2024-2025 სასწავლო წელს საგაკვეთილო პროცესი, საქართველოს მასშტაბით, ბევრ სკოლაში ვერ განახლდა. ამის მიზეზი გაჭიანურებული და დაუსრულებელი ინფრასტრუქტურული სამუშაოებია - რეაბილიტაცია, ახალი სკოლის მშენებლობა და სხვა. მთავრობამ გამოსავალი იპოვა და მოსწავლეები სხვადასხვა სკოლაში გადაანაწილა. გარდა იმისა, რომ ამით ტრანსპორტირების ხარჯი გაიზარდა, ალტერნატიულ შენობაში სწავლის გაგრძელება დისკომფორტია ბავშვებისთვისაც. ამასთანავე, უკვე მშობლებიც კი საუბრობენ, რომ გადატვირთულ სკოლებში მოსწავლეებისთვის ჯანსაღი გარემო არაა და ჩატარებული გაკვეთილის ხარისხიც დაბალია. მაგალითად, ორგანიზაცია „მშობლები განათლებისთვის“ ჟურნალისტთან საუბარში აღნიშნავს: „გაკვეთილების ხანგრძლივობაც შემცირდა და 35-40 წუთის განმავლობაში მიმდინარეობს. ჰიგიენის დაცვის პრობლემაც დგას. ერთ საკლასო ოთახში, ზოგჯერ დღის განმავლობაში, 60 ბავშვი მოძრაობს და ოთახის სველი წესით დალაგება სრულიად შეუძლებელია.“

ახალი სასწავლო წელი არაერთი საზეიმო ღონისძიებითა და მილოცვებით დაიწყო აჭარაშიც. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობამ სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა ინფორმაცია, რომ რეგიონში, ბოლო წლების განმავლობაში, აშენდა 35 საჯარო სკოლა, სასწავლო კორპუსი და სპორტული დარბაზი, ხოლო რეაბილიტაცია ჩაუტარდა 130 საჯარო სკოლას. ამ ეტაპზე მიმდინარეობს 5 საჯარო სკოლის მშენებლობა.

„ფაქტ-მეტრი“ დაინტერესდა, რომელ სკოლებში ვერ განახლდა ახალი სასწავლო წელი, რამდენი მოსწავლის ტრანსპორტირება ხდება სხვა სკოლებში და რა უჯდება მათი მგზავრობა ბიუჯეტს. ინფორმაცია აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროდან გამოვითხოვეთ.

როგორც ირკვევა, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე არსებული საჯარო სკოლებიდან, სასწავლო პროცესი არ განახლდა ათ სკოლაში. მათ შორის: სსიპ ქალაქ ბათუმის N16 საჯარო სკოლა - სასწავლო პროცესი მიმდინარეობს დისტანციურად; სსიპ ქალაქ ბათუმის N7 საჯარო სკოლა - სასწავლო პროცესი მიმდინარეობს სამინისტროს მიერ დაქირავებულ ალტერნატიულ სივრცეში. ყველა სხვა სკოლიდან მოსწავლეების ტრანსპორტირება ხდება სხვა საჯარო სკოლებში. სარეაბილიტაციო თუ სამშენებლო სამუშაოების გამო, მოსწავლეების ტრანსპორტირება აჭარის სხვა მუნიციპალიტეტებშიც უწევთ. დანართი 1

ცხრილი 1. აჭარის მუნიციპალიტეტების საჯარო სკოლები, საიდანაც მოსწავლეების ტრანსპორტირება ხდება

