ალექსანდრე ელისაშვილი: „55% მესტიის მოსახლეობის არის სოციალურად დაუცველი.“
ვერდიქტი: ფაქტ-მეტრის დასკვნით, ალეკო ელისაშვილის განცხადება არის სიმართლე.
საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2024 წლის 1 იანვრის მდგომარეობით, მესტიის მუნიციპალიტეტში 10 900 ადამიანი ცხოვრობს. აქედან საარსებო შემწეობას იღებს 7 459 ადამიანი, რაც მუნიციპალიტეტის მთლიანი მოსახლეობის 68.4%-ს შეადგენს. სოციალური მომსახურების სააგენტო საარსებო შემწეობის მიმღები პირების რაოდენობას ცალ-ცალკე, დაბა მესტიისა და მესტიის მუნიციპალიტეტში შემავალი სხვა დასახლებების მიხედვით არ ითვლის. ამდენად, პოლიტიკოსმა შესადარებლად სტატისტიკაში არსებული მონაცემებით იხელმძღვანელა და ფაქტობრივი შეცდომა დაუშვა. თუმცა განცხადების კონტექსტი გულისხმობს, რომ ზემო სვანეთის მოსახლეობის დიდი ნაწილი რთულ სოციალურ-ეკონომიკურ მდგომარეობაშია. „ფაქტ-მეტრი“ ითვალისწინებს აღნიშნულ კონტექსტს და ალექსანდრე ელისაშვილის განცხადებას აფასებს ვერდიქტით: სიმართლე.
ანალიზი: პლატფორმა „ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, პოლიტიკოსმა ალექსანდრე ელისაშვილმა განაცხადა: „55% მესტიის მოსახლეობის არის სოციალურად დაუცველი.“
„ფაქტ-მეტრმა“ ზემო და ქვემო სვანეთში მცხოვრები მოსახლეობის რაოდენობისა და საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხოვნობის შესახებ კვლევა რამდენიმე დღის წინ გამოაქვეყნა. ამჯერად პოლიტიკოსის განცხადებას გადავამოწმებთ და გაგაცნობთ, რა მდგომარეობაა ამ მიმართულებით კონკრეტულად მესტიის მუნიციპალიტეტში.
საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, არსებული მდგომარეობით, ზემო სავანეთში ანუ მესტიის მუნიციპალიტეტში, ჯამში, 10 900 ადამიანი ცხოვრობს. აქედან 1 700 ადამიანი - დაბა მესტიაში. თუ საანგარიშო პერიოდად 2015-2024 წლებს ავიღებთ, ვნახავთ, რომ მოსახლეობის რიცხოვნობა შემცირებულია.
დიაგრამა 1. მოსახლეობის რაოდენობა ზემო სვანეთის ადმინისტრაციულ საზღვრებში, 2015-2024 წლების 1 იანვრის მდგომარეობით
წყარო: საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური
დიაგრამა 1 ცხადყოფს, რომ 2015 წელთან შედარებით, წელს მესტიის მუნიციპალიტეტში 600 ადამიანით ნაკლები ცხოვრობს. მოსახლეობის რიცხოვნობა შემცირებულია როგორც თავად დაბა მესტიაში, ისე სოფლებშიც. ზოგადად, რეგიონის მოსახლეობის შემცირების რამდენიმე მიზეზი არსებობს: ემიგრაცია, შიდა მიგრაცია, შობადობის შემცირება (რისი გამომწვევი მიზეზიც, თავის მხრივ, შეიძლება მიგრაციის მაღალი მაჩვენებელი იყოს). ამ მხრივ, საინტერესოა კიდევ ერთი სტატისტიკა - ზემო სვანეთში დაბადებისა და გარდაცვალების მაჩვენებლები.
დიაგრამა 2. შობადობა, გარდაცვალება და ბუნებრივი მატება მესტიის მუნიციპალიტეტში, 2015-2023 წლები
წყარო: საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური
მესტიის მუნიციპალიტეტში, საანგარიშო პერიოდში, ყოველწლიურად უფრო მეტი ადამიანი დაიბადა, ვიდრე გარდაიცვალა. ერთადერთი გამონაკლისია 2021 წელი, როცა სიკვდილიანობის მიზეზებს დაემატა ახალი კორონავირუსით (COVID-19) გამოწვეული შემთხვევები და გარდაცვალების მაჩვენებელი მკვეთრად გაიზარდა.
