ლევან დავითაშვილი: ელექტროენერგიის გენერაცია ყოველწლიურად იზრდება
ვერდიქტი: „ფაქტ-მეტრის“ დასკვნით, ლევან დავითაშვილის განცხადება არის მეტწილად სიმართლე.
2012 წელს ელექტროენერგიის გენერაცია 9.7 მლრდ კვტ/სთ-ის შეადგენდა, 2023 წელს 48%-ით მეტს - 14.4 მლრდ კვტ/სთ-ს. საანგარიშო პერიოდში, თბოსადგურების გენერაცია 39%-ითა და ჰიდროგენერაცია 50%-ით გაიზარდა. 2016 წლის ბოლოდან ამოქმედდა ქარის ელექტროსადგურიც, თუმცა მისი წილი მთლიან გამომუშავებაში 1%-ზე ნაკლებია. 11 წლის განმავლობაში აშენდა ორი დიდი თბოსადგური, ასევე რამდენიმე საშუალო და მცირე ზომის ჰესი.
გენერაციის პარალელურად, მოხმარებაც დაახლოებით იმავე პროპორციით გაიზარდა. თუ 2012 წელს მომხმარებელზე მიწოდება 9.4 მლრდ კვტ/სთ-ს შეადგენდა, 2023 წელს ის 39%-ით მეტს - 13.1 მლრდ კვტ/სთ-ს უდრიდა. მოხმარება კიდევ უფრო მაღალი და 2012 წელთან შედარებით 51%-ით მეტი - 14.2 მლრდ კვტ/სთ იყო 2022 წელს. 2023 წელს მოხმარების კლების მიზეზი მსხვილ საწარმოებში, კრიპტომაინინგსა და ოკუპირებულ აფხაზეთში მოთხოვნის შემცირება გახდა.
2013-2023 წლებში ექსპორტზე სულ 343 მლნ დოლარის ელექტროენერგია გავიდა, ჯამურმა იმპორტმა კი 523 მლნ დოლარს მიაღწია, რაც შესაბამისად 6.7 მლრდ და 13 მლრდ კვტ/სთ-ს უდრის. უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა 180 მლნ დოლარი - 6.3 მლრდ კვტ/სთ შეადგინა. მთლიანად დადებითი სალდო მხოლოდ ორჯერ - 2016 და 2023 წელს დაფიქსირდა, 2022 წელს სალდო თანხობრივად დადებითი იყო, კვტ/სთ-ებში - უარყოფითი.
ელექტროენერგიის გენერაცია და გენერაციის ობიექტები მართლაც გაზრდილია, თუმცა გაზრდილია მოხმარებაც და ისევე როგორც ადრე, ახლაც, ხშირ შემთხვევაში, იმპორტი რაოდენობრივადაც და თანხობრივადაც ექსპორტს აღემატება. 2017-2022 წლებში დეფიციტი თანხობრივად წლიურად 50 მლნ დოლარს აჭარბებდა, კვტ/სთ-ებში 1.1 მლრდ კვტ/სთ-ს ანუ მთლიანი მოხმარების 8.5%-ს.
დამატებით შეიძლება აღინიშნოს ისიც, რომ დაპირებების მიუხედავად - ხუდონჰესი, ნენსკრა ჰესი, ნამახვან ჰესი, ცხენისწყლის ჰესების კასკადი, ონის ჰესების კასკადი არ აშენდა, არ აშენდა არც ქარისა (ერთის გარდა) და მზის ელექტროსადგურები. პროექტების თუნდაც ნახევრის შესრულების შემთხვევაში, გენერაცია ბევრად დიდი მასშტაბით გაიზრდებოდა და დეფიციტიც ზამთრის თვეებში ან სრულად აღმოიფხვრებოდა, ან მნიშვნელოვნად შემცირდებოდა. ეკონომიკის მინისტრმა აქცენტი მხოლოდ ერთ მხარეზე წარმოების ზრდაზე გააკეთა, მოხმარების ზრდა და დეფიციტის შენარჩუნება კი ყურადღების მიღმა დატოვა, რის გამოც „ფაქტ-მეტრმა“ ლევან დავითაშვილის განცხადება შეაფასა როგორც მეტწილად სიმართლე.
ანალიზი: ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ლევან დავითაშვილმა ენერგეტიკოსის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა: „ყოველწლიურად იზრდება საქართველოში გენერაციის ობიექტების რაოდენობა, ასევე იზრდება დადგმული სიმძლავრე და გამომუშავებული ელექტროენერგიის ოდენობა“.
