ანა დოლიძე: საჯარო სკოლების რემონტი წლობით იწელება, ნაძალადევში სკოლა არ დარჩა, რომ არ დაენგრიათ
ვერდიქტი: „ფაქტ-მეტრის“ დასკვნით, ანა დოლიძის განცხადება არის სიმართლე.
რეზიუმე: სახელმწიფო ახორციელებს სკოლების მშენებლობა/რეაბილიტაციის პროექტს, რომლის ფარგლებში, 2022-2026 წლებში, დაგეგმილია 80 სკოლის მშენებლობა და 720-ის რეაბილიტაცია. ამ ეტაპისთვის, პროექტის განმახორციელებელ სსიპ საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოს ინფორმაციით, სამშენებლო სამუშაოები - 29 საჯარო სკოლაში, წინამოსამზადებელი კი 49 საჯარო სკოლაში მიმდინარეობს. რაც შეეხება სკოლების რეაბილიტაციას, 29 სკოლაში - დასრულებული, 90 სკოლაში კი მიმდინარეა.
„ფაქტ-მეტრი“ სკოლების მშენებლობა/რეაბილიტაციის შესახებ ადრეც წერდა. მაშინ ჩვენ ამ მიმართულებით გამოცხადებული ტენდერები შევისწავლეთ, რა დროსაც გამოიკვეთა, რომ ხელშეკრულებათა უმრავლესობაში არაერთი ცვლილება იყო შესული, რაც, ხშირ შემთხვევაში, ხელშეკრულების ჯამური ღირებულების კორექტირებასა და დასრულების ვადების გახანგრძლივებას უკავშირდებოდა. შესაბამისად, აღნიშნული სკოლების მშენებლობა/რეაბილიტაციის დროში გაწელილად მიმდინარეობას განაპირობებდა.
რაც შეეხება ნაძალადევის სკოლებს, რომლის შესახებაც ანა დოლიძე კონკრეტულად საუბრობს, ნაძალადევში სკოლების დიდი ნაწილი ან დანგრეულია, ან რეაბილიტაცია მიმდინარეობს. შესაბამისად, სკოლების უმრავლესობა მოსწავლეებს ვერ იღებს, მხოლოდ ფორმალურად არსებობს და მათი მოსწავლეთა კონტინგენტი სხვადასხვა სკოლაშია გადანაწილებული, რაც, მოსწავლეების მხრიდან, დამატებით დროის რესურსს მოითხოვს, ხოლო სახელმწიფოს მხრიდან, მოსწავლეების ტრანსპორტირებისათვის, ფინანსურ რესურსს, რაც ბიუჯეტისთვის დამატებითი ტვირთია.
აქედან გამომდინარე, „ფაქტ-მეტრის“ დასკვნით, ანა დოლიძის განცხადება არის სიმართლე.
ანალიზი
კოალიცია „ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა ანა დოლიძემ „facebook”-ის საკუთარ გვერდზე ვიდეომიმართვა მე-14 საჯარო სკოლის ტერიტორიიდან გაავრცელა. ვიდეომიმართვაში ანა დოლიძე თბილისში სკოლების მიმდინარე რეაბილიტაცია/მშენებლობაზე საუბრობს. „ახლა ვიმყოფები ნაძალადევში, მე-14 საჯარო სკოლის ტერიტორიაზე, რომლის მშენებლობაც ჯერ არც დაწყებულა და ეს ყველაფერი ასე საშინლად გამოიყურება. ეს სკოლა არსებობს მხოლოდ ფურცელზე, გაფორმებული ჰყავთ ბავშვები და ეს ბავშვები 10-15 კილომეტრის მოშორებით, სხვა სკოლებში დადიან. ამასთანავე, ეს ბავშვები მესამე ცვლაში არიან და უკმაყოფილებას გამოთქვამენ, წრეზე სიარულს ვერავინ ასწრებენ. თითქმის ყველა სკოლა ნაძალადევში ასე გამოიყურება, სკოლა არ დარჩა, რომ არ დაენგრიათ“,- განაცხადა ანა დოლიძემ.
განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ინფორმაციით, სკოლების მშენებლობა-რეაბილიტაციის პროექტი 2022-2026 წლებში უნდა განხორციელდეს. ჯამში 80 სკოლის მშენებლობა და 720-ის რეაბილიტაციაა დაგეგმილი. პროექტის ჯამური ბიუჯეტი 1 მილიარდი ლარია. პროექტის დასრულების შემდეგ, თანამედროვე სასკოლო ინფრასტრუქტურით 230 000-ზე მეტი მოსწავლე ისარგებლებს.
სკოლების მშენებლობა/რეაბილიტაციას სსიპ საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტო ახორციელებს. მიმდინარე წელს ზოგადსაგანმანათლებლო ინფრასტრუქტურის განვითარებისთვის 387 455 000 ლარია გათვალისწინებული. გასულ წელს, ამავე მიზნით, 193 593 000 ლარი იყო გამოყოფილი. 2022 წელს კი 88 269 207 მლნ ლარი დაიხარჯა. შესაბამისად, მომდევნო 2025-2026 წლებში სკოლების რეაბილიტაცია/მშენებლობას 504 916 493 ლარი უნდა მოხმარდეს.
სააგენტოს 2024 წლის II კვარტლის ბიუჯეტის შესრულების ანგარიშის მიხედვით, ამჟამად სამშენებლო სამუშაოები 29 საჯარო სკოლაში მიმდინარეობს, საპროექტო დოკუმენტაციის შეთანხმებისა და მშენებლობის წინამოსამზადებელი სამუშაოები კი 49 საჯარო სკოლაში.
