ანა ნაცვლიშვილი: რეკორდულია იმ ბავშვების რაოდენობა, რომლებიც საქართველოში სასწავლო პროცესს გამოეთიშნენ
ვერდიქტი: „ფაქტ-მეტრის“ დასკვნით, ანა ნაცვლიშვილის განცხადება არის სიმართლე.
საქსტატის მონაცემების მიხედვით, 2022/2023 სასწავლო წელს, მოსწავლეთა რიცხოვნობამ, რომელთაც სწავლა შეწყვიტეს, 14 9 11 შეადგინა. გასულ წელს იგივე მონაცემი 8 846 იყო. თუ ბოლო წლების სტატისტიკას გადავხედავთ, აღნიშნული მაჩვენებელი მართლაც რეკორდულია. მანამდე, ყველაზე მეტ მოსწავლეს სწავლა 2012/2013 სასწავლო წელს ჰქონდა შეწყვეტილი. შესაბამისად, ანა ნაცვლიშვილის მიერ დასახელებული რიცხვები რეალობას შეესაბამება.
უნდა აღინიშნოს ისიც, რომ სტატისტიკების შედარება ცხადყოფს, რომ 2022/2023 წელს გაზრდილია იმ მოსწავლეთა რაოდენობა, რომელთაც სწავლა დაწყებით კლასებში შეწყვიტეს, თუ 2012 წელს სწავლა შეწყვეტილ მოსწავლეთა 80.5% მაღალ კლასებზე მოდიოდა, 2023 წელს ეს პროცენტული მაჩვენებელი 46.5%-მდე არის შემცირებული.
აღნიშნული განცხადება ანა ნაცვლიშვილმა ემიგრაციის ზრდის კონტექსტში გააკეთა. ემიგრაციის მონაცემების მიხედვითაც, მხოლოდ 2023 წელს 44 585-ით მეტმა 0-14 წლამდე ასაკის ბავშვმა დატოვა ქვეყანა, ვიდრე დაბრუნდა. თუმცა, აქედან რამდენი იყო საქართველოს მოქალაქე, ამის სტატისტიკას საქსტატი არ აწარმოებს.
გაუარესებული ემიგრაციული მდგომარეობის ფონზე, თანაც ამ მიმართულებით ჩატარებულ კვლევაშიც სწავლის შეწყვეტის ერთ-ერთ მიზეზად ოჯახების ემიგრაციაში წასვლა არის დასახელებული, შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ მოსწავლეთა რეკორდული რაოდენობა, რომელთაც სწავლა შეწყვიტეს, სწორედ ემიგრაციით არის განპირობებული.
აქედან გამომდინარე, „ფაქტ-მეტრის“ დასკვნით, ანა ნაცვლიშვილის განცხადება არის სიმართლე.
ანალიზი
„ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა ანა ნაცვლიშვილმა გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ საქართველო ახალგაზრდა თაობისგან იცლება. ამის საილუსტრაციოდ, სასწავლო პროცესის მიღმა დარჩენილი ახალგაზრდების სტატისტიკა მოიყვანა: „რეკორდულია იმ ბავშვების რაოდენობა, რომლებიც საქართველოში სასწავლო პროცესს გამოეთიშნენ. მაგალითად, თუ 2021-2022 წლებში ამ ბავშვების რაოდენობა 8 846 იყო, 2022-2023 წლებში ეს რაოდენობა გაორმაგდა და 14 911 ბავშვი შეადგინა“, - განაცხადა ანა ნაცვლიშვილმა.
საქსტატის მონაცემების მიხედვით, 2022-2023 სასწავლო წელს მოსწავლეთა რაოდენობა, რომელთაც სწავლა შეწყვიტეს, 14 911 იყო. წინა - 2021-2022 სასწავლო წელს, სწავლა 8 502-მა მოსწავლემ შეწყვიტა. როგორც ვხედავთ, მართლაც, მოსწავლეთა რაოდენობა, რომელთაც სკოლაში სწავლას თავი დაანებეს, 1.8-ჯერ - 43%-ით არის გაზრდილი.
