ბიძინა ივანიშვილი: 2029 წელს საქართველოსეკონომიკა მსყიდველუნარიანობით ევროკავშირის 6 ქვეყანას გაუსწრებს
ვერდიქტი: „ფაქტ-მეტრის“ დასკვნით ბიძინა ივანიშვილის განცხადება არის მცდარი.
2023 წლის მდგომარეობით, 2021 წლის მუდმივ ფასებში დათვლით, საქართველოში მშპ ერთ სულ მოსახლეზე, მსყიდველუნარიანობის პარიტეტის მიხედვით (PPP), 22 250 დოლარს შეადგენდა და ევროკავშირის ყველაზე ღარიბი წევრის, ბულგარეთის მაჩვენებელს ჩამორჩებოდა.
სავალუტო ფონდის მიერ განსაზღვრული ზრდის ტემპის მიხედვით, 2029 წელს საქართველოში მშპ ერთ სულ მოსახლეზე 31 200-ს მიაღწევს, რაც ასევე ბულგარეთის ამჟამინდელ მაჩვენებელზე - 33 400 დოლარზე ნაკლებია და შესაბამისად ჩამორჩება ყველა სხვა დანარჩენი 26 წევრის ამჟამინდელ მაჩვენებელსაც.
არსებული და პროგნოზირებული ზრდის ტემპებით, საქართველო 2029 წლისთვისაც ვერ გაასწრებს ბულგარეთის ამჟამინდელ მაჩვენებელს, თუ მყიდველუნარიანობით მშპ-ს მიმდინარე ფასებში დავითვლით და არა მუდმივში. ასეთ შემთხვევაში, საქართელოს მშპ ერთ სულ მოსახლეზე 34 900 დოლარს გაუტოლდება, ბულგარეთის 2023 წლის მაჩვენებელი კი 36 900 დოლარს შეადგენს.
დაუგეგმავმა მოვლენებმა, მოკლევადიან პერიოდში შესაძლოა, პროგნოზი უკეთესობისკენ ან უარესობისკენ შეცვალოს, თუმცა დღეს არსებულ სცენარით, 5 წელიწადში საქართველო არათუ ევროკავშირის ექვს, ერთ წევრ ქვეყანასაც ვერ გაუსწრებს, თუმცა რადგან საქართველო უფრ მაღალ ზრდის ტემპს ინარჩუნებს, 5 წელიწადში ევროკავშირის ქვენების მიმართ ეკონომიკური ჩამორჩენა შემცირდება.
აშკარა ფაქტობრივი უზუსტობისა და იმის გათვალისწინებით, რომ საქართველო ევროკავშირის ქვეყნებისადმი ეკონომიკურ ჩამორჩენას შეამცირებს, „ფაქტ-მეტრმა“ ბიძინა ივანიშვილის განცხადება შეაფასა როგორც მცდარი.
ანალიზი: ექს-პრემიერმა და ქართული ოცნების საპატიო თავმჯდომარემ ბიძინა ივანიშვილმა ზუგდიდში წინასაარჩევნო შეხვედრაზე განაცხადა: „2029 წლისთვის საქართველოს ექნება უფრო დიდი ეკონომიკა მსყიდველუნარიანობის პარიტეტის მიხედვით, ვიდრე ევროკავშირის წევრ 6 ქვეყანას“.
გამოსვლაში ბიძინა ივანიშვილი ერთ სულ მოსახლეზე მშპ-ზე საუბრობდა და ისედაც ეკონომიკური კეთილდღეობის გასაზომად 3.7 მლნ-იანი ქვეყნის 0.5 მლნ-იან მალტასთან ან 84 მლნ-იან გერმანიასთან არასწორი იქნებოდა.
იმის გათვალისწინებით, რომ სამომხმარებლო ფასები სხვადასხვა ქვეყანაში სხვადასხვაა ორ ქვეყანას შორის ცხოვრების დონის შესადარებლად მიზანშეწონილია, რომ მშპ მსყიდველუნარიანობის პარიტეტის (PPP) მეთოდოლოგიით გაიზომოს. თუ კვლევაში დროითი შუალედიც არის ჩართული, მაშინ ინფლაციის გათვალისწინებაც აუცილებელი ხდება და ასეთ შემთხვევაში გამოთვლები მუდმივ ფასებში უნდა გაკეთდეს.
2023 წლის მდგომარეობით, 2021 წლის მუდმივ ფასებში საქართველოში მშპ-მ ერთ სულ მოსახლეზე PPP დათვლით 22 250 დოლარი შეადგინა, ევროკავშირში 53 800, ევროკავშირის წევრ ყველაზე ღარიბ ბულგარეთში 33 300 და რიგით მეექვსე ყველაზე დაბალშემოსავლიან უნგრეთში 40 550 დოლარი.
2024 წლის იანვარ-აგვისტოში საქართველოში მშპ დაგეგმილზე თითქმის ორჯერ სწრაფად 10%-ით გაიზარდა.იმ თეორიული დაშვებით, თუ 10%-იანი ზრდა წლის ბოლომდე შენარჩუნდა და 2025-2029 წლებშიც გაგრძელდა, მაშინ 2029 წელს მშპ ერთ სულ მოსახლეზე 39 400 დოლარს მიაღწევს, რაც უნგრეთის ამჟამინდელ მაჩენებელზე ნაკლებია.
