საქართველოში TikTok და Facebook-პლატფორმა წინასაარჩევნო პერიოდში აქტიურად გამოიყენება პოლიტიკური მიზნით დეზინფორმაციული, დისკრედიტაციული ან სხვა მხრივ მანიპულაციური მასალის გავრცელებისა და ამით მომხმარებლებში სასურველი განწყობების შექმნის მცდელობის მიზნით.
აღსანიშნავია, რომ ხშირ შემთხვევაში Facebook-ანგარიშები, რომლებიც ანონიმურად მოქმედებენ, ასევე აქტიურობენ TikTok-პლატფორმაზეც. მაგალითად, ასეთი ანგარიშებია: მიხეილ განუბაჟებელი (TikTok-ზე mikheilukrainologi); არ აგარევინებთ (TikTok-ზე ar agarevinebt); არქივი - Archive (TikTok-ზე archivegeo) და სხვა. ამავდროულად, ხშირად ანონიმურად მოქმედი გვერდები, რომლებიც კოორდინირებულად მოქმედებდნენ Facebook-ზე, ასევე გამოირჩევიან მასალისა და შინაარსის კოორდინირებით TikTok- პლატფორმაზეც.
არჩევნების კონტექსტში Facebook და TikTok-პლატფორმებზე მასალის რამდენიმე კატეგორია გამოიკვეთა:
1. ავთენტური ვიდეოების რედაქტირებული ვერსიები - Facebook და TikTok- პლატფორმებზე აქტიურად მოქმედი გვერდები ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლების დისკრედიტაციის მიზნით, სატელევიზიო სიუჟეტებიდან კადრებს მანიპულაციურად ჭრიან. ასევე, ანგარიშები ვიდეოების ნაწილზე ცვლიან ხმოვან მასალას და მადისკრედიტებელ აღწერებს ურთავენ (იხილეთ მაგალითები: 1, 2, 3, 4, 5, 6, 7, 8, 9, 10, 11, 12, 13, 14, 15).
აღსანიშნავია, რომ ზოგიერთ შემთხვევაში, ანგარიშებს შორის კოორდინირებული მოქმედება შეინიშნება.
მაგალითი 1: ვიდეო, რომელიც ცდილობს წარმოაჩინოს, თითქოს ვიდეოში ნაჩვენებ ადამიანებს საქართველოს ომში ჩართვა სურთ, გავრცელდა, როგორც Facebook (ბმული 1; 2; 3), ასევე TikTok-ანგარიშების მიერ (ბმული 1;2). აღსანიშნავია, რომ TikTok-ანგარიშები „Political_page“ და „AVOE.GE“, ასევე Facebook-გვერდი „Pოლიტიკა“, ანტი-ოპოზიციური, ანონიმურად მოქმედი გვერდებია. რეალურად, ვიდეოში დამონტაჟებული თითქმის ყველა მონაკვეთი იმდაგვარადაა დამუშავებული, რომ მსმენელს ვიდეოში მონაწილე პირების მიერ გაკეთებულ განცხადებებზე და მათ რეალურ კონტექსტზე არასწორი წარმოდგენა ექმნება (ამ თემაზე იხილეთ „ფაქტ-მეტრის“ სტატია).
მაგალითი 2: ვიდეო „ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი შეხვედრიდან როგორც Facebook (ბმული 1; 2), ასევე TikTok-ანგარიშების მიერაც (ბმული 1; 2) გავრცელდა. ანგარიშები პარტიის ლიდერების, გიორგი ვაშაძისა და სოფო ჯაფარიძის, ცეკვას პოლიტიკოსების დისკრედიტაციის მიზნით ავრცელებენ, აღწერად კი უცენზურო სიტყვებსაც ურთავენ. ერთ-ერთი ანგარიში იმასაც წერს, რომ პოლიტიკოსები „ხმების სანაცვლოდ უბერავენ“.
აღსანიშნავია, რომ „Spacegubo“ TikTok-ზე მოქმედი ანონიმური ანგარიშია, რომელიც ოპოზიციის მადისკრედიტებელ ვიდეოებს ხშირად აქვეყნებს. Facebook-ანგარიში „არ აგარევინებთ“, ასევე ანტი-ოპოზიციური გვერდია, რომელიც „სამართლიანი არჩევნების“ (ISFED) პლატფორმის - Disinfoobserver – მიხედვით, პარტია „ქართული ოცნებისა“ და თბილისის საკრებულოს ყოფილ წევრ, მოძრაობა „ერთიანი ნეიტრალური საქართველოს“ დამფუძნებელ ვატო შაქარიშვილთან არის დაკავშირებული.
