშირი ამომრჩეველთა ვერიფიკაციის აპარატსა და ხმის მთვლელ ელექტრონულ მოწყობილობას შორის არ არსებობს, რაც დაფიქსირებულ ხმას და ამომრჩეველს შორის რაიმე კავშირის დადგენას გამორიცხავს.

ბიულეტენი არ არის დანომრილი და არ შეიცავს ციფრულ ინფორმაციას, რომელიც ამომრჩეველსა და მის არჩევანს პოტენციურად დააკავშირებს. ბიულეტენზე განთავსებული QR კოდი მხოლოდ საარჩევნო ოლქის და საარჩევნო უბნის ნომერს შეიცავს. შესაბამისად, ბიულეტენის კონკრეტულ ამომრჩეველთან ასოცირება შეუძლებელია.

აქედან გამომდინარე, ბიულეტენზე სპეციალური ნიშნისა და ვერიფიკაციის აპარატსა და ხმის მთვლელ მოწყობილობას შორის კავშირის არსებობის გარეშე, ფიზიკურად შეუძლებელია, საარჩევნო ყუთი „მიხვდეს“,კონკრეტული ბიულეტენი ვისია და მოქალაქის ხმის ფარულობა დაირღვეს.

ყალბი ამბავი: ელექტრონულ არჩევნებში გარე ჩარევა და არჩევნების შედეგების შეცვლა შესაძლებელია

საარჩევნო უბანზე გამოყენებული ელექტრონული მოწყობილობები ინტერნეტთან დაკავშირებული არ არის, რაც ნებისმიერი დაინტერესებული პირის მხრიდან, მათ შორის ცენტრალური ადმინისტრაციის თანამშრომლების მიერ, გარე ჩარევის შესაძლებლობას გამორიცხავს.

კენჭისყრის პროცესის დასრულების შემდეგ, ხმის მთვლელი ელექტრონული მოწყობილობიდან, შედეგების კონსოლიდაციის შემდეგ წინასწარი ანგარიში (აპარატის მიერ დათვლილი შედეგები) იბეჭდება, რაც საარჩევნო უბანზე ყველა უფლებამოსილი პირისათვის ხელმისაწვდომია. ამის შემდეგ, პლანშეტური კომპიუტერის მეშვეობით ხდება ცესკოში წინასწარი შედეგების გადაგზავნა. საერთაშორისო აუდიტის მიერ დადასტურებულია, რომ შედეგების გადაგზავნის პროგრამა შედეგებს არ ცვლის. ტაბლეტს არ აქვს შესაძლებლობა, გაგზავნოს ხმის მთვლელი აპარატის გარდა, სხვა აპარატის მიერ წარმოებული შედეგები - თუ შედეგები არ არის გენერირებული ხმის დამთვლელი აპარატის მიერ, ტაბლეტის პროგრამა არ აგზავნის ფაილს. კავშირი არის დაცული და ცესკოს სერვერების გარდა სხვაგან შედეგების გადაგზავნა შეუძლებელია.

ამასთან, ყველა პროცედურაში, სადაც გამოყენებულია ელექტრონული ტექნოლოგია, არის ქაღალდის კვალი, რაც არჩევნების შედეგების აუდიტირების/გადამოწმების შესაძლებლობას იძლევა. კერძოდ, ამომრჩეველი არჩევანს ქაღალდის ბიულეტენზე აკეთებს, რომელიც ხმის მთვლელ აპარატში თავსდება. ყველა საარჩევნო უბანზე, სადაც გამოყენებული იქნება ელექტრონული ტექნოლოგიები, შედეგების ხელით გადათვლა მოხდება. ცესკოს ვებგვერდზე განთავსდება როგორც წინასწარი შედეგები, ასევე, საუბნო საარჩევნო კომისიის კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელი ოქმები და ნებისმიერ დაინტერესებულ პირს შედარების შესაძლებლობა ექნება.

