საზოგადოებაში მუსირებს აზრი, რომ დაბა აბასთუმანში მიმდინარე ინფრასტრუქტურულ პროექტებს ბიძინა ივანიშვილი ახორციელებს. ადგილობრივი მოსახლეობაც დარწმუნებულია, რომ დაბის რეაბილიტაციის ფარგლებში შესრულებული და მიმდინარე სამუშაოების უკან ბიძინა ივანიშვილი დგას.

„ფაქტ-მეტრი“ დაინტერესდა, აბასთუმანში, რეალურად, რა გააკეთა ბიძინა ივანიშვილმა და რა - სახელმწიფომ.

აბასთუმნისადმი ინტერესი ბიძინა ივანიშვილს გაუჩნდა 2018 წლიდან, როდესაც ის დაბაში ოჯახთან ერთად დასასვენებლად იმყოფებოდა. უკვე მომდევნო წელს, აბასთუმანში კვლავ სტუმრობისას, ბიძინა ივანიშვილმა განაცხადა: „აბასთუმანი უნდა გახდეს ერთ-ერთი საუკეთესო ცენტრი მსოფლიოში, არა მარტო საქართველოში“.

მალევე ბიძინა ივანიშვილთან დაკავშირებულმა კომპანია „სანაპირო ხედმა“ აბასთუმანში ყოფილი ტუბდისპანსერის ტერიტორია და შენობა-ნაგებობები, ასევე, მიმდებარედ არსებული ორი ნაკვეთი, მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობებით, აუქციონზე 3 540 000 ლარად შეიძინა. შპს „სანაპირო ხედის“ 100%-იანი წილის მფლობელია 2008 წელს ოფშორში დარეგისტრირებული კომპანია „ლაიმსტოუნ ფაინანს ინტერნეიშენალი“.

აუქციონის პირობების მიხედვით, ადგილზე უნდა აშენებულიყო სასტუმრო, რომელსაც ერთი ერთეული სასტუმრო დანიშნულების შენობა ან არაუმეტეს ორი ერთეული საცხოვრებელი სახლი უნდა მოეცვა.

ამ ეტაპზე, აბასთუმანში მიმდინარეობს სასტუმრო Autograph Collection-ის მშენებლობა, რომელსაც თანაინვესტირების ფონდი ახორციელებს. 150-ნომრიან სასტუმროში თავმოყრილი იქნება სპა, აუზი, რესტორანი, საკონფერენციო დარბაზი, ტერასა 360-გრადუსიანი ხედით და ა.შ. წიწვოვანი ტყით გარშემორტყმული სასტუმრო 20 000 კვ.მ მიწის ნაკვეთზე შენდება და მისი საერთო სამშენებლო ფართი 30 000 კვ.მ-ს შეადგენს. ინვესტიციის ჯამური მოცულობა 60 მლნ ლარია.

რაც შეეხება ყოფილი ტუბდისპანსერის საავადმყოფოს, როგორც ცნობილია, ბიძინა ივანიშვილის გადაწყვეტილებით, დასახლებული პუნქტიდან, დაახლოებით, 3 კილომეტრის მოშორებით, ტუბსაავადმყოფოს ნაცვლად, თანამედროვე სტანდარტების, 100 ბენეფიციარზე გათვლილი ფილტვის ცენტრი აშენდა, რაშიც ფონდმა „ქართუმ“ 5.3 მლნ ლარი დახარჯა.

„ქართუს“ დაფინანსებით ასევე ამბულატორიის რეაბილიტაცია განხორციელდა, რისთვისაც, ჯამში, 655 ათასი ლარი გამოიყო.

„მინდა აბასთუმანი გახდეს მხოლოდ ელექტრომობილების რეგიონი და ვაპირებთ, გავაკეთოთ ავტომობილების სადგომი“,- აცხადებდა ბიძინა ივანიშვილი. ამ ეტაპისთვის, აბასთუმანში მხოლოდ ელექტრომობილები არ მოძრაობს და ფონდ „ქართუს“ არც მანქანების სადგომი აუშენებია. სამაგიეროდ, მუნიციპალური განვითარების ფონდი აბასთუმნის შესასვლელში აშენებს 770-მდე ავტოსატრანსპორტო საშუალებაზე გათვლილ ავტოსადგომს, სადაც 200 ერთეული ადგილი გათვალისწინებულია ელექტრომობილებისთვისაც.

რაც შეეხება სახელმწიფოს მიერ განხორციელებულ ინფრასტრუქტურულ პროექტებს, მუნიციპალური განვითარების ფონდმა დაბა აბასთუმნის ცენტრალურ ქუჩაზე მდებარე მე-18 - მე-19 საუკუნეებში აშენებული 18 ისტორიული სახლის რეაბილიტაცია განახორციელა, რაც, ჯამში, 4.1 მლნ ლარი დაჯდა (იხილეთ: სტატია).