წყარო: აჭარის ა/რ განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო

აღნიშნული სკოლებიდან ორს (მე-4 და მე-5 საჯარო სკოლები) სრულ რეაბილიტაციას მუნიციპალური განვითარების ფონდი უტარებს. სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს გვერდზე გამოქვეყნებული დოკუმენტაციის თანახმად, ბათუმის N4 საჯარო სკოლის რეკონსტრუქცია/რეაბილიტაციის მიზნით, მგფ-მა ტენდერი ჯერ კიდევ 2023 წლის ივლისში გამოაცხადა. იმავე წლის 19 ოქტომბერს გამარჯვებულ კომპანია შპს „ქრიათივ იმფრეშენს კავკასუსთან“ გაფორმდა 4 606 174-ლარიანი ხელშეკრულება, რომლის თანახმადაც, მიმწოდებელს ობიექტი სამუშაოების დაწყებიდან 15 თვეში უნდა ჩაებარებინა. არსებული მდგომარეობით, ხელშეკრულების გაფორმებიდან თითქმის ერთი წლის შემდეგ, კომპანიისთვის ანაზღაურებულია 1 693 540 ლარი, რაც მთლიანი ღირებულების 37%-ს შეადგენს. აქედან 1 381 852 ლარი გადახდილია ავანსის სახით. განხორციელებული სამუშაოების შესახებ კი არც ერთი დოკუმენტი ატვირთული არაა. მიუხედავად იმისა, რომ შემსყიდველმა, ავანსის გარდა, ჩვიდმეტი გადახდა განახორციელა, დაინტერესებულ პირს არ აქვს შესაძლებლობა, თვალი მიადევნოს, რა სახის სამუშაოებია განხორციელებული ერთი წლის განმავლობაში.

ბათუმის მე-5 სკოლის რეკონსტრუქცია-რეაბილიტაციის ტენდერი კი 2023 წლის აგვისტოში გამოცხადდა. 10 ნოემბერს მგფ-მა კონტრაქტი, რომლის ღირებულებაც 9 902 400 ლარს შეადგენს, ამჯერადაც „ქრიათივ იმფრეშენს კავკასუსთან“ დადო. არსებული მდგომარეობით, ხელშეკრულების გაფორმებიდან ათი თვის შემდეგ, სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ვებგვერდზე არაფერია გამოქვეყნებული იმის შესახებ, თუ რომელი კონკრეტული სამუშაოებია ჩაბარებული. თუმცა მუნიციპალური განვითარების ფონდს მიმწოდებლისთვის უკვე გადახდილი აქვს მთლიანი ღირებულების 44% ანუ 4 350 417 ლარი. ანაზღაურებული თანხის ნაწილი - 2 970 700 ლარი ავანსია. აღნიშნული პროექტი, როგორც წინა შემთხვევაში, კომპანიამ სამუშაოების დაწყებიდან 15 თვეში უნდა დაასრულოს.

ბათუმის მე-4 და მე-5 საჯარო სკოლების რეკონსტრუქცია/რეაბილიტაცია ხორციელდება მსოფლიო ბანკის დაფინანსებით, რომელიც საქართველომ „ინოვაციები, ინკლუზიური განათლება და ხარისხის“ პროექტისთვის მიიღო.

შპს „ქრიათივ იმფრეშენს კავკასუსის“ 100%-ს ფლობს და მართავს სულხან გოგიბერიძე. ის ამ კომპანიის დირექტორიცაა. წლების წინ გოგიბერიძე იყო აჭარის ფეხბურთის ფედერაციის აღმასრულებელი კომიტეტის წევრი. იმავე დროს ფედერაციის კომიტეტის წევრებს შორის იყო მსოფლიო ჩემპიონი, ბათუმის სასპორტო სკოლის დირექტორი, მე-9 მოწვევის პარლამენტის წევრი „ქართული ოცნებიდან“ მუხრან ვახტანგაძე. გოგიბერიძე ასევე გახლდათ შპს „ბათუმის დინამოს“ დირექტორიც. ამ ორგანიზაციის 100%-იანი წილი ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიას ეკუთვნოდა. ამჟამად კი მისი მესაკუთრე აჭარის ავტონომიური რესპუბლიკაა.

2024 წლის 22 თებერვალს გაფორმდა ხელშეკრულება აჭარის ა/რ განათლების სამინისტროსა და შპს „დიდას“ შორის. კომპანიამ ბათუმის მე-7 საჯარო სკოლის სრული რეაბილიტაცია 4 717 316 ლარად უნდა განახორციელოს. ამისთვის მას 15 თვე აქვს. მანამდე საგანმანათლებლო პროცესი სამინისტროს მიერ დაქირავებულ ალტერნატიულ ფართში მიმდინარეობს. პროექტი ორწლიანია. სამუშაოების ნაწილი უკვე შესრულებულია და კომპანიისთვის ანაზღაურებულია მთლიანი ღირებულების 52%.