შესაბამისად, ვერიფიკაციის აპარატისა და ხმის მთვლელი მოწყობილობის ინტერნეტთან დაკავშირების ფუნქცია არ აქვს, აქედან გამომდინარე, შეუძლებელია, მათზე რაიმე გარე ზეგავლენის მოხდენა ინტერნეტ-ტექნოლოგიების გამოყენებით. ერთადერთი ეტაპი, როდესაც უბანზე ინტერნეტი გამოიყენება, უკვე დათვლილი შედეგების გაგზავნაა. ამ ეტაპზე კი, აუდიტის დასკვნის მიხედვით, დაცული კავშირი მყარდება ცესკო-სა და უბანს შორის და, თეორიულად, ამგვარი ჩარევა შესაძლებელი რომც იყოს, ის აზრს მოკლებულია, ვინაიდან უბანზე დაფიქსირებული შედეგის ოქმი ყველა პარტიისთვის, დამკვირვებლისათვის და მედიისათვის არის ხელმისაწვდომი, შედეგები საჯაროა და ამ ოქმისაგან განსხვავებული მონაცემების ცესკო-სათვის გაგზავნა რეალურ გავლენას შედეგებზე ვერ მოახდენს.

ყალბი ამბავი: ვერიფიკაციის აპარატში ჩატვირთული სიების გადამოწმების შესაძლებლობა არ არსებობს

ამომრჩეველთა სიის საბოლოო ვერსია, ვენდორ კომპანიასთან - „სმარტმატიკთან“ შეთანხმებული ფორმატით, დაცულ სერვერზე თავსდება, რის შემდეგაც ვერიფიკაციის აპარატებში სიის ჩატვირთვა მათ მიერ ხდება. განთავსებული ინფორმაციის ცვლილება მხარეების (ვენდორი-ცესკო) ურთიერთ დადასტურების გარეშე პროგრამულად ვერ მოხდება.

სიის სიზუსტის/იდენტურობის დასადასტურებლად, კენჭისყრის დაწყებამდე ვერიფიკაციის აპარატებიდან იბეჭდება ამომრჩეველთა სია, რაც გადამოწმების და აუდიტირების შესაძლებლობას უშუალოდ საარჩევნო უბანზე იძლევა. საარჩევნო უბანზე გამოკრული იქნება როგორც კედლის სიის საჯარო ვერსია, ასევე ვერიფიკაციის აპარატიდან ამობეჭდილი სია.

შეგახსენებთ, რომ ამომრჩეველთა ერთიან სია ხელმისაწვდომია როგორც პოლიტიკური პარტიებისთვის, ასევე დამკვირვებელი ორგანიზაციებისთვის. შესაბამისად, საარჩევნო სიების გადამოწმება ყველა ეტაპზე შესაძლებელია.

ამასთან, აუდიტმა დაადასტურა, რომ აპარატს ფიზიკურად არ შეუძლია ამ სიის გარდა, მეორე სიაც შეინახოს და კენჭისყრის პროცესში სხვა სიით იხელმძღვანელოს, ხოლო ამობეჭდვის ბრძანებაზე კომისიისთვის სხვა სია დაბეჭდოს. ამგვარად, ის სია, რომელსაც აპარატი ბეჭდავს, საარჩევნო უბანზე გამოკრულ ე.წ. კედლის სიას უნდა ემთხვეოდეს. მათ შორის შეუსაბამობის დადგენა კი „მარტივი ოპერაცია“ იქნებოდა და ამგვარი მანიპულაცია, შესაძლებელიც რომ იყოს, აზრს მოკლებულია.