მაგალითი 4: სოფო ჯაფარიძის ვიდეო, რომელიც მანიპულაციურად, კონტექსტის დამახინჯებით გავრცელდა (Facebook ბმულები 1; 2). აღნიშნული ვიდეო „ფაქტ-მეტრმა“ გადაამოწმა და დადგინდა, რომ ვიდეოში მონაკვეთი წყდება და იქმნება წარმოდგენა, თითქოს სოფო ჯაფარიძის თქმით, ქართველები წინა ხელისუფლების დროს ქვეყანას ტოვებდნენ. სინამდვილეში, სრულ მონაკვეთში სოფო ჯაფარიძე აღნიშნავს, რომ ქართველი ემიგრანტები საქართველოში ბრუნდებოდნენ და საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა, ისინი ქვეყნის მშენებლობის პროცესში ჩართო. ვიდეო ოპოზიციის მადისკრედიტებელი TikTok-ანგარიშის - brzenikritikosi-ის მიერაც გავრცელდა. „ფაქტ-მეტრის“ სტატიაში ასევე მოცემულია ანგარიშის მიერ გავრცელებული ვიდეოს ფოტოანაბეჭდი, თუმცა, ამჟამად ვიდეო წაშლილია.
2. გაყალბებული ხმოვანი/აუდიო მასალები - Facebook და Tiktok-პლატფორმებზე ვრცელდება რედაქტირებული ვიდეოები (1, 2, 3, 4), რომლებშიც შეცვლილი ხმოვანი მასალა ქართველი პოლიტიკოსების ხმასაა მიმსგავსებული და იქმნება წარმოდგენა, თითქოს აღნიშნულ ვიდეოებს სწორედ ისინი ახმოვანებენ; მათში გამოყენებულია უცენზურო სიტყვებიც.
ვიდეოები, რომლებშიც თითქოს პოლიტიკოსების - ნიკა გვარამიას, მამუკა ხაზარაძის, ზურაბ ჯაფარიძისა და გიორგი გახარიას, ასევე საქართველოს პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის ერთი დღეა წარმოდგენილი, „ფაქტ-მეტრმა“ გადაამოწმა (იხილეთ სტატიები ბმული 1; ბმული 2; ბმული 3; ბმული 4). აღსანიშნავია, რომ ერთ-ერთ ასეთ ვიდეოში, რომელშიც თითქოს საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი საკუთარ ერთ დღეს აღწერს, საერთაშორისო ორგანიზაცია WITNESS-ის ე.წ. „დიფფეიკების“ აღმომჩენი პროგრამა „Deepfakes Rapid Response Force” ექსპერტების მიხედვით, ხელოვნური ინტელექტის (AI) გამოყენების მაღალი ალბათობა დაფიქსირდა.
აღნიშნული ვიდეოები გავრცელდა Facebook-ანგარიშების მიერაც, თუმცა მოგვიანებით, სავარაუდოდ, Facebook-პროგრამის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მონიშვნის შემდეგ, ისინი გამომცემლებმა წაშალეს.
Facebook (ბმული 1; 2 ) და TikTok ანონიმური ანგარიშების მიერ (1;2) გავრცელდა მამუკა ხაზარაძის დამონტაჟებული ვიდეოც, რომელშიც აუდიო მასალა მამუკა ხაზარაძის ხმასთან მიმსგავსებულია და ქმნის წარმოდგენას, რომ სიმღერას სწორედ მამუკა ხაზარაძე ასრულებს. თანაც სიმღერა მადისკრედიტებელ ტექსტს შეიცავს, მაგალითად, „მე გამოვასახლე სულ ყველა უბანი, ხალხს ვატყავებდი, სახლებს ვართმევდი მე“; „ვინც კარგად მიცნობს, ყველამ იციან, ეშმაკთან შევკრავ კოალიციას, მარტივად გავტეხ, რაც დამიფიცია“ და სხვა.
3. ძველი ვიდეოების უკონტექსტოდ გავრცელება - ანგარიშები აქტიურად ავრცელებენ ვიდეოებს არქივიდან. ხშირ შემთხვევაში, კადრები ისეა მოჭრილი, რომ კონტექსტის გარეშე მომხმარებლებს არასწორი შეხედულება გაუჩნდეს (1, 2, 3, 4, 5, 6, 7, 8). ასე მაგალითად, პლატფორმებზე პარტია „ახალის“ დამფუძნებლის, ნიკა გვარამიას, ვიდეო მცდარი კონტექსტით გავრცელდა. კერძოდ, ვიდეო, რომელსაც თან ერთვის ევროპის საფეხბურთო ჩემპიონატზე საქართველოსა და პორტუგალიას შორის გამართული თამაშის კადრები, ქმნიდა წარმოდგენას, რომ ნიკა გვარამია ქართულ ფეხბურთს ევროპის ჩემპიონატის კონტექსტში უწოდებდა „დაბეჩავებულს“ და „სამარცხვინოს“. რეალურად, ნიკა გვარამიამ აღნიშნული სიტყვა „მთავარი აქცენტების“ შემაჯამებელ გადაცემაში, 2020 წელს წარმოთქვა და ის 2020 წლის მოვლენებს შეეხებოდა (აღნიშნულ თემაზე იხილეთ „ფაქტ-მეტრის“ სტატია).
