ფინანსთა სამინისტრომ პარლამენტს 2025 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პირველადი ვერსია წარუდგინა, რომელიც მშპ-ის 5.5%-იან ზრდაზეა გათვლილი. მთავრობის პროგნოზით, 2025 წელს ნომინალური ეკონომიკის მოცულობამ 97.4 მლრდ ლარს უნდა მიაღწიოს. პროექტის მიხედვით, ბიუჯეტის დეფიციტი 2.5%-ზე ნარჩუნდება, ხოლო მთავრობის ვალი მშპ-ის 36.8%-მდე მცირდება.

წინა წლების მსგავსად, ბიუჯეტში პრიორიტეტად კვლავ სოციალური მიმართულებები რჩება. საპენსიო უზრუნველყოფისთვის გამოყოფილი თანხები 490 მლნ-ით 4.4 მლრდ-მდე იზრდება. ასაკობრივი პენსია 70 წლამდელებისთვის 20 ლარით - 335 ლარამდე, 70 წლისა და უფროსი ასაკის ადამიანებისთვის 35 ლარით - 450 ლარამდე იზრდება. მაღალმთიან დასახლებაში ორივე ასაკობრივი კატეგორიის პენსიას 20% ემატება. 185 მლნ-ით - 1.2 მლრდ-მდე იზრდება საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის დაფინანსებაც. პრაქტიკულად მთლიანი ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილის მესამედს ოკუპირებულ ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო ითვისებს.

ბიუჯეტის პროექტის მიხედვით, შემოსულობები (ყველა შემოსავალი ერთად) 2.3 მლრდ ლარით - 26.9 მლრდ-მდე იზრდება, გადასახდელები (ყველა ხარჯი ერთად) 2 მლრდ-ით - 27 მლრდ-მდე.

მთავრობა პრივატიზაციის გზით, ისევე როგორც 2024 წელს, 2025 წელსაც 200 მლნ ლარის შემოსავლის მიღებას ელის, ფინანსური აქტივების კლებით - 330 მლნ-ის, რაც 2024 წლის გეგმას 30 მლნ-ით აღემატება. 250 მლნ-ით - 3.6 მლრდ-მდე იზრდება ახალი ვალის მოცულობაც, საიდანაც 1.6 მლრდ შიდა ვალია, თითქმის 2 მლრდ კი საგარეო ვალი. შიდა ვალი 100 მლნ ლარით იზრდება, საგარეო ვალი - 150 მლნ-ით. 2 მლრდ-ით - 22.7 მლრდ-მდე იზრდება შემოსავლების ნაწილიც.

ცხრილი 1: შემოსულობები სახელმწიფო ბიუჯეტში (მლნ. ლარი)

წყარო: საქართველოს ფინანსთა სამინისტრო

გრანტები ჯამურად 66 მლნ ლარით მცირდება. ზოგი წყაროდან ზრდაა დაგეგმილი, თუმცა ევროკავშირის გრანტის სახით გასაცემ დაფინანსებას 93%-ით - 105-დან 7 მლნ-მდე ამცირებს.

უშუალოდ შემოსავლების ნაწილში გადასახადებისგან 21.2 მლრდ ლარის მობილიზებაა დაგეგმილი, რაც შემოსულობების 79%-ს შეადგენს. იმპორტის გადასახადის გარდა იზრდება ყველა ტიპის გადასახადიდან მისაღები შემოსავალი.

გრაფიკი 1: გადასახადებისგან დაგეგმილი შემოსავლები (მლნ ლარი)

წყარო: საქართველოს ფინანსთა სამინისტრო

გადასახადების 38%-ზე მეტი დღგ-ზე ნაწილდება, 33%-ზე მეტი საშემოსავლოზე. იმის გათვალისწინებით, რომ საქართველოს ევროკავშირთან, ბრიტანეთთან, ჩინეთთან, თურქეთთან და დსთ-ს წევრ ქვეყნებთან თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულებები გააჩნია, იმპორტის გადასახადის წილი მინიმალურია და მთლიან გადასახადებში 1%-ზე ნაკლებია. გრაფიკზე არ ჩანს ქონების გადასახადი, რადგან ის ადგილობრივ გადასახადთა კატეგორიას განეკუთვნება და მუნიციპალიტეტების ანგარიშზე მიემართება.

