სოციალურ ქსელში Facebook-ანგარიშმა „ძალა სიმართლეშია“ გამოაქვეყნა ვიდეო, რომელშიც ასახულია მიხეილ სააკაშვილის 2008 წლის გამოსვლა, სადაც ის ამბობს „ჩვენ უნდა ვიაროთ წინ და თუ გახსოვთ, რომ 4 წლის წინ ჩვენ გავუწოდეთ აქ ყველამ ერთად მეგობრობის და თანამშრომლობის ხელი რუსეთს. მე მინდა, დღეს იგივე გავიმეორო და კვლავ ვუწვდი პარტნიორობის ხელს ჩვენს ჩრდილოელ მეზობელს. ჩვენ უნდა ვიმეგობროთ, ჩვენ უნდა დავახლოვდეთ, ჩვენ უნდა დავდგეთ ერთად. და ვაგრძელებთ ჩვენი უსაფრთხოების და ერთიანობის განმტკიცებას, ჩვენ გავუწვდით ხელს ჩვენს მეზობელ რუსეთს“.

ვიდეოს აწერია „მიხეილ სააკაშვილი სერგეი ლავროვს მეგობრობის ხელს უწვდის - 2008 წელი“, ხოლო პოსტს თანდართული აქვს აღწერა „აი რუსების ნამდვილი მეგობარი“. (იხილეთ დაარქივებული ვიდეო).

ვიდეო 2023 წლის 26 იანვარს თავდაპირველად გამოაქვეყნა Facebook-ანგარიშმა „არქივი“.

ვინაიდან 2008 წელს რუსეთმა საქართველოს წინააღმდეგ ომი დაიწყო, ვიდეოზე - რომელსაც თან ახლავს აღწერა: „მიხეილ სააკაშვილი ლავროვს მეგობრობის ხელს უწვდის“ - თარიღის მეტად დაკონკრეტების გარეშე მხოლოდ 2008 წლის დატანამ, შესაძლოა შეცდომაში შეიყვანოს სოციალური ქსელის მომხმარებლები და მათმა ნაწილმა აღნიშნული ვიდეოს ჩაწერის მომენტად ომის შემდგომი პერიოდი მიიჩნიოს.

სინამდვილეში, ვიდეო გადაღებულია 2008 წლის დასაწყისში, კერძოდ, 20 იანვარს მიხეილ სააკაშვილის მეორე საპრეზიდენტო ვადით ინაუგურაციაზე. ამ დღეს გამართული ცერემონიალის სრულ ჩანაწერში მიხეილ სააკაშვილი ინაუგურაციის დროს სიტყვით გამოსვლისას (33:33 წუთიდან) ამბობს: „ამ არჩევნებზე ქართველმა ხალხმა მკაფიოდ დააფიქსირა საკუთარი ევროატლანტიკური ორიენტაცია. ჩვენს ქვეყანას აქვს პრივილეგია, მხარდამხარ იდგეს მსოფლიოს წამყვანი სახელმწიფოების გვერდით მთელი მსოფლიოს მასშტაბით უსაფრთხოებისა და თავისუფლების დასაცავად ბრძოლაში. ამავე დროს მე მინდა ვთქვა, რომ რა გათვლებიც არ უნდა გვქონდეს ჩვენ, ჩვენი ევროატლანტიკური ორიენტაცია არ ეწინააღმდეგება არცერთი ჩვენი მეზობლის ინტერესს. ეს არ ეწინააღმდეგება და არ არის მიმართული რომელიმე ჩვენი მეზობლის გაუცხოებაზე. ჩვენ უნდა ვიაროთ წინ და გახსოვთ, ოთხი წლის წინ ჩვენ გავუწოდეთ აქ ყველამ ერთად მეგობრობის და თანამშრომლობის ხელი რუსეთს. მე მინდა დღეს იგივე გავიმეორო და კვლავ ვუწვდი პარტნიორობის ხელს ჩვენს ჩრდილოელ მეზობელს, ჩვენ უნდა ვიმეგობროთ, ჩვენ უნდა დავახლოვდეთ, ჩვენ უნდა დავდგეთ ერთად“.

ამდენად ცხადია, რომ ინაუგურაციაზე, რომელიც 2008 წელს რუსეთის საქართველოში შემოჭრამდე რამდენიმე თვით ადრე გაიმართა, ხაზი ესმებოდა მეზობლებთან თანამშრომლობის მნიშვნელობას.

შესაბამისად, ვიდეო, სადაც მიხეილ სააკაშვილი რუსეთს მეგობრობის ხელს უწვდის, 2008 წლის იანვარში, ომამდე დაახლოებით 7 თვით ადრე ჩაიწერა. გამოსვლისას რუსეთთან ურთიერთობების ნორმალიზების სურვილის განზრახვას ურთიერთობებში არსებული პრობლემებისა და უთანხმოებების მოგვარების დანიშნულება ჰქონდა.

ცნობისთვის, საქართველოში 2008 წელს რუსეთის სრულმასშტაბიან შემოჭრამდე საქართველოს მხარე დასავლეთთან ურთიერთობების გაღრმავების პარალელურად რუსეთთან ურთიერთობების გაუმჯობესებას და არსებული კონფლიქტური საკითხების დიალოგისა და დიპლომატიური გზით მოგვარებას ცდილობდა. მიხეილ სააკაშვილის გამოსვლიდან აღნიშნული მონაკვეთი სწორედ ამ კონტექსტში ჯდება.

