ლევან ანთაძე: „ჩვენ ვერ გავიგონეთ მისი [ბიძინა ივანიშვილის] მიმართვა იმ 152 ათასი ადამიანისადმი, რომლებიც სოციალურად დაუცველთა ბაზაშია, ვერ გავიგონეთ მის მიმართვა, რომელიც ეხებოდა იმ 24 ათას ბავშვს, რომლებიც შიმშილის ზღვარს მიღმა იმყოფებიან.“
ვერდიქტი: „ფაქტ-მეტრის“ დასკვნით, ლევან ანთაძის განცხადება არის სიმართლე.
სოციალური მომსახურების სააგენტოს სტატისტიკის თანახმად, აჭარის რეგიონში, 2024 წლის სექტემბრის მონაცემებით, მიზნობრივი სოციალური დახმარების პროგრამის მონაცემთა ბაზაში რეგისტრირებულია 151 935 პირი. აქედან საარსებო შემწეობას 69 736 ადამიანი იღებს. საარსებო შემწეობის მიმღებთა შორის, 25 497 არის ბავშვი ანუ 16 წლამდე პირი, რაც აჭარის ა/რ მთლიანი მოსახლეობის (363 200 ადამიანი) 7%-ს შეადგენს.
აქედან გამომდინარე, ლევან ანთაძის განცხადება არის სიმართლე.
ანალიზი: ოპოზიციონერმა პოლიტიკოსმა, „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის“ საარჩევნო პარტიული სიის მე-17 ნომერმა ლევან ანთაძემ განაცხადა: „ჩვენ ვერ გავიგონეთ მისი [ბიძინა ივანიშვილის] მიმართვა იმ 152 ათასი ადამიანისადმი, რომლებიც სოციალურად დაუცველთა ბაზაშია, ვერ გავიგონეთ მის მიმართვა, რომელიც ეხებოდა იმ 24 ათას ბავშვს, რომლებიც შიმშილის ზღვარს მიღმა იმყოფებიან“.
„ფაქტ-მეტრი“ ასეთი შინაარსის განცხადებებს ხშირად ამოწმებს. სამწუხაროდ, თითქმის ყველა რეგიონში გაზრდილია როგორც მიზნობრივი სოციალური დახმარების პროგრამის მონაცემთა ბაზაში რეგისტრირებული, ისე საარსებო შემწეობის მიმღები პირების რაოდენობა. მსგავსი სურათი ფიქსირდება აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაშიც. კერძოდ, 2020-2021 წლებში, COVID-19-ის გავრცელებით გამოწვეული პანდემიური წლების ფონზე, მკვეთრად გაიზარდა იმ ადამიანების რიცხვი, რომლებმაც სახელმწიფოს დახმარებისთვის შესაბამისი განცხადებებით მიმართეს. ეკონომიკური შეზღუდვების ფონზე გაუარესებული სოციალურ-ეკონომიკური პირობებიდან გამომდინარე, მთავრობამ ოჯახების გადამოწმებაზე მორატორიუმი გამოაცხადა, ბაზაში თითქმის ყველა განმცხადებელი დაარეგისტრირა და საარსებო შემწეობაც დაუნიშნა. მიუხედავად იმისა, რომ 2022 წლიდან პანდემიური შეზღუდვები მოიხსნა და ეკონომიკურმა პარამეტრებმა აღდგენა დაიწყო, რეგისტრირებულებისა და შემწეობის მიმღებ პირთა რაოდენობა, უკეთეს შემთხვევაში, უმნიშვნელოდ შემცირდა (თუმცა პანდემიამდელ მონაცემზე მაღალი დარჩა), ხოლო უარეს შემთხვევაში, კვლავ მოიმატა. აჭარის რეგიონშიც ორივე მონაცემი გაცილებით მაღალია, ვიდრე პანდემიამდელ 2019 წელს იყო.
დიაგრამა 1. მიზნობრივი სოციალური დახმარების პროგრამის მონაცემთა ბაზაში რეგისტრირებული მოსახლეობის რაოდენობა აჭარაში, 2017-2023 წლების დეკემბრისა და 2024 წლის სექტემბრის მიხედვით
წყარო: სოციალური მომსახურების სააგენტო
დიაგრამა 1 აჩვენებს, რომ აჭარაში სოციალური დახმარების პროგრამის მონაცემთა ბაზაში რეგისტრირებული მოსახლეობის რიცხოვნობა გაზრდილია და საანგარიშო პერიოდის საწყის მონაცემს 39 760-ით აღემატება, ხოლო პანდემიური წლების (2020-2021) მაჩვენებლებს, შესაბამისად, 27 732-ითა და 16 241-ით.