2025 წელს თითქმის ყველა მხარჯავ დაწესებულებას დაფინანსება ეზრდება, მათ შორის პარლამენტს 87-დან 104 მლნ-მდე, მთავრობის ადმინისტრაციას - 27-დან 29 მლნ-მდე, სუს-ს - 210-დან 226 მლნ-მდე, პროკურატურას - 63-დან 68 მლნ-მდე. მართალია, ცესკო-ს დაფინანსება 171-დან 125 მლნ-მდე მცირდება, მაგრამ ბოლო არასაარჩევნო 2023 წელთან შედარებით მაინც 33 მლნ-ით იზრდება. 2023 წელს ცესკო-ს 528 თანამშრომლისთვის შრომის ანაზღაურებაზე 19.7 მლნ ლარი დაიხარჯა, 2025 წელს იმავე ოდენობის თანამშრომელთა სახელფასო ბიუჯეტი 48 მლნ-მდეა გაზრდილი.

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს გარდა იზრდება ყველა სხვა სამინისტროს დაფინანსება, მათ შორის თანხობრივად ყველაზე მეტად ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსი - 7.8-დან 8.7 მლრდ-მდე. 500 მლნ-ით - 4.4 მლნ-მდე, ასაკობრივი პენსიებისთვის გამოყოფილი ბიუჯეტი იზრდება, რომლის ფარგლებშიც 70 წლამდე პირები 315-ის ნაცვლად 335-ლარიან პენსიას აიღებენ, 70 წლისა და უფროს ასაკის ადამიანები 415-ის ნაცვლად 450 ლარს. მაღალმთიან რეგიონებში 20%-ით მეტს - შესაბამისად, 402 და 540 ლარს. 200 მლნ-ით - 1.2 მლრდ-მდე იზრდება საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამა, 100 მლნ-ით - 1.6 მლრდ-მდე მიზნობრივი ჯგუფების სოციალური უზრუნველყოფა.

2012 წელს ხელისუფლების ცვლილებამდე, ჯანდაცვისა და დევნილთა სამინისტროების (2018 წლამდე ოკუპირებულ ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვისა და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროები ცალ-ცალკე ფუნქციონირებდა) ჯამური ხარჯი გადასახდელების 23.5%-ს შეადგენდა, 2013 წელს - 27.4%-ს, 2019 წელს - 30.1%-ს, 2023 წელს - 31.8%-ს, 2025 წლის გეგმით - 32.2%-ს

გრაფიკი 2: საქართელოს ოკუპირებულ ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ხარჯის წილი გადასახდელებში

წყარო: საქართველოს ფინანსთა სამინისტრო

დამოკიდებულება ანალოგიურად მზარდია მშპ-სთან მიმართებითაც, უფრო კონკრეტულად, 2012 წელს ის 6.6%-ს შეადგენდა და 2025 წლისთვის 9%-მდე ზრდაა ნავარაუდევი. ორივე შემთხვევა ადასტურებს იმ ფაქტს, რომ ბოლო 12 წელიწადში სოციალური ხარჯები ეკონომიკაზე სწრაფად გაიზარდა.

რიგით მეორე მხარჯავი უწყება რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროა. ბიუჯეტის პროექტის პირველადი ვერსიით, 2025 წელს მასზე 3.2 მლრდ-ის დახარჯვაა დაგეგმილი, 200 მლნ-ით ნაკლების 2024 წელთან შედარებით. დაფინანსების შემცირება ძირითადად ჩქაროსნული ავტომაგისტრალისთვის გამოყოფილი თანხების კლებამ გამოიწვია. 2025 წელს ჩქაროსნული ავტომაგისტრალის მშენებლობისთვის 970 მლნ ლარი დაიხარჯება, რაც 2024 წელთან შედარებით 255 მლნ-ით ნაკლებია. ამის საპირისპიროდ, 200 მლნ-ით 747 მლნ ლარამდე იზრდება წყალმომარაგების ინფრასტრუქტურის აღდგენა-რეაბილიტაციისთვის გამოსაყოფი თანხის ოდენობა.

377 მლნ-ით - 2.9 მლრდ ლარამდე იზრდება განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს დაფინანსება, მათ შორის ზოგადსაგანმანათლებლო სკოლების 200 მლნ-ით - 1.5 მლრდ ლარამდე. პროფესიული განათლების 30 მლნ-ით - 125 მლნ-მდე, უმაღლესი განათლების 5 მლნ-ით - 171 მლნ-მდე, მეცნიერებისა და სამეცნიერო კვლევების ხელშეწყობის კი 8 მლნ-ით - 86 მლნ-მდე.