პლატფორმებზე არქივიდან კვლავ ნიკა გვარამიას ვიდეო გავრცელდა, რომელშიც ის აშშ-ის ელჩს აკრიტიკებდა. ვიდეოს ნაწილში ჩასმულია აშშ-ის ელჩის რობინ დანიგანის ციტატა „ქართული ოცნება“ დემოკრატიულად არჩეული მთავრობაა და შეიძლება, მომდევნო არჩევნებზეც ასე იყოს. ჩვენ არ ვირჩევთ, ვინ მოიგებს ან ვინ წააგებს, ამას ქართველი ხალხი წყვეტს.“ ვიდეო მცდარად ქმნის წარმოდგენას, რომ გვარამია სწორედ რობინ დანიგანს აკრიტიკებდა. რეალურად, პარტია „ახლის“ დამფუძნებლის მიმართვა ძველია, კერძოდ, გადაცემაში „მთავარი აქცენტები“ 2020 წელს, საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, გავიდა და აშშ-ის მაშინდელ ელჩს, კელი დეგნანს მიემართებოდა. იმ პერიოდში, მმართველ პარტიასა და ოპოზიციას შორის მოლაპარაკებების ფასილიტატორი აშშ-ის ელჩი, კელი დეგნანი, იყო. არჩევნების შემდეგ, აშშ-ის საელჩომ საპარლამენტო არჩევნების შედეგებთან დაკავშირებით, განცხადება გამოაქვეყნა, რომლის თანახმადაც, გამოვლენილი ხარვეზები არჩევნების შედეგების არალეგიტიმურად ცნობისთვის საკმარისი არ იყო. აშშ-ის საელჩოს მიმართ კრიტიკაც, მათ შორის ნიკა გვარამიას მიერ, სწორედ ამ განცხადებას მოჰყვა.
4. რედაქტირებული საარჩევნო ბანერები - აღნიშნული ფორმით დეზინფორმაცია მმართველი პარტიის, „ქართული ოცნების“, საწინააღმდეგოდ გავრცელდა. Facebook (ბმული 1; 2; 3; 4) და TikTok (ბმული 1, 2, 3, 4, 5) პლატფორმებზე გამოჩნდა რედაქტირებული ვიდეოები, რომლებზეც საქართველოს სხვადასხვა ქალაქში, კერძოდ, თბილისში, ქუთაისში, რუსთავში და გორში „ქართული ოცნების“ მხარდამჭერ ბანერებზე სლოგანი პროგრამული დამუშავებით იყო შეცვლილი. აღნიშნულ თემებზე იხილეთ „ფაქტ-მეტრის“ სტატიები ბმული 1; ბმული 2; ბმული 3; ბმული 4).
აღსანიშნავია, რომ TikTok-ზე „ქართული ოცნების“ წინააღმდეგ მოქმედი არხები ხელისუფლების წარმომადგენლების მადისკრედიტებელ ვიდეოებს აქვეყნებენ, როგორც წესი, აღნიშნული ანგარიშები ვიდეოების აღწერებში ხელისუფლების საწინააღმდეგო მოწოდებები ან მადისკრედიტებელი სიტყვებია გამოყენებული (1, 2, 3 , 4, 5). მაგალითად, ერთ-ერთმა TikTok-ანგარიშმა „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის ნეგატიურად წარმოსაჩენად ფოტო გამოაქვეყნა, რომელიც 21 აგვისტოს მცხეთაშია გადაღებული, როცა ივანიშვილმა მხარდამჭერებს ბრონირებული შუშის უკან არსებული ტრიბუნიდან მიმართა. ამავე მასალაში მოცემულია „კოალიცია ცვლილებებისთვის“ ერთ-ერთი ლიდერის, ნიკა მელიას ფოტო აღწერით: „ყოველთვის ხალხთან“. ანგარიში ამავე კონტექსტში „მთავარი არხის“ ფოტოანაბეჭდსაც ავრცელებს და წერს „შეშინებული ოლიგარქი“.
ანტიოპოზიციური არხებისგან განსხვავებით, „ქართული ოცნების“ წინააღმდეგ მოქმედ არხებს შორის კოორდინირებული მოქმედება არ შეინიშნება. ამავდროულად, ნაკლებად ვრცელდება მანიპულაციურად დაჭრილი/დამუშავებული ან სხვაგვარად რედაქტირებული მასალები.