საქსტატი აღნიშნული მიმართულებით სტატისტიკას 2013-2014 წლიდან აწარმოებს, ამ პერიოდის სტატისტიკის მიხედვით, 2022-2023 წლის მაჩვენებელი რეკორდულია, მანამდე ყველაზე მეტ ბავშვს სწავლა 2013-2014 წლებში ჰქონდა შეწყვეტილი - სულ 14 057-ს. ბოლო წლების სტატისტიკას კლასების მიხედვით ქვემოთ გთავაზობთ:
ცხრილი 1: მოსწავლეთა რიცხოვნობა, რომელთაც შეწყვიტეს სწავლა
წყარო: საქსტატი
როგორც ზემოთაც აღვნიშნეთ, ბოლო წლებში ყველაზე მეტმა მოსწავლემ სწავლას თავი 2012/2013 და 2022/2023 სასწავლო წელს დაანება. 2012/2013 სასწავლო წელს მოსწავლეთა რაოდენობაში, რომელთაც სწავლა შეწყვიტეს, დიდი წილი უფროსკლასელებზე მოდიოდა, დაახლოებით 80.5%. 2022/2023 წლებში, წინა წლებთან შედარებით, დაწყებით კლასებშიც მკვეთრად გაზრდილია იმ მოსწავლეთა რაოდენობა, რომელთაც სწავლას თავი დაანებეს და უფროსკლასელების წილი 46.5%-მდე არის შემცირებული. შესაბამისად, გაზრდილი იმ მოსწავლეთა წილი, რომელთაც საბაზო სწავლის (მე-9 კლასამდე) დასრულებამდე შეწყვიტეს სწავლა.
თუ ამ მიმართულებით ჩატარებულ კვლევას გადავხედავთ, ვნახავთ, რომ სკოლის მიტოვების მიზეზებს შორის ყველაზე ხშირად მოსწავლის სკოლიდან გაყვანის შესახებ მშობლის, ან მეურვის განცხადება (თუმცა სკოლიდან მოზარდის გაყვანის კონკრეტული მიზეზი უცნობია), პროფესიულ სასწავლებელში სწავლის გაგრძელება და ოჯახთან ერთად საზღვარგარეთ გამგზავრება ფიქსირდება. ყველაზე იშვიათად კი მოსწავლეები სკოლიდან გარიცხვის, სკოლის შინაგანაწესის დარღვევის, ჩარჩენილი მოსწავლის სწავლის საფასურის გადაუხდელობის და პირველკლასელი მოსწავლის მიერ ეროვნულ სასწავლო გეგმის ვერ დაძლევის გამო ტოვებენ სწავლას.
კვლევაში ასევე აღნიშნულია, რომ საქართველოს სხვა რეგიონებთან შედარებით, ქვემო ქართლსა და სამცხე ჯავახეთში სწავლის მიტოვების მაჩვენებელი მაღალია. როგორც მკვლევრები აღნიშნავენ, ეთნიკური უმცირესობებით კომპაქტურად დასახლებულ რეგიონებში სხვადასხვა მიზეზით, ყველაზე მეტი მოსწავლე ანებებს სწავლას თავს.
ანა ნაცვლიშვილმა აღნიშნული განცხადება ემიგრაციის ზრდის კონტექსტში გააკეთა.
სტატისტიკური მონაცემების მიხედვით, ყოველწლიურად საქართველოს უფრო მეტი მოქალაქე ტოვებს, ვიდრე ბრუნდება. მიგრაციის ისედაც უარყოფითი მაჩვენებლები 2021-2023 წლებში კიდევ უფრო გაუარესდა. საქსტატის მონაცემებით, 2021-2023 წლებში, 344,633 საქართველოს მოქალაქე წავიდა ემიგრაციაში, ამავე პერიოდში საქართველოს მოქალაქე იმიგრანტების რიცხოვნობამ 185,827 შეადგინა. ანუ, ბოლო 3 წელში მიგრაციულმა სალდომ (სხვაობა იმიგრანტებსა და ემიგრანტებს შორის), საქართველოს მოქალაქეების შემთხვევაში, -158,806 ათასი შეადგინა.
მხოლოდ 2023 წელს 163,480 საქართველოს მოქალაქე გავიდა ქვეყნიდან, ამავე პერიოდში საქართველოს მოქალაქე იმიგრანტების რაოდენობამ 91,896 შეადგინა. ანუ მხოლოდ 2023 წელს 71,584 ათასით მეტმა საქართველოს მოქალაქემ დატოვა ქვეყანა, ვიდრე დაბრუნდა (დაწვრილებით, იხ.სტატია).
საქსტატისვე მონაცემის მიხედვით, 2023 წელს საქართველოდან 0-14 წლამდე ასაკის 86 511 მოქალაქე გავიდა, იმიგრანტთა რაოდენობამ 41 926 შეადგინა. შესაბამისად, 2023 წელს 44 585-ით მეტმა 0-14 წლამდე ასაკის ბავშვმა დატოვა ქვეყანა, ვიდრე დაბრუნდა. თუმცა, აქედან რამდენი იყო საქართველოს მოქალაქე, ამის სტატისტიკას საქსტატი არ აწარმოებს.
გაზრდილი ემიგრაციის ფონზე, დაწყებით კლასებში მოსწავლეთა რაოდენობის ზრდა, რომელთაც სწავლა შეწყვიტეს, შესაძლოა, ვივარაუდოთ, რომ სწორედ ემიგრაციაში ოჯახების წასვლით არის განპირობებული.
განხილული მასალიდან გამომდინარე, „ფაქტ-მეტრის“ დასკვნით, ანა ნაცვლიშვილის განცხადება არის სიმართლე.