ანა ნაცვლიშვილი: საქართველოში ათობით თუ არა, ასობით ბავშვს ხელი არ მიუწვდება ისეთ საბაზისო ნივთებზე, როგორიცაა მაგალითად, წიგნები, სახატავი საშუალებები
ვერდიქტი: „ფაქტ-მეტრის“ დასკვნით, ანა ნაცვლიშვილის განცხადება არის სიმართლე.
რეზიუმე: საქართველო სტატისტიკის სამსახურის და გაეროს ბავშვთა ფონდის ერთობლივი კვლევის - „საქართველოში ბავშვთა კეთილდღეობა“, მიხედვით, სასკოლო ასაკის ბავშვების 47.5%-ს მათთვის სასურველი სულ მცირე ერთი საგანმანათლებლო მასალა არ აქვს, მათ შორის, 14.5%-ისთვის ეს საგანმანათლებლო მასალა წიგნებია, სასკოლო ასაკის ბავშვების 7.9%-ს სახატავ მასალაზე არ აქვს წვდომა. აქვე უნდა აღვნიშნოთ, რომ წიგნებში სასკოლო სახელმძღვანელოები არ იგულისხმება. სკოლებში სახელმძღვანელოები 2013 წლიდან უფასოა. შესაბამისად, ანა ნაცვლიშვილის განცხადების ეს ნაწილი სიმართლეა.
რაც შეეხება განცხადების იმ ნაწილს, რომ სკოლების მშენებლობები ვერ დასრულდა და ბავშვების გარკვეული ნაწილი სხვა სკოლებშია შეხიზნული, ასევე სიმართლეს შეესაბამება.
სკოლების მშენებლობა/რეაბილიტაცია დროში გაწელილად მიმდინარეობს. აღნიშნულის გამო მოსწავლეები სხვადასხვა სკოლებში არიან გადანაწილებულნი, რაშიც საცხოვრებელთან სიშორის გამო, მოსწავლეების დროის დამატებითი რესურსი იხარჯება, ხოლო იქიდან გამომდინარე, რომ მოსწავლეების ტრანსპორტირებას სახელმწიფო უზრუნველყოფს, ეს ბიუჯეტისთვის დამატებითი ხარჯია.
აღნიშნულიდან გამომდინარე, „ფაქტ-მეტრის“ დასკვნით, ანა ნაცვლიშვილის განცხადება არის სიმართლე.
ანალიზი
„ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა ანა ნაცვლიშვილმა გამართულ ბრიფინგზე განაცხადა: „საქართველოში ათობით თუ არა, ასობით ბავშვს ხელი არ მიუწვდება ისეთ საბაზისო ნივთებზე, როგორიცაა მაგალითად, წიგნები,სახატავი საშუალებები და სხვა.კორუმპირებულმა ხელისუფლებამ, მიუხედავად იმისა, რომ ამისთვის ბიუჯეტიდან მილიონობით ლარი დაიხარჯა, წლებია ვერ მოახერხა, რომ ბავშვები თავიანთ სკოლებში დადიოდნენ, ისინი სხვა სკოლებში არიან შეხიზნულნი“.
2023 წლის აპრილში საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის და გაეროს ბავშვთა ფონდის ერთობლივი კვლევის - „საქართველოში ბავშვთა კეთილდღეობა“ შედეგები გამოქვეყნდა. კვლევა ბავშვის კეთილდღეობის მრავალ ასპექტს მოიცავს, მათ შორის - ბავშვთა ხელმისაწვდომობა ჯანდაცვაზე, განათლებასა და სოციალურ დახმარებაზე; კვება სკოლის პერიოდში; მატერიალური და სოციალური დანაკლისი; აღზრდის მეთოდები და ფუნქციური სირთულეები.
ჩვენ განცხადებიდან გამომდინარე, ყურადღებას კვლევის იმ ნაწილზე გავამახვილებთ, რომელიც განათლების ხელმისაწვდომობას ეხება.
დასახელებული კვლევის მიხედვით, სასკოლო ასაკის ბავშვების (6-17 წლის) 98.4% დადიოდა სკოლაში, უმაღლეს სასწავლებელში და/ან პროფესიულ სასწავლებელში, მათ შორის აბსოლუტური უმრავლესობა, 97.5% - სკოლა, გიმნაზია ან ლიცეუმში. ბავშვების მხოლოდ 0.04 პროცენტი სწავლობდა პროფესიულ სასწავლებელში. ბავშვების მხოლოდ 1.6% არ დადიოდა არც ერთ საგანმანათლებლო დაწესებულებაში.
„ბავშვთა კეთილდღეობის გამოკვლევაში“ კითხვები ბავშვისთვის საგანმანათლებლო მასალების ხელმისაწვდომობის შესახებაც (სასკოლო სახელმძღვანელოების გამოკლებით) იყო შესული. კვლევის მიხედვით, ბავშვების 45.3%-ს არ აქვს მათთვის სასურველი სულ მცირე ერთი საგანმანათლებლო მასალა (კვლევა სკოლამდელი (3-5 წლის) და სკოლის ასაკის (6-17 წლის) ბავშვების შესახებ მონაცემებს მოიცავს).