ბიუჯეტის მოცულობით რიგით მეოთხე თავდაცვის სამინისტროა, რომლისთვისაც 1.6 მლრდ ლარის დახარჯვაა დაგეგმილი. თავდაცვის მართვა 93 მლნ-ით - 657 მლნ-ით იზრდება, პროფესიული სამხედრო განათლების 15 მლნ-ით - 106 მლნ-მდე, ინფრასტრუქტურის განვითარება 60 მლნ-ით - 160 მლნ-მდე, თავდაცვის შესაძლებლობების განვითარება 20 მლნ-ით - 250 მლნ-მდე, ლოჯისტიკური უზრუნველყოფა 22 მლნ-ით - 300 მლნ-მდე. დაფინანსების ზრდის მიუხედავად, თავდაცვის ხარჯები NATO-ს არაოფიციალურ სტანდარტ მშპ-ს 2%-ზე ნაკლებია და ამავე დროს და ოთხივე მეზობელ სახელმწიფოს ჩამორჩება.

შინაგან საქმეთა სამინისტროს დაფინანსება გეგმის თანახმად 90 მლნ-ით - 1.350 მლრდ-მდე იზრდება. საზოგადოებრივი წესრიგისა და საერთაშორისო თანამშრომლობის განვითარებისთვის გამოყოფილი თანხა 93 მლნ-ით - 1.056 მლრდ-მდე იზრდება, სახელმწიფო საზღვრის დაცვისთვის განკუთვნილი დაფინანსება კი პირიქით 11 მლნ-ით - 144 მლნ-მდე მცირდება.

მილიარდიან სამინისტროების სიას ზუსტად 1 მლრდ-ით ეკონომიკის სამინისტრო ასრულებს, წლიური ზრდა 200 მლნ ლარია. გეგმის მიხედვით, სახელმწიფო ქონების მართვაზე 103 მლნ ლარით მეტი - 255 მლნ უნდა დაიხარჯოს. მეწარმეობის განვითარებაზე 18 მლნ-ით ნაკლები - 287 მლნ. ინოვაციებისა და ტექნოლოგიების განვითარების დაფინანსება 5 მლნ-ით - 86 მლნ-მდე, სისტემური მნიშვნელობის ელექტროგადამცემი ქსელის განვითარება 24 მლნ-ით - 149 მლნ-მდე. მოსახლეობის ელექტროენერგიითა და ბუნებრივი აირით უზრუნველყოფის გაუმჯობესებაზე 15-ჯერ მეტი - 54 მლნ.

გრაფიკი 3: ასიგნებები სამინისტროებისთვის

წყარო: საქართველოს ფინანსთა სამინისტრო

რაც შეეხება სხვა სამინისტროებს, კულტურისა და სპორტის სამინისტროს დაფინანსება 43 მლნ-ით - 515 მლნ-მდე იზრდება, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსი 57 მლნ-ით - 745 მლნ-მდე, იუსტიციის სამინისტროსი 12 მლნ-ით - 427 მლნ-მდე, საგარეო საქმეთა სამინისტროსი 12 მლნ-ით - 200 მლნ-მდე, ფინანსთა სამინისტროსი 7 მლნ-ით - 121 მლნ-მდე.

სხვა მხარჯავი დაწესებულებებიდან დაზვერვის სამსახურის დაფინანსება 3 მლნ-ით - 24 მლნ-მდე იზრდება, სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის 6 მლნ-ით - 108 მლნ-მდე, დაგროვებითი საპენსიო სქემის თანადაფინანსება - 430-დან 480 მლნ-მდე. მთავრობის სარეზერვო ფონდი ისევ 90 მლნ იქნება, უცვლელად - 25 მლნ-ზე ნარჩუნდება საპატრიარქოსა და 101 მლნ-ზე საზოგადოებრივი მაუწყებლის დაფინანსებაც.

პარლამენტმა ბიუჯეტი საბოლოოდ დეკემბრის მესამე პარასკევამდე უნდა დაამტკიცოს. წინა წლების გამოცდილებით, მეორე და მესამე განხილვის დროს, როგორც წესი, ხარჯები იზრდება ხოლმე.