„ფაქტ-მეტრმა“ გამოაქვეყნა სტატია, რომელშიც საუბარია ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში მცხოვრები სოციალურად დაუცველი მოქალაქეების რაოდენობაზე. ამავე სტატიის საფუძველზე მომზადებული ვიდომასალა კი სოციალურ ქსელ Tik Tok-ზე გამოქვეყნდა. კომენტარების ველში მკითხველმა სვანეთში არსებული მდგომარეობის შესწავლა გვთხოვა. „ფაქტ-მეტრმა“ გაითვალისწინა მკითხველის რეკომენდაცია. გთავაზობთ კვლევას, რომლიდანაც შეიტყობთ, როგორია დემოგრაფიული ვითარება მესტიისა და ლენტეხის მუნიციპალიტეტებში და რამდენი სოციალურად დაუცველი პირი ცხოვრობს ამჟამად სვანეთში.
ზოგადად, საქართველოს სტატისტკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, საქართველოში დემოგრაფიული მაჩვენებლები გაუარესებულია. ბოლო რამდენიმე წელია, ქვეყანაში უფრო მეტი ადამიანი კვდება, ვიდრე იბადება, რაც ბუნებრივი მატების უარყოფით მაჩვენებელს გვაძლევს. უარყოფითია მიგრაციული სალდოც, ანუ ქვეყნიდან უფრო მეტი ადამიანი გავიდა, ვიდრე დაბრუნდა. იხ. „ფაქტ-მეტრის“ სტატია. აღნიშნული გარემოება ვრცელდება სვანეთთან მიმართებითაც. როგორც კვლევამ აჩვენა, სვანეთის ორივე მუნიციპალიტეტში, აღნიშნულ პერიოდში, მოსახლეობის რაოდენობა კლების ტენდენციით ხასიათდება. მოგეხსენებათ, მესტიის მუნიციპალიტეტი სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონს მიეკუთვნება, ხოლო ლენტეხის მუნიციპალიტეტი - რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის რეგიონს. ამდენად, მონაცემები ცალ-ცალკე დავამუშავეთ და დავაჯამეთ. საანგარიშო პერიოდად 2015-2024 წლები ავიღეთ.
დიაგრამა 1. მოსახლეობის რაოდენობა მესტიისა და ლენტეხის მუნიციპალიტეტებში, 2015-2024 წლები, 1 იანვრის მდგომარეობით
წყარო: საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური
როგორც ვხედავთ, გარკვეულ წლებში მოსახლეობის რაოდენობა უცვლელად ნარჩუნდებოდა, თუმცა, საერთო ჯამში, შემცირებულია და 2015 წელთან შედარებით, დღეს მესტიისა და ლენტეხის მუნიციპალიტეტებში 1 500 ადამიანით ნაკლები ცხოვრობს.
რაც შეეხება მიზნობრივი სოციალური დახმარების პროგრამის მონაცემთა ბაზაში რეგისტრირებული მოსახლეობის რაოდენობას, 2015 წელთან შედარებით, მესტიის მუნიციპალიტეტში მკვეთრად გაზრდილია, ხოლო ლენტეხის მუნიციპალიტეტის შემთხვევაში, კლება ფიქსირდება. თუმცა აქ გასათვალისიწნებელია, რომ მოიკლო მოსახლეობისი რაოდენობამაც.
დიაგრამა 2. მიზნობრივი სოციალური დახმარების პროგრამის მონაცემთა ბაზაში რეგისტრირებული მოსახლეობის რაოდენობა მესტიისა და ლენტეხის მუნიციპალიტეტებში, 2015-2023 წლების დეკემბრისა და 2024 წლის აგვისტოს მიხედვით
წყარო: სოციალური მომსახურების სააგენტო
დიაგრამა 2 აჩვენებს, რომ ახალი კორონავირუსის (COVID-19) გავრცელების პერიოდში, რასაც არაერთი ეკონომიკური სახის შეზღუდვის დაწესება და ამით გამოწვეული პრობლემები მოჰყვა, რეგისტრირებულთა რაოდენობა მკვეთრად გაიზარდა, თუმცა ეს ზრდა პანდემიის შემდგომ პერიოდშიც გაგრძელდა.
სვანეთის ორივე მუნიციპალიტეტში გაზრდილია საარსებო შემწეობის მიმღებ პირთა ჯამური რაოდენობაც.
დიაგრამა 3. საარსებო შემწეობის მიმღები მოსახლეობა მესტიისა და ლენტეხის მუნიციპალიტეტებში, 2014-2023 წლების დეკემბრისა და 2024 წლის აგვისტოს მიხედვით
წყარო: სოციალური მომსახურების სააგენტო
2020 წელს ახალი კორონავირუსის (COVID-19) გავრცელების ფონზე, მოსახლეობის სოციალურ-ეკონომიკური პირობები გაუარესდა. საქართველოს მთავრობამ ოჯახების გადამოწმებისა და სარეიტინგო ქულის მინიჭების პროცედურები შეაჩერა, ხოლო ბაზაში რეგისტრირებულ მოსახლეობას, თითქმის ყველას, საარსებო შემწეობა დაუნიშნა. 2022 წლიდან შეზღუდვები მოიხსნა და ეკონომიკის აღდგენა დაიწყო, მაგრამ მესტიის მუნიციპალიტეტში შემწეობის მიმღებ პირთა რაოდენობამ ზრდა განაგრძო. ლენტეხის მუნიციპალიტეტში კი, პანდემიამდელ პერიოდთან შედარებით, შემწეობას მეტი ადამიანი იღებს, მაგრამ ეს რაოდენობა ნაკლებია, ვიდრე იყო საანგარიშო პერიოდის საწყის ეტაპზე. აქ აუცილებლად უნდა გავითვალისწინოთ მოსახლეობის რაოდენობის კლება და დავაკვირდეთ, მუნიციპალიტეტების მოსახლეობის მთლიანი რაოდენობის რამდენი პროცენტია საარსებო შემწეობის მიმღები.
დიაგრამა 4 და 5. მესტიისა და ლენტეხის მუნიციპალიტეტების მოსახლეობის მთლიანი რაოდენობა და საარსებო შემწეობის მიმღები მოსახლეობის წილი, 2015-2024 წლების მიხედვით
მესტიის მუნიციპალიტეტი ლენტეხის მუნიციპალიტეტი
წყარო: სოციალური მომსახურების სააგენტო
2015 წლის შემდეგ, სვანეთის ორივე მუნიციპალიტეტის მოსახლეობის რაოდენობა შემცირებულია, საარსებო შემწეობის მიმღებთა წილი კი მკვეთრად გაიზარდა.
აქვე გეტყვით, რომ 2022 წლის დეკემბრიდან საარსებო შემწეობის რიცხვი მოიცავს საზოგადოებრივი დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში დასაქმებულებსაც, რომლებსაც 4 წლის განმავლობაში გარანტირებულად უნარჩუნდებათ სოციალურად დაუცველის სტატუსი და იღებენ ფულად შემწეობას.
ფოტო აღებულია გვერდიდან: visit us