თეორიულისგან განსხვავებით, შემდგომ ხუთ წელიწადში უწყვეტ 10%-იან ზრდას არც ფინანსთა სამინისტრო ვარაუდობს, არც ეროვნული ბანკი და არც რომელიმე ავტორიტეტული საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტი. გარდა ამისა, მართალია შედარებით დაბალი ტემპით, მაგრამ ზრდას ევროკავშირის წევრი ქვეყნებიც გააგრძელებენ, რაც იმას ნიშნავს, რომ 2029 წლისთვის ბულგარეთშიც, უნგრეთშიც და მთლიანად ევროკავშირშიც, მშპ ერთ სულ მოსახლეზე უფრო მეტი იქნება, ვიდრე დღეს.
ფინანსთა სამინისტროს ოპტიმისტური სცენარის მიხედვით, 2025 წელს ეკონომიკა 6.3%-ით უნდა გაიზარდოს, 2026 წელს 6.4%-ით, 2027 და 2028 წლებში - 6.5%-6.5%-ით. ასეთ შემთხვევაში, 2029 წელს მშპ 33 450 დოლარი ხდება, ანუ ოდნავ მეტი ვიდრე ბულგარეთის ამჟამინდელი მაჩვენებელი და ნაკლები, ვიდრე რიგით მეორე ყველაზე ღარიბი ქვეყნის საბერძნეთის მაჩვენებელი.
სავალუტო ფონდის პროგნოზი უფრო სკეპტიკურია და მისი სცენარით მშპ 2029 წლისთვის მხოლოდ 31 200 დოლარამდე იზრდება, რაც თავის მხრივ ბულგარეთის ამჟამინდელ მაჩვენებელზე ნაკლებია.
იმავე სავალუტო ფონდის პროგნოზის გამართლების შემთხვევაში კი, 2029 წელს მშპ ერთ სულ მოსახლეზე ბულგარეთში 39 300-ს და უნგრეთში 48 300 დოლარს მიაღწევს.
გრაფიკი 1: მუდმივ ფასებში დათვლილიმოსალოდნელი მშპ ერთ სულ მოსახლეზე (PPP)
წყარო: საერთაშორისო სავალუტო ფონდი
ვერც საერთაშორისო და ვერც ქართული ოპტიმისტური სცენარით, 2029 წლისთვის საქართველო ევროკავშირის არათუ ექვს ერთ ქვეყანასაც ვერ გაასწრებს და მის ყველაზე ღარიბ წევრ ბულგარეთსაც ვერ დაეწევა.
სიმართლეა მხოლოდ ის, რომ საქართველო ჩამორჩენას შეამცირებს, კერძოდ, თუ 2023 წელს საქართველოში მშპ ერთ სულ მოსახლეზე ბულგარეთის მაჩვენებლის 67%-ს შეადგენდა, 2029 წლისთვის მის 79%-მდე გაიზრდება, უნგრეთის შემთხვევაში - 55%-დან 65%-მდე, ხოლო ევროკავშირის საშუალოს შემთხვევაში - 41%-დან 53%-მდე.
გაუთვალისწინებელი მოვლენები მოკლევადიან პერიოდში პროგნოზებს ხშირად ცვლის. 2019 წელს შეუძლებელი იყო იმის პროგნოზირება, რომ 2020 წელს პანდემია გამოცხადდებოდა და ქვეყნის ეკონომიკა 6.3%-ით შემცირდებოდა. 2021 წლის მეორე ნახევარში მსოფლიოსთვის ნათელი გახდა, რომ რუსეთი უკრაინაში შეჭრას გეგმავდა, თუმცა ძნელი წარმოსადგენი იყო, რომ რუსეთიდან საქართველოში მიგრაციული ნაკადების ზრდიდს გავლენით საქართველოს ეკონომიკა 11%-ით გაიზრდებოდა. თუნდაც უახლოეს წარსულზე დაყრდნობით, შეიძლება ითქვას, რომ ნებისმიერი პროგნოზი მხოლოდ სავარაუდო სცენარს ეფუძნება და ის შეიძლება შეიცვალოს, მაგრამ ამავე დროს არსებობს გარკვეული გონივრული ზღვრებიც, როგორც ზრდის, ასევე კრიზისის შესაძლო შემთხვევებისთვის.
როგორც ოპტიმისტური, ასევე პესიმისტური ექსტრემალური სცენარების გამორიცხვით, მომდევნო 5 წელიწადში საქართველო, ევროკავშირის საშუალოსთან და მის თითოეულ წევრთან ჩამორჩენას შეამცირებს, მაგრამ ვერ გაასწრებს ვერც ერთ და მით უმეტეს ვერც 6 სახელმწიფოს, უფრო მეტიც, საბაზო სცენარის მიხედვით, ვერც მათ ამჟამინდელ დონეს დაეწევა, რის გამოც „ფაქტ-მეტრმა“ ბიძინა ივანიშვილის განცხადება შეაფასა როგორც მცდარი.