საინტერესოა, რომ საქართველოს არაერთი რეგიონისგან განსხვავებით, აჭარაში მოსახლეობის რაოდენობა იზრდება. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2024 წლის 1 იანვრის მდგომარეობით, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე რეგისტრირებულია 363 200 პირი.
დიაგრამა 2. მოსახლეობის რაოდენობა აჭარის მუნიციპალიტეტში, 2017 წლიდან დღემდე
წყარო: საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური
აჭარაში მოსახლეობის რიცხოვნობის ზრდა, ნაწილობრივ, გამოწვეულია იმით, რომ რუსეთის მიერ უკრაინაში წარმოებული სრულმასშტაბიანი ომის შემდეგ, საქართველოში არაერთი უცხო ქვეყნის მოქალაქე დასახლდა. ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის მიერ (IDFI) გამოქვეყნებული კვლევის მიხედვით, 2022-2023 წლებში საქართველოში საცხოვრებლად დარჩა 73 700 რუსეთის მოქალაქე. GALT @ TAGGART-ის ანგარიშით, ბათუმი (ხელვაჩაური და ქობულეთიც) ერთ-ერთია იმ ლოკაციებს შორის, სადაც რუსეთის მოქალაქეები უძრავ ქონებას ყველაზე მეტი რაოდენობით იძენენ. ასევე ბათუმსა და ხელვაჩაურში მაღალია მოსახლეობის მიგრაცია მაღალმთიანი მუნიციპალიტეტებიდან, მათ შორის, სტიქიის შედეგად დაზარალებული ოჯახების უსაფრთხო საცხოვრისით უზრუნველყოფის ფარგლებში. შობადობის მაჩვენებელი კი აჭარის რეგიონში კლების ტენდენციით ხასიათდება.
დიაგრამა 3. ცოცხლად დაბადებულთა რიცხოვნობა აჭარის მუნიციპალიტეტებში, 2017-2023 წლები
წყარო: საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური
მიუხედავად იმისა, რომ ცოცხლად დაბადებულთა რაოდენობა შემცირებულია, რეგიონის მოსახლეობის რიცხოვნობასთან ერთად, გაიზარდა საარსებო შემწეობის მიმღები 16 წლამდე ბავშვების რიცხვი.
დიაგრამა 4. საარსებო შემწეობის მიმღები, მათ შორის, 16 წლამდე ბავშვები, აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში, 2017-2023 წლების დეკემბრის და 2024 წლის სექტემბრის მონაცემები
წყარო: სოციალური მომსახურების სააგენტო
დიაგრამა 4-ზე დაკვირვებით ნათლად ჩანს, რომ საარსებო შემწეობის მიმღები პირების რიცხოვნობა პანდემიურ წლებში მკვეთრად გაიზარდა. ზრდა 2022 წელსაც დაფიქსირდა, ხოლო შემდეგ მოიკლო, მაგრამ 2019 წლის ნიშნულს არ დაბრუნებია. ამასთან, მიმდინარე წლის სექტემბერში გაზრდილია, მათ შორის, 16 წლამდე ბავშვების რაოდენობაც და არა 24 ათასია, როგორც ამას პოლიტიკოსი ასახელებ, არამედ გაცილებით მეტი. თუმცა განცხადების კონტექსტი სწორედ ავტონომიურ რესპუბლიკაში (მთავრობის განცხადებებითა და საქსტატის მონაცემებით, გაზრდილი ეკონომიკისა და ტურიზმის პანდემიამდელი მაჩვენებლების აღდგენის ფონზე) მცხოვრები მოსახლეობის რთულ სოციალურ-ეკონომიკურ სიტუაციაზე მიუთითებს და ამდენად, „ფაქტ-მეტრი“ ლევან ანთაძის განცხადებას აფასებს ვერდიქტით სიმართლე.
ფოტო: Timer.ge