რაც შეეხება მე-16 საჯარო სკოლას, მისი მშენებლობა 2022 წლის 6 დეკემბერს გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე მიმდინარეობს. განათლების სამინისტრომ შპს „ანაგს“ 17 388 170 ლარი უნდა გადაუხადოს. მიმწოდებელს პროექტის დასასრულებლად 36-თვიანი პერიოდი განესაზღვრა. ამ ეტაპისთვის, კომპანიას უკვე განხორციელებული აქვს 15 142 346 ლარის ღირებულების სამუშაოები. სანამ ახალი სკოლა გაიხსნება, მოსწავლეები განათლების მიღებას დისტანციურ რეჟიმში აგრძელებენ.

ამ ეტაპზე აჭარაში, სხვადასხვა სკოლის შენობის სამშენებლო/სარეაბილიტაციო სამუშაოებიდან გამომდინარე, ალტერნატიულ საგანმანათლებლო დაწესებულებებში 3 435 მოსწავლის ტრანსპორტირება ხდება, რისთვისაც ყოველდღიურად, ჯამში, 13 181 ლარი იხარჯება. გარდა ამისა, აჭარის ა/რ 2024 წლის ბიუჯეტის დანართის თანახმად, სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის (განსაკუთრებით მაღალმთიან რეგიონებში) და მოსწავლეთა უსაფრთხოდ გადაადგილების პრობლემებმა (დიდი მანძილი, ცენტრალური მაგისტრალის გასწვრივ, ტყიანი ადგილები სოფლებში, სადაც გარეული ცხოველების საშიშროებაა, მდინარეებზე გადასასვლელები და ა.შ.) წარმოშვა მათი საცხოვრებელი ადგილიდან სკოლამდე ტრანსპორტით გადაადგილების საჭიროება. ამასთან, აჭარის ადმინისტრაციულ ტერიტორიაზე რეგისტრირებული მოსწავლეები, რომელთაც აღენიშნებათ განვითარების შეფერხება, სენსორული, ქცევისა და ემოციური დარღვევები, საჭიროებენ ტრანსპორტირებას ქუთაისის შესაბამის სკოლებში. 2024-2025 სასწავლო წლის განმავლობაში, მოსწავლეთა ტრანსპორტირებისთვის გათვალისწინებულია ჯამში 8 947 200 ლარი. გასულ სასწავლო წელს ტრანსპორტირებაზე გაწეულმა ხარჯმა 8 395 367 ლარი შეადგინა, ხოლო 2022 წლის ფაქტი 6 445 800 ლარი იყო.

აღნიშნული საკითხი შარშან „ფაქტრ-მეტრმა“ მოიკვლია. საინტერესოა, რომ ბათუმის მე-16 სკოლის მოსწავლეები 2023 წელს მე-10 საჯარო სკოლაში გადაიყვანეს, ხოლო 31-ე სკოლის მოსწავლეები სასწავლო წელს შარშანაც 25-ე სკოლაში შეხვდნენ. რაც შეეხება მე-7 საჯარო სკოლის ბავშვებს, ისინი მე-13 სკოლის კონტინგენტს დაამატეს. შეგახსენებთ, რომ წელს მე-16 სკოლის მოსწავლეები გაკვეთილებს დისტანციურად ესწრებიან, მე-7 სკოლის მოსწავლეებისთვის კი სამინისტრომ ფართი იქირავა. ასევე დაბა ხულოს სკოლში გაატარეს შარშანდელი სასწავლო წელი სოფელ ქვედა ვაშლოვანის მოსწავლეებმა და წელსაც იმავე სკოლაში დადიან. საჯარო სკოლების სიმცირე განსაკუთრებით საგრძნობია ბათუმში, რაზეც მასწავლებლებიც, უკვე წლებია, რაც საუბრობენ. პარალელურად, სხვადასხვა მიზეზის გამო, აჭარის სოფლებში არაერთი სკოლაა, რომლებსაც პირველკლასელი საერთოდ არ არ ჰყავს.

ფოტო: სოფელ ქვემო ვაშლოვანის საჯარო სკოლის მშენებლობა;

წყარო: ხულოს რესურსცენტრი