საქართველოში ელექტროენერგიის გენერაციის ორი ძირითადი წყაროა: ჰიდროსადგურები, რომელთა წილად 80%-მდე მოდის და თბოსადგურები. ქარის ელექტროსადგურის წილი 1%-ზე ნაკლებია, ცალკეული მზის მიკროსადგურები კი სახელმწიფო ელექტროსისტემის ჩამონათვალშიც არაა შეტანილი.
„ქართული ოცნების“ მმართველობის დროს ექსპლუატაციაში შევიდა გარდბანი 1 და გარდაბანი 2 თბოსადგურები, ასევე შუახევჰესი, ფარავანჰესი, ლარსიჰესი, მაჭახელაჰესი, ხელვაჩაურჰესი და სხვა მცირე ზომის (13 მგვტ-მდე) დერეგულირებული ჰესები.
2012 წელს ჰიდროგენერაციამ 7.2 მლრდ კვტ/სთ შეადგინა, თბოგენერაციამ 2.5 მლრდ ანუ ჯამში 9.7 მლრდ კვტ/სთ. 2023 წელს ჰიდროგენერაციამ 10.9 მლრდ კვტ/სთ, თბოგენერაციამ 3.4 მლრდ და ქარის სადგურმა 86 მლნ კვტ/სთ-ს მიაღწია, რამაც ჯამში 14.4 მლრდ კვტ/სთ-ს მიაღწია. 11 წელიწადში მთლიანი გამომუშავება 48%-ით გაიზარდა.
ჰიდროსადგურების შემთხვევაში, უნდა აღინიშნოს, რომ გარდა გენერაციის ობიექტების რაოდენობისა, მნიშვნელოვანია კლიმატური პირობებიც, სხვადასხვა წელს მდინარეებს სხვადასხვა ჩამონადენი აქვთ, რის შედეგადაც იცვლება გამომუშავებული ელექტროენერგიის მოცულობა, მაგალითად 2010 წელს ჰიდროგენერაციამ 9.4 მლრდ კვტ/სთ შეადგინა, 2012 წელს კი 23%-ით ნაკლები - 7.2 მლრდ კვტ/სთ. ელექტროენერგიის გენერაციაზე ასევე მოქმედებს ექსპლუატაციაში მყოფი ჰესების, განსაკუთრებით ენგურჰესის, ტექნიკური მდგომარეობა.
გრაფიკი 1: ელექტროენერგიის გენერაცია (მლნ. კვტ/სთ)
წყარო: საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა
გრაფიკზე თითქმის არ ჩანს ქარის სადგური, რომელიც ექსპლუატაციაში 2016 წლის ბოლოს შევიდა. 2017-2023 წლებში ის სტაბილურად 83-91 მლნ კვტ/სთ-ს გამოიმუშავებდა და მისი წილი ჯამურ გენერაციაში 0.6%-0.8%-ს შეადგენდა.
2013-2016 წლებში ელექტროენერგიის გენერაცია მუდმივად იზრდებოდა, 2016-2019 წლებში დაახლოებით ერთ დონეზე შენარჩუნდა, 2020 წელს შემცირდა და 2021-2023 წლებში ისევ გაიზარდა. 2020 წელს პანდემიის გამო მოთხოვნაც შემცირდა, მაგრამ ეს არ ყოფილა გენერაციის კლების მთავარი მიზეზი. ენგურჰესის მიერ გამომუშავებული ელექტროენერგია უიაფესია და 1 კვტ/სთ 2 თეთრზე ნაკლებია. 2019 წელს ენგურჰესმა 3.3 მლრდ კვტ/სთ ელექტროენერგია გამოიმუშავა, 2020 წელს 600 მლნ კვტ/სთ-ით ნაკლები - 2.7 მლრდ კვტ/სთ. საჭიროების შემთხვევაში, ეკონომია თბოსადგურების ხარჯზე გაკეთდებოდა და არა ენგურჰესის.
სახელმწიფო ელექტროსისტემას 2024-ის მონაცემები 7 თვის მონაცემები აქვს, საიდანაც ჩანს, რომ 2023-ის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ჯამური გენერაცია 8.6-დან 8.9 მლრდ კვტ/სთ-მდე გაიზარდა.
გენერაციის პარალელურად, 2012-2023 წლებში 39%-ით 9.4 მლრდ კვტ/სთ-დან 13.1 მლრდ კვტ/სთ-მდე ელექტროენერგიის მოხმარებაც გაიზარდა. მოხმარება კიდევ უფრო მაღალი 14.2 მლრდ კვტ/სთ იყო 2022 წელს. კლების მიზეზი მსხვილ საწარმოებში, კრიპტომაინინგსა და ოკუპირებულ აფხაზეთში მოთხოვნის შემცირება გახდა. 2012-2022 წლებში მოხმარება 51%-ით გაიზარდა.
