ირაკლი კობახიძე: გასული 4 წლის განმავლობაში, 146 ათასი სამუშაო ადგილი შევქმენით
ვერდიქტი: „ფაქტ-მეტრის“ დასკვნით, ირაკლი კობახიძის განცხადება არის ნახევრად სიმართლე.
პრემიერი დასაქმებულთა რაოდენობაზე საუბრობს და მიმდინარე წლის II კვარტლის მონაცემებს ადარებს 2020 წლის წლიურ მაჩვენებლებთან. ანუ მონაცემები შედარებულია პანდემიურ პერიოდთან, როდესაც ქვეყანაში სამუშაო ადგილების დაკარგვა განსაკუთრებით მწვავე პრობლემა იყო და დასაქმებულთა რაოდენობა მკვეთრად შემცირდა. გარდა ამისა, დასაქმების მაჩვენებელში სეზონურობის ფაქტორის გამოსარიცხავად, კვარტალური მაჩვენებლები უნდა შედარდეს შესაბამისი კვარტლის მაჩვენებელთან.
2024 წლის მეორე კვარტლის მონაცემებით, პანდემიამდე პერიოდთან ანუ 2019 წლის ანალოგიურ კვარტალთან შედარებით, დასაქმებულთა რაოდენობა 72.2 ათასით არის გაზრდილი. რაც შეეხება წლიურ მაჩვენებლებს, 2023 წლის მონაცემებით, გასული 4 წლის განმავლობაში, დამატებით, მხოლოდ 38.7 ათასი ადამიანი დასაქმდა.
2020-2021 წლებში ანუ პანდემიურ პერიოდში ქვეყანაში დასაქმებულთა რაოდენობა მკვეთრად შემცირდა. 2022 წლიდან დასაქმების მაჩვენებლების გაუმჯობესების ტენდენციაა, რაც რამდენიმე ფაქტორით არის განპირობებული: პანდემიის პერიოდში დაკარგული სამუშაო ადგილების აღდგენა, ახალი სამუშაო ადგილების შექმნა, რაც ეკონომიკური ზრდის თანმდევი პროცესია და ასევე, სახელმწიფო სექტორში დასაქმების ზრდა, მათ შორის, სოციალურად დაუცველთა დასაქმება ხელოვნურად შექმნილ საზოგადოებრივ სამუშაოებზე და სხვა.
ამრიგად, ირაკლი კობახიძე სტატისტიკურ მონაცემებს მანიპულაციურად ასახელებს და არსებულ პროგრესს მკვეთრად გადაჭარბებულად წარმოაჩენს. შესაბამისად, „ფაქტ-მეტრი“ ირაკლი კობახიძის განცხადებას აფასებს ვერდიქტით ნახევრად სიმართლე.
ანალიზი
10 სექტემბერს, „ქართული ოცნების“ საარჩევნო სიის პრეზენტაციაზე, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა: „გასული 4 წლის მანძილზე შევქმენით 146 ათასი სამუშაო ადგილი“.
„ფაქტ-მეტრმა“ ირაკლი კობახიძის განცხადება გადაამოწმა.
პრემიერი თავის განცხადებაში დასაქმებულთა რაოდენობაზე საუბრობს და 2024 წლის II კვარტლის მონაცემებს 2020 წლის წლიურ მაჩვენებელთან ადარებს. ამგვარი შედარება მანიპულაციურია და არსებულ რეალობას გადაჭარბებულად წრმოაჩენს. პირველ რიგში, 2020 წელთან შედარება უმართებულოა, რადგან ეს არის პანდემიური წელი, როდესაც სამუშაო ადგილების დაკარგვა განსაკუთრებით მწვავე პრობლემა იყო და შესაბამისად, დასაქმებულთა რაოდენობაც მკვეთრად შემცირდა. პანდემიის დასრულებას და მისი თანმხლები ეკონომიკური შეზღუდვების მოხსნას ლოგიკურად მოჰყვა პანდემიის პერიოდში დაკარგული სამუშაო ადგილების აღდგენა.
გარდა იმისა, რომ პანდემიის პერიოდთან შედარება მანიპულაციურია, ასევე უმართებულოა კვარტალური მონაცემების წლიურ მაჩვენებელთან შედარება. დასაქმების მაჩვენებელზე სეზონურ დასაქმებას დიდი გავლენა აქვს. ამიტომაც სეზონურობის ფაქტორის გამოსარიცხად, წინა პერიოდებთან მიმართებით გამოვლენილი ტენდენციის სწორად გასაანალიზებლად, კვარტალური მაჩვენებლები წინა წლ(ებ)ის ანალოგიურ კვარტალთან უნდა შედარდეს.
