ალეკო ელისაშვილი: ჯერ კიდევ ნარმანიამ გამართა „დიღმის ჭალების“ პროექტის პრეზენტაცია, შემდეგ კალაძემ რამდენჯერმე წინასაარჩევნოდ წარმოადგინა, რომ აქ გაშენდებოდა პარკი
ვერდიქტი: „ფაქტ-მეტრის“ დასკვნით, ალეკო ელისაშვილის განცხადება არის სიმართლე, დაპირება დიღმის ჭალებში პარკის გაშენების შესახებ არ შესრულდა.
„დიღმის ჭალების“ პროექტი ჯერ კიდევ 2015 წელს თბილისის მაშინდელი მერის დავით ნარმანიას მიერ დაანონსდა, თუმცა პროექტი 2016 წლის 13 ივნისის სტიქიის გამო, შეჩერდა. შემდგომ უკვე 2019 წელს პროექტი კახა კალაძემაც დააანონსა. თავდაპირველი ინფორმაციით, დიღმის ჭალების რეაბილიტაციის პროექტის ღირებულება 11.6 მლნ ლარს შეადგენდა, შემდგომ პროექტის ღირებულება 15 მლნ ლარამდე გაიზარდა.
თბილისის მერიის მხრიდან მრავალჯერადი დაანონსების მიუხედავად, პროექტი, რომელიც 2020 წელს უნდა დასრულებულიყო, დღემდე დაწყებული არ არის. ამ ეტაპისთვის, დიღმის ჭალების მოკლე და გრძელვადიანი განვითარების სტრატეგიაზე მიმდინარეობს მუშაობა. ამასთანავე, მუნიციპალიტეტი დონორებთან პროექტის განსახორციელებელი თანხების მოპოვებაზე მუშაობს.
აქედან გამომდინარე, ალეკო ელისაშვილის განცხადება არის სიმართლე, „ქართული ოცნების“ დაპირება დიღმის ჭალებში პარკის გაშენების შესახებ არ შესრულდა.
ანალიზი
კოალიცია „ძლიერი საქართველოს“ წარმომადგენელმა ალეკო ელისაშვილმა „ქართული ოცნების“ ერთ-ერთ შეუსრულებელ დაპირებაზე - „დიღმის ჭალების“ პროექტზე ისაუბრა და აღნიშნა: „ ჩვენ ვდგავართ „ქართული ოცნების“ კიდევ ერთი არშესრულებული დაპირების ადგილას. ჯერ კიდევ ნარმანიამ გამართა „დიღმის ჭალების“ პროექტის პრეზენტაცია, შემდეგ კალაძემ რამდენჯერმე წინასაარჩევნოდ წარმოადგინა, რომ აქ აქ გაშენდებოდა პარკი. სინამდვილეში, ეს ადგილი არის გაპარტახებული. ამ ადგილს იყენებდნენ ინერტული მასალის ასაღებად, უზარმაზარი კარიერები იყო, ნაგავსაყრელად და სამშენებლო პოლიგონად. შესაბამისად, ეს უნდა დასრულდეს და კოალიცია „ძლიერი საქართველო“ გპირდებით, რომ შეწყდება ეს ბარბაროსობა და მტრობა ქალაქის მიმართ“.
დიღმის ჭალები თბილისში, ოლიმპიური სოფლის მიმდებარედ, მტკვრის მარჯვენა სანაპიროს ზედა ტერასაზე მდებარეობს. ჭალისა და მისი მიმდებარე ტერიტორიის სრული ფართობი 190 ჰექტარია, საიდანაც 67 ჰექტარი კერძო საკუთრებაშია, ხოლო დანარჩენი ნაწილი მუნიციპალურ საკუთრებაში.
ჯერ კიდევ 2015 წელს თბილისის მაშინდელი მერი დავით ნარმანია აცხადებდა, რომ დიღმის ჭალებში ყველაზე დიდი პარკი აშენდებოდა. ნარმანიას თქმით, პროექტი გლდანის ხიდსა და დიღმის მასივს შორის მდებარე მდინარე მტკვრის კალაპოტისა და სანაპირო არეალის სრულ რეკონსტრუქციას ითვალისწინებდა და ნაგავსაყრელად ქცეული ტერიტორიის ნაცვლად, დედაქალაქს ახალი სარეკრეაციო ზონა შეემატებოდა.