მაგალითისთვის, ჯერ კიდევ 2004 წლის 10-11 თებერვალს, პრეზიდენტად არჩევის შემდეგ, მიხეილ სააკაშვილმა პირველი ვიზიტი მოსკოვში გამართა და რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს შეხვდა, სადაც ორ ქვეყანას შორის არსებული სხვადასხვა პრობლემატური საკითხი განიხილეს. ამ შეხვედრაზე სააკაშვილმა განაცხადა „გულწრფელად გეტყვით, აქ თქვენთან დასამეგობრებლად მოვედი. რუსეთი დიდი ძალაა. ჩვენ, რა თქმა უნდა, [წარმოვადგენთ] პატარა ქვეყანას, მაგრამ ჩვენ გვაქვს ჩვენი ინტერესები, სიამაყე და ისტორია. ჩვენ ნამდვილად ვიმედოვნებთ, რომ შევძლებთ ყველა [ორმხრივი] საკითხის მოგვარებას თუ არა, გარკვეული შედეგების პროგრესულად მიღწევას მაინც“.

საქართველოს მაშინდელმა პრეზიდენტმა განაცხადა, რომ მისი ვიზიტის ერთ-ერთი მთავარი შედეგი იყო თანამშრომლობა საზღვრების ერთობლივ დაცვაზე შეიარაღებული ჯგუფების გადაადგილების თავიდან ასაცილებლად. შეხვედრაზე ასევე შეთანხმდნენ შემოდგომაზე ჩარჩო-ხელშეკრულების ხელმოწერაზე ქვეყნებს შორის ურთიერთობებს ყველა ასპექტის დასარეგულირებლად. ასევე შეთანხმდნენ, რომ იმუშავებდნენ სოჭის შეთანხმების იმპლემენტაციაზე, რომელიც აფხაზეთის კონფლიქტის მოგვარებას და სამხედრო სფეროში თანამშრომლობას ეხებოდა. თუმცა, შეხვედრაზე პროგრესი ვერ დგებოდა აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის კონფლიქტთან და საქართველოს ტერიტორიაზე არსებულ 2 რუსული სამხედრო ბაზასთან დაკავშირებით, მიუხედავად საქართველოს პრეზიდენტის მიერ მოსკოვის შიშების საპასუხოდ გაკეთებული განცხადებისა, რომ საქართველოში რუსეთის სამხედრო ბაზების დახურვის შემდეგ, მესამე ქვეყნის სამხედრო ბაზები საქართველოში არ განლაგდებოდა.

რუსეთთან ურთიერთობების ნორმალიზებას და კონფლიქტური საკითხების დიპლომატიით მოგვარებას ცდილობდა მიხეილ სააკაშვილი მეორე ინაუგურაციის შემდეგაც. კერძოდ 2008 წლის 20 იანვარს ინაუგურაციის შემდეგ მიხეილ სააკაშვილსა და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრს, სერგეი ლავროვს, შორის შეხვედრა გაიმართა. შეხვედრაზე მიხეილ სააკაშვილმა აღნიშნა, რომ „მე რამდენჯერმე გავუსვი ხაზი რუსეთთან ურთიერთობების მნიშვნელობას. ჩვენ გვჯერა ამის და ვფიქრობთ, კიდევ ერთხელ უნდა ვცადოთ რომ გავაუმჯობესოთ ჩვენი ურთიერთობები, რადგან ჩვენ სხვა ალტერნატივა არ გვაქვს“. მანვე აღნიშნა, რომ საპრეზიდენტო კამპანიის დროს ის განზრახ არიდებდა თავს რუსეთ-საქართველოს ურთიერთობებში „უთანხმოებებზე მინიშნებას“ და რომ “ახლა არა ერთმანეთისთვის ქვების სროლის, არამედ მათი შეგროვების დროა. ჩვენ გასული რამდენიმე წლის მანძილზე ერთმანეთს საკმარისი ქვები ვესროლეთ. ახლა დრო მოვიდა, რომ ისინი ერთად შევაგროვოთ და ვცადოთ იმის უზრუნველყოფა, რომ მომავალმა თაობებმა მადლობა გადაგვიხადონ ჩვენს ურთიერთობებში პრობლემების მოგვარების გამო“.

რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობები 2008 წლის აგვისტოში საქართველოში რუსეთის შემოჭრისა და შემდეგ ოკუპირებული აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის დამოუკიდებელ სახელმწიფოებად აღიარების შემდეგ გაწყდა.

ამდენად, ცხადია, რომ 2008 წლის დასაწყისში ჩაწერილ ვიდეოში ნაჩვენები კადრები, სადაც ინაუგურაციაზე სიტყვით გამოსვლისას მიხეილ სააკაშვილი „სერგეი ლავროვს მეგობრობის ხელს უწვდის“, იმ პოლიტიკურ კონტექსტსა და სტრატეგიაში ჯდება, რაც საქართველოს რუსეთთან მიმართებით 2008 წლის ომამდე ჰქონდა არჩეული. რაც დასავლეთთან ინტეგრაციის გაღრმავების პარალელურად, თავის მხრივ, რუსეთთან პრობლემატური საკითხების ირგვლივ დიპლომატიური ურთიერთობებით პროგრესის მიღწევის მცდელობას გულისხმობდა.

-------------------------

სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. ვერდიქტიდან გამომდინარე, Facebook-მა შესაძლოა სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს - შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. მასალის შესწორებისა და ვერდიქტის გასაჩივრების შესახებ ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე.