სოციალურ ქსელში Facebook-ანგარიშები „მიხეილ განუბაჟებელი“ და „ნაცი ხვიტია“, რომელთა გავრცელებული დეზინფორმაცია „ფაქტ-მეტრს“ აქამდეც არა ერთხელ გადაუმოწმებია (1; 2; 3; 4; 5), ვიდეოს ავრცელებენ (1, 2) (დაარქივებული ბმული), რომელშიც მიხეილ სააკაშვილის პირადი წარმომადგენელი, სოფო ჯაფარიძე გამოსვლისას შემდეგ სიტყვებს ამბობს: „მიხეილ სააკაშვილმა შეძლო, რომ წარმოუდგენელი ნაკადი შეექმნა ემიგრანტების, 2003 წლის შემდგომ, ვარდების რევოლუციის შემდეგ, ყველას კარგად გვახსოვს, რა ხდებოდა, ნაკადი არ წყდებოდა ჩვენი ემიგრანტებისთვის“. ვიდეო გავრცელდა TikTok-ანგარიშის მიერაც, აღწერით: „სოფო ჯაფარიძის აღიარება საქართველოდან ქართველების გასვლაზე“.

რეალურად, ვიდეოში მონაკვეთი წყდება და მომხმარებელს უქმნის წარმოდგენას, რომ სოფო ჯაფარიძის თქმით, ქართველები, წინა ხელისუფლების დროს ქვეყანას ტოვებდნენ. სინამდვილეში, სრულ მონაკვეთში სოფო ჯაფარიძე აღნიშნავს, რომ ქართველი ემიგრანტები საქართველოში ბრუნდებოდნენ და მიხეილ სააკაშვილმა ისინი ქვეყნის მშენებლობის პროცესში ჩართო.

„ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის” თბილისის კამპანიის ღონისძიება „კი ევროპას“ 11 სექტემბერს, რიყის პარკში გაიმართა. სოფო ჯაფარიძემ სიტყვით გამოსვლისას, ქვეყანაში არსებულ გამოწვევებზე ისაუბრა და მიხეილ სააკაშვილის პრეზიდენტობის წლებსაც შეეხო. ჯაფარიძის თქმით, მიხეილ სააკაშვილმა ქართველი ემიგრანტები ქვეყანაში დააბრუნა (13:11 წუთიდან): „მიხეილ სააკაშვილმა შეძლო, რომ წარმოუდგენელი ნაკადი შეექმნა ემიგრანტების, 2003 წლის შემდგომ, ვარდების რევოლუციის შემდეგ ყველას კარგად გვახსოვს, რა ხდებოდა, ნაკადი არ წყდებოდა ჩვენი ემიგრანტებისთვის, ემიგრანტების, ის ადამიანები ბრუნდებოდნენ და მიხეილ სააკაშვილმა ისინი ქვეყნის მშენებლობის პროცესში ჩართო, მიხეილ სააკაშვილმა შეძლო, რომ ჩვენი მოქალაქეებისთვის შეემსუბუქებინა ყოველდღიური ყოფა “.

ამდენად, ადამიანების შეცდომაში შეყვანის მიზნით, სოციალურ ქსელში სოფო ჯაფარიძის გამოსვლიდან მონაკვეთი განზრახ არის რედაქტირებული.

ცნობისთვის, Facebook-ანგარიში „მიხეილ განუბაჟებელი“ ოპოზიციური პარტიების, კრიტიკული მედიისა და სამოქალაქო აქტივისტების დისკრედიტაციის მიზნით, სარკასტულ ფოტო-ვიდეო მანიპულაციებს და მიმებს იყენებს, მაგალითად, სატელევიზიო სიუჟეტებიდან მანიპულაციურად ჭრის კადრებს, ვიდეოების ნაწილზე ცვლის ხმოვან მასალას (იხ. მაგალითები 1, 2, 3, 4, 5). წარსულში Facebook-ანგარიში „მიხეილ უკრაინოლოგის“ სახელით ფუნქციონირებდა. Disinfoobserver-ის მიხედვით, აღნიშნული გვერდი ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების ლიდერების, წევრების და მხარდამჭერების დისკრედიტაციისკენ იყო მიმართული და ყველა იმ პირს, სამოქალაქო აქტივისტს თუ მედიას უპირისპირდებოდა, რომელიც ხელისუფლებას აკრიტიკებდა.

--------------------------------------------------------------------------

სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. ვერდიქტიდან გამომდინარე, Facebook-მა შესაძლოა სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს - შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. მასალის შესწორებისა და ვერდიქტის გასაჩივრების შესახებ ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე.


მსგავსი სიახლეები

5648 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
26%
სიმართლე
16%
ტყუილი
12%
მეტწილად სიმართლე
10%
ნახევრად სიმართლე
7%

ყველაზე კითხვადი

ყველა სტატია