ყალბი ამბავი: ვერიფიკაციისა და ხმის მთვლელი აპარატების მწყობრიდან გამოსვლა უბანზე ხმის მიცემის პროცესს ჩაშლის

ცესკოს ინფორმაციით, საარჩევნო უბანზე რეგისტრირებულ ამომრჩეველთა რაოდენობის შესაბამისად, განთავსებული იქნება მინიმუმ - 2, მაქსიმუმ - 5 ვერიფიკაციის/ელექტრონული რეგისტრაციის აპარატი. ვერიფიკაციის აპარატები სინქრონიზებულია, ამომრჩეველს აქვს შესაძლებლობა, რეგისტრაცია გაიაროს ნებისმიერ თავისუფალ რეგისტრატორთან და ეს ინფორმაცია ავტომატურად ისახება ყველა მოწყობილობაში. იმ შემთხვევაში, თუ მწყობრიდან გამოვა ერთი მოწყობილობა, შემცირდება რეგისტრატორების რაოდენობა, რაც საარჩევნო პროცესს არ შეაფერხებს.

თეორიულად, თუ ყველა ვერიფიკაციის აპარატი გამოვა მწყობრიდან, საარჩევნო უბანზე ერთიანი სამაგიდე სია დალუქულ მდგომარეობაში არის განთავსებული და პროცესი ტრადიციული წესით გაგრძელდება. ისეთ საარჩევნო უბნებზე, სადაც რეგისტრირებულ ამომრჩეველთა რაოდენობა 2700-ს აღემატება, ასევე, სადაც ბოლოს ჩატარებული 3 საერთო არჩევნებიდან რომელიმეში საარჩევნო უბანზე კენჭისყრაში მონაწილე ამომრჩეველთა რაოდენობა აღემატებოდა 1300 ამომრჩეველს, გამოყენებული იქნება 3 ხმის მთვლელი ელექტრონული აპარატი. ერთი ხმის მთვლელი აპარატის/ყუთის მწყობრიდან გამოსვლის შემთხვევაში, პროცესი დანარჩენი აპარატით/აპარატებით გაგრძელდება, ხოლო თუ ყველა გამოვა მწყობრიდან, ყუთს მოეხსნება ზემოდან დამაგრებული ხმის მთვლელი ელექტრონული აპარატი და პროცესი ძველი წესით გაგრძელდება (ამომრჩეველი ბიულეტენს ყუთის ჭრილში მოათავსებს).

მიუხედავად იმისა, რომ საარჩევნო ადმინისტრაცია ამგვარი სცენარისთვის მზადაა და შესაბამისი პროცედურები გაწერილი აქვს, აღსანიშნავია, რომ საპილოტედ ჩატარებული ელექტრონული არჩევნების პროცესი აჩვენებს, რომ აპარატები გამართულად მუშაობს. შესაბამისად, აპარატების მწყობრიდან გამოსვლის ალბათობა ისედაც ძალიან დაბალია.

ყალბი ამბავი: უბანზე ელექტროენერგიის გათიშვის შემთხვევაში აპარატები გაითიშება და ხმის მიცემის პროცესი შეწყდება

ვერიფიკაციის აპარატი იტენება და არ სჭირდება UPS. ის მიერთებული იქნება დენის წყაროზე, ხოლო დენის გათიშვის შემთხვევაში, დაახლოებით 6 საათის განმავლობაში, შეუძლია ფუნქციონირება. რაც შეეხება ხმის მთვლელ მოწყობილობას, მას სჭირდება UPS და კვების წყარო, რომელიც ყველა საარჩევნო უბანზეა და უზრუნველყოფს აპარატების შეუფერხებლად მუშაობას. UPS დენის წყაროს გარეშე, დაახლოებით 5 საათის განმავლობაში მუშაობს. ამასთანავე, რისკების დაზღვევის მიზნით ცესკოს აქვს კომუნიკაცია შესაბამის კომპანიებთან („თელასი“, „ენერგო პრო ჯორჯია“) და საჭიროების შემთხვევაში, მათ მიერ მობილიზებული ტექნიკური ჯგუფები რეაგირებას დაუყოვნებლივ მოახდენენ.

ყალბი ამბავი: საარჩევნო უბანზე სიაში ყველა ამომრჩევლის მისვლის შემთხვევაში, ხმის მთვლელი აპარატის ყუთი ბიულეტენებს ვერ დაიტევს

ხმის მთვლელი ელექტრონული აპარატი დამონტაჟებულია ყუთზე, თითოეული ყუთი იტევს არანაკლებ 2500 ბიულეტენს და საარჩევნო უბნებზე განთავსებული იქნება არანაკლებ 2, ზოგ შემთხვევებში, 3 ხმის მთვლელი ელექტრონული აპარატი.

ყალბი ამბავი: საარჩევნო ელექტრონულ ყუთს ორი ბიულეტენის მიღება შეუძლია

რეალურად, ხმის მთვლელ აპარატს, სადაც ბიულეტენის განთავსება ხდება, ორი ბიულეტენის ერთდროულად მიღება და სკანირება ტექნიკურად არ შეუძლია.

ამომრჩეველს საარჩევნო უბანზე რეგისტრაციის გავლის შემდეგ რეგისტრატორი მხოლოდ ერთ ბიულეტენს აძლევს. რომც დავუშვათ, რომ ამომრჩევლის ხელში, როგორღაც ორი ბიულეტენი აღმოჩნდა, მათი ერთდროულად მოთავსება სკანერის აპარატში შეუძლებელია. ამ შემთხვევაში, ამომრჩეველმა ჯერ ერთი ბიულეტენი უნდა შეაცუროს, დაელოდოს, სანამ აპარატი დაადასტურებს ბიულეტენის მიღებას და მეორე ბიულეტენის შეშვებას მხოლოდ ამის შემდეგ შეძლებს. აღნიშნული პრაქტიკულად შეუძლებელია, რადგან ხმის მიცემის პროცესს

აკვირდებიან ადგილობრივი და საერთაშორისო სადამკვირვებლო ორგანიზაციები, პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები.

ყალბი ამბავი: უბანზე არსებობს ე.წ. პლანშეტი, რომლის მუშაობაში ჩარევაც ინტერნეტის გამოყენებით და სპეციალური ჩიპის მეშვეობით არის შესაძლებელი

კენჭისყრის პროცესის დასრულების შემდეგ, ხმის მთვლელი ელექტრონული მოწყობილობიდან, შედეგების კონსოლიდაციის შემდეგ, იბეჭდება წინასწარი ანგარიში (აპარატის მიერ დათვლილი შედეგები), რაც საარჩევნო უბანზე ყველა უფლებამოსილი პირისათვის ხელმისაწვდომია და მხოლოდ ამ პროცედურის შემდეგ ხდება პლანშეტური კომპიუტერის მეშვეობით წინასწარი შედეგების გადაგზავნა.

ამასთანავე, საერთაშორისო აუდიტის მიერ დადასტურებულია, რომ შედეგების გადაგზავნის პროგრამა არ ცვლის შედეგებს, APN და VPN-ის ქსელი უზრუნველყოფს იმას რომ, კავშირი არის დაცული და შეუძლებელია შედეგების გადაგზავნა ცესკოს სერვერების გარდა სხვაგან.

საერთაშორისო აუდიტის თანახმად:

  • ცესკოს სერვერებთან კავშირი არის უსაფრთხო და პრივატული – შედეგების გაგზავნის შეუძლებლობა სხვაგან, გარდა ცესკოს სერვერებისა.
  • პლანშეტი აგზავნის მხოლოდ PCOS აპარატის მიერ გენერირებულ შედეგებს.

მასალა მომზადდა: საერთაშორისო აუდიტის დასკვნაზე და ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ მოწოდებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით.


მსგავსი სიახლეები

5648 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
26%
სიმართლე
16%
ტყუილი
12%
მეტწილად სიმართლე
10%
ნახევრად სიმართლე
7%

ყველაზე კითხვადი

ყველა სტატია