იმისთვის, რომ დასაქმების მაჩვენებლები სწორად გაგვეანალიზებინა, 2024 წლის მეორე კვარტლის მონაცემები პანდემიამდე პერიოდის ანუ 2019 წლის ანალოგიური კვარტლის მაჩვენებელს შევადარეთ. საქსტატის მონაცემებით, ამ პერიოდში დასაქმებულთა რაოდენობა 72.2 ათასით გაიზარდა, რაც პრემიერის მიერ დასახელებულ მონაცემებზე 2-ჯერ ნაკლებია. დასაქმების დონე (დასაქმებულთა პროცენტული წილი შესაბამისი ასაკის (15+) მოსახლეობაში) კი 43.2%-დან 47%-მდე არის გაზრდილი. (იხილეთ გრაფიკი 1).
გრაფიკი 1: II კვარტალში დასაქმებულთა რაოდენობა და დასაქმების დონე (2019-2024 წლები)
წყარო: სტატისტიკის ეროვნული სამსახური
ჩვენ ასევე გავაანალიზეთ 2002-2023 წლებში დასაქმების წლიური მაჩვენებლები. 2020-2021 წლებში ქვეყანაში დასაქმების მაჩვენებლები მკვეთრად გაუარესდა, რაც პანდემიის პერიოდში არსებული მკაცრი და ხანგრძლივი ეკონომიკური შეზღუდვებით იყო განპირობებული. 2022 წელს დასაქმების მაჩვენებლები მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა, თუმცა პანდემიამდე პერიოდის მაჩვენებელი ჯერ კიდევ სრულად აღდგენილი არ იყო. 2023 წელს დასაქმების მაჩვენებლები გაუმჯობესდა როგორც წინა წელთან, ისე პანდემიამდე პერიოდთან შედარებითაც. გასული 4 წლის განმავლობაში ანუ 2023 წელს, 2019 წელთან შედარებით, დასაქმებულთა რაოდენობა მხოლოდ 38.7 ათასით არის გაზრდილი. (იხილეთ გრაფიკი 2).
გრაფიკი 2: 2019-2023 წლებში დასაქმებულთა რაოდენობა და დასაქმების დონე
წყარო: სტატისტიკის ეროვნული სამსახური
ასევე მნიშვნელოვანია, თუ რა ფაქტორებმა განაპირობა 2022-2024 წლებში ქვეყანაში დასაქმებულთა რაოდენობის ზრდა. პირველ რიგში, პანდემიის დასრულებასა და მისი თანმხლები ეკონომიკური შეზღუდვების მოხსნას ლოგიკურად მოჰყვა პანდემიის პერიოდში დაკარგული სამუშაო ადგილების აღდგენა. გარდა ამისა, დასაქმების ზრდაზე გარკვეული გავლენა იქონია სოციალურად დაუცველთა დასაქმების პროგრამამაც, რომელიც 2022 წლის გაზაფხულზე ამოქმედდა. აღნიშნული პროგრამა სახელმწიფო ბიუჯეტიდან ფინანსდება და მისი მიზანი სოციალურად დაუცველი შრომისუნარიანი პირების დასაქმების წახალისებაა, რაც, ძირითადად, ხელოვნურად შექმნილ საზოგადოებრივ სამუშაო ადგილებზე დასაქმებას გულისხმობს. ასევე, ამ პერიოდში იქმნებოდა ახალი სამუშაო ადგილები კერძო სექტორში, თუმცა - არა იმ მასშტაბით, როგორც პრემიერი წარმოაჩენს.
ამრიგად, დასაქმების მაჩვენებლების შედარება პანდემიის პერიოდთან, როდესაც ეკონომიკური შეზღუდვების გამო, ადამიანების გარკვეული ნაწილი ვერ მუშაობდა, მანიპულაციურია და დასაქმების მიმართულებით არსებულ ზრდას გადაჭარბებულად წარმოაჩენს. გარდა ამისა, ასევე უმართებულოა კვარტალური მაჩვენებლის წლიურ მაჩვენებელთან შედარება. რეალური სურათი კი ასე გამოიყურება: 2023 წლის მონაცემებით, გასული 4 წლის განმავლობაში, დამატებით, 38.7 ათასი ადამიანი დასაქმდა. 2024 წლის მეორე კვარტლის მონაცემებით კი, პანდემიამდე პერიოდთან ანუ 2019 წლის შესაბამის კვარტლთან შედარებით, დასაქმებულთა რაოდენობა 72.2 ათასით არის გაზრდილი. შესაბამისად, „ფაქტ-მეტრი“ პრემიერის განცხადებას აფასებს ვერდიქტით ნახევრად სიმართლე.