ალექსანდრე რაქვიაშვილი: კუპონების შემდეგ, 2021-2022 წლების გარდა, ორნიშნა ინფლაცია აღარ გვქონია
ვერდიქტი: „ფაქტ-მეტრის“ დასკვნით, ალექსანდრე რაქვიაშვილის განცხადება არისმეტწილად სიმართლე.
ლარი მიმოქცევაში ჰიპერინფლაციის შემდეგ 1995 წლის 2 ოქტომბერს გაეშვა და მან დროებითი გადახდის საშუალება კუპონი ჩაანაცვლა. ინფლაციის ტემპის მნიშვნელოვანი კლების მიუხედავად, 1996 წელს სამომხმარებლო ფასები მაინც 39%-ით გაიზარდა, 1999 წელს - 19%-ით, 10%-იანი იყო ფასების ზრდის ტემპი 2008 წელსაც, 2021 წელს ინფლაციამ 9.6%-ს, ხოლო 2022 წელს 1999 წლის შემდეგ ყველაზე მაღალ მაჩვენებელს - 11.9%-ს მიაღწია.
თუ ორწლიან პერიოდს გავაერთიანებთ, 2021-2022 წლებში, სამომხმარებლო ფასები ჯამურად 23%-ით გაიზარდა, რაც 1999-2000 წლების შემდეგ ასევე ყველაზე მაღალი მაჩვენებელია. ცოტა უფრო გრძელვადიან ოთხწლიან პერიოდში - 2020-2023 წლებში, სამომხმარებლო ფასები ჯამურად 32%-ით გაიზარდა (2023 წელს ინფლაცია 2.5%-მდე შემცირდა), 2005-2008 წლებში - 42%-ით, 1996-1999 წლებში კი - 84%-ით.
2021-2022 წლების ინფლაცია ლარის არსებობის ისტორიაში ნამდვილად იყო ერთ-ერთი ყველაზე მაღალი, თუმცა მტკიცება, რომ ასეთი მაღალი ინფლაცია კუპონის პერიოდის შემდეგ არ ყოფილა, გადაჭარბებულია, რის გამოც „ფაქტ-მეტრმა“ ალექსანდრე რაქვიაშვილის განცხადება შეაფასა როგორც მეტწილად სიმართლე.
ანალიზი: გირჩის ერთ-ერთმა ლიდერმა ალექსანდრე რაქვიაშვილმა 1-ელ ოქტომბერს რუსთავის 2-ის ეთერში გადაცემა დღის კურიერში განაცხადა: „წელიწადნახევარი [2021-2022 წლები] ორნიშნა ინფლაცია გვქონდა, არასდროს არ ყოფილა, კუპონების პერიოდს თუ არ ჩავთვლით“.
ადრეულ 90-იან წლებში, ომების, პოლიტიკური და ეკონომიკური კრიზისების ფონზე, საქართველო ჰიპერინფლაციამ მოიცვა. სავალუტო ფონდის ანგარიშის თანახმად, 1993-1994 წლებში საქართველოში ინფლაციის განაკვეთი 15 000%-ს აღემატებოდა.
კუპონი, როგორც დროებითი გადახდის საშუალება, მიმოქცევაში 1993 წლის აპრილში გაეშვა. ეროვნული ბანკის საიტზე ყველაზე ძველი კურსი 1993 წლის 7 აგვისტოთი თარიღდება, მაშინ, როცა 1 აშშ დოლარი 5690 კუპონი ღირდა, 13 თვის შემდეგ დოლარის ღირებულება უკვე 2 მლნ კუპონს აჭარბებდა.
1995 წლის 2 ოქტომბრიდან კუპონი ლარმა ჩაანაცვლა. იმავე წელს ინფლაციის განაკვეთი 163%-მდე შემცირდა. რას შეადგენდა ინფლაციის განაკვეთი მეოთხე კვარტალში წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, უცნობია, თუმცა ოქტომბრიდან დეკემბრამდე სამომხმარებლო ფასები 3.6%-ით გაიზარდა, რაც ზოგადად სამთვიანი პერიოდისთვის ცოტა არაა, მაგრამ იმის გათვალისწინებით, თუ რა ხდებოდა წინა წლებში, მნიშვნელოვან კლებად შეიძლება შეფასდეს.