მიუხედავად იმისა, რომ მესტიის მუნიციპალიტეტში მოსახლეობის რაოდენობა შემცირდა, გაზრდილია მიზნობრივი სოციალური დახმარების პროგრამის მონაცემთა ბაზაში რეგისტრირებულებისა და საარსებო შემწეობის მიმღები პირების რაოდენობა.
დიაგრამა 3. მიზნობრივი სოციალური დახმარების პროგრამის მონაცემთა ბაზაში რეგისტრირებული და საარსებო შემწეობის მიმღები მოსახლეობის რაოდენობა მესტიის მუნიციპალიტეტში, 2015-2023 წლების დეკემბრის და 2024 წლის აგვისტოს მიხედვით
წყარო: სოციალური მომსახურების სააგენტო
დიაგრამა 3 აჩვენებს, რომ 2024 წლის აგვისტოში ბაზაში რეგისტრირებული ადამიანების რაოდენობა 2 107-ით აღემატება 2015 წლის დეკემბრის მონაცემს, ხოლო საარსებო შემწეობას წელს 4 115-ით მეტი ადგილობრივი მოსახლე იღებს. აქვე შეგახსენებთ, რომ 2020-2021 წლებში, რომლებიც პანდემიურ წლებად მიიჩნევა, მთავრობამ დროებით შეაჩერა პროცედურები, რომლებიც ოჯახის სარეიტინგო ქულის გადახედვის ან მინიჭების მიზნით ხორციელდება. შესაბამისად, გაიზარდა როგორც ბაზაში რეგისტრირებულების, ისე საარსებო შემწეობის მიმღები პირების რაოდენობა. თუმცა, როგორც ვხედავთ, მათი რიცხოვნობა პანდემიური წლების შემდეგაც მზარდია. ეს განსაკუთრებით თვალსაჩინოა, თუ საარსებო შემწეობის მიმღებ პირთა რაოდენობას მესტიის მუნიციპალიტეტის მთლიანი მოსახლეობის რაოდენობასთან შევადარებთ.
დიაგრამა 4. მესტიის მუნიციპალიტეტში საარსებო შემწეობის მიმღები პირების წილი, მუნიციპალიტეტის მთლიანი მოსახლეობის რაოდენობასთან მიმართებით
წყარო: საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური; სოციალური მომსახურების სააგენტო
როგორც ვხედავთ, საარსებო შემწეობის მიმღებთა წილი, მესტიის მუნიციპალიტეტის მთლიანი მოსახლეობის რაოდენობასთან მიმართებით, მკვეთრად გაზრდილია და 2024 წლის აგვისტოს მიხედვით, 68.4%-ს შეადგენს. ეს გაცილებით მეტია, ვიდრე პანდემიამდელ და პანდემიურ პერიოდში იყო. განცხადების ავტორი კი განსხვავებულ მაჩვენებელს ასახელებს - 55%-ს. თუმცა პოლიტიკოსი არ აკონკრეტებს, მესტიის მუნიციპალიტეტის მოსახლეობას გულისხმობს, თუ - მხოლოდ დაბა მესტიის. სოციალური მომსახურების სააგენტო მუნიციპალიტეტისა და დაბის მონაცემებს ცალ-ცალკე არ აქვეყნებს. თუ ვივარაუდებთ, რომ პოლიტიკოსმა სოციალურად დაუცველებში იგულისხმა ბაზაში რეგისტრირებული მოსახლეობა, ამ შემთხვევაში წილი კიდევ უფრო მეტი - 72% გამოვა. ამდენად, „ფაქტ-მეტრი“ ითვალისწინებს, რომ ალექსანდრე ელისაშვილის განცხადების კონტექსტი ზემო სვანეთის (მესტიის მუნიციპალიტეტის) მოსახლეობის რთულ სოციალურ-ეკონომიკურ პირობებზე იყო აქცენტირებული და, კონტექსტის გათვალისწინებით, მის განცხადებას აფასებს ვერდიქტით სიმართლე.
ინფორმაციისთვის: „ფაქტ-მეტრი“ დაუკავშირდა ალექსანდრე ელისაშვილის პიარსამსახურს, რათა გაერკვია, რომელ მონაცემებს დაეყრდნო ის აღნიშნული მაჩვენებლის დასახელებისას, ან ხომ არ გამოითხოვა კონკრეტულად დაბა მესტიის მონაცემები შესაბამისი უწყებიდან. ჩვენ გავარკვიეთ, რომ პოლიტიკოსს საჯარო ინფორმაცია არ გამოუთხოვია. სოციალური მომსახურების სააგენტო კი, როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, ამ მონაცემებს დიფერენცირებულად არ აქვეყნებს.