ჩვენთვის საინტერესოა სასკოლო ასაკის ბავშვებში, იმ ბავშვთა რაოდენობა, რომელთაც მათთვის სასურველი სულ მცირე ერთი საგანმანათლებლო მასალა არ აქვთ. ეს მაჩვენებელი 47.5%-ია. სკოლამდელი ასაკის ბავშვებში იგივე მონაცემი 33.9%-ია. უთანასწორობა კიდევ უფრო მნიშვნელოვანია ქალაქად და სოფლად მცხოვრებ ბავშვებს შორის. სოფლად მაცხოვრებელი ბავშვების 59.6%-ს არ აქვს რაიმე სახის საგანმანათლებლო მასალა, ქალაქში მაცხოვრებელი ბავშვების 35.6%-თან შედარებით.
კვლევის მიხედვით, ყველაზე თვალშისაცემი განსხვავება მატერიალური და სოციალური დანაკლისის მქონე და არმქონე ბავშვებს შორის დაფიქსირდა - მატერიალური და სოციალური დანაკლისის მქონე ბავშვების 74.9%-ს არ გააჩნია მისთვის სასურველი რაიმე საგანმანათლებლო მასალა, ხოლო მატერიალური და სოციალური დანაკლისის არმქონე ბავშვებში ეს მონაცემი უფრო დაბალია და 25.5%-ს შეადგენს.
საგანმანათლებლო მასალა, რაზეც სკოლის ასაკის ბავშვებს ყველაზე ხშირად არ მიუწვდებათ ხელი, არის „ლეპტოპი“/კომპიუტერი (32%). შემდეგ მოდის წიგნები (14.5%), მუსიკალური ინსტრუმენტები (10.7%) და სახატავი მასალები (7.9%). თუმცა სკოლამდელი ასაკის ბავშვებში განსხვავებული მდგომარეობაა. მაგალითად, 3-5 წლის ასაკის ბავშვების ყველაზე დიდ ნაწილს არ აქვს სახატავი მასალები ( 18.5%), შემდეგ მოდის წიგნები (16.5%), ლეპტოპი/კომპიუტერი (13.6%) და მუსიკალური ინსტრუმენტები (6.7%). აღნიშნული სხვაობა, კვლევის ავტორების აზრით, დიდწილად ასახავს ბავშვების სხვადასხვა საგანმანათლებლო ინტერესს ადრეულ და უფრო მოზრდილ ასაკში.
გრაფიკი 1: საგანმანათლებლო მასალების კატეგორიები, რაზეც ბავშვებს ხელი არ მიუწვდებათ
წყარო: unicef
განხილული კვლევის მიხედვით, სასკოლო ასაკის ბავშვების 47.5%-ს მათთვის სასურველი სულ მცირე ერთი საგანმანათლებლო მასალა არ აქვს, მათ შორის, 14.5%-ისთვის ეს საგანმანათლებლო მასალა წიგნებია, თუმცა კვლევაში მითითებულია, რომ ეს წიგნები არ არის სასკოლო სახელმძღვანელოები. სასკოლო ასაკის ბავშვების 7.9%-ს სახატავ მასალებზე არ აქვთ წვდომა. შესაბამისად, ანა ნაცვლიშვილის განცხადების ეს ნაწილი სიმართლეა.
რაც შეეხება განცხადების ნაწილს, რომ სკოლების მშენებლობები ვერ დასრულდა და ბავშვების გარკვეული ნაწილი სხვა სკოლებშია შეხიზნული, ასევე სიმართლეს შეესაბამება. ამ თემაზე „ფაქტ-მეტრი არაერთხელ წერდა (იხ. ამ თემაზე გამოქვეყნებული ბოლო სტატია).
ფაქტია, რომ სკოლების მშენებლობა/რეაბილიტაცია დროში გაწელილად მიმდინარეობს. აღნიშნულის გამო მოსწავლეები სხვადასხვა სკოლებში არიან გადანაწილებულნი, რაშიც საცხოვრებელთან სიშორის გამო, მოსწავლეების დროის დამატებითი რესურსი იხარჯება, ხოლო იქიდან გამომდინარე, რომ მოსწავლეების ტრანსპორტირებას სახელმწიფო უზრუნველყოფს, ეს ბიუჯეტისთვის დამატებითი ხარჯია. ბოლო მონაცემებით, სხვადასხვა სკოლაში ჯამში 21 203 მოსწავლეა გადანაწილებული, რომელთა ტრანსპორტირებისთვის ბიუჯეტიდან დაახლოებით 15 მილიონი ლარი იხარჯება.
განხილული მასალიდან გამომდინარე, „ფაქტ-მეტრი“ ანა ნაცვლიშვილის განცხადებას აფასებს ვერდიქტით სიმართლე.