1996 წელს ინფლაციის განაკვეთი ოთხჯერ შემცირდა, თუმცა ეს ოთხჯერ შემცირებულიც 39.4%-ს შეადგენდა. 1997-1998 წლებში ფასების ზრდის ტემპი ერთნიშნა პროცენტულ მაჩვენებელს გაუტოლდა. 1999 წელს კი ისევ 19%-მდე გაიზარდა.
1997 წლის აზიის კრიზისმა და 1998 წლის რუსეთის დეფოლტმა ნეგატიური გავლენა საქართველოზეც იქონია. თუ კურსი დოლართან მიმართებით თითქმის 3 წელი 1.30-ზე ნარჩუნდებოდა, 1998 წლის დეკემბერში 2.00-იანი ნიშნული გადალახა, 1999 წლის თებერვალში კი 2.45-ზე ავიდა, რაც მომდევნო 16 წლის განმავლობაში რეკორდად ითვლებოდა. 1999 წლის შემდეგ არც 19%-იანი ინფლაცია დაფიქსირებულა.
ლარის ემისიიდან დღემდე, 29 წლის განმავლობაში (1995 წლის ოქტომბრიდან 2024 წლის ოქტომბრამდე) სამომხმარებლო ფასები 429%-ით გაიზარდა, ანუ იმ პროდუქციისა და მომსახურების შესაძენად რისთვისაც 1995 წლის ოქტომბერში 100 ლარი იყო საკმარისი, 2024 წლის სექტემბერში 529 ლარი გახდა საჭირო. ამჟამინდელ 100 ლარს კი მსყიდველუნარიანობით იგივე ძალა აქვს რაც 29 წლის წინანდელ 19 ლარს.
1996-2023 წლებში ინფლაციის საშუალოწლიურმა განაკვეთმა 6.9% შეადგინა. საანგარიშო პერიოდში ოთხჯერ: 1996, 1999, 2008 და 2022 წლებში მან ორნიშნა პროცენტულ მაჩვენებელს მიაღწია.
გრაფიკი 1: საშუალო წლიური ინფლაცია
წყარო: მსოფლიო ბანკი
2005-2008 წლებში მაღალ ეკონომიკურ ზრდის ტემპს მაღალი ინფლაციაც სდევდა თან. ომის შემდეგ, 2008 წლის მეორე ნახევრიდან ეკონომიკა მინუსში გავიდა, წლიური ზრდის ტემპი 2.5%-მდე შემცირდა, თუმცა ინფლაცია პირიქით 10%-მდე გაიზარდა.
2005-2008 წლებში სამომხმარებლო ფასები ჯამში 42%-ით გაიზარდა, რაც 1996 წლის შემდეგ, ყველა ცალკე აღებულ 4 წლიან პერიოდზე მეტია. 2020-2023 წლებში ჯამურმა ინფლაციამ 32% შეადგინა, იქამდე 1997-2000 წლებში (ამ პერიოდში მოექცა 1999 წლის 19%-იანი ინფლაცია) 38%.
2021-2022 წლებში, 90-იანი წლების პირველი ნახევრის შემდეგ, სამომხმარებლო ფასების 17- თვიანი უწყვეტი ორნიშნა პროცენტული ტემპით ზრდის ფონზე, ინფლაცია მართლაც ერთ-ერთი ყველაზე მაღალი იყო საქართველოში, თუმცა არ რეკორდულად მაღალი. ფასების ზრდის ტემპი 1996 და 1999 წლებში უფრო მაღალი იყო, 2005-2008 წლებში კი ჯამურად უფრო მაღალი, ვიდრე 2020-2023 წლებში. შესაბამისად, მტკიცება, რომ ინფლაციის ტემპმა 2021-2022 წლებში კუპონების პერიოდის შემდეგ რეკორდი მოხსნა, გადაჭარბებულია, რის გამოც „ფაქტ-მეტრმა“ ალექსანდრე რაქვიაშვილის განცხადება შეაფასა როგორც მეტწილად სიმართლე.