სოციალურ ქსელში Facebook-ანგარიში ვიდეოს ავრცელებს (დაარქივებული ბმული), რომელშიც ქუთაისში „ქართული ოცნების“ ბანერზე შემდეგი წარწერა იკითხება: „დანგრეული გელათით, დანგრეული პარლამენტით, აშენებული კორუფციით ევროპაში“. ვიდეო თავდაპირველად მმართველი პარტიის მადისკრედიტებელი TikTok-ანგარიშის „brdzeni_qoci“ მიერ გავრცელდა. რეალურად, ვიდეო პროგრამულად დამუშავებულია და ბანერზე წარწერა შეცვლილია.
აღნიშნული ვიდეო ქალაქ ქუთაისში, იოსებ გრიშაშვილის მეორე შესასვლელის, გალაკტიონ ტაბიძის ქუჩის და რუსთაველის გამზირის კვეთაზეაგადაღებული.„ფაქტ-მეტრი“ აღნიშნულ მისამართზე მივიდა და ბანერზე არსებული წარწერა ადგილზე გადაამოწმა. ბანერზე რეალურად „ქართული ოცნების“ სლოგანია დატანილი: „მხოლოდ მშვიდობით, ღირსებითა და კეთილდღეობით ევროპისკენ“ (იხ. ქვემოთ „ფაქტ-მეტრის“ ანალიტიკოსის მიერ გადაღებული ფოტო).
© „ფაქტ-მეტრის“ ფოტო, 28 სექტემბერი, 2024
ამდენად, გავრცელებული ვიდეო დამონტაჟებულია და მასში „ქართული ოცნების“ სლოგანი შეცვლილია.
ცნობისთვის, მსგავსი შინაარსის ვიდეოები, რომლებშიც ასევე „ქართული ოცნების“ მხარდამჭერ ბანერებზე სლოგანი იყო შეცვლილი, აქამდეც გავრცელებულა (იხ. „ფაქტ-მეტრის“ სტატიები 1,2, 3). თანაც, ერთ-ერთი პროგრამულად დამუშავებული ვიდეოს ავტორი, ასევე TikTok-ანგარიში „brzeni qoci” იყო, რომელიც „ქართული ოცნების" მადისკრედიტებელი გვერდია და მთავრობის საწინააღმდეგო მასალებს ხშირად აქვეყნებს (1,2,3,4,5).
--------------------------------------------------------------------------
სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. ვერდიქტიდან გამომდინარე, Facebook-მა შესაძლოა სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს - შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. მასალის შესწორებისა და ვერდიქტის გასაჩივრების შესახებ ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე.