ბიძინა ივანიშვილი: სამოქალაქო თავისუფლების 11-წლიანი პროგრესით საქართველო ევროპაში პირველ ადგილზეა
ვერდიქტი: „ფაქტ-მეტრის“ დასკვნით, ბიძინა ივანიშვილის განცხადება არის მცდარი
2024 წლის 10 ოქტომბერს, ქართული ოცნების საპატიო თავმჯდომარემ, ბიძინა ივანიშვილმა, ბათუმში, „ქართული ოცნების“ საარჩევნო კამპანიის ფარგლებში გამართულ რეგიონულ ღონისძიებაზე განაცხადა - „სამოქალაქო თავისუფლების 11-წლიანი პროგრესით საქართველო მსოფლიოში მეცხრე, ევრაზიის კონტინენტზე მესამე, ევროპაში კი პირველ ადგილზეა“.
„ფაქტ-მეტრმა“ ბიძინა ივანიშვილის განცხადება გადაამოწმა
„გლობალური ცვლილებების მონაცემთა ლაბორატორიამ“, ოქსფორდის უნივერსიტეტთან თანამშრომლობით, ადამიანის უფლებათა ინდექსი (Human Rights Index) გამოაქვეყნა. ეს ინდექსი, თავის მხრივ, დემოკრატიის კვლევის ცენტრის „დემოკრატიის მრავალფეროვნების“ (V-DEM) სამოქალაქო თავისუფლებების ინდექსის (Civil Liberties Index) მონაცემებს ეფუძნება, რომელიც აჩვენებს რამდენად თავისუფალია ხალხი ხელისუფლების მხრიდან წამებისგან, პოლიტიკური მკვლელობებისა თუ იძულებითი შრომისგან. გარდა ამისა, იკვლევს, რამდენად დაცულია საკუთრების, გადაადგილების, რელიგიის, გამოხატვისა და გაერთიანების თავისუფლებები.
უპირველეს ყოვლისა, აღსანიშნავია, რომ 2023 წელს საქართველო 0,87 ქულით შეფასდა. ეს მაჩვენებელი ჩამოუვარდება 2015-2022 წლების თითოეულ მაჩვენებელს. შესაბამისად, 2023 წლის შეფასება ბოლო 8 წელში ასახულ ყველა მონაცემზე დაბალია. გარდა ამისა, ბოლო 4 წლის განმავლობაში ქვეყნის მაჩვენებლები თანდათან მცირდება, რაც თავის მხრივ, ქვეყანაში სამოქალაქო თავისუფლებების ვითარების გაუარესებაზე მეტყველებს. ეს ფაქტორი განცხადების ავტორმა კონტექსტს მიღმა დატოვა.
ცხრილი 1: საქართველოს მაჩვენებლები 2013-2023 წლებში
წყარო: Human Rights Index
განცხადების ავტორის მტკიცებით, თერთმეტწლიანი პროგრესით საქართველო ევროპაში საუკეთესოა. ინდექსის მეთოდოლოგიით, ევროპის ქვეყნებში, მათ შორის, ისეთი ქვეყნებიც შედიან, რომლებიც დემოკრატიული სტანდარტებით არ გამოირჩევიან. (მაგალითად, რუსეთი და ბელარუსი) შესაბამისად, საქართველოს მაჩვენებლების ევროპის მაჩვენებლებთან შედარება ქვეყნის შედეგების საილუსტრაციოდ არ გამოდგება. ადამიანის უფლებების მდგომარეობაზე მსჯელობისას საქართველო ევროკავშირს უნდა შევადაროთ, რადგან საქართველო, როგორც ევროკავშირის ასოცირებული ქვეყანა, სწორედ ევროკავშირის ინსტიტუციური და სამართლებრივი ჩარჩოებისკენ მიისწრაფვის.
2023 წლის მდგომარეობით, ევროპის საშუალო მაჩვენებელი 0,87-ის ტოლია, აღნიშნულ შეფასებას, როგორც აღვნიშნეთ, მნიშვნელოვნად აქვეითებს მაგალითად, რუსეთი 0,3 ქულით და ბელარუსი 0,21 ქულით. ხოლო, ევროკავშირის საშუალო მაჩვენებელი 2023 წლის მდგომარეობით 0,92-ია. შესაბამისად, ევროკავშირის ქვეყნებთან შედარება არა მხოლოდ უფრო სამართლიანი სურათის შექმნას შეუწყობდა ხელს, არამედ ქვეყნის პროგრესის უფრო სანდო და ობიექტურ საზომს შექმნიდა.
აღნიშნულის მიუხედავად, 11-წლიანი პროგრესის შეფასებისას, საქართველოს მონაცემების ევროკავშირის წევრ ქვეყნებთან პირდაპირი შედარება აზრს მოკლებულია, რადგან 2012 წლის მდგომარეობით, ევროკავშირის ქვეყნები ისედაც საკმაოდ მაღალი შეფასებებით გამოირჩეოდნენ. მათი მაჩვენებლები, ძირითადად, 0.90-ზე მაღალი იყო. მსგავს ნიშნულს საქართველომ მხოლოდ 2018 წელს მიაღწია - 0,91 ქულით. შესაბამისად, ლოგიკურია, რომ ამ ქვეყნების პროგრესი განვითარებად ქვეყნებთან შედარებით მცირეა.
გარდა ამისა, 2012 და 2023 წლების შედეგებს შორის სხვაობა, იმ რეგრესის უგულებელყოფით, რაც საქართველომ ბოლო წლებში განიცადა, ასევე, არ შეიძლება ქვეყანაში ადამიანის უფლებათა მდგომარეობის გასაზომად ვარგისი იყოს.
ზემოთ თქმულიდან გამომდინარე, სიტყვათშეთანხმება თერთმეტწლიანი პროგრესი პროგრესის უწყვეტობაზე მიუთითებს - რაც ასე არაა. სინამდვილეში, საქართველოს პოზიციები ბოლო წლებში მნიშვნელოვნად გაუარესდა. შესაბამისად, აღნიშნულისთვის თერთმეტწლიანი პროგრესის დარქმევა ფაქტობრივი უზუსტობაა. სინამდვილეში, საქართველომ პროგრესი 2018 წლამდე აჩვენა, შემდგომ სამწლიანი სტაგნაციის პერიოდი დაიწყო, რასაც რეგრესი მოჰყვა, 2023 წელს უკვე ბოლო 8 წლის ყველაზე უარეს შედეგი დააფიქსირა.
ამასთან, მოქმედებს ე.წ. საბაზო პრინციპი - საქართველო 2012 წელს დაბალი მაჩვენებლით იწყებს და მას პროგრესის შესაძლებლობა აქვს. ევროკავშირის ქვეყნების უდიდესი ნაწილი კი ამ ზრდას ფიზიკურად ვერ დააფიქსირებდა. მაგალითად გერმანია 2013 წელს უკვე ისედაც 0.96 ქულით არის შეფასებული და აბსოლუტური შედეგიც რომ დაეფიქსირებინა, საქართველოს ზრდა მაინც უფრო მაღალი იქნებოდა.
იქიდან გამომდინარე, ბიძინა ივანიშვილმა აღნიშნული სტატისტიკა მანიპულაციურად, საბაზო ეფექტის გავლენის გათვალისწინების გარეშე გამოიყენა და, ამასთან, მის მიერ გაჟღერებული ფაქტებიც უზუსტოა, „ფაქტ-მეტრი“ მის განცხადებას აფასებს ვერდიქტით მცდარი.