მოგვიანებით, ერთი წლის მერე, პროექტი შეჩერდა. როგორც მაშინ მერიაში აცხადებდნენ, აღნიშნულის მიზეზი 13 ივნისის სტიქია იყო, რის გამოც პროექტის განხორციელება გაურკვეველი ვადით გადაიდო.
შემდგომში, 2019 წელს, უკვე თბილისის ამჟამინდელი მერი კახა კალაძე აცხადებდა, რომ დიღმის ჭალების პარკის მოწყობის სამუშაოები 2019 წელს დაიწყებოდა. პროექტის ღირებულება 11.6 მლნ ლარი იქნებოდა და ის ორი წლის განმავლობაში განხორციელდებოდა.
2020 წლის დასაწყისში კახა კალაძემ 2020-2021 წლებში განსახორციელებელი პროექტების პრეზენტაცია გამართა, სადაც პროექტების ჩამონათვალში დიღმის ჭალების პროექტიც იყო. მისი განცხადებით, დიღმის ჭალების ტერიტორიაზე საქალაქო პარკის მოწყობის სამუშაოები დაიწყება. პროექტი, რომელიც დაახლოებით, 15 ჰექტარ ტერიტორიაზე განხორციელდება, ქალაქს მტკვართან დააკავშირებს და მისი ღირებულება დაახლოებით 14.8 მლნ ლარი იქნება.
2020 წლის მაისში კახა კალაძე ამბობდა, რომ დიღმის ჭალების პროექტი დროებით შეჩერებულია, თუმცა აუცილებლად განხორციელდებოდა.
ისიც აღსანიშნავია, რომ დიღმის ჭალებში პარკის მოწყობა თბილისის განვითარების გენერალური გეგმის რეკომენდაციაც იყო.
მიუხედავად იმისა, რომ პროექტი მრავალჯერ დაანონსდა, მის განსახორციელებლად შესაბამისი ტენდერი დღემდე არ გამოცხადებულა. ამ ეტაპისთვის, დიღმის ჭალების რეაბილიტაციის სტრატეგიაზე თბილისის განვითარების ფონდის დაკვეთით და ADB-ის ფინანსური მხარდაჭერით, საერთაშორისო კომპანია SMEC მუშაობს. დოკუმენტმა დიღმის ჭალების განვითარების მოკლევადიანი და გრძელვადიანი გეგმა უნდა გააერთიანოს.
თბილისის მერის მოადგილე ანდრია ბასილაიას განმარტებით, რომელიც მიმდინარე წლის სექტემბერში მან BMG-თან გააკეთა, „დონორებთან მიმდინარეობს მუშაობა დიღმის ჭალების პროექტის დაძვრასთან დაკავშირებით“. იგი პროექტის ვადებს ვერ ასახელებს, რადგან მისივე თქმით, შესაბამისი ტენდერი ჯერ გამოცხადებული არ არის.
აქვე ისიც უნდა აღინიშნოს, რომ დიღმის ჭალების ტერიტორიაზე წლების განმავლობაში უკანონოდ იყრება სამშენებლო ნარჩენები, ასევე ხდება წიაღისეულის ღია კარიერული მოპოვება, რის გამოც რეკრეაციული ფართობი თანდათან ნადგურდება.
შეჯამების სახით, შეიძლება ითქვას, რომ დიღმის ჭალების პროექტი ჯერ კიდევ 2015 წელს თბილისის მაშინდელმა მერმა დავით ნარმანიამ დააანონსა, შემდეგ უკვე კახი კალაძემ 2019 წელს განაცხადა, რომ ტერიტორიაზე პარკი გაშენდებოდა და სამუშაოები ორ წელიწადში დასრულდებოდა. რეალობა არის ის, რომ პროექტი, რომელიც 2020 წელს უნდა დასრულებულიყო, 2024 წელს ჯერ დაწყებულიც კი არ არის. შესაბამისად, ალეკო ელისაშვილის განცხადება არის სიმართლე, დაპირება დიღმის ჭალებში პარკის გაშენების შესახებ არ შესრულდა.