ანა გოგოლაძე: ისტორიულ მინიმუმამდეა შობადობა შემცირებული... უკანასკნელი სამი წლის განმავლობაში, სიკვდილიანობა აჭარბებს შობადობას
ვერდიქტი: „ფაქტ-მეტრის“ დასკვნით, ანა გოგოლაძის განცხადება არის სიმართლე.
სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ცნობით, 2015 წლიდან საქართველოში შობადობის მაჩვენებელი ყოველწლიურად მცირდება. 1994-2023 წლების მონაცემებით, საქართველოში ცოცხლად დაბადებულთა ყველაზე დაბალი მაჩვენებელი 2022 და 2023 წლებში დაფიქსირდა. შობადობის შემცირება ძირითადად ქვეყანაში რეპროდუქციული ასაკის ქალების შემცირებას უკავშირდება, რაც ამ ასაკის ქალების ემიგრაციის მაღალი მაჩვენებლით და ასევე, 90-იან წლებში შობადობის კლებით არის განპირობებული.
შედეგად, უკვე მეხუთე წელია, რაც საქართველოში უარყოფითი ბუნებრივი მატება ფიქსირდება, ანუ უფრო მეტი ადამიანი კვდება, ვიდრე იბადება. 2024 წლის იანვარ-ივნისში საქართველოში 3 632 ადამიანით მეტი გარდაიცვალა, ვიდრე დაიბადა. 2020-2023 წლებში კი გარდაცვლილთა რიცხოვნობამ ცოცხლად დაბადებულთა რაოდენობას ჯამში 27,318 -ით გადააჭარბა.
„ფაქტ-მეტრი“ ანა გოგოლაძის განცხადებას აფასებს ვერდიქტით სიმართლე.
ანალიზი
„TV პირველის“ ეთერში „კოალიცია ცვლილებებისთვის“ წარმომადგენელმა ანა გოგოლაძემ ქვეყანაში არსებულ მძიმე დემოგრაფიულ მაჩვენებლებზე ისაუბრა. მისი განცხადებით: „ისტორიულ მინიმუმამდეა შობადობა შემცირებული. დამოუკიდებლობის მოპოვების დღიდან დღემდე, რაც სტატისტიკას აწარმოებს საქსტატი, 2022-2023 წლებში, ყველაზე ცოტა ბავშვი დაიბადა საქართველოში და უკანასკნელი სამი წლის განმავლობაში, სიკვდილიანობა აჭარბებს შობადობას. ქვეყანაში, სადაც ეკონომიკა ყვავის და ყველაფერი კარგად არის, იქ შობადობა არ იკლებს და არც სიკვდილიანობა აჭარბებს“.
„ფაქტ-მეტრმა“ ანა გოგოლაძის განცხადების სიზუსტე გადაამოწმა.
2015 წლიდან ქვეყანაში შობადობის მაჩვენებელი ყოველწლიურად მცირდება (იხილეთ გრაფიკი 1). სტატისტიკის ეროვნული სამსახურის 1994-2023 წლების მონაცემებით, შობადობის ყველაზე დაბალი მაჩვენებელი მართლაც 2022 და 2023 წლებში დაფიქსირდა. საქართველოში 2022 წელს 42 319 ბავშვი, ხოლო 2023 წელს 40 214 ბავშვი დაიბადა. უარყოფითი ტენდენცია მიმდინარე წელსაც შენარჩუნდა, 2024 წლის იანვარ-ივნისში საქართველოში მხოლოდ 18 633 ბავშვი დაიბადა, რაც გასული წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე 4.1%-ით (798 ბავშვით) ნაკლებია.
გრაფიკი 1: ცოცხლად დაბადებულთა რიცხოვნობა, 1994-2023 წლებში
წყარო: სტატისტიკის ეროვნული სამსახური
ქვეყანაში შობადობის შემცირებას მოსახლეობის ბუნებრივი კლება მოჰყვა, სხვაგვარად რომ ვთქვათ, ქვეყანაში უფრო მეტი ადამიანი კვდება, ვიდრე იბადება. 2020-2024 წლებში საქართველოში ბუნებრივი მატების მაჩვენებელი (სხვაობა ცოცხლად დაბადებულთა და გარდაცვლილთა რაოდენობას შორის) უარყოფითი იყო. 2020-2023 წლებში გარდაცვლილთა რიცხოვნობამ ცოცხლად დაბადებულთა რაოდენობას ჯამში 27,318 -ით გადააჭარბა. უარყოფითი ტენდენცია მიმდინარე წელსაც გაგრძელდა და 2024 წლის პირველ 6 თვეში საქართველოში 3 632 ადამიანით მეტი გარდაიცვალა, ვიდრე დაიბადა (იხილეთ: გრაფიკი 2).
2020-2021 წლებში ბუნებრივი მატების უარყოფითი მაჩვენებელი განპირობებული იყო, როგორც შობადობის შემცირებით, ასევე სიკვდილიანობის ზრდით, ეს უკანასკნელი COVID-19-ით გარდაცვალების შემთხვევებით იყო გამოწვეული. შემდგომ წლებში ქვეყანაში სიკვდილიანობა მნიშვნელოვნად შემცირდა, თუმცა გარდაცვალების მაჩვენებელი შობადობის მაჩვენებელს კვლავ აღემატება, რაც ცალსახად შობადობის შემცირებით აიხსნება.
გრაფიკი 2: ბუნებრივი მატების მაჩვენებლები, 2014-2024 წლებში
წყარო: სტატისტიკის ეროვნული სამსახური
ზოგადად, შობადობის შემცირებაზე მრავალი კულტურული და სოციალური ფაქტორი ახდენს გავლენას. საქართველოს შემთხვევაში, შობადობის შემცირების უმთავრესი მიზეზი ქვეყანაში რეპროდუქციული ასაკის ქალთა შემცირებაა, რაც ორი ძირითადი მიზეზით არის გამოწვეული: 1) 90-იან წლებში ქვეყანაში შობადობის კლების ტენდენცია იყო, შესაბამისად, დღეს რეპროდუქციული ასაკის მოსახლეობა ბუნებრივად შემცირებულია და 2) რეპროდუქციული ასაკის მოსახლეობის ემიგრაციის მაღალი მაჩვენებელი.
ამრიგად, „ფაქტ-მეტრის“ დასკვნით, ანა გოგოლაძე ქვეყანაში არსებულ დემოგრაფიულ პრობლემებზე სწორად მიუთითებს.