ამ პროექტის გარდა, აკადემიკოს ევგენი ხარაძის სახელობის ნაციონალური ასტროფიზიკური ობსერვატორიის რეაბილიტაცია დასრულდა და 1982 წელს აშენებული საბაგირო გზა აღდგა. 2019 წელს შემუშავდა კურორტ აბასთუმნის განაშენიანების გენერალური გეგმა, ხოლო აბასთუმნის უწყვეტი, სტანდარტის შესაბამისი წყალმომარაგებისა და გამართული წყალარინებისათვის, 2020-2022 წლებში, დასრულდა კურორტის წყალმომარაგება-წყალარინების სისტემებისა და წყალარინების გამწმენდი ნაგებობის მშენებლობა-რეაბილიტაცია და დაბის მოსახლეობა 24-საათიანი წყალმომარაგებით სარგებლობს.

კიდევ ერთი მნიშვნელოვანი პროექტი, რომელიც დაბაში მიმდინარეობდა, აბასთუმნის ობსერვატორიის გუმბათისა და ტელესკოპის რეაბილიტაცია იყო. მუნიციპალური განვითარების ფონდმა, აბასთუმნის ობსერვატორიის 1.5-მეტრიანი ტელესკოპის, მისი შესაბამისი აღჭურვილობისა და 12 მეტრის რადიუსის გუმბათის დასამზადებლად, ავსტრიული კომპანია „ASA Astrosysteme GmbH“ შეარჩია. როგორც ფონდის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში იყო მითითებული, ავსტრიულ კომპანიას მაღალი ხარისხის ტელესკოპებისა და სამეცნიერო აღჭურვილობის დამზადების მრავალწლიანი გამოცდილება აქვს. კომპანიის მაღალპროფესიული გუნდი ასტრონომიული კვლევისა და დაკვირვების დანადგარებს ამზადებს როგორც კომერციული ორგანიზაციებისთვის, ისე წამყვანი სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტებისთვის. ახალი ტელესკოპისა და გუმბათის დამზადება-ინსტალაცია კომპანიას 2024 წლისთვის უნდა დაესრულებინა.

როგორც ცნობილი გახდა, ამ დროისთვის აბასთუმნის ობსერვატორიის ახალი ტელესკოპის (1.5 მ დიამეტრის დისტანციურად მართვადი სარკით), სპექტოგრაფისა და 12 მეტრის რადიუსის ახალი გუმბათის დამზადება-მონტაჟის სამუშაოები დასრულდა. პროექტი მსოფლიო ბანკის 8.6 მილიონი ლარის ფინანსური მხარდაჭერითა და ბიუჯეტის თანადაფინანსებით განხორციელდა.

შეგახსენებთ, რომ აბასთუმნის ობსერვატორია 1932 წელს ევგენი ხარაძემ დააარსა და ყოფილ საბჭოთა კავშირში ის პირველი სამთო ასტროფიზიკური ობსერვატორია იყო.

დასრულდა ასევე აბასთუმნის ცენტრალური (ე.წ. „როშას პარკის“) პარკის რეაბილიტაცია. აღდგენითი სამუშაოები ჩაუტარდა საფეხმავლო არეალს, შეიცვალა გარე განათების ბოძები, განთავსდა ახალი სკამები და ნაგვის ურნები, შეიცვალა წყალმომარაგების, ირიგაციისა და ელექტროსაინჟინრო ქსელები, განახლდა შადრევანი და დენდროლოგია. პარკის ტერიტორიაზე მოეწყო ბავშვთა გასართობი სივრცეები და მულტიფუნქციური სტადიონი. ასევე, აშენდა ერთსართულიანი ადმინისტრაციული შენობა. განახლებული ინფრასტრუქტურა სრულად მორგებულია შშმ პირებისა და საბავშვო ეტლით მოსარგებლე მშობლების საჭიროებებზე. პარკის რეაბილიტაცია სახელმწიფოს, ჯამში, 5.3 მლნ ლარი დაუჯდა.

დაბაში საგზაო ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციაც მიმდინარეობს, გრძელდება ბაღდათი-აბასთუმნის გზის სრული რეაბილიტაცია, რომელიც, გეგმის მიხედვით, 2024 წელს უნდა დასრულდეს და აბასთუმნის შემოვლითი გზის მშენებლობა.

ასევე, „საქართველოს განვითარების ფონდი“ და კომპანია „რედიქსი“ აბასთუმანში სასტუმროს აშენებენ. სასტუმრო 140-ნომრიანი იქნება და პროექტის ღირებულება 30 მლნ ლარია.

საბოლოო ჯამში, ბიძინა ივანიშვილი, ამ ეტაპზე, აბასთუმანში მხოლოდ სასტუმროს აშენებს. რაც შეეხება უკვე აშენებულ ფილტვის ცენტრს (5.3 მლნ ლარი), ის მის მიერვე დანგრეული ტუბდისპანსერის სანაცვლოდ ააშენა და თანაც ადგილმდებარეობა შეუცვალა, დაბიდან სამი კილომეტრის დაშორებით ააგო. ბიძინა ივანიშვილმა აბასთუმანში ერთადერთი საზოგადოებრივი კონტრიბუცია - ამბულატორიის რეაბილიტაცია, განახორციელა, რაც 655 ათასი ლარი დაუჯდა. ბიძინა ივანიშვილმა, მის მიერვე დაანონსებული ელექტრომობილების სადგომიც კი სახელმწიფოს ააშენებინა, რისთვისაც ბიუჯეტიდან, ჯამში, 12 567 774 ლარი გამოიყო.