გრაფიკი 2: ელექტროენერგიის მოხმარება (მლნ. კვტ/სთ)
წყარო: საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა
მოხმარების შემთხვევაში, საერთო ტენდენცია მზარდია და 2023-ის კლება დროებით გამონაკლისს წარმოადგენდა. ფეროშენადნობებზე და ბიტკოინებზე ფასების ზრდას მაღალი ალბათობით კვლავ მოხმარების ზრდა მოჰყვება. 2023 წლის იანვარ-ივლისთან შედარებით, 2024 წლის იანვარ-ივლისში მოხმარება 4.5%-ით - 7.7-დან 8 მლრდ კვტ/სთ-მდე უკვე გაიზარდა.
2013-2023 წლებში ექსპორტზე სულ 343 მლნ დოლარის ელექტროენერგია გავიდა, ჯამურმა იმპორტმა კი 523 მლნ დოლარს მიაღწია, რაც შესაბამისად 6.7 მლრდ და 13 მლრდ კვტ/სთ-ს უდრის. უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა 180 მლნ დოლარი - 6.3 მლრდ კვტ/სთ შეადგინა. მთლიანად დადებითი სალდო მხოლოდ ორჯერ - 2016 და 2023 წელს დაფიქსირდა, 2022 წელს სალდო თანხობრივად დადებითი იყო, კვტ/სთ-ებში - უარყოფითი, რაც ოკუპირებული აფხაზეთის გაზრდილი მოხმარებით უნდა აიხსნას. სავაჭრო სალდო დადებითია 2024 წლის 8 თვეშიც, თუმცა სეზონურობის გათვალისწინებით, ზამთრის თვეების გარეშე, როცა იმპორტი იზრდება და ექსპორტი პრაქტიკულად ნულდება, წინასწარ დასკვნის გაკეთება რთული იქნება.
გრაფიკი 3: ელექტროენერგიის სავაჭრო ბალანსი
წყარო: საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური
მთლიან მოხმარებაში (დანაკარგების ჩათვლით) კვტ/სთ-ებში დათვლილი დეფიციტი 2012-2016 წლებში 0.7%-ს შეადგენდა, 2017-2022 წლებში 8.5%-ს, მათ შორის 2019-2021 წლებში 11.1%-ს.
გრაფიკი 4: ელექტროენერგიის დეფიციტი მთლიან მოხმარებაში
წყარო: საქართველოს სახელმწიფო სახელმწიფო ელექტრო სისტემა და საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური
ელექტროენერგიის გენერაცია და გენერაციის ობიექტები მართლაც გაზრდილია, თუმცა გაზრდილია მოხმარებაც და ისევე როგორც ადრე, ახლაც, ხშირ შემთხვევაში, იმპორტი რაოდენობრივადაც და თანხობრივადაც ექსპორტს აღემატება. 2017-2022 წლებში დეფიციტი თანხობრივად წლიურად 50 მლნ დოლარს აჭარბებდა, კვტ/სთ-ებში 1.1 მლრდ კვტ/სთ-ს ანუ მთლიანი მოხმარების 8.5%-ს. 2023-ში დაფიქსირებულ პროფიციტში გავლენა გენერაციის ზრდაზე მეტად მოხმარების შემცირებამ იქონია.
დამატებით, შეიძლება აღინიშნოს ისიც, რომ დაპირებების მიუხედავად - ხუდონჰესი, ნენსკრა ჰესი, ნამახვან ჰესი, ცხენისწყლის ჰესების კასკადი, ონის ჰესების კასკადი არ აშენდა, არ აშენდა არც ქარისა (ერთის გარდა) და მზის ელექტროსადგურები, პროექტების თუნდაც ნახევრის შესრულების შემთხვევაში, გენერაცია ბევრად დიდი მასშტაბით გაიზრდებოდა და დეფიციტიც ზამთრის თვეებში ან სრულად აღმოიფხვრებოდა, ან მნიშვნელოვნად შემცირდებოდა. ეკონომიკის მინისტრმა აქცენტი მხოლოდ ერთ მხარეზე - წარმოების ზრდაზე, გააკეთა. მოხმარების ზრდა და დეფიციტის შენარჩუნება კი ყურადღების მიღმა დატოვა, რის გამოც „ფაქტ-მეტრმა“ ლევენ დავითაშვილის განცხადება შეაფასა როგორც მეტწილად სიმართლე.