რას შეეხება სკოლების რეაბილიტაციას, ამ ეტაპისთვის 90 სკოლის სრული რეაბილიტაცია ხორციელდება, ნაწილობრივი რეაბილიტაცია კი 24 საჯარო სკოლაში დასრულდა.
„ფაქტ-მეტრი“ სკოლების მშენებლობა/რეაბილიტაციის შესახებ ადრეც წერდა. მაშინ ჩვენ ამ მიმართულებით გამოცხადებული ტენდერები შევისწავლეთ, რა დროსაც გამოიკვეთა, რომ ხელშეკრულებათა უმრავლესობაში არაერთი ცვლილება იყო შესული, რაც, ხშირ შემთხვევაში, ხელშეკრულების ჯამური ღირებულების კორექტირებასა და დასრულების ვადების გახანგრძლივებას უკავშირდებოდა (იხ. სტატია). შესაბამისად, აღნიშნული სკოლების მშენებლობა/რეაბილიტაციის ხელშეკრულების განსაზღვრული ვადების დარღვევას განაპირობებდა.
რაც შეეხება ნაძალადევში სკოლების დანგრევას, რის შესახებაც ანა დოლიძე საუბრობს, მართლაც, უკვე სამ წელზე მეტია, რაც ნაძალადევში სკოლების უმრავლესობა: მე-4, მე-9, მე-10, მე-11, მე-14, 113-ე დანგრეულია და მათ უმეტეს ნაწილში სამშენებლო სამუშაოები დღემდე დაწყებული არ არის.
მე-10 საშუალო სკოლის მშენებლობაზე 2023 წლის 1 მარტს გამოცხადდა (NAT23004764) ტენდერი, რომელშიც კომპანია „დაგმა“ გაიმარჯვა. ხელშეკრულების საწყისი ღირებულება 500 000 ლარით გაიზარდა და ამ ეტაპისთვის 15 429 932 ლარს შეადგენს. ტენდერის გამოცხადებიდან, ერთ წელზე მეტი გავიდა, თუმცა სკოლის ტერიტორიაზე არანაირი სამუშაოები არ დაწყებულა. სამუშაოები არც მე-9, მე-14 და 113-ე სკოლის ტერიტორიებზე მიმდინარეობს.
რაც შეეხება მე-11 საჯარო სკოლას, სკოლის მშენებლობაზე ტენდერი 2023 წლის 23 მარტს გამოცხადდა. მასში კომპანია „ინსმა“ გაიმარჯვა (აღნიშნული ტენდერის ფარგლებში 209-ე, 128-ე და 133-ე სკოლის მშენებლობაც არის გათვალისწინებული). ხელშეკრულების ღირებულება 39 563 009 ლარია. მე-11 სკოლის სამშენებლო სამუშაოები ზაფხულში დაიწყო. სამშენებლო ვადა 528 დღით არის განსაზღვრული. სამშენებლო სამუშაოები დაწყებულია მე-4 სკოლის ტერიტორიაზეც (NAT220022194).
ასევე უნდა აღინიშნოს, რომ ნაძალადევის ტერიტორიაზე მდებარე 112-ე და მე-8 სკოლებშიც რეაბილიტაცია მიმდინარეობს, რაც იმას ნიშნავს, რომ ნაძალადევის ტერიტორიაზე მდებარე თითქმის ყველა სკოლა ან დანგრეულია, ან რემონტდება. შესაბამისად, სკოლები მართლაც მხოლოდ ფურცელზე არსებობს და სასწავლო პროცესის წარსამართად მზად არ არის. აღნიშნული სკოლის კონტინგენტი სხვა, ძირითადად, დიდუბის, თემქის ან ლოტკინის სკოლებშია გადანაწილებული. შესაბამისად, მოსწავლეებს სკოლაში მისასვლელად რამდენიმე კილომეტრით მეტის გავლა უწევთ, რაც, სხვა რომ არაფერი ვთქვათ, დამატებით დროის რესურსს მოითხოვს.
სკოლების მშენებლობა-რეაბილიტაციის გამო, ოფიციალური მონაცემებით, საქართველოს მასშტაბით, ალტერნატიულ ფართებში 21 203 მოსწავლეა გადაყვანილი, რაც მოსწავლეებისთვის და მასწავლებლებისთვის ერთგვარი დისკომფორტია და ამასთანავე, გაკვეთილების შემცირებული ხანგრძლივობა სწავლის ხარისხზეც აისახება.
საჯარო სკოლებში მოსწავლეების ტრანსპორტით უზრუნველყოფისთვის, მიმდინარე წელს სულ 36 მლნ ლარია გათვალისწინებული, საიდანაც, კონკრეტულად ალტერნატიულ სკოლებში გადაყვანილი მოსწავლეების ტრანსპორტირებისთვის, ჯამში 15 მლნ ლარი განისაზღვრა. 2023 წელს, ამავე მიზნით, შესაბამისად 40 და 12 მლნ ლარი იყო გამოყოფილი. აქედან გამომდინარე, ფაქტია, რომ სკოლების მშენებლობა/რეაბილიტაცია რაც უფრო მეტად გაიწელება დროში, მით უფრო დიდხანს იქნება საჭირო მოსწავლეების გადასაადგილებლად თანხების გამოყოფა, რაც ბიუჯეტისთვის დამატებითი ტვირთია.
განხილული მასალიდან გამომდინარე, „ფაქტ-მეტრის“ დასკვნით, ანა დოლიძის განცხადება არის სიმართლე.